პოლიტიკა

რატომ იტყუებიან ევროპარლამენტარები და რატომ არის პოლონეთისა და ბალტიისპირეთისთვის ჰაერივით აუცილებელი დაძაბულობა კავკასიაში

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 31.07

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

მართალია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მოახერხეს საქართველოს მორიგი სადამსჯელო რეზოლუციის მიღება, თუმცა გვაუწყეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე. პარალელურად, კვლავ აქტიურობენ ევროპარლამენტარები, ცალკეულები კი იმდენად შორს მიდიან, რომ მამალი ტყუილების თქმასაც არ ერიდებიან. რა დაემართა ევროპულ დემოკრატიას? სად და როდის იქცა შინმოუსვლელად? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

– მმართველობის რა სისტემაა ამჯერად დედამიწის იმ ნაწილში, რასაც ჩვენ დემოკრატიულ სამყაროს ვუწოდებთ?

– ზოგადად, როდესაც უთანხმოებაა ოჯახში, უფრო სწორად, ორ ადამიანს შორის, მათ გარშემო არაჯანსაღი სიტუაცია იქმნება. თუ ეს ორი ადამიანი წონიანია, მაშინ ოჯახში ცხოვრების ნორმალური რიტმი დარღვეულია. ასევეა სახელმწიფოშიც, სამყაროშიც. დღეს თამაშის წესები აღარ არსებობს. თამაშის იმ წესების, რომლებიც ადრე მოქმედებდა, უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი იყო დემოკრატია, იმ გაგებით, როგორც ეს დასავლეთშია მიღებული. ეს ყველაფერი იყო დასავლური პოლიტიკის ინსტრუმენტი, ის ფილოსოფია, რაზეც იდგა დასავლეთი და რის მიხედვითაც შექმნეს სახელმწიფო, მათ შორის, ამერიკის დემოკრატმა მამებმა და ამ პრინციპებით შენდებოდა, განსაკუთრებით, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპული სახელმწიფოები. საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ინსტრუმენტი აღმოჩნდა და როგორც კი სიტუაცია აირია, ყველამ ისე დაიწყო მოქმედება, როგორც სჩვეოდათ, რაც დამახასიათებელი იყო მეთვრამეტე საუკუნისთვის.

– ნამდვილი შიგთავსი გამოვლინდა?

– დიახ, შიგთავსი გამოვლინდა. ეს დამახასიათებელია მსხვილი პოლიტიკური მოთამაშისთვის, დამახასიათებელია იმპერიისთვის, ძლიერი სახელმწიფოსთვის, როდესაც მათ უნდათ, გაზარდონ თავიანთი გავლენები. ბუნებრივია, ეს იხსნება უსაფრთხოებით. სწორედ ამ პროცესის მომსწრენი ვართ ჩვენ, ყველანი. ფაქტობრივად, რაც იდეალი გვეგონა, აღმოჩნდა ინსტრუმენტი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე წასულია და მსოფლიოში დემოკრატია საბოლოოდ დამარცხდა. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიულმა მმართველობამ აირჩია, ფილოსოფიური თვალსაზრისით, არასწორი მიმართულება. სხვადასხვა ქვეყანაში მმართველმა წრეებმა თავიანთი სურვილები ლიბერალური იდეოლოგიით შენიღბეს და თავიანთ საზოგადოებებს ჩაუნერგეს. აღმოსავლეთში სხვა ინსტრუმენტია, მაგალითად, რელიგია.

– მაგრამ აღმოსავლეთს ხომ არ აქვს პრეტენზია, რომ თანასწორობას იცავს და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას?

– როგორ არ აქვთ პრეტენზია?! ისლამური რელიგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოცემულობაა, რომ ის ყველა მუსლიმის უფლებას იცავს.

– დემოკრატია, იდეაში, ყველას უფლებას იცავს.

– მეც ამას ვამბობ, სხვადასხვა ფორმაა. ავიღოთ ჩინეთი. იქ, კომუნიზმი იდეოლოგიურად, მძვინვარებს. სინამდვილეში კი კომუნიზმი იდეოლოგიური ფანდია, თორემ გაქანებული კაპიტალიზმია. ესე იგი, ეს ინსტრუმენტია მმართველი ძალებისთვის, რომ განიმტკიცონ თავიანთი ძალაუფლება და მდგომარეობა. ამდენად, განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, ამ ქაოსმა და დაძაბულობამ, მსოფლიო წესრიგის მოშლამ ზედაპირზე ამოტივტივა ჭუჭყი. ზოგადად, ომი ყველაფერს გამოაჩენს ხოლმე და ამ შემთხვევაში ომად არ ვგულისხმობ მაინდამაინც ზარბაზნების სროლას, ვგულისხმობ მუდმივ დაძაბულობას, დიპლომატიის უკან დაწევას და ქაოსის ზედაპირზე ამოტანას.

– ოდესმე არსებობდა კი დიპლომატია, როგორც პრობლემების გადაწყვეტის მშვიდობიანი მექანიზმი?

– როგორ არ არსებობდა დიპლომატია?! ჩვენს ისტორიაშიც კი არიან ადამიანები რომლებიც ზუსტად დიპლომატიური ნიჭის გამო დარჩნენ საქართველოს ისტორიაში.

– მე ვიგულისხმე, რაც დასავლური დემოკრატია არსებობს, იმ პერიოდში.

– დიპლომატიურობა ზემოქმედების ნაწილია, რომ შენი სურვილები კორექტულად მოახვიო თავს მოწინააღმდეგეს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ. რომ დიპლომატიური ხელოვნება თავის თავში თვალთმაქცობასაც შეიცავს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენად დელიკატურად აკეთებდი ამას, იცავდი თუ არა ეთიკურ წესებს. ამას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

– უკეთურობის შეფუთვას ანუ?

– დიახ, მიზნის მიღწევას ეთიკური ნორმების დაცვით. ჩვენ ამ ტიპის დიპლომატიას ვიყავით მიჩვეული. ახლა შეიცვალა ამ ურთიერთობის ფორმა და ადამიანები, ეთიკური ნორმებიც აღარ მუშაობს.

– ფორმაცაა და ფორმაც. ევროპარლამენტარები განცხადებებშიც და რეზოლუციებშიც აბსოლუტურად უტიფარ ტყუილებს წერენ. არ ვიცი, როგორია ლიეტუველი რასა იუკნევიჩიანეს პოლიტიკური წონა, მაგრამ ევროპარლამენტარია და ისეთების თქმის უფლებას აძლევს თავის თავს, რასაც არ იკადრებს უკანასკნელი ბოგანოც. ესე იგი, მათი დამოკიდებულებაა, რომ მხოლოდ ისინი არიან რჩეულები, ჩვენნაირები არაფერს წარმოადგენენ? ეს სტილი ხომ ვიცით რუსეთთან ურთიერთობიდან?

– ისეთ კითხვას მისვამთ, რომლის პასუხიც იცით. ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ასეთია ევროკავშირის, ევროპარლამენტის მიდგომის წესი. ეს არის მათ უკან მდგომი ძალების მიდგომის წესი. თორემ ძალიან კარგად ვიცი, რამ არაერთი ევროპარლამენტარი სხვანაირი ფორმით ამბობს ან იმავეს, ან საწინააღმდეგოს. ესენი არიან ან ლობისტები, რომლებიც ფარულად იღებენ ამისთვის გასამრჯელოს, ან მართლაც ასე ფიქრობენ და, სამწუხაროდ, გასულები არიან იმ დემოკრატიული სივრციდან, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეულები და რასაც დაგვაჩვია დასავლეთმა წლების განმავლობაში.

– იყო ოდესმე დასავლეთი ასეთი?

– იყო და ეხლაც აქვთ შემორჩენილი: დასავლეთში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი. ახლა შეიძლება, გადამწყვეტი აღარ არის, მაგრამ იქაური პოლიტიკოსები მაინც ცდილობენ, რომ თავიანთი ელექტორატის აზრი გაითვალისწინონ და ანგარიში გაუწიონ.

– ოღონდ აქტიურად იყენებენ დემოკრატიის ინსტრუმენტს – მედიას, რომ იმ ელექტორატს ის განწყობები შეუქმნან, რაც მათთვისაა ხელსაყრელი.

– ამას აკეთებენ, რასაკვირველია, მაგრამ, როდესაც საზოგადოების მოტყუება გარკვეულ ზღვარს სცილდება და ეს უხეშ ფორმებს იძენს, იწყება საპასუხო რეაქცია. სწორედ ამგვარმა საპასუხო რეაქციამ განაპირობა კონსერვატორული ძალების ტოტალური მხარდაჭერა. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დასავლეთში ყველგან ტოტალურად ყალიბდება არჩევნები, ისე, როგორც ტოტალიტარულ სახელმწიფოში ან სხვა ფორმით იცვლება არჩევნების შედეგები, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ხელისუფლებებში ნელ-ნელა მოდიან ის ძალები, რომლებიც საზოგადოების იმ ნაწილს წარმოადგენენ, რომლებსაც შეეცვალათ პოლიტიკური გემოვნება. ეს მოხდა გერმანიაში, საფრანგეთშიც იგრძნობა ეს ტენდენცია. ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ფაქტობრივად, ნახევარი საფრანგეთი წაგებული აქვს მმართველ ძალას. იტალიის ხელისუფლებაშიც კონსერვატორები არიან, თუმცა ზომიერები. ერთი სიტყვით, გარკვეულ დრომდე მუშაობს ნარატივი, რომელსაც ქმნის ხელისუფლება ფსევდოლიბერალიზმის საფარქვეშ.

– ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან ითქვა, რომ სომხეთი არის შავი ზღვის აუზის საკვანძო ქვეყანა. ამდენად არაინფორმირებულია ევროპული საზოგადოება, რომ ისიც კი არ იცის, როგორ იპოვოს რუკაზე ესა თუ ის სახელმწიფო?

– ბევრი რამ გაკეთდა საიმისოდ, რომ საზოგადოებები გაუცნობიერებელი ყოფილიყვნენ და მხოლოდ საკუთარი ეზოს, საკუთარი ქვეყნის დონეზე დარჩენილიყვნენ. დემოკრატიულ სამყაროში განათლების სისტემა ორიენტირებულია დაწყებით განათლებაზე, რომ წერა-კითხვა იცოდეს ადამიანმა და ელემენტარულ საკითხებში ერკვეოდეს. ეს ტოტალური მოვლენაა და არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის უბედურება. რასაკვირველია, იქ არიან სპეციალისტებიც, მაგრამ, როგორ არის ხოლმე, იცი, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ამბობ ერთსა და იმავე ტყუილს, საბოლოოდ, აიძულებ ადამიანებს, რომ დაიჯერონ ეს შენი ტყუილი. პიარის კლასიკაა, რომ 10 ამბავში 9 უნდა იყოს სიმართლე, ერთი კი – ტყუილი, რომელიც ძალიან ჰგავს სიმართლეს.

– ჩავთვალოთ, რომ რასა იუკნევიჩიანე ზედმიწევნით ფლობს მაკიაველისდროინდელ შეგონებებს, ისეთი ტყუილი მოიგონე, ადამიანებმა იფიქრონ, ასეთ რამეს როგორ მოიგონებდაო.

– ბალტიისპირეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, კავკასიას მუდმივად ჰქონდეს კონფლიქტი რუსეთთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ძალები გაიფანტება. ძალიან გაუხარდათ აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობის გაუარესება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ცივი გონებით უნდა მივუდგეთ საკითხებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ბალტიისპირელებისა და პოლონელებისთვის რუსეთი მუდმივი მტრის ხატებაა და, აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთისგან მომავალი სავარაუდო აგრესია სხვაგან გადაიტანონ. ცივი გონებით შეფასებაში არ ვგულისხმობ, რომ უნდა შევეგუოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთია მოცემულობა და შესაბამისი კონტრღონისძიებები გავატაროთ.

– იმ პირობებში, როდესაც ფორმალურადაც კი არ მუშაობს დემოკრატიული არგუმენტები, რა კონტრღონისძიებები შეიძლება, გატარდეს?

– სახელმწიფოს შეუძლია, სხვადასხვა ფორუმზე მოახდინოს თავისი სიმართლის მუდმივი დემონსტრირება; შეუძლია, გააკეთოს იგივე, რასაც ისინი აკეთებენ: დაიქირაოს ლობისტური ძალები, მათ შორის, ევროპარლამენტარების შემადგენლობიდანაც და ევროპარლამენტის გარეთაც და იმუშაოს ამ მიმართულებით. აამუშაოს ის რესურსი, რომელიც მსოფლიოში არსებობს – არა მხოლოდ ოფიციალური ლობისტური ორგანიზაციები, არამედ კერძო პირებიც. მაგალითად, ბალტიისპირელების ეს პოზიცია სრულიად მიუღებელია რუმინელებისა და ბულგარელებისთვის, ვინაიდან მათთვის არ არის მისაღები საომარი მოქმედებები შავი ზღვის აუზში. შესაბამისად, ისინი ბალტიისპირელებისა და პოლონელების ამ მიდგომის წინააღმდეგნი არიან. ესე იგი, არსებობს რესურსი, რომ შენ კონტრღონისძიებები ჩაატარო. ახლახან ხორვატიაში გაიმართა შეხვედრა და ჩემთვის მოულოდნელად, ქართული დელეგაციის აქტივობა ძალიან პოზიტიურად აღიქვეს, რასაც, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ ველოდი. გარდა ამისა, ბევრად უფრო აქტიური მუშაობაა აუცილებელი ჩვენს მეზობლებთან, უპირველესად, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა