პოლიტიკა

რატომ იქცა განათლების სფერო, ბოლონიის პროცესით, სისტემად, რისი მიზანიც გაუნათლებელი ადამიანების გაზრდა იყო

№51

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:29

ზურა მანჯავიძე
დაკოპირებულია

მას შემდეგ, რაც რეალობამ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობისას დაწყებულმა და სააკაშვილის მმართველობისას ფრთებგაშლილმა განათლების რეფორმამ, რომელიც „ოცნების“ მმართველობისასაც ინერციით გაგრძელდა, შედეგი ვერ მოიტანა, ხელისუფლებამ გვამცნო, რომ სიახლეებს გეგმავს განათლების სისტემაში, მათ შორის, 12-წლიან სასკოლო სწავლებაზე უარის თქმას (პირადად მე იმთავითვე არ მომწონდა ეს 12-წლიანი ციკლი). თუმცა ეს მხოლოდ ტექნიკური მხარეა. რა ცვლილებები იგეგმება განათლების სფეროში, რა იდეოლოგიას დაეფუძნება სწავლება და, ბოლოს და ბოლოს, რა მენტალობის ადამიანი უნდა აღზარდოს მან, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი საგნის ცოდნა. ამ თემას სოსო მანჯავიძესთან ერთად განვიხილავთ.

– უპირველესად, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი განათლების სისტემა პირდაპირ იყო მიმართული იმისკენ, რომ გამოეშვა გაუნათლებელი ადამიანები და ადამიანები, რომლებსაც განათლების მიღების შემდეგ არ ჰქონოდათ საშუალება, დასაქმებულიყვნენ პროფესიით, იმიტომ რომ განათლების სისტემა აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ მოთხოვნილებებს, რაც საზოგადოებას აქვს. მოხდა ამ სისტემის დეზორგანიზაცია და ამას დაარქვეს რეფორმა. სინამდვილეში რეფორმამ მოიტანა ადამიანური რესურსების ფანტვა, ანუ ახალგაზრდები თავიანთ ყველაზე ნაყოფიერ დროს, როდესაც უნდა გახდნენ პროფესიონალები და საზოგადოებაში დაიმკვიდრონ ადგილი თავიანთი პროფესიონალიზმით, ფლანგავენ. ვითომ განათლებას იღებენ, მაგრამ შედეგად ისინი არავის სჭირდება და ვიღებთ ორდიპლომიან ტაქსისტებს; ადამიანებს, რომლებმაც ისწავლეს, დაამთავრეს ბაკალავრიატი და მათი საჭიროება არ არის. გვყავს იურისტების, მენეჯერების, ჰუმანიტარული პროფესიების მქონეთა არმიები, მათ შორის, ჟურნალისტების...

– რომელთა უმეტესობამ ხეირიანად წერა-კითხვა არ იცის, სამწუხაროდ.

– ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი ჟურნალისტი გვყავს და ეს განსაკუთრებით კომიკურია ჩვენი მოცულობისა და საჭიროების ფონზე და ისინი იქცნენ იმ ერთგვარ არეალად, სადაც ნაყოფიერად მუშაობენ უცხოეთის სპეცსამსახურები. ზოგადადაც, ადამიანი, რომელსაც არა აქვს ელემენტარული უნარ-ჩვევები; მიღებული უხარისხო განათლება, რომელიც საზოგადოებას არ სჭირდება, საცოდავდება და ეს ხდება ყველა მიმართულებით. გადავხედოთ იმავე ადვოკატების რაოდენობას. მათი რაოდენობა ხომ არაპროპორციულია?!

– იყო ერთ დროს მიღებული თეზა, რომ ბაზარი დაარეგულირებს სპეციალისტების რაოდენობას. რატომ ვერ დაარეგულირა ბაზარმა, თუ განათლების სფეროში ეს არ მუშაობს?

– თუნდაც, მაგიტომ. ისიც ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის ინერციაც მუშაობდა: როდესაც საქართველოში არქიტექტორებს ამზადებდნენ, მათ ანაწილებდნენ საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ახლა ყველა უნივერსიტეტში ამზადებენ ათჯერ მეტს და სად ანაწილებენ?! არსად – საქართველოში რჩება ამდენი არქიტექტორი და ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროფესიები არის არაპოპულარული. მაგალითად, ვერ იშოვი ნორმალურ აგრონომს, ვეტერინარს...

– ინჟინერს.

– და რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ამ ბოლოს დაიწყო პროფესიული ტექნიკუმების სისტემის აღდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტენდენცია ჯერჯერობით კვლავ ასეთია. იმავდროულად, კატასტროფულად დაეცა საერთო განათლების დონე. რა სისტემაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანზე დადის და, შესაბამისად, თუ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ვიპოვეთ საიმისო რესურსი, რომ პროცესი კვლავ დადებითი მიმართულებით წავიდეს, ეს იქნება ძალიან კარგი. მთავარია, რომ სისტემა არ უწყობდეს ხელს დეგრადაციას და სისტემა, რომელიც ჩვენ გვქონდა, სპეციალურად დეგრადაციისთვის არის შექმნილი; ის, ეგრეთ წოდებული, ბოლონიის სისტემა, მთელი თავისი ატრიბუტიკითა და იდეოლოგიით, რომ განათლებას, თურმე, ბაზარი დაარეგულირებს. ცალკე პრობლემაა ცენზის დაცემა და ყოველგვარი სტატუსის მოშლა. ქვეყანა გამეცნიერდა: ყველა პროფესორი და დოქტორია.

– ძალიან გამარტივდა. ვინ ვისგან რას იწერს, ვერც გაიგებ.

– სამეცნიერო წოდებების სრული დევალვაცია მოხდა. ჩვენს პერიოდში დოქტორი და პროფესორი იყვნენ უდიდესი ავტორიტეტები, დღეს ისეთები არიან დოქტორები და პროფესორები, რომ თქმადაც არ ღირს. ეს მარტო საქართველოში არ ხდება, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებული გროტესკული სურათია. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ, ამ მხრივ, ძალიან ტრაგიკული მდგომარეობაა. ამასთან, უნივერსიტეტების რაოდენობით, საქართველო, დაახლოებით, გერმანიის დონეზეა. ანუ ჩვენ და გერმანელებს, უმაღლესი სასწავლებლების, დაახლოებით, თანაბარი რაოდენობა გვაქვს. არაფერს ვამბობ იმაზე, ვინ რას ასწავლის ამ უნივერსიტეტებში. გერმანიაში მილიონ ადამიანზე, დაახლოებით, ერთი უნივერსიტეტია. საქართველოში კი, ვისაც არ ეზარება, ყველა ხსნის, აქედან გამომდინარე შედეგით. სიტუაციამ ისეთ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია, რომ ამის არშემჩნევა შეუძლებელი იყო. ამას გარდა, არის ერთი ნიუანსიც: ამ უნივერსიტეტებში გაბატონებულია მარგინალური ლიბერალური იდეოლოგია. შედეგად ბევრ უნივერსიტეტში მივიღეთ ლიბერალური რევოლუციონერების შტაბები, სადაც სწავლის პროცესი იყო ჩაშლილი და ლიბერალური აგენტურა სტუდენტებს პირდაპირ ამზადებდა რევოლუციისთვის. მოუწოდებდნენ სტუდენტებს, რომ გასულიყვნენ ქუჩაში და მოეწყოთ რევოლუცია. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ იმ სტუდენტების უმრავლესობა საერთოდ არ იყო დაინტერესებული სასწავლო პროცესით, რომელიც, ფაქტობრივად, ისედაც ჩაშლილია ყველგან. ცალკე პრობლემაა ეს, ეგრეთ წოდებული, მობილობა. რას უნდა ემსახურებოდეს განათლების სისტემა?! ადამიანს აქვს გარკვეული მიდრეკილება, ინტერესი, ნიჭი და ის ამის მიხედვით ირჩევს პროფესიას. შესაბამისად, იმ უნივერსიტეტს, რომელიც მისაღებია მისთვის. მობილობა საერთოდ ურევს ყველაფერს: ამ მობილობის მიხედვით, ვეტერინარი ხდება სცენოგრაფი. ადამიანებმა ძირითადი ცნებები არ იციან, არ იცნობენ სპეციალურ ლიტერატურას, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის პერიოდში შეუძლიათ, დააჭირონ თითი და ერთ საათში სტანდარტულ დისერტაციას ამოუგდებს ფასიანი „ჩათჯიპიტი“და აი, ასე ხდება სტატუსების მინიჭება და დისერტაციის დაცვები. აი, ასეთი „კვლევები“ ტარდება. ამასთან, ეს ხომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს?! ნებისმიერი დისერტაცია ნებისმიერ სფეროში უნდა იყოს გარკვეული პრაქტიკული საჭიროებებისთვის. ჰაერზე დისერტაციები არ უნდა იცვებოდეს, ეს უნდა იყოს კონკრეტული სამეცნიერო მიმართულების და მორგებული სახელმწიფო და საზოგადოებრივ საჭიროებებს. რაღაცას რომ იცავ, რისთვის იცავ, ვინ ხარ, საიდან, რა ხდება, რა საჭიროებაა, ვის აინტერესებს, პრაქტიკული გამოყენება თუ ექნება ამას, მაგრამ ასე არ დგას საკითხი. ამიტომ იქმნება საინფორმაციო ქაოსი.

– ჩემი პირადი დაკვირვებით, ხელოსნები, მათ შორის, მანქანის ხელოსნები, სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები არიან თვითნასწავლები და საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტებიც არიან. პროფესიული განათლება რატომ ვერ გახდა პოპულარული? მაშინ, როდესაც ამ ტიპის განათლებას მოაქვს შემოსავალი და არ არის დასაქმების პრობლემა. ეს რგოლიც მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მაღალტექნოლოგიური სპეციალისტებიც.

– ანუ საჭიროება არის.

– ბაზარი ითხოვს, მაგრამ არც ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებების სიმრავლეა და არც მსურველების.

– არის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, მაგრამ, სამწუხაროდ, მუშაობს სინდრომი: ჩემი შვილი დოხტური უნდა გამოვიდეს. რაღაცნაირად ჰგონიათ, რომ, თუ რომელიღაც უნივერსიტეტში დიპლომს აიღებს, ეს უფრო მაღალი სოციალური სტატუსია. მინდა ვთქვა, რომ ამაოდ ფანტავენ დროსა და ენერგიას. ისევე, როგორც მეთორმეტე კლასში. თუმცა ვხედავთ, რა ამბავი ატეხეს ამაზე დესტრუქციულმა ელემენტმა. ხომ ყველამ ვიცით, რომ იმ ერთ წელიწადს ახალგაზრდა ხარჯავს აბსოლუტურად უაზროდ. არავინ დადის სკოლაში. პროგრამისა და დროის განაწილება საერთოდ აცდენილია რეალობას და, თურმე, ევროპას ვცილდებით იმის გამო, რომ რაღაც რაციონალური შემოგვაქვს. ჯერ ერთი, ვხედავთ, რა დონეზე მიაღწია ევროპაში ბოლონიის პროცესით დეგენერაციამ. მაგალითად, ფრანგული განათლების სისტემით, რომელიც ალჟირში კოლონიურ პერიოდში იყო, გაზრდილი ბავშვები რომ ჩადიან საფრანგეთში, დიდი უპირატესობა აქვთ ფრანგებთან, რომლებმაც ამ პერიოდში მიიღეს განათლება. არაფერს ვლაპარაკობ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც საერთოდ არ შეხებია ეს პროცესი. ხომ ვხედავთ, რომ ყველა საერთაშორისო კონკურსს, ტექნიკურსა თუ ჰუმანიტარულს, იგებენ ჩინელები?! ჩვენ ხომ შემოგვრჩა „კომაროვი“, როგორც წარსული დიდების რელიქტი: მეცხრე-მეათე კლასში რომ დადიოდნენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ჩემი შვილიც, მათ შორის, ყველაზე კარგი შედეგები ჰქონდათ. ჩემი შვილი მიყვება ხოლმე, რა ხდება იქ და ჩინელები რა დონეზე არიან. რატომ არიან?! იმიტომ რომ მათ არ შეხებიათ ბოლონიის პროცესის, მობილობისა და ბაზარი რომ დაარეგულირებს ის მსახვრალი ხელი.

– შეიძლება, ამის გამოსწორება? და, საერთოდაც, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განათლება შეიძლება, დაუბრუნდეს იმ თავის სიმაღლესა თუ ნიშას, რაც ჰქონდა, თუნდაც 50 ან 40 წლის წინათ?

– მაღალი ტექნოლოგიები ისეთი რამაა, რაც ადამიანზე მაღლა არ უნდა წავიდეს. ანუ ადამიანს განათლება უნდა აძლევდეს იმის საშუალებას, რომ პოზიციონირება ჰქონდეს ტექნოლოგიებთან. ერთია ტექნოლოგიები და მეორე – ადამიანი. ადამიანია ყველა საგნის საზომი. ის უნდა ზომავდეს, მას უნდა ჰქონდეს ხედვა, რა არის ეს ტექნოლოგია და არა ის, რომ ამ ტექნოლოგიის მონა გახდეს. რაღაც ტრენდია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება, ჩაანაცვლოს ადამიანი. არადა ხელოვნური ინტელექტი არაფერია, თუ არა ადამიანის ერთ-ერთი უნარის კოპირება. ადამიანი არ არის მხოლოდ ინტელექტი, ადამიანი სულია და ადამიანი ზეინტელექტიც არის, თუ ეს უნარი მას განვითარებული აქვს და გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ტექნოლოგია, იმ შემთხვევაში, თუ თავისი უნარებისა და მოცემულობის რეალიზაციას ახდენს. ანუ, თუ ის ხორციელდება, როგორც ადამიანი, ამ სიტყვის მაღალი გაგებით. აქედან გამომდინარე, განათლების სისტემა სწორედ ამ იდეას უნდა ნერგავდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი ნებისმიერ ტექნოლოგიაზე მაღლა დგას. რაც შეეხება აღმოჩენებს: ადამიანი აღმოჩენებს უნდა აკეთებდეს თავის თავში. ადამიანი სწორედ მაშინ ვითარდება, თუ ის, დავუშვათ, ამ აღმოჩენებს გადის, რაც კაცობრიობამ გაიარა. აი, მაშინ ხდება ადამიანი საკუთრივ მთელი კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის საგანძურის მემკვიდრე და მფლობელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი