პოლიტიკა

რატომ ჰყავს საქართველოს თავისი რიცხოვნობისა და სოციალური მდგომარეობის შეუსაბამო, გაცილებით მეტი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 10.05, 2023 წელი

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვე, ეგრეთ წოდებული, ტრენდია განსხვავებული აღმსარებლობა, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და მისთანანი, ხოლო ჩამორჩენილობაა რელიგიურობა, ტრადიციების პატივისცემა, პირჯვრის გადაწერა და მისთანანი, ამიტომაც, თურმე, დასავლეთი ასეთ „ჩამორჩენილებს“ პარტნიორად არ გვაღიარებს. მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი სპორტსმენების მაგალითი სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს და ფსევდოლიბერალების მიერ თავსმოხვეულ სტერეოტიპებს ანგრევს; მეტიც, საპირისპირო სტერეოტიპს ამკვიდრებენ. ანუ აღმოჩნდა, რომ არც პატრიარქთან მისვლა, არც პირჯვრის სახალხოდ გადაწერა და არც ოჯახის, როგორც შენი წარმატების მთავარი საყრდენის აღიარება, არანაირი წინაღობა არ არის. ამ თემას სოსო მანჯავიძესთან ერთად განვიხილავთ.

– უცებ აღმოჩნდა, რომ ძალიან კონსერვატიული ახალგაზრდაც კი შეიძლება, გახდეს ძალიან წარმატებული დასავლეთში, რაც, ვფიქრობ, დიდი დარტყმაა ჩვენებური ულტრალიბერალური სეგმენტისთვის. ეს წარმატებული ახალგაზრდები მაშველი რგოლივით ხომ არ გადმოგვიგდო ღმერთმა?

– საერთოდ, ღმერთი ყოველთვის უგდებს მაშველ რგოლს ადამიანებს. უბრალოდ, ადამიანები არ სარგებლობენ ამ მაშველი რგოლებით. რომ განვიხილოთ მაგალითები: ნუცა ბუზალაძის, ლაშა ტალახაძის, ჩვენი რაგბისტების, კალათბურთელების, წყალბურთელების... ჰოკეისტებიც კი დაწინაურდნენ.

– მოჭიდავეების, თავისთავად, მოჭადრაკე ქალების.

– დიახ და უამრავი სხვა მაგალითი, გვაჩვენებს, რომ ჩვენს რიცხოვნობასთან, სოციალურ მდგომარეობასთან და გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან შედარებით არაპროპორციულად ბევრი ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანი გვყავს. და ეს ყოველთვის ასე იყო. იმავე საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ვართ ერთადერთი მცირერიცხოვანი ერი, რომელსაც ჰქონდა მაღალი დონის კინო, ზოგადად – ხელოვნება; სპორტული მიღწევებით კი, რომ გადავიანგარიშოთ, მსოფლიოსა და ევროპის რამდენი ჩემპიონი გვყავდა, აბსოლუტური რეკორდსმენები ვართ. ეს ყველაფერი ეფუძნებოდა და დღესაც ეფუძნება ქართველი ხალხის ისტორიულ ტრადიციას, იქნება ეს რელიგიური, კულტურული, ოჯახური; ენა, ქცევის წესები, მრავალხმიანობა, სამზარეულო, ჩაცმულობა, ცეკვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ქართველი ადამიანის ფენომენს. ეს უნიკალური კულტურაა და ადამიანი, ნამდვილ წარმატებას რომ მიაღწიოს, სწორედ თავის კულტურაში უნდა გაიზარდოს, თავისი კულტურის ფესვებიდან უნდა ამოიზარდოს, იქ მიიღოს განათლება; იქაური ღირებულებითი მატრიცის შესაბამისი გახდეს, რომ განვითარდეს ინდივიდუალურად, რაც შემდეგ მთელ საზოგადოებაზე ახდენს დადებით გავლენას და იწვევს უამრავ დადებით ეფექტს. სწორედ ეს ხდება ახლა. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ისევ ემანირებს ასეთი ადამიანებით, რაც იწვევს საზოგადოების ნაწილის აგრესიას.

– ჩემთვის ისეთი აუხსნელია მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება... ვთქვათ, შენ არ მოგწონს რომელიმე, მაგრამ, ხომ, თავად ფაქტი უნდა გიხაროდეს, რადგან ქართველია და რა მნიშვნელობა აქვს, პირჯვარს გადაიწერს თუ არა, საპატრიარქოში მივა თუ სვეტიცხოველში?

– საერთოდ, ჭინკებს პირჯვრის გადაწერაზე რომ ალერგია სჭირთ, ეს აღწერილია დემონოლოგიის სხვადასხვა სახელმძღვანელოში. და, სხვათა შორის, ზუსტად ემთხვევა იმ წიგნებში აღწერილი ჭინკების რეაქციები ჩვენი ლიბერალების რეაქციებს პირჯვრის გადაწერაზე: აკანკალებთ, იგესლებიან, იგინებიან, იფურთხებიან, რაც ჭინკებისთვის დამახასიათებელი ქცევაა. რა არის პირჯვრის გადაწერა? ადამიანი, ერთი მხრივ, თავის შინაგან სამყაროს უკავშირდება და შინაგანად მიმართავს ღმერთს და, მეორე მხრივ, იცავს თავს ალქაჯებისა და კუდიანებისგან. ეს ნახევრად ხუმრობით ვთქვი, ახლა კი განვიხილოთ, ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ახარებთ ქართველი სპორტსმენისა თუ მომღერლის წარმატება?! ეს არის გარკვეული გლობალისტური ძალების მიერ დაფინანსებული სეგმენტი, რომელთა ძირითადი ამოცანაა, ებრძოლონ ტრადიციულ საზოგადოებებს; მოშალონ სახელმწიფო, როგორც ადამიანების ორგანიზაციის ფორმა და ის კორპორატოგრატიის მიერ შემოთავაზებული მოდელით ჩაანაცვლონ, ეს ანტიუტოპიაა, რაც გამოიწვვს უამრავ ომს, უკონტროლობას, ისეთი ადამიანების გაჩენას, რომელთაც ტრადიციასთან არანაირი შეხება არ ექნებათ, ანუ ზომბების თაობების გაჩენას შეუწყობს ხელს, რაც, ასევე, გულისხმობს მსხვერპლშეწირვას – გრანდიოზულ სისხლის ღვრას მთელ პლანეტაზე, რისკენაც ესენი მიისწრაფვიან გაუცნობიერებლად, მაგრამ ძალას, რომელიც მათ უკან დგას, კარგად აქვთ გაცნობიერებული, რისკენაც მიდიან და მართავენ კიდეც პროცესს.

– თუმცა დაზომბება უკვე აშკარაა. სხვა ქვეყნებში როგორაა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან მე ვეღარ ვცნობ ადამიანებს. ისე უცნაურად იქცევიან და ლაპარაკობენ. არც ესმით, რას ეუბნები, ყველაფერზე ერთსა და იმავეს გპასუხობენ.

– დიახ, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ლოგიკაზე აღარ რეაგირებენ და როდესაც ადამიანი თავის ქმედებაში უარს ამბობს ლოგიკურ აზროვნებაზე, ეს, როგორც წესი, ძალიან ცუდად მთავრდება. ეს საკითხი ყოფით განზომილებაში გადმოვიტანოთ: რას გამოიწვევს მოძრაობის წესების დარღვევა, ანუ მოძრაობის ლოგიკის მოშლა?

– ავარიებს.

– რა თქმა უნდა. არადა, ყოფითი განზომილება ჩვენი ყოფიერების ერთ-ერთი სეგმენტია. გლობალურ განზომილებაში (მენტალურ, ემოციურ, პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ) ლოგიკაზე უარის თქმა კი გამოიწვევს პლანეტურ ავარიას, აი, ამას ვუწოდებ მე მსხვერპლშეწირვას და, სამწუხაროდ, ამისკენ მიექანება კაცობრიობა. და რაც მეტი იქნება წინააღმდეგობა და რაც მეტი ადამიანი გააცნობიერებს პროცესის შინაარსს, მით უფრო ნაკლებად დამანგრეველი იქნება ამ პლანეტური ავარიის შედეგი ამა თუ იმ სოციუმში. ანუ ადამიანს ყოველთვის აქვს მომავლის შეცვლის პოტენციალი, თუ ის მოქმედებს გააზრებული აუცილებლობითა და თავისუფალი ნებით; ერთი ადამიანიც კი, ვინც ასეთ ძალისხმევას გაიღებს, ბევრი ადამიანის მშველელია. გავიხსენოთ იგივე სერაფიმ საროველის ცნობილი გამონათქვამი: ცხონდი თავად და ათასები ცხონდებიან შენ გარშემო.

– ადამიანების დაზომბების მიზანი გასაგებია – იოლდება ადამიანების დიდი მასების მართვა. ღმერთსაც რომ თავი დავანებოთ. ვთქვათ, ათეისტი ხარ და ფიქრობ, რომ პირველმა აფეთქებამ შემთხვევით შექმნა სიცოცხლე, რა აძლევთ იმის საფუძველს, რომ აჯობებენ სამყაროს კანონზომიერებას?

– საქმეც ესაა: ეს ადამიანები კანონზომიერების მიღმა ვერ ხედავენ გონს, ცნობიერებასა და ნებას. სინამდვილეში ეს აზროვნების შეზღუდულობის ბრალია. კაცობრიობის ნაწილმა თავისი არსებობის ამ ეტაპზე დაკარგა სამყაროს იერარქიულობის განცდა. მათ ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით შეიქმნა და ამ გამოვლინებების მიღმა არაფერი დგას, გარდა ბუნების კანონებისა. შესაბამისად, თუ ასე აღიქვამს ადამიანი სამყაროს, ამაზე დოსტოევსკი ამბობს: თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია. მაგრამ სინამდვილეში ხდება ის, რომ ისინი ექცევიან ქვენა პროგრამების ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც იწვევს ადამიანის ერთიანი არსის გახლეჩვას, დანაწევრებას, რის გამოვლინებაცაა კლიპური აზროვნება – ლოგიკაზე უარის თქმა. სხვათა შორის, მოხტუნავე ჭინკები არსებობენ ემოციებით და მართლაც, ჩვენ ვხედავთ, როგორ დახტიან ადამიანები ერთი აზრიდან მეორეზე და არსად ეძებენ ლოგიკას, სინდისს,ზნეობრივ მდგენელს. ეს არის მათი სულიერი მდგომარეობა და ამიტომ ვერ აღიქვამენ კანონზომიერებებს ან აღიქვამენ, როგორც უბრალოდ მოცემულობას, რის უკანაც არაფერი დგას: რაღაც აფეთქდა, მერე მუტაცია განიცადა, მერე შემთხვევით წარმოიქმნა უჯრედი, იმ უჯრედიდან განვითარდა კიდევ რაღაც და მივიღეთ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია. როდესაც ადამიანი ასეთ რამეს იჯერებს, ეს მისი სულიერი მდგომარეობის გამოხატულებაა. ლიბერალიზმი არ არის არჩევანი. ესაა ცნობიერებისა და სულის დაბინდული მდგომარეობა, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, აღიქვას სამყაროს იერარქიულობა, მისი მასშტაბები და ის, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ ამ სამყაროში. რაც მთავარია, თითქოს ამოცლილი აქვთ თვითრეფლექსიის, თვითჭვრეტის, ანუ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები. იმიტომაცაა, რომ ინსტინქტურად ესხმიან თავს ყველაფერ იმას, რაც ღირებულია. ხოლო, მეორე მხრივ, რაც ღირებულია, მომდინარეობს ადამიანის ინტუიციური, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, განცდისგან. ადამიანი, აცნობიერებს თუ ვერა, სწორედ ინტუიციური გაცნობიერების ფესვებს ეყრდნობა. აქედან გამომდინარეა მათი აგრესია და, მათ შორის, პირჯვრის გადაწერისადმი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინტუიციურად მორწმუნეა, მაგრამ, სამწუხაროდ, თავიანთი პირველსაწყისი დაბინდული აქვთ და სწორედ ამიტომ შურს იძიებენ მათგან განსხვავებულებზე, ამიტომ არიან აგრესიულები. ადამიანი თუ მოწყვეტილია ღვთაებრივ საწყისს, ის ყოველთვის აგრესიულია, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში საზრისს კარგავს ყველანაირი არსებობა.

– და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ის თაობები, რომლებიც აღწევენ წარმატებას საკმაოდ მძიმე პირობებში გაიზარდნენ.

– არც ახლაა კარგი პირობები.

– 90-ანები გაუსაძლისი იყო.

– რომ გავაცნობიეროთ ჩვენი ხალხის ნიჭიერება, ავიღოთ, იმავე რაგბის მაგალითი. რამდენი რაგბისტიც ჩვენთან ვარჯიშობს, ინგლისში იმდენი მხოლოდ მწვრთნელი ჰყავთ. ამას გარდა, წარმოუდგენლად დიდია მიგრაცია, ნარკომანია, აღარაფერს ვამბობ სურსათის ხარისხზე, მედიკამენტების ხარისხზე. ანუ უამრავი მიზეზია საიმისოდ, რომ ის შედეგები, რაც გვაქვს, არ უნდა გვქონდეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, თუმცა რაგბი ჩვენთვის ტრადიციული სპორტია, მის აღორძინებაში დიდი წვლილი შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა. შეიძლება, პოლიტიკურად არ მოგწონდეს, მაგრამ იმის დავიწყება, რაც გააკეთა, არ არის კარგი, იმიტომ რომ საერთო სიხარულია ჩვენი რაგბისტების გამარჯვება. ის წარმატებები, რასაც ჩვენი სპორტსმენები და ხელოვანები აღწევენ, იმ ადამიანების ცენტრალურ თეზისებს ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ მართლმადიდებელი ადამიანი არის ბნელი და დასავლეთისთვის მიუღებელი. ანუ დასავლეთი არის ნათელი, სისპეტაკის წყარო, აქეთ კი ბოროტება და სიბნელეა, ამიტომ ამ ბოროტებასთან ნაზიარები ადამიანი, რომელიც იმდენად ბნელია, რომ მართლმადიდებელია, არ შეიძლება, იყოს წარმატებული დასავლეთში – სინათლისა და სისპეტაკის წყაროში. და აი, ამ აბსურდულ მოსაზრებებს უპირისპირდება ფაქტები და მათაც რა დარჩენიათ?! ეჩხუბებიან ფაქტებს: ცდილობენ, გათვალონ, დაწყევლონ, უკავშირდებიან მჩხიბავებს და ჟივილ-ხივილი ჰქონდათ, ხვიჩა კვარაცხელიამ რომ პენალტი გააფუჭა. დარწმუნებული ვარ, ნუცა ბუზალაძე რომ მღერის, ოცნებობენ, ხმა ჩაუწყდეს. აი, ასეთი ხალხია, სამწუხაროდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი