პოლიტიკა

რატომ იქნება საქართველო იძულებული, გახდეს მხარე, თუკი აზერბაიჯანსა და თურქეთს დაეძაბება ურთიერთობა ირანთან

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

კოტე ფორჩხიძე
დაკოპირებულია

მართალია, ველით, რით დასრულდება აშშ-ისრაელისა და ირანის დაპირისპირება, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მთავარია, თუ როგორია მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის როლი. როგორ შეიძლება და თუ შეიძლება, დასჭირდნენ ისინი მხარეებს – როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, ასევე ირანს? არანაკლებ საინტერესოა საკითხი, იქცევა თუ არა ირანი მეორე უკრაინად, ანუ შეასრულებს თუ არა პროქსი ქვეყნის როლს, სადაც ერთმანეთს მთავარი მოთამაშეები უპირისპირდებიან, – ამ საკითხებს უსაფრთხოების ექსპერტთან, კოტე ფორჩხიძესთან, ერთად განვიხილავთ.

კოტე ფორჩხიძე: უპირველესად, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ გეოგრაფია. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო და საერთოდ სამხრეთ კავკასია ყოველთვის მოიაზრებოდა, როგორც დიდი ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ პროცესები რომლებიც ვითარდებოდა ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის ახდენდა გავლენას სამხრეთ კავკასიაზე და არ ჰქონდა მნიშვნელობა, სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკები რკინის ფარდის მიღმა ვიყავით თუ ფართო ინტეგრაციაში ამ ქვეყნებთან. სამხრეთ კავკასიის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთთან, ამდენად, ის კონფლიქტი, რომელიც დღესაა რეგიონში და, ჩემი აზრით, ხელოვნურადაა ინსპირირებული, გავლენას ახდენს. ხელოვნურადაა, იმიტომ რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ირანს არ უწარმოებია დაპყრობითი ომები. არც ერაყთან წამოუწყია პირველს ომი. ვიცით, ვინც იყო ამის მოთავე. ირანი, ვფიქრობ, დასავლეთმა მიიყვანა ამ ზომამდე იმისთვის, რომ ზუსტად ისე განვითარებულიყო ეს ქვეყანა, როგორც განვითარდა. ეს განაპირობა დასავლეთის მუდმივმა ჩარევებმა, რომელიც გამოწვეული იყო წიაღისეულის დაუფლების იმპერიული ზრახვებით. გახსოვთ, რომ ირანი ჯერ ბრიტანეთის იმპერიის გავლენის სფერო იყო, შემდგომ – ამერიკელების. არ დაგვავიწყდეს, საიდან ჩავიდა ჰამენეი ირანში ირანის რევოლუციის შემდეგ. საფრანგეთმა ჩააფრინა თავისი თვითმფრინავით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფრანგებიც იღებდნენ მონაწილეობას გადატრიალებაში.

– შაჰის ჩამოსაგდებად.

– დიახ. თუმცა, ისტორიიდან კარგად ვიცით, თუ რა ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსა და სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებს ირანთან.

– ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო ირანელების ბატონობა საქართველოში.

– დიახ და საქართველო გაყოფილიც იყო კარგა ხანს. თუ დღევანდელობაში გადმოვერთვებით, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. ერთი ის, თუ ვინ არის რეგიონში ყველაზე დიდი მოთამაშე, ვგულისხმობ ფართო ახლო აღმოსავლეთსა და რეგიონულ მოთამაშეებს. ახლო აღმოსავლეთში რეგიონული მოთამაშეები არიან: ისრაელი, არაბული ქვეყნები, თურქეთი და ირანი. ძირითადად, ისინი განსაზღვრავენ, თავიანთი მასშტაბების მიხედვით, რეგიონში ვითარებას. ბუნებრივია, ამ ყველაფერს აქვს ენერგეტიკული საფუძველი, მაგრამ უნდა გავითვალისწოთ, რომ იკვეთება ალიანსი: საქართველო-თურქეთი- აზერბაიჯანი, რასაც ამყარებს სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით აკავშირებს ამ სამ ქვეყანას და, თუ, მაგალითად, ირანს აზერბაიჯანთან დაეძაბება ვითარება – არა მგონია, ირანს საქართველოსთან დაეძაბოს ურთიერთობა – და აზერბაიჯანის ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ გახდეს მხარე, მაშინ ეს ტრიუმვირატი, უნდა თუ არა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ უნდა ჩაერთოს ამ კონფლიქტში. იცით, რომ თურქეთს მიაყენეს დარტყმა, შემდეგ კი – აზერბაიჯანს და ჩვენ შორის არსებული ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს, დაიჭიროს აზერბაიჯანის, როგორც სტრატეგიული მოკავშირის, მხარე. ასეთია დღეს რეალობა.

– მაგრამ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არც თურქეთისთვის უსვრია ბალისტიკური რაკეტა და არც ნახიჭევანის აეროპორტს დასხმია თავს დრონებით.

– ახლა ძნელია ამის გარკვევა. ალბათ, გაირკვევა თავის დროზე. მაგრამ თქვენ ნახეთ, როგორი იყო აზერბაიჯანის რეაქცია. ალიევმა ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა, რომ გადადგამს საპასუხო სამხედრო ნაბიჯებს და რით გამოიხატა ეს? გამოიხატა ირან-აზერბაიჯანის საზღვრის გამაგრებითა და იქ სამხედრო რესურსების განლაგებით. თუმცა ირანმა გააკეთა ის განცხადებები, რაც თქვენ თქვით. ალბათ, იყო გარკვეული კომუნიკაცია თურქეთსა და ირანს შორის. თურქეთისთვის არავითარ შემთხვევაში არ არის ხელსაყრელი ირანთან კონფრონტაცია და ამის ნათელი მაგალითია, რაც ვნახეთ: ქურთებმა წამოიწყეს შეტევითი ოპერაცია და შემდეგ გაჩერდნენ. ბუნებრივია, ამაში უფრო დიდია თურქეთის როლი და წვლილი, ვიდრე შეერთებული შტატების. იმიტომ რომ, თუ კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვევს ირანის დამარცხებას, ამას მოჰყვება ისეთი შედეგები, რასაც ირანში ხელისუფლების შეცვლა არ უშველის: გაღვივდება სეპარატიზმი, სეპარატისტული განწყობები და ირანი ძალიან დიდი ნაბიჯებით დაიწყებს სვლას დაშლისკენ. ეს კი არ არის არც თურქეთის და არც ირანის სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესი. მათ შორის, არც ჩვენი ინტერესია და არც აზერბაიჯანის. უბრალოდ, აზერბაიჯანის ინტერესი შესაძლოა, იმ გაგებით, იყოს, რომ აზერბაიჯანს შეიძლება, უნდოდეს თავისი აღმოსავლეთი ნაწილის დაბრუნება. ანუ ტერიტორიული პრეტენზიები გაუჩნდეს.

– და ალიევი იქნება იმ გაერთიანებული აზერბაიჯანის პრეზიდენტი?!

– ალიევისთვის დღეს ეს ხელსაყრელი არ არის. ის ვალდებულია თურქეთთან, თურქეთისთვის კი არ არის ხელსაყრელი ირანის დაშლა, თორემ ალიევს დამატებით 10 მილიონი აზერბაიჯანელის მიერთება და აზერბაიჯანის, როგორც სახელმწიფოს, მომძლავრება, თავისი რესურსებით, დიდ რეგიონურ მოთამაშედ აქცევს. რა თქმა უნდა, საკითხავია, იმ გაერთიანებას მოუნდება თუ არა ალიევი პირველკაცად, მაგრამ არც აზერბაიჯანელებისთვისაა ხელსაყრელი თურქული განწყობების გაღვივება აზერბაიჯანში და ზუსტად ეს აკავებს იმავე შიიტ აზერბაიჯანულ მოსახლეობას, რომლებიც ირანში ცხოვრობენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ირანის მთავრობაში ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელია, სამხედრო მაღალჩინოსნებს შორისაც და ისინი ყოველთვის უსვამენ ხაზს ირანისადმი თავიანთ დამოკიდებულებას, რომ ირანი მათთვის უპირველესია. ასე რომ, შექმნილი ვითარება ძალიან რთულ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ისინი ერთმანეთში ძალიანაა გადახლართული, ამიტომ, ბუნებრივია, დიდი სიფრთხილე მართებს ხელისუფლებას და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ამ კონფლიქტისადმი, იმიტომაც არ შეიძლება, რომ მათ, კიდევ ვიმეორებ, დაიჭირონ რომელიმე მხარე ან მკვეთრად გამოხატონ ისრაელისა და ამერიკისადმი, ან ირანისადმი მხარდაჭერა. ეს დაარღვევს ბალანსს. შესაბამისად, შემდეგ შეიძლება, მოხდეს ის, რაც უკვე ჩვენზე აღარ იქნება დამოკიდებული. ვგულისხმობ შეტევით ოპერაციებს ირანის ატომურ სადგურებზე და ასე შემდეგ. ეს გაზრდის რადიაციულ ფონს რეგიონში, რაც იქონიებს ზეგავლენას ჩვენს ქვეყნებზე.

– ცოტა მეეჭვება სომხეთის დაპირისპირება ირანთან, მიუხედავად ფაშინიანის დასავლური წიაღსვლებისა.

– სომხეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ირანის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მათ შორის ბრუნვა შეადგენს, დაახლოებით, მილიარდ ამერიკულ დოლარს. გესმით ეს რა თანხაა?! და სომხეთმა ეს შემოსავალი შეიძლება, დაკარგოს ირანთან ურთიერთობის გაწყვეტით, არადა, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს, დაახლოებით, 200-250 მილიონამდეა სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანსა და ირანს შორის. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეხება ამ კონფლიქტის უშუალოდ ზეგავლენას ნავთობის ფასებზე. ირანში მიმდინარე ეს პროცესი და ირანის ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, არაბული ქვეყნების პრობლემები საუკეთესო მდგომარეობაში აყენებს აზერბაიჯანს. გაიზრდება აზერბაიჯანის ნავთობზე დამოკიდებულება, ისევე, როგორც რუსულ ნავთობზე იზრდება დამოკიდებულება, აგრეთვე, შუა აზიურ ნავთობზე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი დერეფანი გადაიქცევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ამ კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში. ამას ხვდება ევროპა. გავიხსენოთ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც. მგონი, ცოტა გონს მოდიან. სამხრეთ კავკასიის დერეფანი ხდება უმნიშვნელოვანესიო, ხაზს უსვამდა ქალბატონი, რომელიც ჩვენი მაგინებელი იყო და რით აღარ გვემუქრებოდა. მათ შეშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. ახლა კი იძულებული არიან, ეს შეშფოთება უკან წაიღონ და გარკვეულწილად დაიწყონ საქართველოსთან ურთიერთობების დათბობა და გადატვირთვა. ისინი მიხვდნენ, რომ, თუ ეს პროცესი გაიჭიმა და, თუნდაც, არ გაიჭიმოს და ირანი გამარჯვებული გამოვიდეს, მათთვის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან რთული პერიოდი დადგება. ისინი მთლიანად ჩამოეკიდებიან რუსეთსა და რუსეთის ნავთობენერგეტიკულ რესურსებს. ასეთია ევროპელების მომავალი, თუმცა ამერიკელები წაუგებელ თამაშს თამაშობენ.

– უკვე მეორედ ამ ბოლო დროს.

– და ისინი, ისევე, როგორც რუსეთი, ამ შემთხვევაში მაინც გამარჯვებული გამოვლეენ, მიუხედავად იმ ზარალისა და ზიანისა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს დღესდღეობით ადგება. ეს ზიანი, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით, 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. მაგრამ იმ დანაკარგების მიუხედავად, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურამ განიცადა, მათ უჭირავთ ნავთობის ფასები. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს კვანძი შეიძლება, გაიხსნას ისრაელის ხარჯზე და, სავარაუდოდ, ასეც იქნება, იმიტომ რომ ირანთან ომით დაზარალებული აღმოჩნდება ისრაელი. ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ ისრაელი ვეღარ იქნება ისეთი რეგიონური მოთამაშე, როგორიც მანამდე იყო და ამის ნიშნები ჩანს.

– რა ნიშნებია?

– ამის ნიშნები ჩანს შეერთებულ შტატებში ანტისემიტური განწყობების მატებით. ეს, ასევე, დაკავშირებულია ეფშტეინის საქმიდან გავრცელებულ კადრებთან. ბუნებრივია, ეს არ მოიტანს კარგ შედეგებს. ამერიკელი მოსახლეობა ამას იმახსოვრებს. იმახსოვრებს, თუ რაში მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლების ჩინოსნები და ის დამოკიდებულებები, რაც მათ ჰქონდათ ისრაელთან, ბუნებრივია, ამოყვინთავს ძალიან მალე და ეს იქნება საერთო და საჯარო განხილვის თემა შეერთებულ შტატებში. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე საქმე შეიძლება, არ მივიდეს ტრამპის იმპიჩმენტამდე, იმიტომ რომ დაწყებული პროცესი უნდა დასრულდეს და ტრამპი ნამდვილად არ მართავს შეერთებულ შტატებს. შეერთებულ შტატებს მართავს ზუსტად ის ჩრდილოვანი მთავრობა, რომელმაც ეს ომი გააჩაღა. უბრალოდ, მათ ტრამპი გამოიყენეს, მისი ნატურიდან გამომდინარე, რომ ეს ცხელი წერტილი შექმნილიყო ამ რეგიონში. შეერთებული შტატები, ალბათ, შეეცდება, სახე შეინარჩუნოს და ამ კონფლიქტიდან ისე გამოვიდეს, რომ ისრაელსა და ისრაელის მთავრობას შეაწმინდოს ხელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი