პოლიტიკა

რატომ ჰპირდებოდნენ საქართველოსა და უკრაინას „ნატოში“ გაწევრიანებას, როდესაც არ აპირებდნენ არც ერთის „ნატოში“ მიღებას

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:30

პეტრე მამრაძე
დაკოპირებულია

დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა კელოგმა წინა კვირას განაცხადა, რომ მზად არიან, განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის „ნატოში“ არშესვლის საკითხი. ბუნებრივია, სხვა თემაა, მართლაც განიხილავენ ამ საკითხს თუ ისევ გაწევრიანებაზე ილაპარაკებენ, მაგრამ, მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირებით, უკვე აშკარაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაც და „ნატოში“ გაწევრიანების დაპირებებიც ერთგვარი წითელი ნაჭერი იყო რუსეთის წინ აფრიალებული. გამოდის, რომ, როდესაც დასავლეთის ინტერესებს დასჭირდება, განიხილავენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ნატოში“ მიღებას, დასჭირდებათ – აღარ განიხილავენ, შიგადაშიგ კი მიგაქსევენ რუსეთს, რათა ის სხვისი, უფრო სუსტების ხელით დაასუსტონ, იმიტომ რომ ასე მოითხოვს მათი ინტერესები. პეტრე მამრაძესთან ერთად განვიხილავთ გეოპოლიტიკურ სქემებს, რომლებიც რეალურად იმალება დასავლეთისა თუ რუსეთის ნებისმიერი დაპირებისა და დაპირისპირების მიღმა.

– იქნებ გადმოვუთარგმნოთ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებისთვისაც ევროპაა შინ, სინამდვილეში რას ნიშნავს ხოლმე ოფიციალური განცხადებები, ანუ გეოპოლიტიკის ანბანი გავაგებინოთ.

– რეალობა ასეთია და ეს ბევრჯერ ითქვა დასავლეთის ლიდერების მიერ. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი სისხლიანი სამხედრო-პოლიტიკური ავანტურის შემდეგ, რაც ჩაიდინეს სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ბიძამისს, რუსეთის „კა გე ბეს“ გენერლად წოდებულ თემურ ალასანიას, თავად სააკაშვილი „კა გე ბეს“ ეფრეიტორია და არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც ოფიციალურად არსად აქვეყნებენ, მაგრამ ხშირად ლაპარაკობდნენ, რომ მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსეთის ბაზები და რუსეთი აღიარებს საქართველოს ამ ძირძველ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, საერთოდ არც განიხილება და თავში არავის მოსდის საქართველოს გაწევრიანება არც „ნატოში“ და არც ევროკავშირში. ეს გამორიცხულია. შესაბამისად, მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, სააკაშვილის პერიოდს აღვნიშნავ, ეს იყო ერთგვარი სტაფილო, რომელსაც კიდებენ ვირის ცხვირწინ, რომ ვირმა მუდმივად იაროს. თან, სააკაშვილის დროს ამ სტაფილოს ყველაზე აქტიური ჩამომკიდებელი იყო თვითონ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, რომ აი, ჩვენ უსათუოდ შევალთ „ნატოში“, მაფზე მეტი მივიღეთ და ასე შემდეგ.

- მაგრამ არც ნატოელები აკლებდნენ ხელს ჩვენს შეგულიანებას: მეტი „ნატო“ საქართველოში, მეტი საქართველო „ნატოში“ და ასე შემდეგ.

– დიახ, იმის პასუხად, რომ საქართველო ასე კარგად იქცევა, მოგვცეს ასპირანტი პლუსი, ასპირანტი ორი პლუსი, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა. სხვათა შორის, სააკაშვილს ვერ წავართმევთ, რომ მან ძალიან ცნობილ კორესპონდენტთან თქვა, რომ, როგორც ჩანს, პუტინმა ყველაფერი ძალიან სწორად გააკეთა და საქართველოს აღარასდროს მიიღებენ „ნატოში“. ამ ინტერვიუს შემდეგ ატყდა სკანდალი. ბოკერია ამტკიცებდა, რომ ეს არასწორი თარგმანია და შემდეგ იმ კორესპონდენტმა სრული ტექსტი გამოაქვეყნა. მსგავსი ძალიან ბევრი ციტატაა ობამასი, მერკელის... ერთ-ერთი ბოლო იყო იან კელის, საქართველოში აშშ-ის ელჩის, განცხადება. როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, „ოცნების“ დროს ხდებოდა ეს ამბავი, აკი პარამეტრებით საქართველო ბევრად აღემატება „ნატოს“ კანდიდატ ქვეყნებს, ვისაც მაფი აქვს, მაგრამ მაფსაც რატომ ვერ ვიღებთო, მან თქვა: ყველას გვახსოვს, რა მოხდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც საქართველოსა და უკრაინას დაჰპირდნენ „ნატოს“ წევრობას და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს განმეორდეს. დიპლომატს ომი არ უხსენებია, მაგრამ ეს დიპლომატური ენაა. ჯეიმს აპატურაიმაც ილაპარაკა ამის შესახებ; ობამამ 2014 წელს დაუფარავად თქვა, რომ არც საქართველო და არც უკრაინა საერთოდ არ დგანან იმ გზაზე, რომელსაც შეუძლია, რომ ეს ქვეყნები „ნატოში“ მიიყვანოს. ისევ სკანდალი ატყდა, ისევ თარგმანს აბრალებდნენ. ასე რომ, ეს იყო პიარის საგანი რომელსაც არანაირი შინაარსი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ იარეთ, იარეთ და ჩვენ კი შეგაქებთ და სტატუსებს მოგცემთ, ოღონდ, ცხადია, წევრობას არა. სხვათა შორის, საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარდა „ნატოს“ წვრთნები, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. მაგრამ, მოხდა საინტერესო, მას შემდეგ, რაც ჩერნოგორია, მონტენეგრო შეიყვანეს „ნატოში“, დასავლეთში პატიოსანი ექსპერტები წერდნენ, რომ მონტენეგროში ფეხქვეშ თელავენ „ნატოს“ ყველა პრინციპს, არის კორუფცია, მაგრამ იღებენ „ნატოში“, ხოლო საქართველოს, სანიმუშო ქვეყანას, მაპსაც კი არ ვაძლევთო. როდესაც სტოლტენბერგმა თქვა, რომ მონტენეგროა თქვენთვის მაგალითიო, აქედან „ოცნების“ ხელისუფლებამ უპასუხა, ჩვენ დავალებები შევასრულეთ, ახლა ბურთი „ნატოს“ მხარესაა და ამის შემდეგ „ნატოს“ არც ერთ სამიტზე დღის წესრიგში არ დამდგარა საქართველოს საკითხი. უკვე მარაზმამდე მივიდა ეს გაუთავებელი ლაპარაკი და დაპირებები.

მაგრამ ხაზს ვუსვამ: სააკაშვილის ხელისუფლების დროს, უპირველესად, საქართველოს ხელისუფლება იყო ამ ბლეფში დამნაშავე. ეს ეხება ორივე მიმართულებას: „ნატოსაც“ და ევროკავშირსაც. ევროკავშირი არც კი განიხილავს იმ ქვეყნის წევრობას, რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და თან, იმ დონეზე, რომ იქ რუსული ბაზები დგას. მეტსაც ვიტყვი, ეს ბაზები რომ გაქრეს, მაშინ დღის წესრიგში დადგება საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია.

– სამ მეზობელთან, თურქეთის გარდა, არც ერთ ქვეყანასთან არ გვაქვს დადგენილი საზღვარი.

– დიახ. ასე რომ, ეს იყო დიდი ბლეფი და ამ ფონზე, როდესაც „ოცნებამ“ გარდამავალ დებულებაში ჩაწერა 78-ე პუნქტი, რა თქმა უნდა, შეცდომაა.

– „ოცნება“ ასე იმართლებს თავს, პროცედურულად აუცილებელი იყო, ვალდებულება გვქონდა წინა ხელისუფლებისგანო. ასეა?

– არავინ ითხოვდა. მე მახსოვს, რომ ეს „ოცნების“ ინიციატივა იყო. „ოცნების“ მაშინდელ შემადგენლობაში სუფევდა განწყობა, ვაიმე, კიდევ დაგვაბრალებენ, რომ პრორუსულები ვართ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გაცილებით პროდასავლურები ვართო. როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულებას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი შესვლა ევროკავშირში და რომ ეს მხოლოდ დროის საქმე იყო, რაც არ იყო სწორი. მოკლედ, ეს იყო მკვდარი საკითხი, რომელსაც ჰქონდა წმინდა პოლიტიკური პიარის მნიშვნელობა და კარგია, რომ დღეს ასე აღარ არის.

– თუმცა იან კელიმ თქვა, გვახსოვს რა მოხდა 2008 წელსო, 2014 წლიდან უკრაინაში უფრო დიდი მასშტაბით გამეორდა ის, რაც იან კელის ახსოვდა.

– რა თქმა უნდა და ნახეთ, რა საინტერესოა: უკრაინის ხელისუფლება არც მაშინ, 2014 წელს, როდესაც მაიდნის შემდეგ იანუკოვიჩი გაიქცა და პოროშენკო მოვიდა ხელისუფლებაში და არც შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ზელენსკი, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ, რუსეთის კონსტიტუცია შეიცვალა და ჩაიწერა, რომ ყირიმი არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია, უკრაინამ არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და დსთ-შიც იგივე სტატუსი შეინარჩუნა. თუმცა, აქ ცოტა რთულადაა საქმე, უკრაინა ფორმალურად არც ყოფილა დსთ-ის წევრი, ოღონდ, რეალურად თავმჯდომარეობდა კიდეც და ურთიერთობა იყო. უფრო მეტიც, უკრაინამ შეინარჩუნა ღია საზღვრის რეჟიმი რუსეთთან, სანამ ომი არ დაიწყო. 2014 წლიდან მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები დონბასში, მაშინაც კი ღია საზღვრის პოლიტიკა ნარჩუნდებოდა და ექსპერტები ხუმრობდნენ, რომ უკრაინას უფლებაც კი არ აქვს, თქვას, რომ რუსი ჯარისკაცი უკანონოდ იმყოფება, იმიტომ რომ საზღვარი ღია იყო. და აი, ამ ფონზე ჩვენ გვსაყვედურობდნენ უკრაინის ელჩები და დიპლომატები და შემდეგ სხვებიც, რატომ ჩამოიყვანეთ გავრილოვიო...

ასე რომ, კელოგმა შეიძლება, დღეს ერთი თქვას, ტრამპმა შეიძლება, მეორე დღეს სრულიად სხვა რამ თქვას, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიცით, რაც ტრამპია პრეზიდენტი, ის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, იმდენს, რომ ვერც დაითვლი. ერთ დღეს ერთს ამბობს კატეგორიულად, მეორე დღეს იმავე კატეგორიულობით ზუსტად საპირისპიროს ამბობს და ასე შემდეგ, ტარიფები იქნება ეს, გრენლანდიის სამხედრო ძალით მიერთება თუ კანადისადმი მუქარა. ამდენად, ეს სტილი არსებობს, მაგრამ რეალობა რჩება უცვლელი.

– საინტერესოა მოლდოვის საკითხიც. აქტიურად მსჯელობს ევროკავშირი მოლდოვის მიღებაზე, მაგრამ კიშინიოვს პრობლემა აქვს დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ ავტონომიასთან და გაგაუზიის ავტონომიასთან.

– მოლდოვაში სულ სხვა სიტუაციაა ამასთან ერთად. მოლდოვა არ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას და ესაზღვრება რუმინეთს, რომელიც, ჯერ ერთი, „ნატოს“ წევრია და მეორე – მოლდოვა ეთნიკურად და ენის მხრივ, იდენტურია რუმინეთის მოსახლეობის. ბოლო წლებში მოლდოვის რუმინეთში პოლიტიკური ინტეგრაცია არის ძალიან მაღალი. მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი სხდომები ტარდება. თუმცა მოლდოვა რჩება ეკონომიკურად ძალიან ჩამორჩენილ ქვეყნად და იქ კორუფციის დონეც საკმაოდ მაღალია.

– რუმინეთიც ჩამორჩენილია.

– დიახ, როგორც მახსოვს, რუმინეთის კორუფციის დონეც ისეთივეა და ბევრად უარესი საქართველოზე. მაგრამ „ნატოს“ წევრი ქვეყანაა და ამიტომ იქ შეიძლება, სულ სხვა რაღაცების გადაწყვეტა. სხვათა შორის, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნებში მხოლოდ იმით გაიმარჯვა, რომ ხმა მისცეს მოლდოვის გარედან, რუმინეთიდან და მოლდოვის მოქალაქეების დიდი ნაწილი სწორედ რუმინეთში ცხოვრობს. სრულიად განსხვავებული განწყობაა მოლდოვასა და მოლდოვის გარეთ მცხოვრებ მოლდოვის მოქალაქეებს შორის. ამდენად, იქ შეიძლება, გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტა და საზღვარს გააკონტროლებენ „ნატოს“ ჯარები, ანუ რუმინელები.

– დნესტრისპირეთს დატოვებენ თუ კონფლიქტი გარდაუვალია?

– დნესტრისპირეთს შეიძლება, რაღაც გარდამავალი სტატუსი მიანიჭონ, დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მაგრამ, მთავარია, რომ დე-ფაქტო საზღვარი გაკონტროლდება.

– დნესტრისპირეთთან დე-ფაქტო საზღვარი.

– დიახ და ნახეთ, როგორ არის: როდესაც ვიღაც პროვოკატორებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ, ხომ შეიძლება, „ნატოში“ მიიღონ საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე, თბილისში „ნატოს“ ცენტრის დირექტორს ჰკითხეს აზრი. მან თქვა, ამაზე ლაპარაკობენ თქვენი პოლიტიკოსები, ეს ჩვენი აზრი არ არისო. საქართველოში დგას რუსის ჯარი და მათ შეუძლიათ, 40 წუთში აღმოჩნდნენ თბილისში. ამდენად, მოლდოვაში სრულიად განსხვავებული სურათია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა