პოლიტიკა

რატომ იქცა ქართული პოლიტიკა კერპთაყვანისმცემლობად და როგორ ეძებს ქართველი ამომრჩეველი ზეკაც კერპს, რომელსაც ეთაყვანება

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 24.11, 2021 წელი

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

თუმცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობამ 30 წელს გადააბიჯა, დამოუკიდებლობის ჩვენეული გაგება კვლავ ერთობ უცნაური და ინფანტილურია. კერძოდ, ქვეყანაში დღემდე ჰყავს თავისი ამომრჩეველი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, თუმცა ის დიდი ხნის წინათ დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა (აქვე დავსძენ, რომ მისი ელექტორატის გულის მოგებაც შედის ქართული პოლიტიკის თამაშის წესში); მადიდებლები ჰყავს საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესაც, რომლის ელექტორატიც გამორჩეულია (ანუ თავისი პოლიტიკური გემოვნება აქვს); თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს მიხეილ სააკაშვილსაც – საქართველოს მესამე პრეზიდენტს (არადა უკვე მეხუთე პრეზიდენტი გვყავს), რომელსაც არც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეცაა. უცნაურია ის, რომ მასთან ასოცირებულ პარტიას ამომრჩეველი, სწორედ, მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის გამო აძლევს ხმას. ჩემი აზრით, ასეთ დამოკიდებულებას ამომრჩეველსა და პოლიტიკოსს შორის არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, იმიტომ რომ ეს გრძნობისმიერი ურთიერთობა აშკარად სიყვარულია. რატომ დაიკავა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი სიყვარულმა? – ამ რიტორიკულ თემაზე ვისაუბრებთ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან.

– უკვე მაშფოთებს, რომ ჩვენი ამომრჩევლისთვის პოლიტიკოსისადმი სიყვარული იქცა წამყვან და მთავარ ფაქტორად. რატომ გადაეზარდა, წესით, ეს რაციონალური მდგომარეობა ქართველ ამომრჩეველს სიყვარულში?

– სერიოზული თემაა და მართალი გითხრათ, როდესაც შევთანხმდით ამ თემაზე საუბარზე, დავფიქრდი, ვინაიდაან ეს არ არის პოლიტიკური ანალიზის ასპექტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პლასტს მოიცავს. დავფიქრდი, რადგან სწორად შენიშნეთ, რომ ერის, ქვეყნის მოსახლეობის ასე დაყოფა უკიდურესად პირობითია და ბევრ მსოფლმხედველობრივ და ყოფით საკითხს აერთიანებს. ამდენად, უნდა მივიხედ-მოვიხედოთ, წარსულშიც ჩავიხედოთ და მომავლისკენაც გავიხედოთ, რომ მივხვდეთ, რა ხდება ჩვენს თავს. რა არის ეს? ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში კერპთაყვანისმცემლობის გადმოტანაა წარსულიდან, პრეისტორიული ხანიდან, ქრისტემდელი საქართველოდან თუ იმპერიების შემადგენლობაში სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების გარეშე არსებობით გამოწვეული რთულად დასაძლევი პრობლემა? ალბათ, ერთიც და მეორეც და მესამეც და ოცდამესამეც – ვინაიდან ძალიან ბევრი პლასტია.

ფაქტია, დღევანდელი მოცემულობა არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა და გაუსაძლისი ყოფის ატანის შედეგი. ანუ ჩვენ დღეს მაინც ვარსებობთ და იმასაც კი მოვესწარით, რომ რუკაზე სხვა ფერით აღინიშნება ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია: გვაქვს ჰიმნი, დროშა და დამოუკიდებლობის სხვა ატრიბუტები აგერ უკვე 30 წელია. ამჯერად არ გავიხსენოთ, როგორ აღმოვჩნდით რუსული იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ ერთხელ ამ იმპერიის ნანგრევებზე ჩვენი სამწლიანი სახელმწიფო აღმოცენდა, მეორედაც დაინგრა ის იმპერია და უკვე 30 წელია, ფორმალურად ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და, სხვადასხვა თვალსაზრისით, რეალურადაც, ოღონდ ამ 30 წლის განმავლობში ჩვენ ვერ შევძელით სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, თუმცა ვერ მივაღწიეთ, რომ ვიყოთ თვითკმარი, ვიარსებოთ იმ საზღვრებში, რა საზღვრებიც მოგვცა მსოფლიომ, გვქონდეს მოქმედი ეკონომიკა, მისაღები სოციალური მდგომარეობა და არის გაუთავებელი, არამემკვიდრეობითი, ზოგჯერ სპონტანური ცვლა ხელისუფლებების და გამსახურდიასგან მოყოლებული, თითოეული ახალი ხელისუფლება, ფაქტობრივად, ანგრევს იმას, რაც წინა ხელისუფლებას შეუქმნია. აი, კაცმა თავი ახალ აღმაშენებლად გამოაცხადა და ახალი ქართული სახელმწიფოს შემქმნელად, თუმცა მისი მადიდებლებისა და მომხრეების გარდა, მას არავინ ეთანხმება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ეთნოფსიქიკის გამოძახილია. დამოუკიდებლობის პერიოდის ოთხი გამოკვეთილი მმართველი გვყავდა: ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი და ოთხივე აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან.

– მივყვეთ თანმიმდევრობით.

– ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამისთვის მას პატივს მიაგებს უკლებლივ ყველა. მან მერაბ კოსტავასთან ერთად ქართველ ხალხს შესთავაზა ქრისტეს ერის იდეა. ამ ორმა მოღვაწემ, ვფიქრობ, ისინი ერთად უნდა მოვიაზროთ, სულიერი მისია განუსაზღვრა ჩვენს ერს, რაც მიიღო ერის დიდმა ნაწილმა. ისინი შევიდნენ მსოფლიო პოლიტიკის ოკეანეში, მაგრამ წინააღმდეგობებს ალღო ვერ აუღეს, მიუხედავად იმისა, რომ სავსებით კონკრეტული კონტექსტი და შინაარსი ჰქონდა ქრისტეს ერის იდეას. რაც გულისხმობდა: არც ჩრდილოეთი და არც დასავლეთი, კაცობრიობის კათარზისში მეწინავეობა, მთელი ერის გოლგოთა და ამაღლებული ცხოვრება. მაგრამ ეს მიდგომა არ მიიღო ქვეყნის ელიტამ. ვინმეს მოსწონს თუ არა, ყველა ეპოქაში ყველა ერს ჰყავს თავისი ელიტა – ხან კარგი, ხან ცუდი და ისინი ძალიან დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის ბედის განსაზღვრაში. ეს იდეა არ მიიღო იმდროინდელმა ელიტამ და გამსახურდია შეიცვალა შევარდნაძით, რომლის ამოცანაც იყო თავისუფალ ერთა დიდ ოჯახში ქვეყნის აღიარება. მთავარ ამოცანებად მან გამოაცხადა სამოქალაქო დაპირისპირების დასრულება და ქვეყნის დასავლეთისკენ გაყვანა. როდესაც მან თავისი მისია, ჩემი აზრით, 1997-1998 წლებში ამოწურა, ვერ გადაჭრა მთავარი ამოცანა – ვერ აღადგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ამ სიმძიმემ გასრისა შევარდნაძე, როგორც პოლიტიკური ლიდერი. მის მმართველობას ახლდა კორუფციის მნიშვნელოვანი დონე და პოლიტიკური არენიდან წავიდა ამ ქვეყნის ძველი ცხოვრებიდან გადმოყოლილი ლიდერიც. მას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სწორად, დროულად და საჭირო მიმართულებით დაიწყო სვლა: ეს იყო ქვეყნის მოდერნიზაცია, რეფორმების განხორციელება. მას ქვეყნის მოსახლეობამ მისცა იმის საშუალება, რომ გამოეჩინა თავი და დაედო შედეგი, მაგრამ, საბოლოოდ, ამ შედეგის, მოდერნული „ნაციონალ-სოციალიზმის“: პატიმრებისა და პრობაციონერების რეკორდული რაოდენობა, დევიზი: „ყველანი ციხეში“. კერძო საკუთრების ხელყოფა და ასე შემდეგ, გამო მისი მმართველობაც, ფაქტობრივად, კრახით დასრულდა. შესაძლოა, არჩევნებით შეიცვალა მისი ხელისუფლება, მაგრამ, ფაქტია, სააკაშვილის მმართველობა იყო წარუმატებელი. ამას მოჰყვა მეოთხე ლიდერი, მილიარდერი, ვინც ქონება რუსეთში იშოვა და მან მოინდომა თავისი ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება, მაგრამ ხელი მოჰკიდა საქმეს, რის გამოცდილებაც არ ჰქონდა. მოინდომა პოლიტიკის დეპოლიტიზაცია, მომლოდინის ტაქტიკას მიმართა და, ფაქტობრივად, ვერაფერი შესთავაზა ქვეყანას, რის გამოც ახლა ჩვენ ისევ იმ მდგომარეობაში ვართ, რაც ივანიშვილმა თავიდანვე შემოგვთავაზა. ის ნიჭიერი ადამიანია და თავის საპირწონედ უზრუნველყო, რომ ქართულ საზოგადოებაში ყოფილიყვნენ მიშა სააკაშვილი და მისი დაჯგუფება. რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არასდროს დათანხმდება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ჩანაცვლდეს სააკაშვილის ხელისუფლებით და, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მმრთველობაც მოყირჭდა საზოგადოებას, ის მაინც ინარჩუნებს ძალაუფლებას. შესაბამისად, უნაყოფოა ლაპარაკი, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, როგორც ის არჩევნები, თუმცა ხარვეზები იყო, ვინაიდან ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა „ნაციონალების“ მმართველობის დაბრუნებას ისევ ივანიშვილთან საქმის დაჭერას ამჯობინებს. ესაა სქემა, მაგრამ არსებითია ის, რომ ქართველი ხალხი ეძებს ლიდერს.

– ჩემი დაკვირვებით, ქართველი ხალხი ეძებს ლიდერს, ვინც შეუყვარდება.

– დიახ, რომელიც მას უნდა უყვარდეს.

– და რატომ უნდა მიყვარდეს პოლიტიკური ლიდერი? ამას ვერ ვიგებ.

– ქართველი ხალხი ეძებს ლიდერს, ვისაც გააკერპებს და ამიტომ ასეთ თვისებებს ეძებს მასში. ჩვენი პოლიტიკოსების რაღაც ჯგუფი ცდილობს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ევროპული სისტემის პოლიტიკური მოდელი: მრავალპარტიულობა, ევროპული ინსტიტუციური მოწყობა, არადა ამისთვის ქართველი ხალხი არც შინაგანად და არც გარეგნულად მზად არ არის. აქედან გამომდინარე, წინაღმდეგობაა. რადგან ვერ გადავდივართ მრავალპარტიულ მმართველობაზე (თუმცა საპარლამენტო მოდელი შემოვიღეთ, რაც პოლიტიკური კულტურის ძალიან მაღალ დონეს გულისხმობს, რაც საქართველოში არ გვაქვს). ვხედავთ, რაც ხდება: შემოპარვა მწვანილის გადასაზიდი კონტეინერით... მაგრამ, რაც ხდება, ვფიქრობ, არც ერთი ხელისუფლებისა და პოლიტიკური ძალის ბრალი არ არის. ეს ყველაფერი ჩვენს შინაგან ბუნებაში დევს და ჩვენ გარკვეულწილად კერპთაყვანისმცმლობაში ვართ ჩარჩენილები. მითოლოგიზებულია ჩვენი ცნობიერება. ველით, ბაზალეთის ტბის ძირას რომ აკვანია, იქიდან გმირის ამოსვლას, ვინც ყველაფერს დაალაგებს, ამიტომაც გვთავაზობს ზოგიერთი თავს დავით აღმაშენებლად და ამით უნდათ გაამართლონ განუკითხაობა და ზოგჯერ – თავიანთი თანამოქალაქეების ხოცვა-ჟლეტაც.

– მეტაფორულად რომ ვთქვა: ბაზალეთის ტბის ფსკერზე რომ აკვანია, იქიდან არ ამოვიდნენ აშშ-ის დამფუძნებელი მამები?

– მე მაინც მგონია, რომ ჩვენს ეთნოფსიქიკაშია ჩადებული გამოუვალობის გასაღები. იმიტომ რომ ჩვენ კარგად არც საკუთარ თავს ვიცნობთ და არც საკუთარი ისტორია ვიცით?! ჩვენ ისტორიას აღვიქვამთ მითებად, არადა იმ დალოცვილმა ადამიანმა, ქართველი ერის ისტორიის შესწავლა რომ დაიწყო, გვითხრა: ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, ოღონდ არა გაზვიადებული და ყალბი, არამედ ნამდვილიო. ივანე ჯავახიშვილს ვგულისხმობ. გაგვაფრთხილა მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ისტორია არ ვიცოდით და ივანე ჯავახიშვილი აცოცხლებდა მას. ჩვენ თავად არ ვიცით, ვინ ვართ, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ვიყავით რომელიღაც იმპერიის ნაწილი. ცივილიზაციის საწყისებთან რომ ვიდექით და კაცობრიობას ბევრი რამ მივეცით, მას შემდეგ ბევრი იმპერიის შემადგენლობაში გამოვიარეთ, რამაც სულიერად დაგვაკნინა. დავითის ისტორიკოსი ძალიან მწარე სიტყვებს წერს ქართველთა ბუნებაზე, ქართველი მეცნიერების ნაწილი დავითის ისტორიკოსის ასეთ ულმობელ შეფასებას მის არაქართულ წარმომავლობას მიაწერს, მაგრამ იმ ადამიანმა კრიტიკულად დაინახა მაშინდელი ქართველების მდგომარეობა. ჩვენი ეთნოხასიათი კარგად არ გვაქვს გაცნობიერებული და ისიც კი დაგვავიწყდა, რაც ჩვენმა ზოგიერთმა დიდმა წინაპარმა გვითხრა. რატომ დაგვიწერა ილიამ „ბედნიერი ერი“?! აი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რატომ უწოდა თავის თანამედროვეებს ის, რაც უწოდა?! განა ილიას ეს სიამოვნებდა? მაგრამ მან იცოდა ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა დღესაც იგივეა და იგივე თვისებები ახასიათებს, გვახასიათებს. ამიტომაცაა, რომ ვეძებთ იდეალურებს, ყოვლისშემძლეებს, რომლებიც ზეცაში აგვიყვანენ, კარგად გვაცხოვრებენ. სხვათა შორის, მეც ძალიან მიყვარს და გავიხსენებ „ჯაყოს ხიზნებს“, რომელშიც გენიალურ რაღაცებს ამბობს მიხეილ ჯავახიშვილი, როდესაც ქართველობაზე მსჯელობს. ჩვენ „ჯაყოს ხიზნებიდან“ მხოლოდ ბედკრული, გასაცოდავებული თეიმურაზი გვახსოვს და ჯაყოს არაქართული ფესვები. ამ დროს კი არაჩვეულებრივი რამეები გვითხრა მიხეილ ჯავახიშვილმა. მაგალითად, წერს: გერმანელები ჩამოასახლეს საქართველოში, ერთად ცხოვრობენ ნახევარი საუკუნე, მაგრამ ქართველმა გერმანელისგან ვერაფერი შეიძინა და დარჩა ისეთივე უბირად, როგორც მანამდე იყოო... აი, ამაზეც უნდა დავფიქრდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი