პოლიტიკა

რატომ იქნება ზანგეზურის დერეფნის გახსნის მსურველებისთვის მნიშვნელოვანი საქართველოში არეულობის კერის შექმნა

№26

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 09.07

ბესიკ ბოგველი
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც ვერავინ გაარკვია, რა მოხდა ირანსა და ისრაელს შორის, იმიტომ რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი დაფარულია და მედიაც, როგორც ჩანს, ისე საფუძვლიანად კონტროლდება, რომ ვერც ვერაფერს გადაამოწმებ და ვერც გაიგებ, სომხეთის პრეზიდენტი თურქეთში ჩადის და ერდოღანს ხვდება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი ქვეყანა ჩვენი მეზობელია და ირიბად ომობდნენ კიდეც არც თუ დიდი ხნის წინ და, რაც მთავარია, ზანგეზურის დერეფნის თემაც ისევ აქტუალურია, ვფიქრობ, ეს შეხვედრა საქართველოსთვის საინტერესოა. რატომ გაუწია გულებმა ერთმანეთისკენ თურქეთსა და სომხეთს? – ამ თემას ანალიტიკოსთან და ფსიქოლოგთან, ბესიკ ბოგველთან ერთად განვიხილავთ.

– ფაშინიანი და ერდოღანი ამ არეულ მსოფლიოში როგორ დაძმობილდნენ, რა მოტივებით?

– ერდოღანი, როგორც ხედავთ, თამაშობს. საერთოდ, თურქეთი ორმაგი მოთამაშეა. ისინი აზიიდან არიან მოსულები და ცბიერობით მოქმედებენ, სხვებსაც ასარგებლებენ და თვითონაც იღებენ სარგებელს. მაგალითად, რატომ დაეცა კონსტანტინოპოლი? ბერძნებს არ უნდოდათ პაპის გავლენა, ითამაშეს რაღაც წრეებმა და შემდეგ სულ მცირე ჯგუფმა აართვა კონსტანტინოპოლი. ხალხი აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს, სინამდვილეში კი ყურადღებამისაქცევია ქმედებები. თურქეთი კი თამაშობს: ხან იქით, ხან – აქეთ და ამასობაში თავის ინტერესებსაც ატარებს.

– ფაშინიანს რა ინტერესი აქვს თურქეთთან დაძმობილების და რა შესაძლებლობა?

– თურქეთის ინტერესია, შეაერთოს თურქული ხაზი. თუ აზერბაიჯანი-სომხეთის ეს ხაზი შეერთდა, გადის თურქმენეთზე, ავღანეთსა და პაკისტანზე. ამხელა სახმელეთო ხაზი რომ გაქვს, სულ სხვა მდგომარეობაა, რასაც გინდა და ვისაც გინდა, გაატარებ. ორგანულად ხდება გაცვლა, ხალხის მიგრაცია და ერთიანი მენტალობის სივრცე იქმნება. ეს გზა გაიჭედა, იმიტომ რომ სომხეთი აჩერებდა ზანგეზურის დერეფანს, იმიტომ რომ ზანგეზურის ამოქმედება არ არის ხელსაყრელი ირანისთვის.

– და, რაკი ახლა ირანს სხვა პრობლემები აქვს, დრო იხელთა თურქეთმა?

– დიახ, ამ ხაზის გაჭრის შემთხვევაში ირანი იკეტება. ირანს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა ეკონომიკური იზოლაციიდან – კავკასიისკენ. ეს იყო მისი სასიცოცხლო გასასვლელი და ისიც თურქეთს მისცეს. ანუ ერდოღანმა სწორად გათვალა: მისცემენ ზანგეზურის დერეფანს. სირია რატომ მისცეს?! ხომ ამბობს ერდოღანი, ამერიკელებო, ცუდები ხართ, სირიას ბომბავთო, მაგრამ ვინ აიღო სირიის ნაწილი?!

– თურქეთმა.

– დიახ, ებრაელებს შეუთანხმდნენ. ებრაელებმა, ქურთებმა, თურქებმა და ამერიკელების ნაწილმა აიღეს სირია. ანუ შეთამაშდნენ სარგებლის მისაღებად. თუ გადავხედავთ თურქეთის ისტორიას, ვნახავთ, რომ ისინი ყოველთვის ნახულობენ სარგებელს. შესაბამისად, სწორი გათვლაა: ადრე ხომ აგრესიულ განცხადებებს აკეთებდა ერდოღანი, რომ ისრაელს დასჯიდა?! მაგრამ განცხადებას სხვა დატვირთვა აქვს: ამბობს მასებისთვის, ამიტომ ოფიციალური განცხადებაა მთავარი და დოკუმენტში რა დაწერა? რომ თქვენ ქმნით გლობალურ საშიშროებასო. არც ჩინეთსა და რუსეთს გაუკეთებიათ მწვავე განცხადებები ისრაელის ირანზე თავდასხმის გამო. ამასთან, აზერბაიჯანს არ დაუსრულებია თავისი ტერიტორიული დავები სომხეთთან.

– ფაშინიანი რას სთავაზობს ერდოღანს და თავად რას მიიღებს?

– ფაშინიანმაც სწორად გათვალა, შეიძლება, ისევ დაესხას თავს აზერბაიჯანი; თან, შიგნით არეულობა აქვს, სასულიერო პირებს ეომება.

– ძალიან დაუპირისპირდა სომხურ ეკლესიას.

– და ახლა სომხეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ სულ მცირე ძალებითაც აიღებს აზერბაიჯანი. არავინ დაუდგება გვერდით სომხეთს. სხვათა შორის, ყოველთვის ეს იყო სომხეთის სტრატეგიული შეცდომა: მაშინაც, ასი წლის წინათ, ბრიტანეთის მხარე დაიჭირეს და ლორე აგვართვეს, მაგრამ რა მოიგეს?! საქართველო არის სამხრეთ კავკასიის ცენტრი და გახსოვთ, საბჭოათა კავშირში სამხრეთ კავკასია ერთიანად შევიდა.

– დიახ, ამიერკავკასიის კონფედერაციის ფორმით.

– ეს კარგი ვარიანტი იყო, უბრალოდ, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა. ბუდუ მდივანმა გამოიყვანა საქართველო, რის გამოც სტალინმა დასაჯა. არადა, საბჭოთა კავშირში ერთიან პოლიტიკურ სივრცეში რომ ვყოფილიყავით ჩვენ, სომხეთი და აზერბაიჯანი, ერთიანი ეკონომიკითა და ცენტრით – საქართველო, სულ ცოტა, 15-20 მილიონი ვიქნებოდით, რაც უკვე ანგარიშგასაწევი სივრცეა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ჰქონდა ატომური ბომბი: 30-40 ბირთვული ქობინი იყო აქ. ასეთი გადანაწილების დროს, თუ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ჩვენ გვეკუთვნოდა წილი, რომელიც არ მოუთხოვია გამსახურდიას. ისევ ფაშინიანს დავუბრუნდები: სწორად მოიქცა, ერდოღანთან რომ ჩავიდა. ქვეყანაში არეულობა აქვს, პატარა ომიც კი მას ხელისუფლებიდან გადააყირავებს. ამიტომ ერდოღანთან ლაპარაკობს ზანგეზურზე. თურქეთს უნდა, რომ ტვირთები, რომლებიც თურქეთიდან ზანგეზურის გავლით წამოვა, არ გაიხსნას სომხეთში, პირდაპირ გაატარონ.

– თუ არ შეამოწმებ, ეს სუვერენიტეტის შეზღუდვაა.

– თუ არ ამოწმებ ტვირთს, რომელიც შენს ტერიტორიაზე გადის, ესე იგი, აღარავინ ხარ. სავარაუდოდ, ამ წინადადებას ბოლომდე არ დათანხმდება ფაშინიანი, მაგრამ უცებ ჩავიდა, რომ დაელაპარაკოს მაინც. თურქეთმა არაფერი გააკეთა ირანზე თავდასხმის დროს და ფაშინიანიც ეჭვობს, რომ, როგორც სირია მიუგდეს, შესაძლებელია, სომხეთიც გადააგდოს ამერიკამ, თუ მის ინტერესს დასჭირდა. თამაშს იწყებს ფაშინიანი. სომხებს ახასიათებთ, რომ სწრაფად ხვდებიან, რა მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ დიდი უშიშროება ჰყავთ ვატიკანში, ევროპაში, ამერიკაში, აზიაში და იციან, რა პროცესები მიდის. სასულიერო პირიც კი ჰყავთ არმენებს ლიბანში. იქ გროვდება ინფორმაციები და რადგან ფაშინიანი ჩავიდა ერდოღანთან, არის რაღაც, რაზეც თურქეთს მწვანე შუქს უნთებენ, რის სანაცვლოდაც რაღაცაზე უნდა გაჩერდეს. თურქეთს რაღაც შესთავაზეს და გაჩუმდება, მაგრამ არ ვიცით, რა. თუმცა, მეორე მხრივ, ამერიკას ქრისტიანული ინტერესებიც აქვს. შეგახსენებთ, რომ პომპეო, როდესაც სახელმწიფო მდივანი იყო...

– ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას.

– დიახ, თურქეთში ჩაფრინდა და მსოფლიო პატრიარქი მოინახულა. ჩვენთან არ მიჰყვნენ ამ ინფორმაციას. ასე რომ, ფაშინიანი სწორად მოიქცა.

– ჩვენს პერსპექტივაზე როგორ იმოქმედებს ზანგეზურის დერეფნის გახსნა?

– ნორმალური ბიზნესი იქ ფულს არ ჩადებს. მაგრამ რა უნდა მოიმოქმედონ, რომ ზანგეზურის დერეფანი ამუშავდდეს?! არიონ საქართველო და აუცილებლად მოაწყობენ აქ ტერაქტებს, შეიძლება, შამილისდროინდელი სქემაც დაქოქონ, როგორც თავის დროზე დაქოქეს.

– საქართველოში ტერაქტების მიზანი ჩვენი ფუნქციის დამცრობის მცდელობაა?

– დიახ, რომ ბიზნესმა გადაინაცვლოს ზანგეზურის დერეფანში და იქ ჩადონ ფული. ეს უშიშროების გადასაჭრელი საკითხია. არავინ იცის, რას მოიმოქმედებენ. მთავარია, ამოცანა დაისახონ და შემდეგ სქემებს დაალაგებენ.

– ისევ აქტუალური გახდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც უკვე ანეკდოტს ჰგავს იმის ფონზე, რაც ჩვენთან ხდება.

– სომხეთი ევროკავშირში ვერ შევა. მატერიკული კავშირი არ აქვს. ჩვენ თუ შევედით, ისინიც შევლენ, მაგრამ ვერც ჩვენ შევალთ, იმიტომ რომ არ გვაქვს სახმელეთო კავშირი ევროკავშირთან. თუ გახსოვთ, სააკაშვილი ამბობდა, უკრაინა აიღებს სოჭს და შეიერთებსო. აი, ეს სახმელეთო კავშირი იგულისხმებოდა სწორედ. ჩვენ გვქონდა ორგანულად კავშირი ევროპასთან, მაგრამ ვერც მაშინ, როდესაც კონსტანტინოპოლი დაკარგეს, ვერ გათვალეს საქართველოს ფუნქცია და ვერც ახლა თვლიან. არც ჩვენები ესაუბრებიან არგუმენტებით, იმიტომ რომ ასეთი საკითხების მოგვარებისას უნდა ჩართო მეცნიერები, ინსტიტუტები, წარმოაჩინო შენი სამეცნიერო პოტენციალი, იმის ნაცვლად, რომ „დიფ სტეიტზე“ ილაპარაკო. რა უნდა ელაპარაკო ევროპელებს ისეთი, რომ პოლიტიკაში აჯობო?! ხომ ვხედავთ, რას თამაშობენ?! მთელი მათი ისტორია თამაშებია.

– ჯერ უკრაინის ხარჯზე გადანაწილდა ინტერესები და ახლა ირანის ხარჯზე?

– და თურქეთიც თემაშია. ამდენად, სწორად იქცევა ფაშინიანი, რადგან საფრთხეს გრძნობს. სომხეთი ყოველთვის საცოდავ მდგომარეობაში იყო, იმ პერიოდების გარდა, როდესაც საქართველო იყო ძლიერი, სომხეთი მაშინ იყო მყარად და გარანტირებულად, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ჩვენ გვირტყამდნენ ხოლმე.

– ჩვენ უსაფრთხოების რა საშუალებები გვაქვს?

– ადრე შევთავაზე, რომ ხელისუფლებას დაექოქა სამეცნიერო ინსტიტუტები, გაემართა სამეცნიერო კონფერენციები. აქ დემოკრატიაც უნდა გქონდეს, შენი ფასეულობებიც უნდა აჩვენო და „ელ გე ბე ტე“ თემებიც დაიცვა, ანუ აზიური და ევროპული მენტალობის შუალედური ვარიანტი უნდა შექმნა. მაგალითად, ხომ არის კაბა და შარვალი? მაგრამ არის ჩოხაც, ამ ორს შუა გარდამავალივით. აზია აბსოლუტურად სხვაა და ევროპა – აბსოლუტურად სხვა. მაგალითად, არსებობს დემოკრატია და არსებობს დიქტატურა, მაგრამ არსებობს სუფრაც. იდეალური ვარიანტია: სუფრა დიქტატორულიცაა და დემოკრატიაც არის, ყველას აძლევს თამადა სიტყვის უფლებას, თუმცა თავადაა უფროსი. ჩვენ სწორედ ასეთ თემებზე უნდა დაგვეწყო საუბარი, ეს უნდა გაეკეთებინა სამეცნიერო ინსტიტუტებს, 5-6 წელია, ვამბობ, მოვემზადოთ ამისთვის, იმიტომ რომ მარტო პოლიტიკური ინტერესებით ვერ დააბალანსებ ვითარებას. შესთავაზე ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური კონფერენციები. ჩამოვიყვანოთ აზიელები. არც ახლაა გვიან, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, რომ შევიძინოთ ფუნქცია. მით უფრო, რომ სტუმართმოყვარეობა ბუნებრივად გვახასიათებს, სხვათა შორის, ფელინის ფილმია, ორკესტრში ირევიან, ვერ ლაგდებიან და ბოლოს, ერთი ქალი შემოდის და მღერის ქართულ სიმღერას. მოკლედ, ჩვენ უნდა შეგვეთავაზებინა აზიისა და ევროპის ინტეგრირების სამეცნიერო პროცესი. გაეროს მივწერე, რომ ოფისი გაეხსნათ აქ. იცით, რომ გაეროს შექმნის ძირითადი ფუნქცია იყო ფაშიზმთან ბრძოლა, მაგრამ დღეს ეს აღარ არის აქტუალური, დღეს სტრატეგიული მიმართულებებია აზია და ევროპა. ამას უკვე მიხვდა გაეროს ხელმძღვანელობა და, მაგალითად, ავღანეთში ჩაატარეს ქალების კონფერენცია და ქალებისადმი დამოკიდებულება გაამართლეს შემდეგნაირად: ჩვენ კი არ ვჩაგრავთ ამ ქალებს, არამედ ვიცავთ ჩვენს კულტურას. ჩვენც უნდა გავხსნათ რაღაც ცენტრი, რომელიც სამეცნიერო ხაზით დააკავშირებს ერთმანეთს აზიასა და ევროპას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა