პოლიტიკა

რატომ იყო ბუნებრივი დაპირისპირების გადანაცვლება ყარაბაღიდან შავ ზღვაზე და რატომ უნდა გადაეჩვიონ ქართველები „თურქიყვარიობას“

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 05.05, 2021 წელი

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

ყარაბაღის მორიგი ომის დამთავრებისთანავე აშკარა იყო, რომ დაპირისპირება გასცდებოდა ხმელეთს და შავ ზღვაზე გადაინაცვლებდა. როგორია ძალთა ბალანსი ზღვაზე, სადაც ჩვენი საზღვარიც გადის (თუმცა ჩვენ მხოლოდ სასაზღვრო კატარღები გვყავს), შეძლებს თუ არა თურქეთი ახალი სრუტის გათხრას, საიდანაც სამხედრო გემებს „მონტრეს ხელშეკრულების“ გვერდის ავლით შემოუშვებს, შეინარჩუნებს თუ არა შავი ზღვა რუსეთ-თურქეთის შიდა ტბის სტატუსს, თუ ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორი მაინც მოახერხებს თავისი გავლენის გაზრდას, რაც საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაცაა? – ამ თემაზე თავის აზრს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გაგვიზიარებს.

– რა მოქმედებებია მოსალოდნელი შავ ზღვაზე და რომც გათხაროს თურქეთმა მეორე სრუტე, მონტრეს ხელშეკრულებისთვის აქვს მნიშვნელობა, რომელი არხიდან შევლენ არა შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო გემები?

– უპირველესად, უნდა ითქვას ის, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინაში შავი ზღვა ბოლო რამდენიმე წელია, ძალზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და იგი მოხერხებულია რამდენიმე მიმართულებით კონტროლის დასამყარებლად და საომარი მოქმედებების საწარმოებლად. მაგრამ, მეორე მხრივ, შავი ზღვა, გავლენების თვალსაზრისით, შეზღუდულია: აქ დომინირებს რუსეთი და თურქეთი და ეს არ მოიშლება.

ამდენად, თუ რამე დიდი კატასტოფა არ მოხდა, შავი ზღვა მშვიდი ზღვაა და შავი ზღვის სახელმწიფოებს არანაირი პრობლემები არ შექმნიათ ზღვიდან და არც ახლა დაემუქრება, თუ ეს ბალანსი არ დაირღვევა. ამიტომ მე აქ ვერ ვხედავ საფრთხეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერდოღანი ვერაფერს გათხრის და ვერანაირ დისბალანსს ვერ გააჩენს, რადგან ეს მისი ინტერესი არ არის, მონტრეს ხელშეკრულება კი მას ავალდებულებს, რომ, როგორც კი განაცხადი კეთდება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებიდან შავ ზღვაზე სამხედრო გემების შემოსვლის, მან აუცილებლად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში რუსეთი, რუსეთს კი, 2014 წლის შემდეგ, რაც ყირიმი ნახევარკუნძული დაიკავეს, ფაქტობრივად, სრული კონტროლი აქვთ დამყარებული ბოსფორსა და დარდანელზე და აქ რამე გაუგებრობის წარმოქმნა, ფაქტობრივად, გამორიცხულია, ვინაიდან ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და რამე რომ მოხდეს, ბოსფორიდან და დარდანელიდან ბევრი არაფერი დარჩება.

ასე რომ, რეალურად რა მოხდა 2014 წელს უკრაინაში, რატომ დაიკავა რუსეთმა ყირიმი და დღევანდელმა ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტი იყო, პირველმა თქვა აშკარად, ჩვენი მიზანი იყო სევასტოპოლის დაკავება, იქ სამხედრო ბაზის გაკეთება და რუსების ჩაწევა ნოვოროსიისკენო. გასაგებია, ყირიმი იმდენად სტრატეგიული მნიშვნელობის სივრცეა, რომ ამ დაპირისპირებამ განაპირობა ის, რაც მოხდა 2014-ში.

ამდენად, ჩვენც არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიებით. ეს არ არის ვიღაცის წინააღმდეგ მოქმედებები. რაც მოხდა 2008 წელს – ისიც იყო შეერთებული შტატებისა და რუსეთის დაპირისპირების შედეგი და ვიცით, რა მძიმე ტრაგედიით დასრულდა. მოკლედ რომ ვთქვა, შავი ზღვა იქნება საჭიდაო ადგილი 2-3, თუნდაც, 10 გემის შემოსასვლელად.

რაც შეეხება იმ 2 გემს, რომლებიც ბოლოს გააბრუნეს, საინტერესო რაღაც მოხდა. ორი განცხადება გაკეთდა რუსეთში, რის მსგავსიც არასდროს გაკეთებულა, ისევე, როგორც არასდროს გაკეთებულა შეერთებული შტატების მხრიდან ისეთი შეფასებები რუსეთისადმი, როგორიც ამერიკის დღევანდელმა პრეზიდენტმა დაუშვა. ეს არ არის პუტინის შეფასება, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს იყო რუსეთისთვის ძალის ჩვენებისა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა. მე არ ვლაპარაკობ, სწორი იყო თუ არა ეს გამონათქვამი, იმიტომ რომ პუტინი დღეს არის, ხვალ არ იქნება, რუსეთი კი დარჩება და, ბუნებრივია, ეს იყო ზეწოლა სახელმწიფოზე და არა პუტინის შეურაცხყოფა. რუსებმა ეს გაიგეს, როგორც თავად გაიგეს და რუსეთის „დუმის“ ხელმძღვანელმა ამ დაპირისპირების ფონზე პირდაპირ თქვა, რომ ვიღაცას მოუწევს ჩაჩოჩება.

როდესაც შემოვიდა ინფორმაცია, რომ ორი გემი უნდა შემოსულიყო შავ ზღვაში, მიუხედავად იმისა, რომ გინდ ყოფილა ორი გემი და გინდ – არა (ამ გემების მიზანი იყო ყირიმთან პატრულირება, რომ დაეცვათ უკრაინა), რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე, პირველად, დაუფარავად თქვა, რომ ეს გემები სჯობს, იყვნენ შორს ამ ადგილიდან, რუსებმა იხმარეს სიტყვა: „პოდალშე“, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ გემებს, უბრალოდ, გაანადგურებდნენ. გასაგებია, რომ ოფიციალური პირები არც ჰაერზე და არც დამოუკიდებლად აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ვინაიდან ეს კარგად შეთანხმებულია. ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება, ამერიკის პრეზიდენტს თავად არ უთქვამს, რომ პუტინი მკვლელია. ვინც ეს დაგეგმა, ჟურნალისტს ეს სიტყვები ჩაუდეს კითხვაში და ამერიკის პრეზიდენტი, უბრალოდ, დაეთანხმა. ასეთი მასშტაბის ურთიერთობებში შემთხვევითი არც ერთი სიტყვა არ არის. არის ტექსტები და ქვეტექსტები.

მოკლედ, დაპირისპირებამდე რომ მივიდეს საქმე და იმავე იმ ორი გემის გამო, რომელიც არანაირ გადამწყვეტ როლს არ ასრულებს და არც უკრაინის დაცვა შეუძლია და არც საქართველოსი, რამე ინციდენტი რომ მოხდეს, ეს ან უნდა ჩაყლაპოს ქვეყანამ, ან უნდა დაიწყოს დიდი ომი, გასაგებია, რომ დიდ ომზე არც ერთი მხარე არაა წამსვლელი, იმიტომ რომ ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, ჩაყლაპვა კი სრული პოლიტიკური მარცხია, ამიტომ მოიგონეს სხვა ვერსია და საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაახვევინეს იმ სამხედრო გემებს.

ასე რომ, ზედმეტია ეს ხმაური, ბალანსი შავ ზღვაზე ვერ შეიცვლება, მით უფრო, რომ ამ მოვლენამდე რუსებმა 15 გემი გამოიყვანეს შავ ზღვაზე და, ფაქტობრივად, ეს იყო ზეწოლა. რას ნიშნავს ეს ზეწოლა? ერთი მხრივ, მოისინჯა მოწინააღმდეგის სუსტი ადგილები და, მეორე მხრივ, სადამდე შეიძლება ზეწოლა და როდის შეიძლება, ელოდო არასასურველ საპასუხო ნაბიჯს. სწორედ, ამ მასშტაბის დაპირსპირება იყო შავ ზღვაზე ახლა, ზღვრამდე მივიდა და ახლა დაიწყო განმუხტვა, რითაც არაფერი იცვლება. ზეწოლა გაგრძელდება და ჩვენ კიდევ გვექნება დაძაბული მომენტები, თუმცა ამ წუთს სხვა ტაქტიკაა. გასაგებია ისიც, რომ, ამ ტაქტიკის შესაბამისად, ერთი მხრივ, მიაწვე რუსეთს და, მეორე მხრივ, აიძულო, კლიმატის სამიტზე მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ უკვე პირად შეხვედრაზეცაა საუბარი, რაც იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ზეწოლისა და დაყვავების მექანიზმი იმუშავებს მუდმივად. რუსებიც შესაბამისად იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი რესურსი, ამერიკელებთან შედარებით, მცირეა, შეიარაღების მხრივ, შეერთებულ შტატებთან სუსტად არ გამოიყურებიან. ამიტომ ეს ვითარება საშიშია.

– ერდოღანი ნიჭიერი კაცი მგონია, თუმცა მე არ ვიცი, რა ხეირს მოუტანს გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ქმედებები თურქეთს, მაგრამ, რაც დაგეგმა, შეასრულა, დაწყებული ამბოხის ჩახშობიდან და ბევრი მოულოდნელი რამ შემოგვთავაზა. თურქეთსაც ხომ აქვს გარკვეული ამბიციები და შესაძლებლობები და მისი საზღვაო ძალები არც ისე სუსტია, მას რა როლი აქვს შავ ზღვაზე, მასაც ხომ აქვს მონიშნული თავისი გავლენის სივრცე შავ ზღვაზე, სადაც რუსული გავლენა ვერ ვრცელდება ისე, როგორც რუსეთს უნდა, რომ გავრცელდეს? ანუ თურქეთს მოქმედების რა თავისუფლება აქვს ამ მოცემულობაში?

– მოდი, ამასაც არაქართული თვალით შევხედოთ, ანუ ქართული თვალი ყოველთვის სიმპათიითაა განწყობილი, ჩემს თვალში კი არანაირი სიმპათია-ანტიპათია არ არის. საქმე ის არის, რომ ჩვენ, ქართველები, არ ვასხვავებთ რანგებს. ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი არიან სამი უმთავრესი მოთამაშე გლობალური პოლიტიკის. თურქეთი არ წარმოადგენს გლობალურ მოთამაშეს და არანაირი საამისო პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ თურქეთი გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც თურქული სახელმწიფოს წინაშეა და ამიტომ ცდილობს, ითამაშოს საკუთარი ინტერესების ფარგლებში. აჩვენოს, რომ მნიშვნელოვანია, საჭიროა, თუმცა თურქეთი ვერასდროს ასცდება ორი ძალის ქვეშ ყოფნას. ის ვერ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ვერც მოწინააღმდეგე და ვერც მტერი, მეორე მხრივ, თუმცა რუსეთთან საუკუნეების განმავლობაში რთული ურთიერთობა აქვს, დღევანდელ სიტუაციაში თურქეთი მხოლოდ პროვოკაციებს ცდილობს, მაგრამ ვერ იქნება რუსეთის მტერი. ამის საუკეთესო მაგალითია, რასაც ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება, როდესაც, სუფთა დიპლომატიური თვალსაზრისით, ერდოღანმა სერიოზული შეცდომა დაუშვა კიევში, სცადა რა უკრაინის წაქეზება. მისი „დრონები“ და იარაღი სასაცილოა იმ ფონზე, რა შეიარაღებაც არსებობს რეალურად. ეს მხოლოდ თურქული ბაქიბუქი იყო, თითქოს რამე შეეძლოთ და ამას მაშინვე მოჰყვა ლავროვის განცხადება, პირდაპირ მიანიშნა ერდოღანსა და თურქეთს, რომ ცუდად დასრულდებოდა პროვოცირება მილიტარიზმისკენ, არადა უკრაინას სუფთა პროვოკაციისთვის იყენებდნენ. თქვენ ნახეთ, თუ რა მოხდა. როგორც კი სიტუაცია ოდნავ შეიცვალა, ეგრევე შეიცვალა უკრაინის პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის ლოგიკაც და ამ უკანასკნელმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთს ვერ მივანიჭებთ ისეთ სიამოვნებას, რომ შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზეო. უკრაინა არ არის ის ძალა, რომ რუსეთის დაპირისპირებას გაუძლოს, არც თურქეთია ასეთი ძალა. არ ვფიქრობ, რომ ერდოღანი სტრატეგია, ის ბევრ შეცდომას უშვებს, თუმცა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს და თუ რამე მომწონს მისი, ის არის, რომ ის არავის თამაშს თამაშობს, გარდა საკუთარი ქვეყნისა.

– თურქეთს არაფრის შეცვლა არ შეუძლია?

– თურქეთი მნიშვნელოვანი რეგიონული ძალაა, მას იგნორირებას არ უკეთებენ, მაგრამ ეს ორი ძალა თურქეთს ყოველთვის გამოიყენებს, როგორც ბერკეტს, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დამოუკიდებელი თამაშის უნარი თურქეთს არ აქვს, მისი საპიწონე აღმოსავლეთში არის ორი ძლიერი სახელმწიფო: საუდის არაბეთი და ირანი. ამდენად, თურქეთის მცდელობა, რომ რეგიონში გახდეს დამოუკიდებელი და წამყვანი ქვეყანა, პრობლემურია, იმიტომ რომ საუდის არაბეთსაც თავისი ამბიცია აქვს და ირანიც ყოველდღიურად ძლიერდება. არის კიდევ ერთი მომენტი: შორს არ არის ის დრო, როდესაც ირანს ექნება ატომური იარაღი და როგორც ვიცი, თურქეთი ცდილობს, შექმნას ატომური იარაღი. გასაგებია, მას არავინ მიაწვდის გამდიდრებულ ურანსა და პლუტონიუმს, მაგრამ ის ეცდება თავისი არხებით ამ იარაღის შექმნას, რამდენიმე პლასტია თურქეთის მოქმედებაში, მისი განდიდება საჭირო არ არის, პირიქით, დისტანცირება გვმართებს ამ ქვეყნიდან. „თურქიყვარიობას“ უნდა გადავეჩვიოთ. ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში გავზარდეთ გონებაგანგრენული ხალხი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი