პოლიტიკა

რატომ იქმნება ახალგაზრდობისგან კასტა და რატომ მიეწერებათ მათ კომპეტენცია, რომელიც არ აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.06

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

რატომღაც, მიიჩნევა, რომ ყველაფერი ულაპარაკოდ ეკუთვნით ბავშვებს, ბოლო სიტყვაც და მომავალიც. მეტიც, ბავშვებად ჩვენთან სრულწლოვნებიც მოიაზრებიან (რითაც მათ ძალიან ცუდ სამსახურს უწევენ ასაკით უფროსები). არადა, ყველა თაობას: ჩვილებიდან დაწყებული და ღრმად მოხუცებით დამთავრებული, აქვს თავისი ფუნქცია და, რაც მთავარია, ყველა ადამიანსა და თითოეულს თავისი გასავლელი გზა აქვს და არავინ არავის ზვარაკად არ უნდა შეეწიროს – სიცოცხლეც ერთია და მიზნებიც სხვადასხვა. რატომ მიიჩნევა ახალგაზრდა ასაკი პრივილეგიად და ერთგვარ ინდულგენციად? – ამ თემაზე სოსო მანჯავიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.

– არის თუ არა მართებული თეზა, რომ ყველაფერი მომავალი თაობისაა და მათ უკეთ იციან, ასევე, ყველაფერი? ხოლო, თუ ეს ასეა, მაშინ ცოცხლად ამიტანონ სასაფლაოზე და მომაყარონ მიწა?

– ჩინელებს აქვთ ასეთი წყევლა: გეცხოვროს იმ ეპოქაში, როდესაც ახალგაზრდები მართავენო. არც ერთი ახალგაზრდა არ ყოფილა ხანში შესული, მაგრამ ყველა ხანში შესული იყო ახალგაზრდა. როდესაც ახალგაზრდებს, რომლებსაც არც ცოდნა აქვთ შესაბამისი, არც განათლება, არც გამოცდილება და არც კოგნიტიური შესაძლებლობები, იაზროვნონ ანალოგიებით, ყოველთვის მანიპულაციის სამიზნეა. ისინი ადვილად ექვემდებარებიან ემოციურ ტალღებს. ნაკლებად აქვთ იმის გამოცდილება, რომ ლოგოსი დააყენონ პათოსის წინ. ამიტომ შედეგად ვიღებთ ხოლმე უმართავ პროცესებს, აცდენილს რეალობასთან, რაც, საბოლოოდ კატასტროფებით სრულდება. ხშირია ასეთი შემთხვევები და, ზოგადად, ისტორია, ლოგოსის, პათოსისა და ეპოსის აღრევითაა სავსე. შედეგებიც ტრაგიკულია, როდესაც რაციონალური აზროვნება ჩანაცვლდება ემოციებით. ემოციებს მივყავართ იმისკენ, რისკენაც არაერთხელ მივსულვართ. რაც შეეხება იმ აბსურდულ გაწყობას, რომ ახალგაზრდებისგან უნდა შექმნან კულტი; რომ ახალგაზრდებს უნდა დავუჯეროთ, რასაც ახალგაზრდები ამბობენ, ისაა სწორი; ისინი ხელშეუხებლები არიან, იმიტომ რომ ბავშვები არიან, ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა, რომ ახალგაზრდებისგან შექმნან ერთგვარი კასტა. მათი ერთგვარად საკრალიზაცია მოახდინონ, რომ შემდეგ ითქვას, ვინც ამაზე დაობს, ბნელია, ებრძვის ახალგაზრდობას. ეს ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიაა. ჩვენ უამრავი ტექნოლოგია ვნახეთ და ახლა წამყვანი როლი ეკისრებათ ახალგაზრდებს. რატომ, მაინცდამაინც, ახალგაზრდებს?!

– თუმცა ძველგაზრდებიც ვერ იკვეხნიან ლოგოსის ზეობით.

– დიახ, მაგრამ ახლა ამ ახალგაზრდებს იყენებენ ბოდვითი ლოზუნგებით, რომ მიაღწიონ რყევას და შემდეგ მოახდინონ ფერადი რევოლუცია. ამას მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პარტიები, რომლებიც უხვად ფინანსდებიან ამერიკის საელჩოსგან.

– წინა გამოცდილებები რატომაა უგულებელყოფილი?

– როდესაც ადამიანი რაღაც ასაკს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, მას ავიწყდება, რომ თვითონაც გაივლის იმ გზას. ჩვენ, ყველანი, გავივლით ასაკობრივ ეტაპებს და სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე ადამიანს, მისი ჰორმონალური ფონის გათვალისწინებით, სხვადასხვა მენტალური განწყობა აქვს. რაც მეტია ჰორმონი, მით ნაკლები ადგილი აქვს ლოგიკურ განსჯასა და ჭვრეტის უნარს. ვყოფილვართ ამ მდგომარეობაში და გვახსოვს ყველას. ადამიანი ნახტომისებურ ცვლილებებს გადის: ერთია ბავშვის ცნობიერება, მეორე – მოზარდის, ახალგაზრდის მდგომარეობა სხვაა, ხანში შესულის – სხვა და მოხუცის – სხვა. კაცობრიობის ისტორიაც გვიდასტურებს და ჩვენი ტრადიციაც, რომ, როდესაც ჰორმონალური ფონი დაბალია, ბევრ ადამიანს მეტი სიბრძნის გამოვლენის საშუალება ეძლევა. გურული ანეკდოტია, კლიმაქსი რომ დაემართება, გურული იტყვის, ძლივს არ გავიარე ჩემს ჭკუაზეო?! ანეკდოტური ფორმით, მაგრამ ზუსტად ასახავს რეალობას. და კომიკურია, რომ თანამედროვე პოლიტტექნოლოგებმა ეს საკითხი სადავო გახადეს. ვინ მართავდა საზოგადოებებს?! უხუცესები, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა ცხოვრების განმავლობაში თავის საზოგადოებებს დაუმტკიცეს, რომ ჭკუა მოეკითხებოდათ. ახალგაზრდობიდან მოყოლებული გაიარეს ის გზა, რაც იმსახურებდა პატივისცემას. ჰქონდათ მოვლენების შეფასების უნარი, ამიტომ ჭკუას მხოლოდ მათ ეკითხებოდნენ და მხოლოდ შეშლილი თუ იტყოდა, წავიდეთ და 17 წლის ახალგაზრდას ვკითხოთ აზრიო. დღეს კი ამას ვაკეთებთ კოლექტიურად: გვეუბნებიან, ჭკუა უნდა ჰკითხოთ ამათ; როგორ, ბავშვებს ასე უნდათ და როგორ ეწინააღმდეგებით?! თან, ამ ბავშვებს ამ საკითხებზე არანაირი წარმოდგენა არ აქვთ. ამდენად, რატომ არიან გასაჯოხები, ვინც ამას აკეთებს?! ვინაიდან მანიპულატორებმა კარგად იციან, რომ ახალგაზრდებს წარმოდგენა არ აქვთ ამ საკითხებზე და არც უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა.

– ან რატომ უნდა ჰქონდეთ?

– მით უმეტეს, განათლების სისტემის მდგომარეობისა და მათი ლექტორების კატასტროფული კვალიფიკაციის გამო მათ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რაც ხდება. ისინი აჰყვნენ ტრენდს, ამ ტრენდების შექმნა კი ცალკე საკითხია. ჩვენ ვნახეთ, როგორ იქმნებოდა ტრენდები სოციალური ქსელის, მედიების მეშვეობით. გავიხსენოთ, რით დაიწყო ეს პროცესი ჩვენთან: ცივი წყლით სავსე ჭურჭელს თავზე ისხამდნენ და ვიღაცას იწვევდნენ. შემდეგ ის ვიღაც ისხამდა წყალს და სხვას იწვევდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა იშრომა ამისთვის, არადა მთელი ღონისძიებაა. უნდა აავსო წყლით ჭურჭელი, სადღაც დადგე, კამერა დააყენო, ტექსტი წარმოთქვა, თავზე დაისხა წყალი და გამოაქვეყნო „ფეისბუქში“. ეს იყო რაღაც ტრენდი და შენ არ უნდა გამოკლებოდი. თან, ეწერა, რომ ეს გამოწვევები ცივი წყლის დასხმით ეძღვნებოდა რაღაც ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლას. ვინც მაშინ ამას აკეთებდა, დღესაც იმავე ტრენდშია, იმიტომ რომ ეს ერთგვარი პროგრამირებაა.

– ისევე, როგორც ტესტები: ვინ იყავი წინა ცხოვრებაში და ყველა რომ მეფე და დედოფალი და ღმერთი იყო ფეხით მოსიარულე. ახლა ამას დაემატა, როგორ მხედავს ხელოვნური ინტელექტი მე ან რამე მოვლენას. რაში მაინტერესებს, როგორ მხედავს პროგრამა, რომელსაც ვიღაც ადამიანმა რაღაც მიზნით რაღაც პროგრამა ჩაუტვირთა?

– საქმეც ესაა და ეს ყველაფერი რაზეა აგებული? ადამიანის არაცნობიერ იმპულსებზე. ბევრჯერ მინახავს რეალურ ცხოვრებაში, როგორ იწონებენ თავს წინა ცხოვრებებით. ერთხელ საზოგადოებაში მოვხვდი, სადაც ზოგი მოციქული იყო წინა ცხოვრებაში, ზოგი დაპურებაზე იყო ნამყოფი, ზოგი ნაპოლეონი იყო და ზოგი კიდევ – მარია ანტუანეტა. ერთმა ვერ თქვა ვერაფერი, თორემ დანარჩენები ცნობილი პერსონაჟები იყვნენ და ეს აგებულია პატივმოყვარეობაზე. დავაკვირდეთ: მოქმედებაშია დანინგ-კრუგერის ეფექტი. რა არის დანინგ-კრუგერის ეფექტი? კოგნიტური ტენდენცია, როდესაც გაუნათლებელი, არაკვალიფიციური ადამიანები განიცდიან ილუზორულ უპირატესობას სხვების მიმართ. არასწორად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს და თავს მაღალ დონედ მიიჩნევენ. ეს ტენდენცია აიხსნება არაკვალიფიციური ადამიანების მეტაკოგნიტური უუნარობით, შეამჩნიონ და გამოასწორონ თავიანთი შეცდომები. ამის საპირისპიროდ ნამდვილ კომპეტენტურობას ხშირად თან ახლავს დაბალი თვითშეფასება, ვინაიდან კომპეტენტური ადამიანები შეცდომით ვარაუდობენ, რომ სხვებსაც აქვთ მათი მსგავსი შესაძლებლობები და მოვლენების წვდომის უნარი. დავამატებდი, რომ ამ კოგნიტური ტენდენციით შეპყრობილი ადამიანები ჯგუფდებიან და ერთმანეთს ილუზორული უპირატესობის გრძნობას უმყარებენ, ერთგვარი მდუმარე შეთანხმების საფუძველზე, კერძოდ, თვალი დახუჭონ რეალობაზე და ერთმანეთის ცრუ ილუზიები გაამყარონ. და ასეთ ჯგუფებს კოლექტიური ტყუილის საკომპენსაციოდ მტრის ხატი სჭირდებათ. აქედან მოდის ის ფანატიკური სიძულვილი, რომელსაც ისინი აფრქვევენ. მაშინ, როდესაც, სინამდვილეში, ეს მათ პირად ავადმყოფურ თვითშფასებას ეხება, სხვა ყველაფერი მეორეულია. ასეთი ადამიანები ქმნიან „ბაბლებს“, ერთგვარ მენტალურ მორევებს, რომელიც ამრუდებს რეალობას, მიდრეკილია დაუნაწევრებელი აგრესიისაკენ და თუ მან სტრუქტურირებული სახე მიიღო, კატასტროფულ შედეგებს ვიღებთ. სასაცილოა, მაგრამ ერთად შეყრილი დანინგ-კრუგერის ეფექტიანები საშიშნი არიან, რადგან, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, დიდი შეცდომაა ერთ გუნდად გაერთიანებული იდიოტების ძალის გაუთვალისწინებლობა. მათი თვითშეფასება, მათი პატივმოყვარეობაა მიბმული ამ დანინგ-კრუგერის ეფექტზე და სრულად არაადეკვატურები ხდებიან ხოლმე. ხომ გვახსოვს, როგორ გაიერთიანეს თავი ვაქსერებში, იყო კაი ტიპობა ფაიზერით, მოდერნათი: ვიცრებით ერთმანეთისთვის.

– ეს ჩემთვის აიცერი არ მესმოდა, რატომ უნდა ავიცრა ვიღაცისთვის?

– ეს ჩვეულებრივი მართვის ტექნოლოგიაა. ასე იტყუებენ ადამიანებს სექტებშიც და შემდეგ ფულს სცანცლავენ. ოღონდ ჩვენთან ეს გაცილებით საშიში პროცესია. მასობრივი ისტერიის ხასიათს იღებს და იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ოღონდ ამას ჰქონდა წინა ისტორია, ეს ადამიანები დააპროგრამეს და გავიხსენოთ ტრენდები მედიებსა და სოციალურ ქსელებში: „მეც დოქტორი ვაჟა ვარ, ავიცრათ ერთმანეთისთვის“, „შინ – ევროპისკენ“. არადა სად მიდიხარ, როგორ მიდიხარ?! ეს აბსურდული ტრენდები ადამიანებს ამორჩილებს უაზრო ლოზუნგებს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაა უაზრო ლოზუნგები გაერთიანებისკენ: „არა – რუსულ კანონს“. რა შუაშია რუსული კანონი? ან ევროპა რა შუაშია?! მით უმეტეს, რასაც ესენი ევროპაში გულისხმობენ, აცდენილია ყოველგვარ რეალობას. ვინც იქ დგას და ლოზუნგებს ისვრის, საინტერესოც არ არის, იმიტომ რომ გამორთული აქვთ ლოგოსი.

– დავუშვათ, გამოიყენეს ისინი, ავყევით ახალგაზრდების ხმას, დავიჯერეთ, რომ მათ ყველაფერი იციან და ჭკუა მოეკითხებათ და გავაკეთეთ, როგორც მათ უნდათ, მაგრამ, რამე რომ მოხდეს, ხომ ამ ახალგაზრდებს გაუშვებენ წინა ხაზზე. ყველანი გასაწვევი ასაკის არიან. პირადად მე, როდესაც ვეუბნები, ამას ნუ აკეთებთ-მეთქი, იმიტომ ვეუბნები, რომ ძმათა სასაფლაოსთვის არ მემეტებიან. ვერ ხვდებიან, რა შარი ელით?

– რა თქმა უნდა, ვერ ხვდებიან. აბსოლუტურად ცრუ კონსტრუქციები აქვთ ტვინში ჩანერგილი, სრულიად არაადეკვატური, ირაციონალური. ამაში კი დამნაშავეები არიან მათი აღმზრდელი ლექტორები და ვიცით, სადაც არიან აღზრდილები: ქართულ უნივერსიტეტებში, რომლებიც გადაქცეულია ლიბერალების საბალახო არეალებად. საერთოდაც, რა ხდება, განსაკუთრებით, სოციალურ მეცნიერებებში, კიდევ მეორე საკითხია, აბა, ტექნიკური მეცნიერებები ხომ აღარ არსებობს?! და მივიღეთ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა. ამათივე სიკეთისთვის, რომ ისინი აღმოჩნდებიან იქ, სადაც აღმოჩნდებიან, ცხადია, აუცილებელია მეტი სიხისტე, ყველანაირი ტექნოლოგიის გამოყენება, რომ მათმა მანიპულატორებმა ვერ მოახერხონ სახელმწიფოს დეზორგანიზება და ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლა, რაც გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფოს დასასრულს, უამრავი მსხვერპლით, ტერიტორიების დაკარგვით. რაღაც თუ გადარჩება, მაგრამ ასეთი ფორმით საქართველოს სახელმწიფო აღარ იარსებებს. უნდა გესმოდეს, როგორ არის აგებული ნებისმიერი სახელმწიფო, რომ წარმოიდგინო, რაც მოხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული