რატომ იქცა 2008 წლის „ნატოს“ ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება გეოპოლიტიკურ ბლეფად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 31.07, 2024 წელი

როდესაც საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებაზე დაიწყო საუბარი, პირველ ეტაპზე სწორედ თურქეთი ასრულებდა გზამკვლევის როლს საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე: ქართულ სამხედრო აეროდრომებს თურქი სამხედროები მართავდნენ, ისევე, როგორც ქართულ სამხედრო კონტინგენტს თურქი ოფიცრები ამზადებდნენ, მაგრამ 2008 წლის „ნატოს“ ბუქარესტის სამიტი აღმოჩნდა ის საბედისწერო მოვლენა, როდესაც აშკარა გახდა, რომ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება უფრო დაიმედება იყო, ვიდრე სინამდვილე, რასაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოზე თავდასხმა მოჰყვა, რის შემდეგაც, ყოველ შემთხვევაში, საქმის მცოდნე ადამიანისთვის გასაგები გახდა, რომ საქართველოსთვის „ნატოს“ წევრობის დაპირება უფრო ბლეფს ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს. რა შეიცვალა 2008 წლის შემდეგ, იმდენად, რომ რუსეთ-დასავლეთის სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოვჩნდით? – ამ თემაზე დემურ გიორხელიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– რუსეთმა იცოდა, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას არავინ მიიღებდა „ნატოში“, მაგრამ მაინც დაიწყო ომი, 2008-შიც და 2022-შიც, ომი, როდესაც გეოპოლიტიკურ ბლეფს ეწირებიან მესამე ქვეყნების მოქალაქეები. იმთავითვე ბლეფი იყო „ნატოს“ წევრობის დაპირება თუ როდის იქცა ასეთად?
– ბლეფი არასდროს ყოფილა, მაგრამ სულ ახლახან საიდუმლო მასალები გამოააშკარავეს ამერიკელებმა სრულიად მიზანმიმართულად და ნათლად ჩანს, რომ შესანიშნავად იცოდნენ, რუსეთი ძალიან მძიმედ რომ მიიღებდა „ნატოს“ გაფართოებას, ოღონდ დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსები იმდენად სუსტები იყვნენ, ამას წინ ვერ აღუდგებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაფართოება რუსეთისთვის წარმოადგენდა საფრთხეს და მართლაც წარმოადგენს. ასე რომ, ბლეფი არ იყო. 30 წლის წინ შეერთებული შტატები პირველად აღმოჩნდა მდგომარეობაში, როდესაც ის აბსოლუტურად დომინირებული სახელმწიფო იყო მსოფლიოში; კონკურენტიც კი არ ჰყავდა რომელიმე სფეროში, არათუ სამხედრო სფეროში. რუსეთი, ფაქტობრივად, განადგურებული სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჰყავდა მარიონეტული ხელისუფლება და ჰქონდათ კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფო. დასავლეთის მისწრაფება გასაგები იყო, ვინაიდან მათ სჭირდებოდათ გავლენის დამყარება რუსეთის კოლოსალურ სიმდიდრეებზე, ამიტომაც დაობდა თვით დასავლური ელიტებიც კი. მაგალითად, დანამდვილებითაა ცნობილი, რომ მამა ბუშის ჯგუფმა კენჭისყრის დროს გაიმარჯვა, მაშინ, როდესაც მეორე მხარეს იყო სხვა ჯგუფი – ნეოკონსერვატორები, რომლებიც მოითხოვდნენ რუსეთის 50 სახელმწიფოდ დაშლას. მამა ბუშსა და მის გარემოცვას კი მიაჩნდათ, რომ ეს საშიში იყო და დსთ სწორედ ამერიკული პროექტია. ეს გაერთიანება მათ მოიფიქრეს ბრიტანული იმპერიის დაშლის ანალოგიურად. ბრიტანეთის იმპერია ამერიკელებმა დაშალეს საბჭოთა კავშირის დახმარებით, იმიტომ რომ ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. ზუსტად მაშინ, გახსოვთ, რომ შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რაც ახლაც არსებობს, ანუ მდორედ მოხდა გადასვლა. საბჭოთა კავშირში ეს ვერ მოხდა. ასე რომ, „ნატოს“ გაფართოება იყო პირობის დარაღვევა და ეს ჩანს ამერიკელების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით. მათ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს, ვინაიდან, თუ „ნატოს“ წევრ ქვეყნებს შემოარტყამდნენ რუსეთს, ბუნებრივია, რუსეთის უსაფრთხოება განადგურდებოდა, რადგან შეუძლებელია, თავი დაიცვა 3-4 წუთის წვდომის მანძილზე.
– მაგრამ შემდეგ აშკარად რაღაც მოხდა.
– მოხდა სრულიად გასაკვირი რამ: გაწონასწორება-შეკავების მექანიზმების გარეშე დარჩენილი უძლიერესი ძალა შიგა პროცესების გამო, შიგა იდეოლოგიური გადახრის გამო, დასუსტდა. და იდეოლოგიური გადახრა მოხდა სწორედ ნეოკონსერვატორების მეშვეობით, რომლის ყველა დამფუძნებელი მამალი ტროცკისტი იყო. დღეს ამერიკაში ნეოტროცკიზმი მთლიანად განაგებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას, ეს არის ტროცკიზმი, ოღონდ სხვა ფრაზეოლოგიით. ამდენად, მოხდა ის, რაც მოხდა: იდეოლოგიური გადახრების შედეგად პროფესიული დასავლეთი დაადგა თვითმოტყუების გზას. ვინც გავიარეთ საბჭოთა კავშირი, ვიცით, როგორ ამახინჯებს იდეოლოგია პროფესიულ დონეს, როგორ აიძულებს პროფესიონალს, დაემორჩილოს გარკვეულ იდეოლოგიურ შტამპებს. ზუსტად ეს მოხდა დასავლეთში და დასავლეთმა ეს დაპირისპირება, უბრალოდ, წააგო.
– 2002 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის დაიდო სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომელიც არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, კაბალურია იმ ხელშეკრულებებთან შედარებით, რომლებიც რუსეთმა გააფორმა დე ფაქტო აფხაზეთთან, არადა აფხაზებს დავცინით. ანუ, თუ „ნატოში“ მიღება არა, რეალური იყო აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში ან, თუნდაც, უკრაინაში?
– ამერიკელები, რაკი იცოდნენ, რას აკეთებდნენ, მიდიოდნენ დევიზით, რომ რუსეთი სუსტია და წინააღმდეგობას ვერ გასწევს. ცხადია, მათი ყოველი ნაბიჯი გამიზნული იყო და ისინი აკვირდებოდნენ რუსეთის რეაქციას. საქართველოსთვის „ნატოს“ წევრობის შეთავაზება იყო ამ კონცეფციის შემადგენელი და არა ის, რომ ვინმეს ჰქონდა „ნატოში“ საქართველოს ან უკრაინის მიღების სურვილი.
– ამიტომ ვახსენე ბლეფი.
– ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ სამხედრო ბაზებს საქართველოში ვერ განათავსებდნენ, ისევე, როგორც ვერ განათავსებდნენ უკრაინაში, რადგან დიდმა მოთამაშეებმა იციან, რომ გლობალურ პოლიტიკაში ყველაფერს განსაზღვრავს დისპოზიცია. ანუ თუ თქვენ, ერთი მთავარი მოთამაშე აკეთებთ ისეთ რამეს, რაც მიუღებელია მეორისთვის, მეორე გააკეთებს იმას, რასაც ჩათვლის საჭიროდ და არავის შეუთანხმებს, მაგრამ მოხდა ის, რაც წარმოუდგენელი იყო დანგრეული რუსეთისგან, რაღაც ფორმით, შენიღბული უზარმაზარი მეხუთე კოლონის ფარგლებში გადარჩენა და რეანიმაცია იმ სამხედრო კომპლექსის, რომელიც დღეს გაცილებით წინაა წაწეული, ვიდრე შეერთებული შტატების სამხედრო კომპლექსი. არაფერს ვამბობ ევროპაზე, რომელსაც დაშლილი აქვს ეს ყველაფერი და ვერც ვერასდროს აღადგენს. აი, მოხდა ეს პარადოქსი, რომელსაც არავინ მოელოდა. რა თქმა უნდა, უკრაინაში პროცესების პროვოცირება იყო მთავარი მიზანი, რაკი სხვა გზით წარმატებით არ გამოვიდა. ვარაუდობდნენ, რომ უკრაინაში რუსეთი წაიფორთხილებდა როგორც სამხედრო მიმართულებით, ისე სანქციების გამო, რაც გამოიწვევდა რუსეთის შიგნით არეულობას და მაშინ, როდესაც აქამდე მივიდოდა საქმე, „ნატო“ შევიდოდა უკრაინაში, შემდეგ – რუსეთში და საბოლოოდ, გაანადგურებდნენ რუსეთს. ეს იყო გეგმა, აშკარად გაცხადებული, მაგრამ აქაც იდეოლოგიურმა შეცდომებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა სტრატეგიულ ცენტრს შეცდომა დააშვებინა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა შეგნებულად დაუშვეს, უბრალოდ, იდეოლოგია წარმოდგენებს ამახინჯებს და მე მოურიდებლად, დინების სრულიად საწინააღმდეგოდ, რაც ძალიან ძვირად მიჯდებოდა შინაგანად, თავს უფლებას ვაძლევ, ვთქვა, რომ შესანიშნავად ვიცი ამერიკის ისტორია. ჩემს გონებაში მათთან ერთად ნაცხოვრები მაქვს ყველა ეტაპი; გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მახსოვს ყველა დებატი და მე ასეთ ამერიკას არ ვიცნობდი. ჩვენ კარგად არ ვიცით, რა საოცრად კარგი ქვეყანაა ამერიკა თვითონ ამერიკელებისთვის და ჩვენთვის საოცნებოა ისეთი გარემოს შექმნა ქართულ სახელმწიფოში ქართველებისთვის, როგორიც ამერიკაშია ამერიკელებისთვის. ეს იყო ჩვენი მისწრაფება, თუმცა დავამახინჯეთ და იდეოლოგიაში გადავიტანეთ ყველაფერი. მე, მაგალითად, სიმწრით მეცინებოდა, ვხედავდი რა დასავლეთის მთავარი ქვეყნების უსუსურობას, რომლებიც 2008 წლის „ნატოს“ სამიტზე ვერაფრით შეთანხმდნენ ელემენტარულ რამეზე. პრინციპში, თუკი მიმღებები იყვნენ, მაშინ უნდა გადაეწყვიტათ საქართველოს მიღება „ნატოში“. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანებში უნდა მივეღეთ ევროკავშირში, სანამ ევროკავშირი რაღაცას ჰგავდა. ქართველების მისწრაფება ევროპისკენ იყო სავსებით ბუნებრივი, იმიტომ რომ ჩვენ 200 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ ერთ მხარეს და დავინახეთ, რომ სხვა მიმართულებით უკეთესი იყო ცხოვრება.
– ბუნებრივი არჩევანი იყო დასავლეთი.
– იდიოტები უნდა ვყოფილიყავით, დასავლეთი არ გვნდომებოდა, მაგრამ, ზერელობიდან გამომდინარე, აღარ ვიფიქრეთ, როგორ მიაღწია დასავლეთმა ამას და გვეგონა, დეკლარაციებითა და იდიოტური ორიენტაციებით გავიდოდით ფონს. ორიენტაცია ის არის, როდესაც საუკეთესოს აკეთებ შენს ქვეყანაში. ეს არის დასავლური ორიენტაცია და არა ის, რაც ჩვენ დაგვემართა. ამდენად, ბლეფი არ იყო, უბრალოდ, დასავლეთმა ვერ გაბედა, გადაედგა ბოლო ნაბიჯი და ბუქარესტის სამიტზე, ფაქტობრივად, აშკარად დასამარდა პერსპექტივა, რომ ისინი ამ წითელ ზონებს გადაკვეთდნენ. ახლა მივედით იქამდე, როდესაც დასავლეთს, უფრო სწორად, შეერთებულ შტატებს დარჩა ორი მნიშვნელოვანი რესურსი, რომლებსაც ის გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ: ეს არის „ნატო“ და ევროკავშირი. სიმართლე გოთხრათ, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას „ნატო“ და ევროკავშირი არ სჭირდება. ეს, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ტვირთია. ცხადია, მას ექნება გავლენა ევროპაზე, მაგრამ შეერთებული შტატები ვერ იტყვის უარს „ნატოზე“ აშკარა ტექსტით, მაგრამ „ნატო“ უპერსპექტივო წარმონაქმნია და ჩვენ მოვესწრებით მის გაქრობას, ისევე, როგორც ევროკავშირის, როგორც აბსოლუტურად უვარგისი წარმონაქმნის, რომელმაც საკუთარი კონსტიტუციის მიღებაც კი ვერ შეძლო.
– როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთ ჰეგემონად დარჩა, გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ სხვა ცენტრები აუცილებლად შეიქმნებოდა...
– ამერიკელებს ეგონათ, რომ თუ ანგლოსაქსურ მსოფლიო სისტემაში, რომელიც მთლიანად მათი აგებულია, შემოიყვანდნენ ყველა ქვეყანას, კონტროლს დააწესებდნენ მათზე, მაგრამ მათ გაეპარათ ერთი ფუნდამენტური რამ: თვითონ გადავიდნენ ნეოლიბერალურ, ანუ შენიღბულ ტროცკისტულ იდეოლოგიაზე, სხვა ქვეყნებმა კი, განათლებისა და მეცნიერების განვითარების გზით მიაღწიეს წარმატებებს და როგორც კი შეერთებულმა შტატებმა დაინახა, რომ ეს დასავლური სისტემა სხვას უფრო ძლიერად ავითარებდა, ვიდრე თავად ვითარდებოდნენ, შეცვალა თამაშის წესები.
– ვერ დავასრულე კითხვა. როდესაც ამბობთ, რომ გაქრებიან „ნატო“ და ევროკავშირი, ეს ხომ ნიშნავს, რომ „ნატოსა“ და ევროკავშირის ბაზაზე ახალი ტიპის ცენტრები შეიქმნება?
– თავისთავად ცხადია, რომ ევროკავშირის ბაზაზე ვერაფერი შეიქმნება, ცენტრები სხვა მიმართულებებით შეიქმნება. შეერთებულ შტატები დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ ცენტრად, ასეთი იქნება რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, არაბული სამყარო, აფრიკაში ერთი-ორი ძლიერი ქვეყანა... საუბარია იმაზე, რომ გათანასწორდება გავლენები და ურთიერთობები და ურთიერთპასუხისმგებლობის საფუძველზე ისინი თანამშრომლობის გზით მართლაც უკეთეს სისტემას ჩამოაყალიბებენ. ამას ვერაფერი შეაჩერებს. დასავლური სისტემა 200 წლის თავზე, სასიცოცხლო ციკლის ამოწურვის გამო, უბრალოდ ქრება და არა იმიტომ, რომ ვინმე მოერია მათ. მათ შიგნიდან გამოალპეს თავიანთი მართლაც ყველაზე წარმატებული ცივილიზაცია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან