პოლიტიკა

რატომ იხდიდა უკრაინის სახელმწიფო ჯარისთვის სურსათის შესაძენად ექვსჯერ მეტს, ვიდრე ის სასურსათო პროდუქცია მაღაზიაში ღირდა

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 22.11, 2023 წელი

ლეონ ვაინშტაინი
დაკოპირებულია

ლეონ ვაინშტაინი ამერიკელი პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და რეჟისორია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, კერძოდ, ლოს-ანჯელესში. თუმცა სანქტ-პეტერბურგშია დაბადებული, საიდანაც 1974 წელს ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. პერიოდულად აქვეყნებს ვიდეობლოგებს, რომელთა მეშვეობით აანალიზებს ვითარებას აშშ-ის, ისრაელისა და ყოფილი საბჭოთა სივრცის შესახებ. გთავაზობთ ლეონ ვაინშტაინის ინფორმაციას, თუ რა უშლის ხელს უკრაინას გამარჯვებაში, რაც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის როგორც ჩვენ მიერ გადახდილ ომებთან პარალელის გავლებისთვის, ისე სამომავლოდ გასათვალისწინებელი გაკვეთილის მისაღებად. მით უფრო, რომ ვაინშტაინი ასახელებს კონკრეტულ გვარებსა და იარაღის მწარმოებლებს.

ლეონ ვაინშტაინი: „მე მესმის მათი, რომლებიც ამბობენ, დაველოდოთ ომის დასასრულს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაში ხდება, მაგრამ მე საპირისპირო მოსაზრება მაქვს. აუცილებელია, გამოაშკარავდნენ ისინი, რომლებიც ჰპარავენ უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღს, რითიც ასამმაგებენ მათი დაღუპვისა და დასახიჩრების ალბათობას. ამას გარდა, უკრაინის არმია პროდუქ-ტებს შეიძენს ექვსჯერ უფრო ძვირად, ვიდრე ის ღირს მაღაზიებში. იმასაც მეუბნებიან, ჯანდაბას, მოიპარონ ნახევარი, მაგრამ მეორე ნახევარი ხომ დაეხმარება უკრაინელებს, ეომონ რუსეთს?! ბატონებო, აშშ-ის კონგრესის ახალმა სპიკერმა ახლახან მკაფიოდ თქვა, რომ დაეხმარებიან უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აგვიხსნიან, სად გაქრა თანხა და შეიარაღება, რომელთა უკრაინისთვის მიწოდებაზე თანხმობა უკვე გასცა კონგრესმა. ლაპარაკი, არც მეტი, არც ნაკლები, 106 მილიარდ აშშ დოლარზე. ანუ, სანამ ახალი დაფინანსება დაიწყება, უნდა იქნეს წარდგენილი ანგარიში, თუ რაში დაიხარჯა უკვე გაცემული დახმარება. საამისოდ კი, არგუმენტი, რომ იმ დახმარებიდან მხოლოდ ნახევარია მოპარული, სუსტია. მე არ ვიცი, ქურდობაში მონაწილეობს თუ არა პრეზიდენტი და უკრაინის ყველა თანამდებობის პირი არის თუ არა ქურდი, მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება. თან, ომის შემდეგ ამ დანაშაულების გარჩევა არ გამოვა, ვინაიდან სწორედ ამ ქურდობის გამო უკრაინამ შესაძლოა, ეს ომი წააგოს.

ახლა კი გადავიდეთ კონკრეტულ მაგალითზე: მსოფლიოში ვაჭრობენ ყველაფრით, რასაც ჰყავს მუშტარი, იარაღის შესაძენად კი მზად არიან ქვეყნები და ბანდიტები, დაცვის სამსახურები და რევოლუციონერები. ამ სფეროში უამრავი ფული ტრიალებს. ისინი, რომლებსაც იარაღს არ მიჰყიდიან იარაღის მწარმოებლები, მოქმედებენ შუამავლების მეშვეობით. ასევე, არიან ჩინოვნიკები, რომლებიც გამოიწერენ მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღს, ხოლო მათი ხელფასი საკმაოდ დაბალია და, შესაბამისად, მათ ძალიან, ძალიან უნდათ, რომ თავადაც შეხვდეთ პატარა ნაჭერი ამ „ტორტიდან“. დილერები მზად არიან, კარგად გადაუხადონ ჩინოვნიკებს ასეთი შეკვეთებისთვის და ჩინოვნიკებიც, როგორც წესი, კმაყოფილდებიან გარიგების 2-3 პროცენტით. ამბობენ, რომ აფრიკაში 10 პროცენტს იღებენ გარიგებებიდან: შეუკვეთე 100 მილიონის იარაღი? რომელიღაც ოფშორულ ზონაში 10 მილიონ „ატკატს“ მიიღებ. ეს იყო „ატკატის“ ყველაზე მაღალი პროცენტი... უკრაინის ომამდე.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ეხება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ იარაღის შესყიდვას. გამოძიება იწყება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დღიდან. უკვე გამოქვეყნდა ერთ-ერთი შუამავლის დაკითხვის ოქმები, რომლის სახელსაც ჯერჯერობით არ ასახელებს „სი აი აი“ და პირობითად უწოდებს „შუამავალ ერთს“, რითიც ირიბად ადასტურებს, რომ მის გარდა კიდევ არიან შუამავლები, ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, ერთი მაინც.

„შუამავალმა ერთმა“ აშშ-ის სამართალდამცველ უწყებებს აცნობა (რაც დაიბეჭდა უკვე ამერიკულ პრესაში), რომ 1922 წლის სექტებერში დოქტორმა მაჰმედ კაგლირმა, თურქული კომპანია „რადარის“ ხელმძღვანელმა, შესთავაზა 20 000 „გრადის“ ტიპის რაკეტები და სთხოვა, მოლაპარაკებოდა ამის შესახებ უკრაინის მთავრობას. „შუამავალმა ერთმა“, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი კავშირები, ჩემი აზრით, მან იცოდა, ვისთვის უნდა გადაეხადა ფული და ის ვიღაც მისგან „ატკატს“ აიღებდა, ეს წინადადება გადასცა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს – დენის შარაპოვს. შარაპოვმა თავის თანაშემწე ვლადიმირ პიკუზოსთან ერთად გამოხატა ინტერესი და სთხოვეს ინფორმაცია რაკეტების ადგილმდებარეობის შესახებ, რომ ისინი ადგილზე ენახა თავდაცვის სამინისტროს ინსპექციის წარმომადგენლებს. ეს შეიარაღება საფრანგეთში, „ნატოს“ ბაზაზე იყო. ვლადიმირ პიკუზომ „შუამავალ ერთს“ გააცნო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი ალექსეი პრიმაკი, რომელიც შესამოწმებლად საფრანგეთში უნდა გაფრენილიყო და სწორედ მაშინ დაიწყო უცნაურობები.

პრიმაკი რატომღაც არ ჩაფრინდა საფრანგეთში და შეეცადა, დაეყოლიებინა მომწოდებელი, რომ რაკეტები სხვა ადგილას გადაეტანა. როდესაც გაირკვა, რომ ასეთივე რაკეტები ინახებოდა აზერბაიჯანის საწყობშიც, პიკუზომ შესთავაზა, რომ შემმოწმებელი ჩავიდოდა აზერბაიჯანში. ამის შემდეგ პიკუზომ უცნაური კითხვების დასმა დაიწყო: სად იყო კიდევ საწყობი, როგორია რაკეტების გამოტანის წესი. ეს შეკითხვები, როგორც წესი, არ ისმება იარაღით ვაჭრობისას მყიდველის მხრიდან. „რადარს“ საწყობი ჰქონდა იორდანიაშიც და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს აუწყა, რომ სწორედ იორდანიაში აპირებდნენ მთელი თავიანთი მარაგების გადატანას და იქ მიიღებდნენ უკრაინის წარმომადგენელსაც ინსპექციისთვის. პიკუზოს აცნობეს, როდის უნდა გაეტანათ რაკეტები. აზერბაიჯანში 20 000 რაკეტა იდო, თურქებმა ჩატვირთეს 10 000 რაკეტა გემზე და წაიღეს იორდანიაში. ნეიტრალურ წყლებში გემი რუსმა სამხედროებმა გააჩერეს. მოითხოვეს დოკუმენტაცია და გაიკვირვეს, რატომ იყო 10 000, რადგან 20 000 უნდა ყოფილიყო და მოითხოვა გემის რუსეთის პორტში გადაყვანა. საქმეში იორდანიის მეფე ჩაერია და გემი გაუშვეს. როდესაც რაკეტები იორდანიის საწყობში მიიტანეს, „რადარმა“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შესთავაზა, ჩასულიყვნენ იორდანიაში და იქ შეემოწმებინათ რაკეტები. თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა იორდანიაში ჩასვლაზე. მაშინ „რადარმა“ შესთავაზა რაკეტების მიტანა 20 000-ის იორდანიის საწყობიდან, 20 000-ის – საფრანგეთის საწყობიდან, უკრაინის საზღვართან, სადაც უკრაინელი სპეციალისტები შეამოწმებდნენ. რაკეტები სასწრაფოდ სჭირდებოდა ფრონტს და ამაზე უკეთესი პირობების შეთავაზება წარმოუდგენელი იყო, თუმცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა შეიარაღების ინსპექტირებაზე საკუთარი ქვეყნის საზღვართან. შუამავალი და „რადარის“ ხელმძღვანელობა გაოგნებული იყვნენ, ბევრჯერ დაურეკეს თავდაცვის სამინისტროს, რომლებიც ვერ უხსნიდნენ უარის მიზეზს. ეს მეომარი ქვეყნის ძალიან უცნაური პოზიცია იყო, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ უკრაინა სწორედ ასეთ რაკეტებს ეძებდა და ადრე გაცილებით ძვირად ყიდულობდა. შუამავალმა თქვა, რომ არ იცის, რა ბედი ეწია იმ რაკეტებს, მაგრამ იცის, რომ თურქებმა მიიღეს შეკვეთა არაბებისგან და დარწმუნებულია, რომ ეს ის რაკეტებია, რომლებსაც ახლა „ჰამასი“ ისრაელს ესვრის.

ეს ისტორია უცნობ ისტორიად დარჩებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა: ამ ამბიდან ცოტა ხანში „შუამავალ ერთს“ კომპანია „პროფუს მენეჯმენტის“ ხელმძღვანელი დაუკავშირდა და მისი მეშვეობით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგებული „ჰაუბიცები“ და ამუნიცია შესთავაზა. შეთავაზება გადაეცა ჩვენთვის ნაცნობ შარაპოვს. ერთი კვირის შემდეგ შუამავალს უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ არ აქვთ ფული, იმავდროულად, საწყობში, სადაც ზემონახსენები შეიარაღება ელაგა, მივიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წარუდგნენ, როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, შესაბამისი დოკუმენტაციით, მაგრამ, როგორც ახლა გაირკვა, ის ადამიანები არ ირიცხებიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროში. ანუ მათ ჰქონდათ ყალბი საბუთები. ყალბმა წარმომადგენლებმა უკრაინის სახელით მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, თანხა გადაიხადეს უკრაინის სამინისტროს ანგარიშიდან და შესყიდული შეიარაღება საწყობიდან გამოიტანეს. ერთი შეხედვთ, თითქოს შუამავალი მოიშორეს, მაგრამ ყველაფერი, რაც იმ ბაზიდან გაიტანეს, გაიგზავნა არა უკრაინაში, არამედ ინდოეთში. გამოდის, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მომწოდებელს გადაუხადა თანხა, მაგრამ შეიარაღება არ მიუღია, ვიღაცამ გადაყიდა და სხვაობა ჯიბეში ჩაიდო. ცხადია, ამ კომბინაციის საფრანგეთიდან ან იორდანიიდან ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან – იოლი და შეეძლოთ, სადაც უნდოდათ, წაეღოთ. „შუამავალ ერთის“ თქმით, ეს შეიარაღება წავიდა ინდოეთში, შემდეგ კი რუსეთში გადამისამართდა.

კიდევ ერთი ინფორმაცია შუამავლისგან: შარაპოვი არასდროს იყენებდა თავის ტელეფონს, ის იყენებდა თავისი თანაშემწეების ტელეფონებს ან, უბრალოდ, მათ ეუბნებოდა, რა უნდა ეთქვათ და ისინიც მისი სახელით მართავდნენ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებებს შარაპოვის სახელით, ასევე, მართავდა მისი ბერლინში მცხოვრები მეგობარი, ვინმე კონსტანტინ კარიმოვი, რომელსაც ეს ფუნქცია ჩამოართვეს, ვინაიდან, შარაპოვის უფროსის თქმით, როგორც შუამავალი ამბობს, კარიმოვმა ბევრი იცოდა და როდესაც სვამდა, ბევრს ლაყბობდა.

ესე იგი, რა გამოდის? ერთ არაკეთილსინდისიერ ჩინოვნიკს შეეძლო, გაეწირა ათასობით უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ბრძოლის ველზე; გაეწირა ათასობით ბავშვი და ქალი ბომბებისთვის, ანუ, ფაქტობრივად, მათ დაღუპვაზეა პასუხისმგებელი და ამას აკეთებდა ყველასგან მალულად და დამოუკიდებლად?!

ვის უნდა გაეკონტროლებინა შარაპოვი? ბუნებრივია, მას, ვინც ის იმ თანამდებობაზე დანიშნა: შარაპოვი იყო შეიარაღების შესყიდვების განყოფილების უფროსი და ამ თანამდებობაზე ის დანიშნა ერმაკმა, ფაქტობრივად, უკრაინის მმართველმა. პიკუზო დანიშნა თავდაცვის მინისტრმა რეზნიკმა, რომელიც უკვე მოხსნეს თანამდებობიდან. ამ ორივეს კი აკონტროლებდა სანდულსკი – კრიმინალურ წრეებში ცნობილი, როგორც „სანდალი“, ის უკვე არახამიას კაცია. ესე იგი, შარაპოვს აღებული ფული უნდა გაეყო პრეზიდენტის ოფისისთვის და სანდულსკისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა გაეყო არახამიასთვის. სანდულსკი და შარაპოვი მოხსნეს. ზის სანდულსკი ციხეში? ჯერჯერობით – არა, სანდულსკის ადგილას დაინიშნა სხვა პირი, საბრძოლო ოფიცერი, რომელიც როგორ მოიქცევა, ჯერ არავინ იცის“.

მოამზადა ნინო ხაჩიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა