პოლიტიკა

რატომ იქმნება შეთქმულების თეორიები და როგორ ემსახურება ის პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებას

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 15.09, 2021 წელი

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

ადამიანისთვის, ზოგადად (მით უმეტეს, ახლა, პანდემიისას, განსაკუთრებით) დამახასიათებელია შეთქმულების თეორიების მოგონება (თუმცა აქამდე არსებული შეთქმულების თეორიების არც თუ მცირე ნაწილი ამხდარა კიდეც, ანუ მომხდარა ის, რაც მხოლოდ თეორიულად წარმოედგინათ). მეორე მხრივ, წესითა და რიგით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის პირობებში შეთქმულებისთვის ადგილი არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, რაც მეტია ინფორმაცია, მით მეტი საშუალებაცაა სიცრუის გავრცელებისაც და სინამდვილის ამოტრიალებულად ჩვენებისაც, მეტიც, ამაში ადამიანების იოლად დარწმუნებისაც (ვინაიდან, სწორედ, დიდ საინფორმაციო ნაკადში ჭირს სიმართლისა და სიცრუის გარჩევა). რისთვის იქმნება შეთქმულების თეორიები, რატომაა მისკენ მიდრეკილი ადამიანი და თუმცა ზუსტად არ ვიცი, მგონია, რომ გამოქვაბულში ცხოვრების პერიოდიც არ იქნებოდა თავისუფალი შეთქმულების თეორიების ტყვეობისგან. ამ თემას ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– „შინდლერის სიაში“ არის ერთი მომენტი, როდესაც ღამით საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები განიხილავენ თეორიას, ჩვენი დახოცვა რომ უნდოდეთ, ასე და ასე არ მოიქცეოდნენ ფაშისტებიო, მაგრამ, საბოლოოდ, ისინი ყველანი გაზის კამერებში შეიყვანეს. იმის თქმა მინდა, რომ შეთქმულების თეორიასაც ორი მხარე აქვს და რატომ გვაქვს ადამიანებს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ, იმიტომ რომ ეს ერთგვარი მისტიციზმიცაა?

– ძალიან საინტერესოა, როგორ განვსაზღვროთ, რა არის შეთქმულების თეორია, საიდან მოდის და, მართლაც, შეთქმულების თეორიებს ფესვები აქვს გამოქვაბულის პერიოდიდან. თავისი არსით, შეთქმულების თეორიას განაპირობებს ცხოვრების შიში. ხშირად ცხოვრება იმდენად დამთრგუნველია, რომ ადამიანს სჭირდება ერთგვარი ფარი, დაცვითი მექანიზმი, რომ თავიდან აირიდოს უხეში, მკაცრი, ზოგჯერ მომაკვდინებელი საფრთხე. თქვენც ახსენეთ საკონცენტრაციო ბანაკის მაგალითი, ადამიანი ამით ცდილობს, შეეგუოს მკაცრ რეალობას და დარჩეს საღ ჭკუაზე. რადგან ასეთი რთულია სინამდვილისთვის თვალის გასწორება, შეთქმულების თეორია არის ადამიანის ფსიქიკის დაცვითი მექანიზმი, რომ ჩაანაცვლოს რეალობა. გარკვეულწილად შეალამაზოს ის, რომ გაუადვილდეს მასში ცხოვრება. ეს არის თავდაცვის მექანიზმი. იქმნება ილუზია, რაც ეხმარება ადამიანს, თავი დააღწიოს ეგზისტენციურ შფოთვას. ამის მოხერხება შეიძლება, თუკი ადამიანი შემოიტანს შეთქმულების თეორიას და იტყვის, რომ მე კი არ ვარ სუსტი, რომ განა მე არ შემიძლია, თვალი გავუსწორო ტკივილს ან დიდ პრობლემას, არამედ ცხოვრებაა ასეთი და, რადგან ცხოვრებაა ასეთი, ეს შეიძლება, გავრცელდეს ყველაფერზე: პოლიტიკაზეც, რომ პოლიტიკაში არიან ისეთები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს განადგურებას; სპორტზეც, რომ ყველა თამაში ჩაწყობილია; ჯანდაცვაშიც, ყველას ჩვენი მოკვდინება უნდა; დღეს აქტუალურია კოვიდის თემა და ესეც ნოყიერი ნიადაგია შეთქმულების თეორიისთვის; შეთქმულების თეორიები იქმნება სამყაროს მომავლის წარმოსადგენადაც, რაც უმეტესწილად აპოკალიფსურია.

– ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მეორედ მოსვლა, დიდი სულიერი მამების მიერ, სულაც, არ განიმარტება, როგორც მოქმედება გარედან, არამედ ეს ადამიანის შინაგანი გამოღვიძებაა და ხდება გულში.

– დიახ, გეთანხმებით. ფსიქოთერაპიულად თუ შევხედავთ შეთქმულების თეორიას და რადგან მე გეშტალტთერაპიის დამნერგავი ვარ საქართველოში, სწორედ, ამ მხრივ გავამახვილებ ყურადღებას: ეს გარკვეული ნევროზიაა. ჯერ კიდევ ფსიქოანალიზმა დაინახა შეთქმულების თეორია, როგორც ნევროზი, თუმცა ის ამგვარად არ არის მიჩნეული მისთვის, ვინც მას ქმნის და იჯერებს. შეთქმულების თეორია წარმოშობილია შიშებით, რომ ადამიანმა თვალი არ გაუსწოროს სინამდვილეს და ის ჩაანაცვლოს ყალბი სუროგატით, რადგან ილუზიის სათვალეებით ამ ყალბ რეალობასთან გამკლავება უფრო იოლია. იმიტომ რომ ხშირად ძალიან რთულია საკუთარ თავზე თქმა, რომ ვარ მშიშარა, არასრულფასოვანი, ლაჩარი, გაუბედავი, უფრო ადვილია ამ პასუხისმგებლობის გარეთ გატანა და რეალობაზე გადაბრალება, ანუ პროეცირება. ორი მექანიზმი მუშაობს ამ შემთხვევაში: ერთია განრიდება და მეორე – ამ პრობლემების პროეცირება გარემოს ეკრანზე, ანუ სხვაზე გადაბრალება. ამას ემსახურება ცრურწმენებიც, რომლებიც დამახასიათებელია პიროვნებებისთვის და კულტურებისთვისაც. პიროვნებებიც „სცოდავენ“ ამ ნევროზით და საზოგადოებებიც და კულტურებიც. პირველყოფილი ადამიანების ცხოვრება სავსე იყო შეთქმულების თეორიებით, როდესაც სამყარო ამოვსებული იყო ტოტემებითა და ტაბუებით, ანუ აკრძალვებითა და გაღმერთებებით. მაგალითად, არ უნდა მოეკლათ და შეეჭამათ ესა და ეს ცხოველი, რადგან ის იყო ტოტემი; არსებობდა რაღაც აკრძალვა, რომლის დარღვევის შემთხვევაში დაისჯებოდნენ, მაგალითად, თუ თვალებში შეხედავდნენ ერთმანეთს ან რომელიმე ცხოველს და ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მართლაც ემართებოდათ, რასაც შიშობდნენ. მაგალითად, შეიძლებოდა, დამბლა დასცემოდათ – ამას ფსიქიკის თვითდასჯა ჰქვია და პრიმიტიული ტომები, სწორედ, ასე ცხოვრობდნენ. მადლობა ღმერთს, ჩვენ დღეს ასეთი პრიმიტიული ტომები არ ვართ.

– არ ვართ, მაგრამ ვატყობ, რომ პრიმიტივიზმი ბოლომდე არ არის დაძლეული, მაგალითად, აცრას არ გაიკეთებ - მოკვდები, აცრას გაიკეთებ – მოკვდები. და ამ დროს, მართლაც, ისე შეიძლება, დაიჯეროს ადამიანმა, რომ აცრითაც მოკვდეს და აუცრელობითაც, სწორედ, ამ რწმუნებების გამო.

– ჩვენს რეალობაში კოვიდის ვირუსმა მოახდინა ჩვენი შიშების პროვოცირება, ვინაიდან ყველაზე უფრო სანდო ინსტანციას, ანუ მეცნიერებასაც არ ჰქონდა პასუხი. მეცნიერება ყველაზე მეტადაა ვალიდური რეალობის აღქმისას, თავისი კვლევებით, ექსპერიმენტებით. ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ფსიქოლოგია თუ სხვა დარგი, ცდილობს სინამდვილე დაინახოს ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ამიტომ მეცნიერებისადმი ნდობა გარკვეული ტესტია იმისა, თუ რამდენად ცივილიზებულია საზოგადოება და შეუძლია თუ არა, რომ თვალი გაუსწოროს სინამდვილეს. მეცნიერება, ერთი მხრივ, ცდილობს, დაგვანახვოს რეალობა და, მეორე მხრივ, არც მეცნიერებას აქვს პასუხი ყველა კითხვაზე, რომელსაც ცხოვრება სვამს. კოვიდის მიმართ დამოკიდებულება არც მეცნიერებას ჰქონდა გარკვეული: არ იყო მკურნალობის მეთოდი, არ იყო წამალი და ამიტომ წამოვიდა შიშების, პროექციების კასკადი. ერთი მხრივ, მეცნიერება ამას არკვევს თანდათან და იმედია, რომ იპოვის დამცავ საშუალებას, ისევე, როგორც იპოვა სხვა ინფექციებისა და დაავადებების შემთხვევაში, გაჩნდა ფსიქიკური დაავადებების მართვის საშუალებებიც, მაგრამ, სანამ ასეთი გაჩნდება, მუშაობს შიშები.

– ბუნებრივია, იმიტომ რომ ექსპერიმენტია. ცნობილი გამონათქვამია: რაც სახელოვანია ექიმი, მით დიდია მისი პაციენტების სასაფლაო, იმიტომ რომ რისკავს და იღებს შედეგს. ცხადია, არავის უნდა ასეთ სასაფლაოზე მოხვედრა და ურჩევნია, განიკურნოს.

– რასაკვირველია, ეს პრობლემაც არის. ნდობა-არნდობა ყველაფრის მიმართ არსებობს, მათ შორის, მეცნიერებისადმიც, მით უფრო, იმ საკითხში, რაც ბოლომდე არ გარკვეულა. ამიტომ ადამიანი, ფსიქოლოგიურად რომ შევხედოთ, დილემის წინაშეა: რას ვენდო? და შინაგანი შფოთვიდან და შიშიდან წამოვიდა ყველანაირი ნაგავი, რაც კი ამ შიშებმა და შფოთვებმა დაბადა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გაყოფილია საზოგადოება: ნაწილი ფატალურადაა შეპყრობილი ამ შიშებით და სახავს აპოკალიფსურ ვითარებას, ზოგი მეტად ოპტიმისტია, ზოგი – ნაკლებად, ზოგი რელიგიურ ფანატიზმში გადაეშვა და ამბობს, რომ არავის დაუჯერებს, გარდა რელიგიური ავტორიტეტებისა. არადა ეს საკითხი მეცნიერულია და პასუხი მეცნიერებამ უნდა მოძებნოს: მედიკამენტი და ვაქცინა უნდა გაჩნდეს. სამედიცინო პრობლემის გაარკვევაში ყველაზე კომპეტენტურები არიან ქიმიკოსები. ბიოლოგები, ფარმაცევტები, გენეტიკოსები და თუ ვინმეს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა სანდო ესა და ის პრეპარატი, რა შედეგი ექნება მას, როგორ გვერდითი მოვლენები და მათ უნდა დაგვისაბუთონ თავიანთი სტატისტიკითა და კომპეტენციით და არა ჭორებით. თუ გვინდა, რომ ადეკვატურები ვიყოთ, მათ უნდა მოვუსმინოთ და ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და დემოკრატიული; რაც მთავარია, მეცნიერება გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკოს ადამიანებს, რომ გააგებინოს ის პრობლემები, რომლებიც არის. ყველა ვერ იქნება ქიმიკოსი და გენეტიკოსი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათი პირიდან გაიგოს რთული პრობლემის მარტივი ინტერპრეტაცია, რომ ყველაზე ადეკვატურად მოექცეს საკუთარ ჯანმრთელობას. იმიტომ რომ სრულიად განსხვავებული რეალობები ჩნდება: ვიღაც მორწმუნემ შეიძლება, შემოიტანოს რეალობა, რომ ცოდვების გამო გვსჯიან, სხვა სხვა მრუდე სარკეს შემოიტანას, რომლითაც რაღაც სანქციებია მოსალოდნელი სხვადასხვა ინსტანციებიდან...

– მაგალითად, პაატა იმნაძის ცოლმა საკუთარ თავს მიანიჭა საყოველთაო ცენზორის ფუნქცია და გამოაცხადა, რომ ექიმებს უნდა აეკრძალოთ საჯაროდ თავიანთი აზრის გამოთქმა, იგულისხმა განსხვავებული აზრი. ჯერ ერთი, ვინ ეკითხება და, მეორე, შესაწირი ცხვარი ხომ არ ვარ, საბელი გამომაბა და ძალით წამიყვანო ასაცრელად? ესეც მითხარი, ისიც მითხარი და მე გადავწყვეტ.

– გეთანხმებით, და აი, სწორედ აქ ვიგებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრტიისა და გამჭვირვალობის წონა და ფასი ჩვენს კულტურაში. ამით გვეძლევა საშუალება, დავინახოთ სინამდვილე ისეთი, როგორიც არის და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორც საზოგადოების თავისუფალმა წევრებმა. ამაში უნდა დაგვეხმაროს მთავრობაც, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ძალიან ბუნდოვანია ეს გარემო, იმდენადაა სავსე ინტერესებით: ბიზნესისა თუ პოლიტიკის.

– გეოპოლიტიკურ იარაღად იქცა ვაქცინა.

– დიახ, მსჯელობაა, იმის წარმოებული ვაქცინა გავიკეთით თუ ამისი არ გავიკეთოთ.

– სნობიზმის ფქტორიც: „ფაიზერია“ ძალიან მოდური, „მოდერნა“, ხომ, საერთოდ, თუმცა ჩვენთან ჯერ არ შემოუტანიათ.

– თუ ვაქცინები, ამერიკული, რუსული, ჩინური, ბრიტანული, პოლიტიკურ ჭრილში დავინახეთ, მაშინ ესეც, ფაქტობრივად, შეთქმულების თეორიის ვარიანტია: კარგია ამერიკა და ცუდები არიან ჩინეთი და რუსეთი. არადა წამლის ხარისხს ამასთან შეიძლება, არანაირი კავშირი არ ჰქონდეს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და მეცნიერება იდგეს გამჭვირვალობაზე და მაშინ შეთქმულების თეორიები გაქრება, ისევე, როგორც გაქრება, ერთი მხრივ, პიროვნული შიშები და, მეორე მხრივ, კულტურული შიშები, რომლითაც დაბინძურებულია ჩვენი გარემო და ჩვენ, ფაქტობრივად, ვცხოვრობთ ამ შეთქმულების თეორიებში, იმის ნაცვლად, რომ პრობლემა დავინახოთ, სამედიცინო თვალსაზრისით. ეს შეთქმულების თეორიები, თავისი ნევროზული რეაქციებით ახშობს შფოთვას და ცდილობს, ისეთი რეალობა დაინახოს, რომელშიც აღარ იშფოთებს, იმის ნაცვლად, რომ დავძლიოთ შფოთვა, გავხდეთ უფრო ძლიერი, ვიდრე ვიყავით და ამით მოვერიოთ პრობლემას. ჩვენ კი ვქმნით ყალბ რეალობას, რომელშიც ადვილია ცხოვრება და ასეთი ყალბი რეალობები არაერთი შეგვიქმნია პიროვნულ და საზოგადოებრივ დონეზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი