პოლიტიკა

რატომ იქცა სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელება თანამედროვე ადამიანის მართვის იდეოლოგიად

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 13.09

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

იმ მარტივი მიზეზით, რომ ნებისმიერი სისულელის თქმა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებადაა აღიარებული, არც სისულელეების კორიანტელს ვუჩივით და არც დეზინფორმაციისას. მით უმეტეს, რომ ციფრულ ეპოქაში ინფორმაციის მოზღვავებაა, რომელში გარკვევაც გამოცდილი თვალისთვისაც კი რთულია. მეორე მხრივ, დეზინფორმაციები და არასწორი ინტერპრეტაციები გამიზნულადაც ვრცელდება, რაც, ბუნებრივია, შემოსილია გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი აზროვნების მანტიით, სინამდვილეში კი, არც მეტი, არც ნაკლები, იდეოლოგიური დატვირთვა აქვს. რა გავლენას ახდენს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე იდეოლოგიური დეზინფორმაციის მიზანდასახულად გავრცელება? – ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– იდეოლოგიური პროპაგანდა ნებისმიერზე მოქმედებს, მაგრამ რა გავლენა აქვს, განსაკუთრებით, ახალგზრდების ფსიქიკაზე, რომლებსაც განათლების სისტემა ვერ აძლევს ფუნდამენტურ განათლებას და ამასთან, ძალიან თვალშისაცემია კრიტიკული აზროვნებისა და გაანალიზების უნარის სიმწირე?

– ნელ-ნელა შემოგვეპარა ეგ ამბავი, უცბად არ მომხდარა და, ძირითადად, უკავშირდება 2003 წლის ვარდების რევოლუციის პერიოდს. როგორც მიშამ, ისე ზურა ჟვანიამ კარგად იცოდა პიარტექნოლოგიების ფასი და იმავდროულად, დასავლეთი საქართველოში ატარებდა ექსპერიმენტს. მოგვიანებით სოროსმა თქვა კიდეც, ექსპერიმენტი გამოგვივიდაო, ანუ არ იყვნენ დარწმუნებულები შედეგში. ექსპერიმენტი იყო მიმართული შემდეგისკენ: შარპს დეტალურად აქვს გაწერილი ტექნოლოგიური სცენარი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ მოხდეს ხავერდოვანი რევოლუცია, ანუ ერთი ხელისუფლება შეიცვალოს მეორით თოფის გარეშე. ამ პროგრამაში დიდი ადგილი აქვს მასმედიას, ამდენად, შემთხვევითი არ იყო „რუსთავი 2-ის“ წინა პლანზე წამოწევა; ასევე, დიდი ადგილი აქვს არჩევნებს, კერძოდ, იმის ხაზგასმას, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც უკვე ხალხს აძლევს მორალურ უფლებას, რომ კანონები გადადოს გვერდზე და დაიწყოს რევოლუცია, აღშფოთება.

– დიახ, ჟვანიამ ასეც უწოდა – „გაბრაზებული ხალხის რევოლუცია“.

– დიახ და სტატისტების როლებიც იყო, მაგალითად, „კმარა“, რომლებსაც ამზადებდნენ უცხოეთში. ანუ პროცესს ჰყავდა დატრენინგებული სტატისტები. ამ უზარმაზარი მანქანის ამუშავებისას ჩვენთან, უკრაინაში, არაბული გაზაფხულის ქვეყნებში გადაიარა რევოლუციებმა და, როგორც რობერტ კენედი ამბობს, ამ ტიპის ტექნოლოგიამ ოცდაათზე მეტ ქვეყანაში შეცვალა ხელისუფლება. როდესაც ამხელა მანქანა იწყებს მუშაობას, სიმართლის დადგენაზე ლაპარაკიც აღარ არის. მთელი ძალისხმევა მიმართულია, რომ, რაც ითქმება, იყოს ტყუილიც, გააჩნია, ვისთვისაა სასარგებლო, გაძლიერდეს, გავრცელდეს, დამკვიდრდეს. ასე რომ, ტყუილი ხდება პიარტექნოლოგიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ისევე, როგორც რეკლამირებულ საქონელზე ხომ არ ვარკვევთ, მართლაც, ახასიათებს თუ არა ის, რასაც რეკლამაში ამბობენ?!

- რეკლამას აწერია მაინც, რომ რეკლამაა და გონიერ ადამიანს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეს, იქნებ ქება გადაჭარბებულიაო.

– თუ ადამიანი მართლა გონიერია, უნდა მიხვდეს, რომ გადაჭარბებული ქება ან ძაგება პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ამდენად, შევედით იმ ფაზაში და ეს ეხება მთელ მსოფლიოს, როდესაც პარადოქსი იქმნება. დემოკრატია აწყობილია ხალხის ნების აღსრულებაზე და ამ დროს დემოკრატიის გვერდით სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს პიარტექნოლოგიები, პოლიტიკური ტექნოლოგიები, ფსიქოლოგიური ტექნოლოგიები, სხვადასხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ტექნოლოგიებია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს მოანდომო ის, რაც შენ გჭირდება. ანუ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ადამიანის სურვილია მთავარი და, მეორე მხრივ, ვამუშავებ ტექნოლოგიას, როგორ მოვანდომო ადამიანს ის, რაც მე მინდა. ამდენად, გამოდის, რომ ხდება დემოკრატიის ძირითადი პრინციპის – ხალხის ნება აყალიბებს ხელისუფლებას – დევალვაცია, ფალსიფიკაცია. ანუ ტექნოლოგიურმა განვითარებამ საზოგადოება მიიყვანა ასეთ პარადოქსულ მდგომარეობამდე: ისინი დემოკრატიას იცავენ, მისდევენ, ოღონდ ამავე დროს მუშაობენ იმაზე, რომ ხალხის ნება იყოს გამრუდებული მათი პროპაგანდის მიერ. აი, ამ გამრუდებას აღწევენ მასმედიითა და სიცრუის გავრცელებით. ეს არ იყო საჩვენო ეტაპი, ახლად გაჩენილი დემოკრატია ვართ და, წესით, ეს არ უნდა გვცოდნოდა, მაგრამ მოგვიწია ვარდების რევოლუცია და ამ ვარდების რევოლუციამ შემოიტანა ეს ტექნოლოგიური მიდგომა, პიარზე აწყობილი პოლიტიკური პროცესების პრიმატი. თუმცა პიარზე აწყობილი პოლიტიკური პროცესების პრიმატზე ცხოვრობს მთელი ამერიკა, ამიტომ იყო, რომ შავკანიანი აირჩიეს პრეზიდენტად; გარკვეული ხიბლი ჰქონდა ტრამპსაც და ახლა მივიდნენ 80-ს გადაცილებული მოხუცის პრეზიდენტობამდე. ანუ პიარტექნოლოგიებით ყველაფერი შეიძლება, მოახერხო. ნებისმიერი კერძი შეგიძლია, შეაჭამო ადამიანს, თუ კარგად მოაყრი სანელებლებს. აი, შეაჭამეს და ხალხმა აირჩია ბაიდენი. ბაიდენი იმ მხრივაა საყურადღებო, რომ შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ადამიანი თავის საკუთარ მოძრაობებს ვეღარ მართავს, საით მიდის, აზრზე არ არის და ეს ადამიანი მართავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქვეყანას?! და მერე იმ ქვეყნიდან შენ გსაყვედურობენ არაფორმალურ მმართველობას?! ხომ ფაქტია, რომ დღეს ბაიდენს არ აქვს მართვის უნარი და ვიღაც სხვა მართავს ამერიკას?! კერძოდ, სალივანზეა ლაპარაკი. და მიდის სიცრუის ტირაჟირება წრიულად. ადრეც ასე იყო: გახსოვთ ცნობილი ფრაზა, ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილია. ეს ნიშნავს, რომ სიცრუის გზას ადგახარ და ორმაგი სტანდარტი მოქმედებს. ორმაგი სტანდარტი, ხომ, სიცრუის ნიშანია?! თქვენ იკითხეთ, რა შედეგი მოჰყვებაო. ის, რომ დევალვაცია მოხდება ბევრი რამის, მათ შორის, ჩვენთან.

– იმ ფასეულობების დევალვაციაზეა ლაპარაკი, რაც კაცობრიობას შეუქმნია ამდენი ცდისა და შეცდომის, ამდენი ტანჯვის ფასად?

– რეალურ ცხოვრებაში ყველა ქვეყანას ერთი და იგივე ღირებულებები აქვს?! ძალიან ბევრი საერთოა, მაგრამ მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთეში ვხედავთ ისეთ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც არ იზიარებენ მსოფლიო ღირებულებებს. ინგლისელებმა შექსპირი რომ არ იცოდნენ, დღეს დიდი პრობლემა არაა მათთვის და თუ ინგლისელისთვის შექსპირის არცოდნა პრობლემა არ არის, ანუ საკუთარი ქვეყნის ცოდნაც, მისი შემეცნებაც დევალვირებულია უკვე. გარდა ამისა, იმის დევალვაციაც ხდება, რაც იწვევს დევალვაციას. შეიძლება, მკითხველი შეგვეკამათოს, პიროვნება თავისუფალია, რაც მას არ სჭირდება არ იცის და რაც სჭირდება, ის იცის. და, პიროვნების თავისუფლებიდან გამომდინარე, ეს მსჯელობა სწორია.

– მაგრამ პიროვნება როგორ უნდა შეიკრას და შეიქმნას, თუ არ იცის, ვინ არის შექსპირი?

– არის კი შეკრული?! პიროვნებებისგან შემდგარი საზოგადოებები გვაქვს თუ ნელ-ნელა ამორფული სუბიექტები ქმნიან თანამედროვე ცივილიზაციას?!

– გლობალიზაციისკენ სვლის აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანები ერთსახოვნები ვიყოთ, რომ, რასაც ჩაგვძახებენ, ის ამოვიძახოთ?

– არ ვიცი, არის თუ არა ეს გლობალიზაცია. მე ისევ ერთ ბებერ კაცს გავიხსენებ, ჩერჩილს, ვინც ამბობდა, დემოკრატია საუკეთესო წყობა არ არის, მაგრამ უკეთესი არ გვაქვსო. მეორე ალტერნატივაა ფეოდალური სისტემა, სადაც ბიოლოგიაა გადამწყვეტი და სისულელეები ხდება ბიოლოგიური მიზეზით. დემოკრატიისას სისულელეები ხდება ფსიქოლოგიური მიზეზით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჭკვიანი ვერ იქნება. ბევრი უფრო ნაკლებად ჭკვიანია, ვიდრე გამორჩეული ერთი. ამიტომაც გენიოსებს თითებზე ითვლიდნენ, სულელი კი ყოველთვის უამრავი იყო. დემოკრატია კი არის სისტემა, რომელიც ბევრზეა დამოკიდებული. მეტი ადამიანის პოზიცია თუ გადამწყვეტია, ხოლო ბევრი ადამიანი ჭკვიანი ვერ იქნება, ესე იგი, დემოკრატიული სისტემა ყოველთვის მეტ-ნაკლებად მცდარ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაზეც თქვა კიდევ ჩერჩილმა, იმიტომ რომ ინგლისურმა დემოკრატიამ ჩერჩილს უარი უთხრა. ომის მომგები პიროვნება პენსიონერად დატოვა. ჭკვიანური გადაწყვეტილებაა?! ალბათ, არა. ამომრჩეველს ამდენი ფიქრი არ შეუძლია და, საერთოდ, ფიქრი ამომრჩეველს არ შეუძლია. ამომრჩეველს აქვს ემოცია. აი, ესაა დემოკრატიული სისტემა. ამდენად, ვეთანხმები ჩერჩილს, რომ ფეოდალური სისტემა სრულიად არ ვარგა, მაგრამ დემოკრატიულ სისტემასაც თავისი ხარვეზები აქვს. ალბათ, ამ ხარვეზებმა უნდა დააგროვოს საკმარისი გამოცდილება, რომ დემოკრატიის გაუმჯობესების მოდელები შეიქმნას.

– პოლიტიკა გასაგებია, თუმცა ამ ფონზე მნიშვნელოვანია ადამიანის უკვე ბუნებრივი გონებრივი დაჩლუნგებაც, რომ ადვილად დაემორჩილოს პოლიტიკურ ტექნოლოგიებს.

– მე, მაგალითად, ბუნებრივად დაჩლუნგებულად არ მიმაჩნია მეოცე საუკუნის გერმანელი ერი, როდესაც ისინი დაემორჩილნენ ისეთ ფანტასმაგორიულ თეორიებს, როგორიც წამოაყენა ადოლფ ჰიტლერმა. მაგრამ მას დაემორჩილა უჭკვიანესი, უდიდესი კულტურის მქონე ნაცია და ჰიტლერის გვერდით დადგა. ბიოლოგიურად დაჩლუნგდნენ?! არ მგონია. ფსიქოლოგიას აქვს რესურსი, რომ გენიოსიც კი გამოაიდიოტოს, მაგრამ აი, იმის რესურსი რას აქვს, რომ იდიოტი გახადოს გენიოსი, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ფსიქოლოგიაში.

– თანამედროვედ აზროვნების ლამის ეტალონადაა აღიარებული რაღაც ისეთის თქმა, რაც განსხვავებულია, სინამდვილეში კი უვიცობას ადასტურებს. გაუნათლებლობის ამბავია ეს თუ გაუაზრებლობის?

– მესამეცაა, უსინდისობისაც. არის საზოგადოების ფენა, რომელიც ტაშს უკრავს ყველაფერ უარისმყოფელს. ახალგაზრდობაა ასეთი. მშობლების უარყოფაა ახალგაზრდების ძირითადი თვისება. მშობლების ღირებულებათა უარყოფა, ტრადიციულის უარყოფა. ასე შეიქმნა ჰიპების მოძრაობა, ისინიც ყველაფერს უარყოფდნენ. მაგრამ, როდესაც გაიზარდნენ, მერე ისევ ჩასხდნენ ტრადიციულ კულტურაში, მაგრამ ასაკს ახასიათებს ეს თავისებურება. ასეთი თავისებურების გამოა, რომ ადამიანები, რომლებსაც სტუდენტებთან ან სტუდენტური ასაკის აუდიტორიასთან აქვს ურთიერთობა, უფრო პოპულარულები არიან, თუ იტყვიან, რომ აი, რუსთაველი უნიჭო იყო, თამარი – ცუდი მეფე და ასე შემდეგ. ასე რომ, ყველა იმ ფორმულის დამსხვრევას ეცდებიან, რომლითაც ერის კულტურა სარგებლობს, რათა მიიღონ ახალგაზრდების ტაში, ახალგაზრდები კი ტაშს დაუკრავენ, იმიტომ რომ მათ მოსწონთ ყველაფერი, რაც ინგრევა, მაგრამ ასაკი რომ მოემატებათ, შეეცვლებათ პოზიცია, ამასობაში კი ახალგაზრდების ახალი ტალღა წამოვა და მათაც ენდომებათ არატრადიციული ნაბიჯების გადადგმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...