რატომ გრძნობს ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად საქართველოსგან
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 14.01
სრულიად ევროკავშირის ხელმძღვანელობა მოგვიწოდებს, რომ დავუბრუნდეთ ევროპის გზას, თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გაუგებარია, რომელი ევროპის გზას უნდა დავუბრუნდეთ, რომლის დევიზია, დაილეწე ჩემი უსაფრთხობისთვის, თუ კვლავაც აქტუალურია თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი სასამართლოსა და ადამიანის უფლებების დაცვის თემები? – სწორედ ამ თემას განვიხილავთ აკაკი ასათიანთან ერთად.
– როგორ ფიქრობთ, რომელი ევროპისკენ დაბრუნებას გვთხოვენ თუ მოითხოვენ?
– მე ვფიქრობ, არანაირ ევროპის გზაზე დაბრუნებაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია მორჩილებაზე: მე რომ რამეს გეტყვი, შენ უსიტყვოდ უნდა შეასრულო. არადა, ვინც მეუბნება, კოსი, კალასი და ვინც არიან, არაფერს აღარ ნიშნავენ და თავის თავს ეთამაშებიან. ჰოდა, თუ მორჩილებაზეა საქმე, მაშინ ამერიკას დავემორჩილები, რაღა ევროპას დავემორჩილო?! ამერიკა არ მერჩის მაინც, თუ არ ჩავთვლით იმ ჯო ვილსონს, ვისაც ძაღლად არ აგდებს არავინ თავისი „მეგობარი აქტით“, თუმცა აქ დადიან მისი პორტრეტებით და ამაზე მეტი პროვინციალიზმი მართლაც წარმოუდგენელია. ამდენად, არანაირ ევროპის გზაზე არაა საუბარი, ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. რაღაც სპექტაკლს თამაშობდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ არაფერი ამ სპექტაკლის უკან არ დგას. რაღაც წარმოდგენაა ევროკავშირი, ევროპარლამენტი, იმიტომ რომ ყველაფერს წყვეტს ორი: გერმანია და საფრანგეთი და ხანდახან მესამედ იტალიაც უერთდება. ეს არის ფაქტი და უკეთეს შემთხვევაში, ევროკავშირმა შეიძლება, გააფორმოს მათი გადაწყვეტილება. ამიტომ ფართხალებენ და უბედურება ისაა, რომ აქაც ფართხალებენ მათი მიმდევრები. წლების განმავლობაში ინერციით ჩამოყალიბებულ რიტუალურ ცეკვებს ასრულებს ყველა და არადა ისეთი ეპოქა დადგა, რომ სერიოზული რეალობის წინაშე დგას მსოფლიო და, განსაკუთრებით, ევროპა, რომელიც ფაქტია, რომ ვერ აბარებს ამ გამოცდას. ერთადერთი ფულს აყრიან უკრაინას და ეს არის მთელი მათი ფუნქცია. თან, ბუზღუნებენ ამერიკაზე, რომელმაც ყველაფერს თავისი სახელები დაარქვა იმ თავდაცვის სტრატეგიაში, რომელიც გამოაქვეყნეს. არ ველოდი, თუ ასე აშკარად დაწერდნენ იმას, რაზეც დიდი ხანია, ფიქრობდნენ და რასაც ამბობდნენ კიდეც. 100 წლის წინ დაწერა ოსვალდ შპენგლერმა „ევროპის დაისი“. მართალია, ევროპამ გაძლო ეს 100 წელი, თუმცა ფაქტია, რომ ევროკავშირი იმ ფორმით, როგორც შეიქმნა და ახლა ვითომ არსებობს, სულს ღაფავს და ამას თვალი უნდა გაუსწორონ, უპირველეს ყოვლისა, ევროპელებმა და შემდეგ, რადგან ჩვენც გვეხება, ჩვენთან – მათაც, რომლებიც ამ რიტუალურ ცეკვებს ცეკვავენ დღესაც და იმედი მაქვს, ოდესმე მაინც მიხვდებიან, რომ ეს არის სრულიად უპერსპექტივო და უსაგნო თამაში.
– მაგრამ გერმანიისა და საფრანგეთის ტანდემი თითქოს შეირყა, იმიტომ რომ მერცსა და მაკრონს სხვადასხვა პოზიცია აქვთ რუსეთისადმი, პუტინისადმი.
– არა მარტო რუსეთისა და პუტინისადმი. არსებობს სამხრეთ ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი და მათთან ხელშეკრულება უნდა დადებულიყო. საფრანგეთი წინააღმდეგია, იმიტომ რომ მისი ფერმერები ძალიან აქტიურად აპროტესტებენ ამას, გერმანია მომხრეა, იმიტომ რომ ის ამდენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას არ აწარმოებს, საფრანგეთი კი აწარმოებს. რა გამოვა ამ საქმიდან?! ყველა უნდა დაუბრუნდეს ეროვნულსა და რეგიონულ ინტერესებს. მაგალითად, ცხადია, რომ პოლონელებს, ბალტიელებსა და უკრაინის დასავლეთს აქვთ საერთო ინტერესები. იკვეთება, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ავსტრია-უნგრეთის ეს ნაწილი, აბსოლუტურად ერთ პოზიციაზეა. ისინი ხალხის არჩეულები არიან, ვინმეს ხომ არ დაუსვამს?! მათ აქვთ თავიანთი პოზიცია; საფრანგეთს აქვს თავის პოზიცია, გერმანიას – თავისი და მთელი ეს გერმანიკული ხალხები მის პოზიციას იზიარებენ და დღეს თუ არა, ხვალ, ავსტრიის გერმანიასთან გაერთიანების საკითხი ისევ დადგება, რასაც ქადაგებდა ჰაიდერი. ავსტრიაში თავისუფლების პარტიის ლიდერი. მან გაიმარჯვა არჩევნებში ამ პუნქტით და შტატებმა აიძულა, რომ გადამდგარიყო. ისიც გადადგა და შემდეგ „შემთხვევით“ დაიღუპა ავტოავარიაში. პარტია, რომელიც ახლაა სათავეში, იმის გაგრძელებაა. გერმანიაშიც არის ეს ძალები. გერმანიასა და ავსტრიას აკრძალული ჰქონდათ ერთ ორგანიზაციაში ყოფნა გარდა გაეროსი. არადა, თუ დემოკრატი ხარ და ხალხებს უნდათ გაერთიანება, რა პრობლემაა?! თუმცა ეს პრინციპი ახლა დარღვეულია, ევროკავშირშია ორივე, ესეც არ უნდა ყოფილიყო.
ამას გარდა, გამოდიან დიდი მოთამაშეები: ინდოეთი, რომელიც რეგიონული ფაქტორი ძლივს იყო, ახლა სერიოზული ფაქტორია; უსერიოზულესი ფაქტორია ჩინეთი; რუსეთი, ფაქტობრივად, ჩინეთის მარიონეტად იქცა. სავიზო რეჟიმი მოუხსნა ჩინელებს, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი შორეულ აღმოსავლეთს დაკარგავს. იმიტომ რომ აქცენტია ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირებაზე. ეს არის წყნარი ოკეანის აუზი: ჩინეთი ეცდება, რომ წყნარი ოკეანის მთელი ის სანაპირო, რაც მის მხარესაა, დაიკავოს და ამერიკა რომ კანადას ეპოტინება, თუ ვინმეს არ ესმის, ვეუბნები, სწორედ ამ მოსაზრებით ეუბნება კანადას, რომ უნდა გაერთიანდნენ.
– მიუჩოჩდებიან ერთმანეთს ჩინეთი და ამერიკა.
– ეს იდეა, კანადის ამერიკასთან ურთიერთობის, გაჩნდა გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც დაიძაბა საბჭოეთის ურთიერთობა ამერიკასთან. შემდეგ საფრთხემ გადაიარა და, თუმცა შემდეგ მაინც შექმნეს ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემები როგორც ატლანტის, ისე წყნარი ოკეანის მხრიდან, მაგრამ ამას დასჯერდნენ. სხვათა შორის, ამ გაერთიანების სარდალი იყო ჯორჯ შალიკაშვილის ძმა, ოთარ შალიკაშვილი. შევხვედრივარ მას 1991 წელს. ახლა კი ისეთი ეპოქა მოდის, რომ ეს არ ჰყოფნის. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სერიოზული დაძაბულობა და სამხედრო შეტაკება გარდაუვალია და, თუ ერთიანი მეთაურობა, სარდლობა არ იქნება, ეს შექმნის პრობლემებს. მსგავსი საფრთხე აქვს „ნატოსაც“. წარმოიდგინე, სამხედრო საფრთხე გაჩნდეს და ვეტოს უფლება ჰქონდეს 28 წევრიდან ერთ-ერთს, მაგალითად, ლუქსემბურგს, რომელსაც არანაირი სამხედრო წონა არ აქვს. ეს ხომ სიგიჟეა?! ამიტომაცაა, რომ ამერიკელებს გემები გადაჰყავთ წყნარ ოკეანეში და ევროპას ეუბნებიან: თუ მე გიფარავდი მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, პირველ მსოფლიო ომში ჩავერთე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების ქოლგა ამერიკული იყო, შენ კი დამცინოდი, მაკრიტიკებდი, ჩემით უკმაყოფილო იყავი; აგერ, ცხვირწინ ომია და, თუ რამის შნო და უნარი გაქვს, იმოქმედე. იბრიქებოდნენ, 550-მილიონიანი ბაზარიაო. არადა ბაზარი არ არის პოლიტიკური ძალა. პოლიტიკური ძალა არის მხოლოდ სამხედრო ძალა. ასე იყო, არის და იქნება. სხვა ძალას პოლიტიკა, რაც გინდა დიდი პოლიტიკოსი იყავი, არ იცნობს. ტალეირანი, ყველაზე დიდი დიპლომატი დიპლომატიის ისტორიაში, ამბობდა, სინამდვილეში, მთელი ჩემი დიპლომატია ემყარება ჩემს ზურგს უკან ნაპოლეონის გვარდიის ხიშტების ლაპლაპსო. მაგრამ მან წაგებული ომიდანაც კი მოახერხა საფრანგეთის გამოყვანა.
– ისინი ამასობაში რამენაირად მორიგდებიან ან ვერ მორიგდებიან, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა მოვახერხოთ ევროკავშირისგან მომავალი ზეწოლისა თუ სიტყვიერი აგრესიის მოგერიება?
– არც „ოცნების“ წევრი ვარ და არც მისი მეხოტბე, მაგრამ სწორად იქცევიან, უბრალოდ, ფორმა ცოტა უფრო დელიკატური უნდა იყოს, ალბათ. თუმცა ისინი, როგორც იქცევიან, შეიძლება, იმსახურებენ კიდეც ასეთ დამოკიდებულებას. მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი ზოგ რამეს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი თამაშია: ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ ევროპამ უთხრას უარი, ევროპას უნდა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ თქვას უარი. ამ შემთხვევაში, რუსსაც იგივე უნდა. ჰოდა, ეს არის თამაში გაძლებაზე. მე ვფიქრობ, უნდა გავუძლოთ, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდია, ძალიან სერიოზული გადალაგების, გადაწყობის პერიოდია. საბჭოეთის დაშლაზე უფრო სერიოზული ამბავი ხდება: ჯერ ერთი, იმიტომაც, რომ საბჭოეთი არ იყო ის, რაც ჩინეთი იქნება. ეს არის მონოლითური ქვეყანა, განსხვავებით საბჭოეთისგან. თუმცა ისიც მონოლითური იყო ერთ პერიოდში – სტალინის დროს, ოღონდ ერთი კაცის ნებას დამყარებული, თორემ არანაირი საერთო მე და ესტონელს ან მე და ყაზახს არ გვქონდა. საერთო ინტერესი ახლა უფრო გვაქვს, როდესაც საბჭოეთი დაიშალა. მაგალითად, ჩვენ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს სატრანზიტო გზა ყაზახეთიდან. მაშინ ეს არ იყო და არ იგულისხმებოდა.
მაგალითად, ზოგი ამბობს, შეუძლებელია გამოცნობა, ვინ წააგებს რუსეთ-უკრაინის ომშიო, მაგრამ ფაქტია, რომ ორივემ წააგო და წააგო ევროპამაც, ხოლო ტრამპმა გამოიყვანა ამერიკა ამ წაგებიდან. იქ მეტი არაფერი მომხდარა. საბოლოოდ, მოიგებენ ამერიკა და ჩინეთი, რომლებიც შემდეგ მოიცლიან ერთმანეთისთვის და ორივე „დაიკიდებს“ ევროპას, ჟარგონით თუ ვიტყვით. ფაქტობრივად, ახლაც ასეა. ჰოდა ასეთ ორომტრიალსა და ქარბორბალაში შენ, მაინცდამაინც, ეპიცენტრში რატომ უნდა მოხვდე?! დეგენერატი უნდა იყო მაშინ და ასეთები გვყავდა. ამ ყველაფრის მოსინჯვა იყო 2008 წელი. უშნოდ გავეჩხირეთ და დაგვიჯდა ტერიტორიებისა და მსხვერპლის ფასად. განსაკუთრებულ დიდ რჩევას ამ შემთხვევაში ვერ მივცემ ხელისუფლებას, რადგან მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ ვითარებაში სწორად იქცევა, უბრალოდ, ქვეყანას სხვა გზა ამჯერად არ გააჩნია. ჩვენ ყოველთვის გვქონდა არჩევანები, განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნისგან, მაგრამ ახლა ვითარება ასეთია. სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ჩვენი პოზიცია გვქონდეს და ცოტა გაუცხოებულები ვიყოთ ამ ყველაფრისაგან, არ არის. რომ ამბობენ, მოლდოვას მიიღებენ ევროკავშირშიო, გავიმეორებ: მოლდოვა არ არსებობს. ეს არის რუმინეთის ნაწილი, თავის დროზე საბჭოეთის მიერ მიტაცებული.
– და საზღვარიც არ აქვს რუსეთთან. თვისებრივად სულ სხვა ვითარებაა იქ.
– დიახ, ეს სულ სხვა ამბავია. არ ესაზღვრება რუსეთს, არიან რუმინელები. უკრაინას რა ფასად დაუჯდება, „ნატოზე“ ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ევროკავშირის წევრობა, ამას მერე დაითვლიან, უკრაინელები თუ არა, სხვები და თვითონაც მიხვდებიან. ყველა თვითონ განაგებს თავის ბედს და ამიტომ ჩვენ ამჯერად თვითონ უნდა განვაგოთ და მე ვფიქრობ, რომ ახლა სწორად განვაგებთ. ხოლო ვინც სხვანაირად მოგვიწოდებს, მათ სხვა საქმე არ აქვთ. საბჭოეთის დაშლის მომსწრე ვარ, მონაწილეც და ხელშემწყობიც და როდესაც მოსკოვში ჩავდიოდი, გაოცებული ვიყავი იმით, რომ ადამიანებს თავზე ემხობოდათ თავიანთი იმპერია, რომელსაც ახლა მისტირიან და ყველანაირი სისულელით იყვნენ დაკავებული, გარდა იმისა, რომ ეფიქრათ, თუ რა ეშველათ ამ საქმისათვის. კიდევ კარგი, რომ ჩვენთვის ასე იყო, მაგრამ იმ სახელმწიფოსთვის ის დამთავრდა კატასტროფით და ზუსტად იგივე ხდება ახლაც: ამხელა პრობლემები აქვთ ევროკავშირში და ჩვენ გვეპამპულავებიან.
– ეს მსგავსება საბჭოთა კონიუნქტურასთან მეც მაკვირვებს.
– იმავეს იმეორებენ, ანუ რაღაც განწირულ ერთობებს, ეტყობა, ღმერთი წაართმევს ხოლმე გონებას, როდესაც გაწირავს გასაქრობად. ეს უნდა გადალაგდეს. ყველამ იცის, მაგრამ გაბედა და ეს თქვა ორბანმა, თუ არ შეიცვალა გაეროც და ევროკავშირიც, შედეგი არ იქნება. როგორი მკვდარი ორგანიზაციებია, ვხედავთ, „ფიფა“ და „უეფა“ გაცილებით მნიშვნელოვანნი არიან ამჟამად, ვიდრე გაერო და ევროკავშირი. ისინი რაღაცას მაინც წყვეტენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





