პოლიტიკა

რატომ იყო მეოცე საუკუნე ქალების მასქულინიზაციის ხანა და რის გამო არჩიეს ქართველმა ქალებმაც გამამაკაცურობა

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 24.06

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ფაქტია, რომ ბილწსიტყვაობა და უხამსობა ერთგვარად დამკვიდრდა ჩვენი საზოგადოების ურთიერთობის ნორმად. ადამიანები არც ერთმანეთის შეურაცხყოფას ერიდებიან და არც საჯარო სივრცეში უშვერი სიტყვებით ერთმანეთის გინებას და, სხვათა შორის, არც უხამსად აზრის გამოთქმასაც. ამ პრობლემის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე თავის აზრს რამაზ საყვარელიძე გაგვიზიარებს.

– ადამიანს მიდრეკილება აქვს ბილწი სიტყვებისადმი, თუ რატომ აღმოჩნდა, რომ ჩვენთან, დიდიან-პატარიანად, განურჩევლად სქესისა, ყველა იგინება? ცნობილია, რომ პატარა ბავშვები უხამსი სიტყვების წარმოთქმისას ერთგვარ სიამოვნებას განიცდიან და იმიტომაც ამბობენ. ამიტომ ვახსენებ მიდრეკილებას.

– დიახ, არსებობს ეს მოვლენა და პათოლოგიადაცაა მიჩნეული მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ბილწსიტყვაობის ტენდენცია აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანს ახასიათებს აგრესია და ვარაუდობენ, რომ ადამიანის ბუნებაში ზის აგრესიულობა, ხოლო აგრესიულობას აქვს თავისი როგორც ფიზიკური გამოვლინება, მუშტი-კრივი, ასევე, სიტყვიერი. ამდენად, თქვენს კითხვაზე, ალბათ, უპრიანია დადებითი პასუხის გაცემა: ადამიანის ბუნებაში არის ისეთი რამ, რომელიც, თუ კულტურამ არ შეზღუდა, მაშინ მივიღებთ ძალიან უხეშ ადამიანს, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.

– ესე იგი, ადამიანი, თავისი ბუნებით, უზრდელია და კულტურა აყალიბებს მას ადამიანად.

– რა თქმა უნდა, ზრდილობა და აღზრდა-გაზრდა ქართულ ენაში ერთ ძირზეა დამყნობილი და, ბუნებრივია, ეს კულტურის საქმეა. თუკი მომრავლდა ასეთი შემთხვევები, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულმა დამოკიდებულებამ ბილწსიტყვაობისადმი იკლო.

– დიახ, ვფიქრობ, მიჩნეულია, რაც უფრო ბევრ უწმაწურობას იტყვი, უფრო მაგარი ხარ და უფრო მართალიც.

– როდესაც საკუთარი თავი სხვანაირად წარმოგიდგენია ქცევის ან მეტყველების გამო, არის მაჩოს ფენომენში. კაცი მაჩო უხეშია, დაუდევარია, ძალისმიერია, მაგრამ ქალებს ხიბლავთ ასეთი მაჩო კაცები.

– პირადად მე მიუღებლობა მაქვს ასეთი ტიპების.

– ესეც ბუნებრივია და ასეთ ტიპებს არც ექნებათ თქვენთან ურთიერთობა. როდესაც შეატყობენ, რომ მიუღებლები არიან თქვენთვის, გაგერიდებიან. როგორც თქვენი დამოკიდებულება მოქმედებს იმ ადამიანებზე და ისინი არიდებენ თავს თქვენთან კონტაქტს, თუ საზოგადოებას ექნება მსგავსი დამოკიდებულება, ასეთი ადამიანები ეცდებიან, რომ ბილწსიტყვაობა არ იყოს დამახასიათებელი მათთვის. ჩვენ ხომ ერთმანეთთან ურთიერთობაში არ გვაინტერესებს, გულში ვინ რას ფიქრობს ჩვენზე. შეიძლება, მოკვლა უნდა ჩვენი, მაგრამ მთავარია, არ მოგვკლას და არა ის, რას ფიქრობს. ასეა აგებული ადამიანთა ცხოვრება, მთავარია, ადამიანები ისეთები იყვნენ, რომ ზიანი არ მოუტანონ სხვა ადამიანებს. რა თქმა უნდა, სიღრმეებში რომ შეხვალ, მათ შორის, რელიგიურ სიღრმეებში, ფიქრში ჩადენილი ცოდვა იგივეა, რაც ქცევით ჩადენილი. რელიგიამ შეიძლება, მიზნად დაისახოს ფიქრის კონტროლი, მაგრამ ცხოვრების პრაქტიკა ვერ გამოეკიდება ფიქრის კონტროლს, მან, თუ მოახერხა ადამიანთა ქცევის კონტროლი იმდენად მაინც, რომ მათ ერთმანეთი არ დახოცონ, ეს უკვე დიდი მიღწევაა საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის.

– არ მინდა, მკითხველმა იფიქროს, რომ მე ანგელოზი ვარ და ბილწი სიტყვა არც მითქვამს და არც კი გამიფიქრებია, ოღონდ ეს არ გაუგონია არასდროს უფროსებს, რაღაც ასაკის შემდეგ კი ეს, უბრალოდ, დასრულდა. რატომ გახანგრძლივდა ბილწსიტყვაობის ასაკი? ინფანტილობაა ამის მიზეზი?

– დასწრებაზეა ყველაფერიო და, დიახ, მეც ინფანტილობას დავასახელებდი მიზეზად და დავაკონკრეტოთ, რა ტიპის ინფანტილობაა. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აგინებს, ეს შედეგამდე ხომ არ მიდის?! ესე იგი, ეს გულის ფხანაა, ის გულის ფხანა, ილია რომ ამბობდა.

– ქეციანობის ნიშანი.

– დიახ, ნუ დაიტილიანებ გულს და ფხანა აღარ დაგჭირდებაო. დატილიანებული გულის გამოვლენაა ბილწსიტყვაობა, მაპატიოს ყველამ, ვინც შეიძლება, თავის თავზე მიიღოს ეს შეფასება, მაგრამ ბილწსიტყვაობა იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანს თავის თავზე აქვს დაბალი წარმოდგენა და გინებით, თავისი აზრით, თავის თავზე წარმოდგენას ამაღლებს, ოღონდ, სინამდვილეში, გინებით ხომ არაფერი მაღლდება?! რეალური სამყაროს გარდა არსებობს ლაპარაკის სამყარო და ეს ლაპარაკის სამყარო გვიტაცებს ქართველებს, გინების გარეშეც. ილია იმიტომაც გამახსენდა, რომ ჩიოდა, ქართველებს საქმეს სიტყვა ურჩევნიათო, მაგრამ ეს მარტო გულის დატილიანების საკითხიც არ არის, ზნეობის დაკარგვის ხარჯზე ძლიერდება ახლა გინების კულტი. თუ ქუჩაში არ იგინება, სადაც მოპასუხე დაუდგება წინ, შერჩება ეს გინება და „ვაჟკაცობა“. ასე რომ, მხდალი ადამიანის სტრატეგიაა გინება.

- კომპლექსიანისა და არასრულფასოვნის.

– დიახ, თქვენ შეიძლება, მკითხოთ, კი მაგრამ, რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი კომპლექსი დღევანდელ ქართველს?

ვფიქრობ, ბოლო პერიოდში იმდენ ომში დამარცხდა ქართველი, რომ თვითშეფასების დამცრობა ბუნებრივია.

– მართალი ხართ, ჩვენი ისტორია კვებავს არასრულფასოვნებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მის მეხსიერებას ისტორია არ განსაზღვრავს. დღევანდელობა განსაზღვრავს, თუ რა ამოტივტივდება მისი მეხსიერებიდან. შევხედოთ დღევანდელ ქართველებს: ეს ხომ ის ქართველები არიან, რომლებიც სულ იმას ჩივიან, რომ უცხოეთში კარგია?! რადგან ამას ჩივიან, რომ უცხოეთშია ცხოვრება, თორემ აქ საშინელებაა, ასეთი ადამიანები ხომ არასრულფასოვნები იქნებიან, სანამ აქ არიან?! დააკვირდით, „ფეისბუქში“ ძალიან ხშირად უცხოეთიდან ერთვებიან ადამიანები და ერთმანეთზე უარეს რამეებს ამბობენ.

– ისინიც საკმაოდ გაბოროტებულები არიან.

– დიახ, ამდენად, იქ ყოფნაც არ არის მათთვის გამოსავალი, იმიტომ რომ იქაც მიგრანტია და შეიძლება, კარგად ცხოვრობს ფიზიკურად, მაგრამ აქვს განცდა, რომ არავინაა. საქართველოში ტყეში წავა, წამოწვება და უკვე სიმყარეს გრძნობს იმ მიწიდან, იქ კი სხვანაირი განცდები ეუფლება, ალბათ. მე ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დღვანდელობამ შემოიტანა ეს არასრულფასოვნების კომპლექსი და მიშას დაწყებულია ეს ამბავი. მიშა ამტკიცებდა, რომ ყველაფერი საუკეთესო დასავლეთშია და აქ რაც არის, თითქმის არაფერი ვარგა. შეიძლება, მიშას, როგორც პერსონას, თაყვანს არ სცემდეს ადამიანი და მიაჩნდეს, რომ მისი მიმდევარი არ არის, მაგრამ აზროვნებს მიშა სააკაშვილის გუნდის შაბლონებით.

– ადამიანი შენს თავზე ამბობ უარს, როდესაც უცხოს ანიჭებ უპირატესობას და ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ შენს ცხოვრებაშიც ვერაფერს მიაღწევ. რუსთაველი ამბობს, „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა“ და აგრესია და ბილწსიტყვაობა, ვფიქრობ, პირდაპირ მიანიშნებს, რამდენად უბედურია ადამიანი.

– მოდი, შევთანხმდეთ, რომ ესენი უბედური ადამიანები არიან, თუმცა თავი მოაქვთ, როგორც ყავარზე კუდგადებულებს. თან, გინდ აქ იყვნენ და გინდ – იქ. მათი შეცოდება უპრიანია, მაგრამ შეცოდება არ არის გამოსავალი და ერთ-ერთი გამოსავალი მგონია, თუ ადამიანი დაფიქრდება იმაზე, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენ მოვხაზეთ სქემა, რატომ შეიძლება, იყოს ადამიანი ბილწსიტყვა; ესე იგი, ის რაღაცით უკმაყოფილოა. ამაზე თუ დაფიქრდება და შესაბამისად თუ აეწყობა მისი ფიქრი, შეიძლება, შეიცვალოს. თქვენ რატომ არ გინდათ ბილწსიტყვაობა?! საკუთარი თავი შეგეზიზღებათ, ხომ?!

– დიახ, ამაზრზენი ვიქნები.

– ანალოგიურად, ამ ბილწსიტყვაობის მოყვარულს თუ დააფიქრებ, რას ნიშნავს მისი ბილწისტყვაობა საკუთარ თავთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, თვითონ შეეზიზღება თავისი ბილწსიტყვაობა.

– საზოგადოებას როგორ შეუძლია, მოიქცეს, რომ ბილწსიტყვაობა შემცირდეს? მაგალითად, მე ყველას ვეუბნები, რომ ჩემთან არავინ იბილწისტყვაოს, არც სოციალურ ქსელებში ჩემს გვერდზე უხამსი არაფერი დაწეროს და, მართლაც, არავინ ბილსწიტყვაობს, თუ ვინმე თავს ვერ აკონტროლებს, მას ვბლოკავ.

– ყველამ რომ იგივე გააკეთოს, უკეთესი სურათი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც რაღაცას უკრძალავენ, ადამიანი ხანდახან ამაყობს კიდეც, რომ ისეთ რამეს აკეთებს, რასაც უკრძალავენ. ეს პატარა ბავშვისთვისაა დამახასიათებელი, თუ არ ეფერებიან, ურჩევნია, ცუდად მოიქცეს, რომ ყველა შეაწუხოს და ყურადღება მიაქციონ. გარდა იმისა, რომ წაშლით, მან უნდა იცოდეს, რომ თქვენს თვალში ის არარაობაა.

– გავიგე, მამაკაცს მაჩოობა უნდა, ქალები რატომ იგინებიან? კაცობა უნდათ, მაჩოობენ?

– რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, მცირე ქვეყანაში ქალების მასქულანიზაცია ხდება. ხანდახან – დიდშიც, ფრანგებს ჟანა დარკი ჰყავდათ და ჩვენც ბევრი მეომარი ქალი გვყავდა. მეორეც – მეოცე საუკუნე ქალების მასქულანიზაციის საუკუნეა. კინოებს შეხედეთ, ძალიან ხშირადაა კაცური ქალი უფრო მომხიბვლელი. ამაში დევს თავისებური მექანიზმები: მიმზიდველია კაცური ქალი კაცისთვისაც.

– რატომ? ჰომომიდრეკილება აქვთ?

– არა, მამაკაცების უმეტესობას ძლიერი ქალი იზიდავს, იმიტომ რომ თავად არაა ძლიერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა