პოლიტიკა

რატომ იქნება სომხეთ-რუსეთისთვის მორიგი დარტყმა საქართველო-აზერბაიჯანის მორიგი საერთაშორისო ენერგოპროექტი და რატომ უნარჩუნებს პუტინი სახეს ფაშინიანს

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 21.01, 2023 წელი

სოსო ცინცაძე
დაკოპირებულია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და, ზოგადად, აზერბაიჯანული მედია აქტიურად უტევს რუს სამშვიდობოებს, რომლებიც ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ ჩადგნენ მთიან ყარაბაღსა და მის შემოგარენში. ცხადია, ადგილობრივი მედია ხელისუფლების თანხმობის გარეშე მსგავს დემარშს დამოუკიდებლად არ აიღებდა თავის თავზე. ამის პარალელურად, ცხადია, უკრაინა-რუსეთის ომში ცალსახად უკრაინას უჭერენ მხარს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ 2022 წლის 24 თებერვლამდე ორი დღით ადრე ილჰამ ალიევი მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო შეთანხმებაც გაფორმდა (დამთხვევა, სავარაუდოდ, შემთხვევითია). აზერბაიჯანის რუსეთისადმი დამოკიდებულებას და პირიქით სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.

- ალიევი ყოველთვის გამოირჩეოდა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკით, ამდენად, რითაა გამოწვეული აზერბაიჯანული მედიის ვირტუალური თავდასხმები რუსეთზე რუსეთის სამშვიდობოების სახით. რის მანიშნებელი უნდა იყოს რუსი სამშვიდობოების ლანძღვა, ეს კრიტიკა აღარაა?

- მთელი ეშხი ისაა, რომ ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა ჭკუა იხმარა და რუსი სამშვიდობოების ყოფნას ვადა დაუწესა.

- ჩვენი გამოცდილება გაითვალისწინა, სავარაუდოდ.

- რასაკვირველია, იმიტომ რომ, შემოუშვებ თუ არა სამშვიდობოებს, გასვლაზე ორივე მხარის თანხმობაა საჭირო, მეორე მხარე კი არასდროს იტყვის თანხმობას. ჩვენც რომ მსგავსად მოვქცეულიყავით, სულ სხვა სურათი იქნებოდა, ცხინვალის რეგიონში რომ შემოუშვა შევარდნაძემ სამშვიდობოები, მაშინ რომ გვეთქვა, ვადად განისაზღვროს 5 წელი და გასვლისთვის არ იყო აუცილებელი ოსური მხარის თანხმობა, სხვანაირად განვითარდებოდა მოვლენები. რაც შეეხება დაბალანსებას: მეც ბევრი მეგობარი მყავს აზერბაიჯანში და ისინი არასდროს მალავდნენ თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსეთისადმი. ბოლოს და ბოლოს, ალიევი განათლებით დიპლომატია, ამიტომ რუსეთს საჯაროდ არასდროს ეკამათებოდა, მაგრამ ყოველთვის ფრთხილობდა, ზომაზე მეტად არ დაახლოებოდა მოსკოვს და დისტანციას ინარჩუნებდა, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო ომმა ყველაფერი შეცვალა. აზერბაიჯანმა თავის გვერდით იგრძნო ისეთი ძლიერი სტრატეგიული მოკავშირე, როგორიცაა თურქეთი.

- ანუ ეს მაინც თურქეთის მიერ წახალისებულ და მხარდაჭერილ კამპანიად შეიძლება, შევაფასოთ?

- წახალისებულად შეიძლება, არა, მაგრამ თურქეთის იმედითაა აზერბაიჯანი. თანაც, აზერბაიჯანმა მთელი ეს ომი ყარაბაღის დასაბრუნებლად დაიწყო, ხუთი-ექვსი სოფელი არაფერს ნიშნავს ალიევისთვის. ყარაბაღის დასაბრუნებლად კი რა არის საჭირო? ლაჩინის დერეფნის დაკავება. ლაჩინის დერეფნის დასაბრუნებლად რა არის საჭირო? იქიდან რუსი სამშვიდობოების გაყრა. ამდენად, რაც ხდება, ბუნებრივია. სომხებისა და აზერბაიჯანელების შერიგება გამორიცხულია. ფაშინიანს არავინ აპატიებს., სომხებს ვგულისხმობ, ყარაბაღის დაკარგვას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერევანი სულ იმას იმეორებდა, რომ ყარაბაღი დამოუკიდებელი იყო და ამ დროს ყარაბაღის მოქალაქე ჰყავდა პრეზიდენტად,

- დიახ, ქოჩარიანი.

- დიახ, ქართველთმოძულე. ორი წელი დარჩათ რუს სამშვიდობოებს გასვლამდე, მაგრამ ალიევს უკვე ეს 2 წელიც ებევრება, ამიტომ სარგებლობს რუსეთის ამ მძიმე მდგომარეობით და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ შეავიწროოს რუსი სამშვიდობოები და მათ კომფორტულად არ იგრძნონ თავი. რაც მთავარია, ალიევმა დიპლომატიური სვლა ჩაუტარა სომხეთს. ისე იქცევა, რომ სომხებიც უკმაყოფილოები არიან რუსი სამშვიდობოებით. რუს სამშვიდობოებს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ, რომ ობიექტურები იყვნენ, იმიტომ რომ ხედავენ, სომხეთს სხვა გზა არ აქვთ, პუტინს სომხეთი ჯიბეში უდევს; ხოლო ალიევი დაკარგულია მოსკოვისთვის, ომი დამთავრდება თუ არა, ალიევი მთლიანად თურქეთთან იქნება ასოცირებული. ასე რომ, სომხები რუსი სამშვიდობოებისგან უფრო მეტს მოითხოვენ, მათ აქვთ პრეტენზია, ვინაიდან რუსეთის ერთგულები ვართ, განსხვავებით ალიევისგან, რომელიც თურქეთთან ერთადაა და რაც უნდა იყოს, თურქეთი „ნატოს“ წევრია, ჩვენ მხარეს უნდა იყოთო. მაგრამ ალიევი არ მოისვენებს, სანამ მთლიანად არ დაიბრუნებს ყარაბაღს, უფრო სწორად ლაჩინის დერეფანს. თანაც, იქ ნახიჭევანის პრობლემაცაა.

- ლაჩინისა და ზანგეზურის დერეფნებს უნდა დაებალანსებინა სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები სწორედ რუსი სამშვიდობოების მეშვეობით. მე, როგორც მივხვდი, ასეთი იყო კონცეფცია.

- დიახ, ეს იყო ოფიციალური კონცეფცია.

- რა თქმა უნდა და აზერბაიჯანმა, ასევე, დაიკავა ზანგეზურის დერეფანი, სადაც არა მარტო რუსეთის ინტერესია, არამედ ირანისაც. ზანგეზურს იმიტომ უტევს, რომ ლაჩინი შერჩეს?

- რასაკვირველია. ალიევს ძალიან ფართო სტრატეგიული გეგმები აქვს და ნაბიჯ-ნაბინ მიიწევს თავისი გენერალური გეგმის განსახორციელებლად. მთიანი ყარაბაღი ყოველთვის სომხეთის დოტაციით ცხოვრობდა, იქ ისედაც არაფერი იყო და ახლა, ომის შემდეგ, მით უმეტეს, არაფერია. დანგრეული სახლებიც კი არ აღდგენილა. ყარაბაღის ბოლო ომიც უკრაინის ომის კიდევ ერთი სამხედრო-დიპლომატიური რიკოშეტია. ალიევმა მომენტი გამოიყენა, რაც ბუნებრივია, ვინაიდან არც ერთი სახელმწიფოს მეთაური არ გაუშვებდა ხელიდან ასეთ მომენტს, რომელიც შეიძლება, ერთხელ ჩაგივარდეს ხელში და აღარ განმეორდეს. შესაბამისად, ალიევი ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებს. ამიტომ კურსი აღებულია იქითკენ, რომ თვითონ რუსეთი გახდეს იძულებული, გაიყვანოს სამშვიდობოები, რასაც მოჰყვება სომხეთის პროტესტი და უკვე რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა დაიძაბება. სომხეთს რუსეთს იქით სხვა გზა არ აქვს, მაგრამ იმედგაცრუება გარდაუვალია. სომხეთშიც მყავს მეგობრები და მეუბნებიან, რუსეთმა ზურგში დანა ჩაგვარტყაო. სიტყვასიტყვით ასე ამბობენ. სომხები დახმარებას ელოდნენ „ოდეკაბედან“, რაც ვერ მიიღეს. ფაქტია, სომხეთი დამარცხებულია და დღეს რუსეთს ჩანგალზე ჰყავს ფაშინიანი. თუ ის ისევაა პრეზიდენტი, მხოლოდ პუტინის მხარდაჭერით.

- ფაშინიანი ძალიან ხელსაყრელი კანდიდატურაა ახლა პუტინისთვის.

- დიახ, სულ ერთმანეთს აქებენ. ფაშინიანსაც სხვა გზა არ აქვს, უნდა მოითმინოს და გადაყლაპოს ეს მწარე აბები.

- თუმცა ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა „ოდეკაბეს“ სამიტის დოკუმენტებს, რომელიც ერევანში ჩატარდა ახლახან.

- არ მოაწერა ხელი, რითიც აგრძნობინა, რომ უკმაყოფილოა, მაგრამ, მეორე მხრივ, გავიდა „ოდეკაბედან“?! თუ ხელს არ აწერ დოკუმენტებს, ლოგიკურია, რომ უნდა დატოვო ის ორგანიზაცია, ესე იგი, არ ეთანხმები მის გადაწყვეტილებებს. წინასწარ იცოდნენ რუსეთმაც და ყველა წევრმა, რომ სომხეთი ხელს არ მოაწერდა, ვინაიდან ფაშინიანმა წამოაყენა წინაპირობები, რომელთა დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო რუსეთის მიერ და ფაშინიანს ერთადერთი გზა ჰქონდა, რომ არ ჩაექოლათ, ხელი არ მოეწერა დოკუმენტებისთვის. რასაკვირველია, ეს პუტინთან იყო შეთანხმებული. პუტინი დაეხმარა ფაშინიანს, რომ სახე შეენარჩუნებინა ერევანში, თუმცა დამარცხებული სახელმწიფოს მეთაური არავის უყვარს. ასე რომ, დროის საკითხია, რამდენ ხანს იქნება ფაშინიანი თავის პოსტზე. მით უმეტეს, რომ საქართველო-აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, იქმნება ენერგეტიკული ჰაბი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თუ ამუშავდა ისე, როგორცაა ხელმოწერილი. ოღონდ აზერბაიჯანი უკვე გახდა რეგიონის ლიდერი.

- აზერბაიჯანი გახდა რეგიონის ლიდერი და მან ამისთვის გაიღო უდიდესი ძალისხმევა, მაგრამ გზის წყალობით, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის, ჩვენ მაინც ვართ პოლიტიკურ ავანსცენაზე.

- მე მახსოვს, ბუში რომ ჩამოვიდა თბილისში და საქართველოს უწოდა რეგიონში დემოკრატიის შუქურა, მაშინ მიშას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და მეორე დღესვე გავრცელდა ალიევის განცხადება, რომ არავის დავუთმობთ რეგიონში ლიდერობასო.

- მახსოვს, ძალიან არადიპლომატიური განცხადება იყო.

- ღამის 12-საათზე მიშას შევხვდით. სულ ღამით ვიკრიბებოდით და ვუთხარი, რომ ალიევმა თქვა ის, რაც თქვა. მიპასუხა, ალიევი რას იტყვის, მთავარი არ არის, მთავარია, რას იტყვის ბუშიო. თუმცა მაშინ ალიევმა, ფაქტობრივად, საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის ბუშის განცხადება არაფერს ნიშნავდა. მაგრამ, ასე თუ ისე, ალიევთან პირადი ურთიერთობით, მიშა ახერხებდა, რომ წინააღმდეგობები კონფლიქტს არც კი მიახლოებოდა.

- მაგრამ მაშინ აზერბაიჯანი ისე ძლიერი და ამბიციური არ იყო, როგორც დღეს.

- დიახ, მაგრამ ალიევს პრეტენზიები მაინც ჰქონდა. ეს ენერგორესურსები ალიევმა მემკვიდრეობით მიიღო, ეს ღმერთისგანაა.

- ისევე, როგორც ჩვენ ღმერთისგან გვაქვს გზა, თუ ჯეროვნად გამოვიყენებთ ამ მოცემულობას.

- დიახ, თუ გამოვიყენებთ. ეს პროექტი ძალიან კარგია, მაგრამ ამის შედეგი დიდად იქნება დამოკიდებული ამ ომის დამთავრებაზე. რამდენიმე დღის წინათ ძალიან არასასიამოვნო განცხადება გააკეთა ბოლტონმა, ტრამპისდროინდელმა უშიშროების მდივანმა, მალე დადგება თურქეთის „ნატოში“ ყოფნა-არყოფნის საკითხიო. იმიტომ რომ ამერიკელები არ არიან მიჩვეულები, დიდხანს აიტანონ თავიანთი ოფიციალური მოკავშირის ორ სკამზე ჯდომა.

- სხვათა შორის, იმავე აზერბაიჯანულ მედიაში დაიწერა, რომ აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა არის საფუძველი, შეიქმნას სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ნატოს“.

- ამაზეც საუბრობენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ თურქეთის მთელი შეიარღება „ნატოს“ სტანდარტისაა, ამიტომ გამოდის, რომ უნდა გადაიარაღდეს, თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი კი ვერასდროს იქნება ისეთი პოტენციალის, რომ ეს თავისი ძალებით შეძლოს. ჰიპოთეტურად რომ ავიღოთ, მოხდეს საოცრება და რუსეთმა გაიმარჯვოს, მაშინ თურქეთი შეიძლება, გადავიდეს რუსულ შეიარაღებაზე, თუმცა ამერიკელებს ჯერაც ვერ მოუნელებიათ „ეს 400-ს“ თემა. და ხომ ხედავთ, არც უნგრეთს უთმენენ ევროკავშირში ყველაფერს, ვეტოც უფლება, ფაქტობრივად, გაუნულეს ურბანსს და ევროკავშირმა ნახა გამოსავალი, ყველა თავის წევრთან ცალ-ცალკე აფორმებს ხელშეკრულებებს. ანუ ურბანსაც არ მოითმენს დიდხანს ევროკავშირი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი