პოლიტიკა

რატომ იქცა ისევ მოდურად ათეიზმი და ეკლესიასთან და ტრადიციებთან დაპირისპირება

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 04.06

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

საბოლოოდ, ისე აღმოჩნდა, რომ საქართველო, მიუხედავად სტრატეგიული და უბრალოდ, პარტნიორების სიმრავლისა, მაინც მხოლოდ ღმერთის მოკავშირეობის იმედადაა, ხოლო, რაკი დედამიწაზე ქრისტეს სხეული ეკლესიაა, შესაბამისად, ქართული ეკლესიის მხარდაჭერისა და წიაღის ამარა. ბუნებრივია, სულიერი თვალსაზრისით, ეს ლოგიკური და გამართლებულია, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოება არც ათეისტთა ნაკლებობას უჩივის და არც ტრადიციების, ეკლესიისა და რწმენის გამქილიკებლებსა და გამქიქებლებს. ამ თემაზე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– აქტიურადაა გაკრიტიკებული ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნა, მოტივით, რომ იქ ფარისეველი ადამიანები გადიან. მეორე მხრივ, ადამიანი, ზოგადად, ფარისეველია, ცოდვილია და მიდრეკილია ყოველგვარი უკეთურობისკენ. ამდენად, ეს შეფასებები უადგილოა. რატომ დარჩა ეკლესია ერთადერთ მხარდამჭერად და იმავდროულად, რატომ ებრძვის ჩვენი საზოგადოების ნაწილი ეკლესიას ასე გააფთრებით?

– თუ რელიგიური კუთხით შევხედავთ საკითხს, ადამიანს ღმერთის გარდა პატრონი არ ჰყავს.

– რელიგიურად, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურადაც არავინ გვიჩანს.

– ღმერთი და შენ ეს არის ინდივიდუალური, შეიძლება, ითქვას, ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ, როგორც კი გავდივართ საზოგადოებაში, უკვე საზოგადოების ნაწილი ვართ. სხვა კატეგორიაში გადავდივართ და აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გვიწევს პარტნიორობა, მეგობრობა, მტრობა... „სახარებაში“ ცალსახად წერია, თქვენ გარშემო არ იყვნენ ცრუ და ორპირები, თორემ სოფელში ასეთები იქნებიანო. ანუ ჩვენ გარშემო უნდა იყოს ერთობა, თორემ საზოგადოებაში ქურდიცაა, მეძავიც, ყაჩაღიც და გვინდა თუ არა, შესაბამისად ვიქცევით. პიროვნულ პლანში რომ გეუბნება მაცხოვარი, მარცხენა ლოყაში თუ გაგარტყამენ, მარჯვენა მიუშვირეო, იქვეა ნათქვამი ღირებულებების დაცვაზე, სადაც უნდა იყო უკომპრომისო, მტკიცე, ძლიერი და ხანდახან, როგორც საზოგადოების წევრს, გიწევს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რასაც არ გადადგამდი პირად ცხოვრებაში, ღმერთთან შენს ურთიერთობაში. ისევე, როგორც ჩვენ შეთანხმებულები ვართ საგზაო წესებზე, თუმცა არავის მოგვწონს, მაგრამ ვემორჩილებით. იმიტომ რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაა მოგონილი. ხანდახან არ გვსიამოვნებს შუქნიშნის წითელზე გაჩერება და მიგვაჩნია, რომ ზედმეტი სიმკაცრეა, თუნდაც, დასახლებულ პუნქტში შეზღუდული სიჩქარით მოძრაობა, ცარიელიც რომ იყოს გზა. ადამიანი, ღვთისგან გაჩენილი არსება, საზოგადოებაში ცხოვრობს და ამ გარემოში უწევს ურთიერთობა, იქ ეძებს მეგობრებს, თანამოაზრეებს. როდესაც ამა თუ იმ დაწესებულებაში ვმუშაობთ, ვხდებით ამ დაწესებულების პატრიოტი. როდესაც საქართველოს კუთხეებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ-ჩვენი კუთხეების პატრიოტები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პატრიოტები არ ვართ. ისევე, როგორც ფეხბურთში რომელიღაც გუნდის გულშემატკივარი ვართ, მაგრამ, როდესაც ნაკრები თამაშობს, ვერთიანდებით. წმიდა გაბრიელ ქიქოძეს აქვს ძალიან კარგი ქადაგება, რომ სულიერი და ხორციელი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გადაჯაჭვულია, ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება და ამა თუ იმ ქმედების შედეგი ჩვენზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ უფლის განგებულებაზე. ჩვენს წმინდა მეფეებსაც უწევდათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც, როგორც ცალკე აღებული პიროვნება, არ ჩაიდენდნენ, მაგრამ, როგორც მეფე, იძულებული იყვნენ, ჩაედინათ. რითია დიადი დავით წინასწარმეტყველი და დავით აღმაშენებელი?! სინანულის განცდით. ვიცით, რომ უწევდათ ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რაც სახელმწიფოსთვის იყო აუცილებელი და ხანდახან დიდ ცოდვაშიც ჩაცვენილან.

– პირველი საუკუნის ქრისტიანები ომიდან დაბრუნებულ მეომრებს არ აზიარებდნენ, იმიტომ რომ მაინც კაცისმკვლელები იყვნენ.

– დიახ, წმიდანად გვყავს შერაცხული რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც მარაბდის ველზე ხმლით ხელში იბრძოდნენ, მაგრამ არის გადმოცემა, რომ ომის წინ, როდესაც დაინახეს აბჯარში ჩამსხდარი სასულიერო პირები, ჯარმა უარი თქვა მათი ხელიდან ზიარების მიღებაზე და ზიარება მიიღეს სამღვდელო შესამოსლით შემოსილი სასულიერო პირებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გამოჩნდა ბოლო წლების საქართველოში: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცოდვა ჩავიდინეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, გამოჩნდა ქართველი კაცის შინაგანი ბუნება. შინაგანად მაინც ქრისტიანები ვართ. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, მთელ მსოფლიოში უპრეცედენტო გამოვლინება. ყველგან, რა აღმსარებლობისაც იყო მეფე, თავადი ან რაინდი, მისი ქვეშევრდომებიც იმავე აღმსარებლობის იყვნენ, საქართველო კი, ამ მხრივ, უნიკალურია. 150-ზე მეტი წლის განმავლობაში მუსლიმანი მეფეები გვყავდა, მაგრამ ერი იყო ქრისტიანი. ანუ მუსლიმანმა მეფეებმა ვერ მოახერხეს ერისთვის სარწმუნოების შეცვლა. ზოგმა არ ინება, ვინც ინება, როსტომ ხანმა თუ სიმონ ხანმა, ვერ მოახერხა და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართველი კაცის შინაგან ქრისტიანულ ბუნებაზე. იმდენად ძლიერია ქრისტიანობა, რომ ოღონდ საშუალება მოგვეცეს და ამას გამოვხატავთ და 17 მაისი სწორედ ამის გამოხატვის დღეა. მეორე თემაა, რომ კონკრეტული ჯგუფებისთვის ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია, მაგრამ მთავარია, რომ, თუ ქართველ კაცს მისცემ საშუალებას, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში თავისი თავი წარმოაჩინოს, ის აუცილებლად შინაგანად ქრისტიანია. მეუფე ანანია ჯაფარიძეს აქვს ძალიან კარგი წიგნი „ქართველების მზადება ქრისტეს მისაღებად“, როგორ მივდიოდით საუკუნეების განმავლობაში, ფარნავაზიდან მოყოლებული, ერთი ღმერთისკენ, იმავე არმაზის კერპის მაღლა დაყენება სხვა კერპებზე. ექვსი საუკუნე დასჭირდა ამ ბუნებრივი დუღილის პროცესს, რომ ქართველი კაცი ჩამოყალიბებულიყო ისეთად, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ. საქართველოში არ დასჭირდვებია ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით გავრცელება, თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა შემთხვევას მთაში, რასაც გარკვეული პოლიტიკური მოტივები ჰქონდა.

– თუმცა, არც მოქილიკეთა ნაკლებობას უჩივის საზოგადოება.

– ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ღირებულებათა სისტემიდან გადასვლა, არის კონფლიქტი წარსულთან, საკუთარ თავთან, საკუთარ შინაგან ბუნებასთან. ნებსით თუ უნებლიეთ, ის ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე ქილიკობენ, თემის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას არ შევეხები, თავს იყენებენ ამ ღირებულებათა სისტემის გარეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს, რომ ანგელოზები დავდივართ ეკლესიაში, რომ დანარჩენები გასხივოსნებულები ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგანად გვინდა ამ მიმართულებით სვლა, ზუსტად ასეთივეა ქართული სუფრაც, რაც, ასევე, ქილიკის საგანია და ზოგიერთი ადამიანის მოქმედება სუფრასთან ჩვენშიც აღძრავს ქილიკისა და დაცინვის სურვილს, მაგრამ რა არის სადღეგრძელო?! ეს არის ჩემს თვალში დანახული შენი უკეთესი მდგომარეობა, როგორი მინდა, გიხილო, რა გაგიხარდება, რა გაუხარდება საზოგადოებას შენგან. ბოლშევიკების დროს ამან მახინჯი ფორმა მიიღო, მაგრამ სუფროს არსი ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთ საკითხს გავუსვამ ხაზს: ოფიციალური ათეისტები, პარტიული ლიდერები, რაიკომისა და ცეკას მდივნებიც კი შვილებს ფარულად ნათლავდნენ. ესე იგი, ხალხი, რომელიც ქადაგებდა ათეიზმს, შინაგანად ქრისტიანული ტრადიციების მიმდევარი იყო და ბოლშევიზმმაც ვერ აღმოფხვრა ეს ქართველი ადამიანის სულიდან და გულიდან. მისი უწმიდესობის დამსახურებაა, როდესაც ამ ადამიანებს გაუღო გული, შემოაბრუნა ეკლესიისკენ და შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში ყველას მიეცა საშუალება, გამოეხატა თავისი შინაგანი არსი. ეს უნდა გვიხაროდეს, თუმცა მეორე საკითხია, როდესაც ვლაპარაკობთ ამ დღის შინაარსობრივ მდგენელზე, როგორიცაა ოჯახის არა მხოლოდ ქილიკი, არამედ ოჯახის წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლა და ეს ბრძოლა მთელ მსოფლიოში მიდის. ჩვენ ვხედავთ ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, რაც, თუნდაც, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების დროს აშკარად ჩანდა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ იდეოლოგიურ და ღირებულებით საკითხებზე პოლიტიკოსები არც არიან ჩამოყალიბებული და არც მსჯელობენ, თორემ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ერთ-ერთი უმთავრესი თემაა აბორტი.

– რომის წინა პაპმა ტრამპსაც და ჰარისსაც უწოდა ბოროტება, ტრამპს იმიტომ, რომ მიგრანტების გასახლებას აპირებდა, ხოლო ჰარისს იმიტომ, რომ აბორტების მომხრე იყო.

– მთელი მსოფლიო ამ საკითხებზე მსჯელობს, დისკუსიის საგანია ღირებულებათა სისტემა, რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ ქუჩაში ჩაქუჩით ვსდიოთ ვიღაცებს, რომ უნდა გავრიყოთ ვინმე. ეს დისკუსიის საგანია.

– სკოლაში რომ არ უნდა შევიდნენ გაურკვეველი წარმომავლობის პერსონები და სრული სისულელეები არ უნდა ილაპარაკონ, ეს ფაქტია.

– უნდა არსებობდეს რეგულაციები, ისევე, როგორც არსებობს დაწერილი და დაუწერელი რეგულაციები, რომ, მაგალითად, საცურაო კოსტიუმით ოპერაში არ მივდივართ. კანონმდებლობაში ეს არ მგონია, ასახული იყოს, მაგრამ ეს არის საზოგადოებრივი შეთანხმება და რაოდენ ამაზრზენი იქნება შარვალ-კოსტიუმითა და ჰალსტუხით პლაჟზე მისვლა. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ სადაც მივდივართ, პატივი უნდა ვცეთ იმ საზოგადოებას. სტადიონზე შეგიძლია, წახვიდე სპორტული ტრუსებით, მაგრამ, როდესაც ქორწილში მიდიხარ ტრუსით, ეს გამოხატვის თავისუფლება კი არ არის, არამედ იმ ოჯახის უპატივცემულობაა, რომელმაც დაგპატიჟა.

– უკვე ელემენტარულ რამეებზე ვმსჯელობთ.

– მეგობართან ხშირად შილიფად ჩაცმულები მივდივართ, მაგრამ მასთან წვეულებაზე სხვანაირად ვიცვამთ. თავს იმიტომ კი არ ვიწესრიგებთ, რომ ჩვენი თავი გვიყვარს, არამედ იმ ადამიანს ვცემთ პატივს, ვისთანაც მივდივართ. ცივილიზებულ სამყაროში, სადაც ჩვენ შეიძლება, ბევრი რამ არ მოგვწონდეს, გინახავთ მოკლესახელოებიანი მაისურით კონგრესში ვინმე მისულიყოს?! მე მახსოვს, ბაბუაჩემი, ეზოში რომ ჩამოვიდოდა, იქ, თუნდაც, ბავშვი ყოფილიყო, საკინძეს შეიკრავდა. ეს კულტურის გამოხატულებაა. ეს უნდა გადმოვიტანოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თუ ეკლესიაში შევდივართ, უნდა მივიღოთ ის ფორმა, რაც იქაა მიღებული. როდესაც ეკლესიაში შედიხარ, შილიფად არ უნდა გეცვას, არ უნდა დაიწყო ქილიკი ხატებზე. როდესაც ოპერაში ხარ, მობილურით არ უნდა ილაპარაკო ხმამაღლა. ზოგიერთი რამ კანონმდებლობით რეგულირდება, ზოგიერთი რამ – საზოგადოებრივი ურთიერთობებით. ცნობილი ადამიანი ხარ - ცუკერბერგი ან მასკი?! როგორც გინდა, ისე ჩაიცვი, მაგრამ, როგორც კი კონგრესმენი გახდები, კეთილი ინებე და იმ ჩაცმულობით იარე, რაც მიღებულია. ეს ყველაფერი იმ ქვეყნებში დარეგულირებულია არა მარტო კანონმდებლობით, არამედ საზოგადოებრივი ურთიერთობებით. ჩვენ ამის გადმოტანა გვჭირდება, რომ, როდესაც ვზეიმობ, არ უნდა მომაყენო შეურაცხყოფა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა