რატომ გაუხარდა ქართველი საზოგადოების ნაწილს ქართველი სპორტსმენების დამარცხება და რა ფენომენია სხვა ქვეყნის გუნდის ქომაგობა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 04.12, 2024 წელი
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიმპათიები გაიყო, ეს მოვლენა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებზეც აისახა. კერძოდ, ჩვენი თანამემამულეების ნაწილს ქართველი სპორტსმენების გამარჯვება, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, არ უხარიათ (მეტიც, წარუმატებლობას უსურვებენ და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩში ქართველების ნაწილი აშკარად არათუ უკრაინის ნაკრების მხარეს იყო, არამედ ქართველი ფეხბურთელების მიმართ სალანძღავ სიტყვებსაც არ იშურებდა, წყევლა-კრულვის პარალელურად). რა ფენომენია, როდესაც შენიანის დამარცხება გიხარია? ანუ ქართულ რეალობაში შემოსული მანქურთიზმის შესახებ რამაზ საყვარელიძეს გავესაუბრეთ.
– როგორ იხსნება, როდესაც ვერ ახერხებ იდენტიფიცირებას შენს ხალხთან და გიხარია მისი წარუმატებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის, შენი აზრით, არ იზიარებს შენს პოლიტიკურ შეხედულებებს?
– ანუ გძულს ისინი.
– დიახ. არადა სპორტი, ხელოვნება ისეთი რამაა, რომ დაცლილია პოლიტიკისგან. თან, უცნაური ისაა, ამბობენ, პროევროპელები ვართო და ხან „ბალელშიკობენ“ და ხან „ბალენშიკობენ“. არის ნორმალური ასეთი ადამიანი?
– რთულ კითხვებს სვამთ და მარტივი მიზეზის გამოა რთული: ნორმალურობაა რთული გასარკვევი. ითვლება, რომ აზრიანი, გონიერი ადამიანია ნორმალური, მაგრამ ერთი ადამიანი რამდენჯერაა გონიერი და აზრიანი თავის ცხოვრებაში?! ვნახავთ, რომ ძალიან იშვიათად და ის, რაც ემუქრება მის გონიერებას, უმეტესწილად, არის ემოცია. ემოცია – ამ სიტყვის ფართო გაგებით, გუნება-განწყობილებით დაწყებული და აფექტით დამთავრებული, ყველაფერს მოიცავს და აი, აფექტში იყო ივანე მრისხანე, შვილს რომ თავში კვერთხი ჩაარტყა და მოკლა, რაც რეპინმა გასაოცრად გადმოსცა. ნახატი იმიტომ მოვიშველიე, რომ იქ კარგადაა გამოტანილი ტრაგედია ადამიანის, რომელმაც გააკეთა ისეთი რამ, რის გაკეთებაც ნამდვილად არ უნდოდა. ემოციურ ცხორვებას ახასიათებს, რომ, თუ შეჰყევი ემოციებს, ჩაგადენინებს ისეთ რამეებს, რაც დაშორებულია შენი პიროვნული მესგან. ემოცია საშინელებებს აკეთებინებს ადამიანს, ამდენად, ემოციაში მყოფი ადამიანი შეიძლება, ნორმალურად ჩავთვალოთ?! უნდა ჩავთვალოთ, იმიტომ რომ გადაუვლის ის ემოცია და ვარდება ტრაგედიაში, როდესაც თავის ნამოქმედარს შეხედავს. თუმცა არაა გამორიცხული, ისეთი მოვლენაც იყოს, რომ გინდა თუ არა, მე ვარ მართალიო, ბოლომდე მიჰყვეს ადამიანი თავის უგუნურებას და უგუნურება არ არის უცხო ხილი ადამიანისთვის. ამის თქმა მინდოდა: უგუნურება სჩვევია ადამიანს და ალბათ, უფრო ხშირადაც კი, ვიდრე გონიერება. მერე უკვე იმაზეა ლაპარაკი, ვინ გამოიყენებს მის უგუნურებას. ეს უგუნურება ხდება ადამიანის აქილევსის ქუსლი, რასაც სხვები იყენებენ. იმიტომ ვამბობთ, ბრბოს გონება არ აქვსო, რომ ბრბოში ადამიანი ემოციებსაა აყოლილი და ადვილია მისი უგუნურად გადაქცევა. მაგრამ, თუ ამ ბრბოს გავლენას როგორღაც გამოგლეჯ ადამიანს და მასთან აზრიან დიალოგს მოახერხებ, ვნახავთ, რომ ის აბსოლუტურად გონიერია.
მე მქონდა ასეთი დიალოგი რობაქიძის უნივერსიტეტში, რომელშიც ლექციებს ვკითხულობდი, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა გამჭვირვალების კანონის გამო. შევედი ჯგუფში, არავინაა, ერთი გოგონას გარდა. რიბაქიძის უნივერსიტეტს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ არ არის იოლი იქ მოხვედრა. რა ხდება-მეთქი, მიტინგზე არიან, ალბათო. შენ რატომ არ ხარ მიტინგზე-მეთქი. მე გუშინ ღამით ვიყავი, გავათენე, დღეს შემოვიარე და მერე კიდევ წავალო. ძალიან საყვარელი გოგონა იყო, ეშმაკური თვალებით. ხვდებით, რა ხდება ამ აქციებით-მეთქი. საქართველოს თავისუფლება, რუსეთში არ გვინდაო... აბა, დააკვირდით, რუსეთის საქმეს ხომ არ აკეთებთ-მეთქი. ეს როგორო და ლოგიკური ხაზი ავუგე, დესტაბილიზაცია, ვინმესთვის თუ არის ხელსაყრელი, ეს რუსეთია, თქვენ კი დესტაბილიზაციას უწყობთ ხელს-მეთქი. მოკლედ, დავშორდით ერთმანეთს მეგობრებად. ერთი კვირის შემდეგ მოდის ეს გოგონა ლექციაზე, უკვე შემოემატნენ სტუდენტები ლექციას, აქციები მიინავლა. რომ დავინახე, „რევოლუცია“, ასე დავარქვი იმ საუბრის შემდეგ, აქ რა გინდა, შენ ხომ სხვაგან უნდა იყო-მეთქი. გაეცინა გულიანად, – არა, მე იქ აღარ ვყოფილვარ, ვიფიქრე და არ იყო საჭირო წასვლაო.
– ეს ახალგაზრდები, სამწუხაროდ, საინფორმაციო ვაკუუმში არიან, რატომ – არც კი ვიცი, თორემ, მგონია, თუ ეცოდინებათ, რომ უკრაინაში ომში გასაწვევი ასაკი 25 წლიდანაა, ქუჩაში ნადირობენ მამაკაცებზე, დასავლეთი მოითხოვს 18-წლამდე ამ ასაკის ჩამოწევას, ხალხი არ ჰყოფნით, მაგრამ ზელენსკია წინააღმდეგი, რადგან მისი რეიტინგი ისედაც დაბალია, მიხვდებიან, რომ საზარბაზნე ხორცი არიან. მით უფრო, რომ სიმამაცე ქუჩის გადაკეტვა ჰგონიათ. ვინმემ რომ აუხსნას, არ იქნება ურიგო, რა გეოპოლიტიკური პროცესი ვითარდება მთელ მსოფლიოში.
– ჯგუფი რომ დამხვედროდა მთელი შემადგენლობით და მათთან წამომეწყო საუბარი, შეიძლება, წამეგო. ინტიმის სიტუაცია რომ შეიქმნა, ამან დააფიქრა ახალგაზრდა. ასეთი მოვლენის დროს საჭიროა, ადამიანი გამოიყვანო ემოციური გავლენებიდან. ჯგუფში ის გოგონა გავლენის ქვეშ იქნებოდა, როდესაც ასეთი გავლენის გარეშე დარჩა, იმიტომაც დაფიქრდა. ამდენად, ვერ გაამტყუნებ, რომ ადრე ვერ მოახერხა დაფიქრება, იმიტომ რომ ადამიანია. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპულ სინამდვილეში ნომერ პირველი ნაცია, ინტელექტით და განათლებით, იყო გერმანელი ნაცია, როდესაც მან ჰიტლერი აირჩია და აირჩია სწორედ ამ მექანიზმით: ემოციები იყო წამყვანი იმხანად გერმანიაში. ამ ემოციებს მოერგო ჰიტლერი და რომც არ სდომებოდა, სხვები შემოსვამდნენ ამ ემოციებზე. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა. ასე რომ, ადამიანის ბუნებაა ასეთი. ამის დამადასტურებელი მაგალითიც ბევრია და, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ წინაა მაგალითები: ჩვენი აფექტური, ემოციური სისულელეებით 200 თუ 300 ახალგაზრდა კეტავს ქუჩას.
– ამბობს, მე ვარ მომავალიო და ვერ ხვდება, რომ არეულობის პროვოცირების შემთხვევაში, მომავალი საერთოდ არ ექნება, უდიდესი ალბათობით.
– ვერც მოსთხოვ მიხვედრას, თუმცა ეს უფრო სხვა ეტაპია. მაგრამ მე გამიხარდა, რომ ჩვენი სისულელე ამ დონეზე გაჩერდა. უკრაინის სისულელემ ქვეყანა გაანადგურა და ამერიკისა და ევროპის სისულელემ კი ამ განადგურებაზე ნავთი მოასხა. ჩვენც შეიძლებოდა, აღმოვჩენილიყავით მსგავს ვითარებაში და ვიცით, რომ ამაზე ზრუნავდნენ კიდეც ზოგიერთები. ამდენად, ამ პირობებში, ეტყობა, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ცუდი მდგომარეობა, როგორც გული შეგვტკივა. გასაგებია და სავსებით ბუნებრივია მათი გულისტკივილი, რომლებიც აი, ამ სურათს უყურებენ, მაგრამ, თუ მსოფლიოს გადავხედავთ, ასეთი სისულელეების შედეგად გაცილებით უარესი, ტრაგიკული და დრამატული მოვლენები ვითარდება დღემდე და როგორ დამთავრდება მომავალში, არავინ იცის, იმიტომ რომ ბაიდენის „გენიოსობით“ ნებადართულია შორ დისტანციებზე სროლა, რასაც რით უპაუხებს პუტინი, არავინ იცის.
– თუმცა „ტელეგრაფს“ აუღია ინფორმაცია, რომ ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც მხარი დაუჭირეს ბაიდენის ამ გადაწყვეტილებასო.
– დიახ. ჩვენ გვაქვს მიდრეკილება, ჩავთვალოთ, რომ უცხოეთი რადგან ამბობს, ასეა. აქამდეც უცხოეთი, იგივე ბრიტანეთი, იყო ინიციატორი იმისა, რომ უკრაინაში ისე განვითარებულიყო მოვლენები, როგორც განვითარდა და ასეც მოხდა. ხოლო შედეგი ის არის, რომ დღეს უკრაინის მოსახლეობა განახევრებულია, პრობლემა კი ის, რომ არ აღმოჩნდა გათვლილი მოგების შესაძლებლობა. რადგან, თუ ომს იწყებ, 50/50-ზე უნდა იყოს ალბათობა, რომ ომს მოიგებ.
– თუმცა ფაქტია, რომ რუსეთი დაესხა თავს და ეს რჩება არგუმენტად: არ დაეცვათ თავი?
– რა თქმა უნდა, თავს დაესხა, მაგრამ გერმანიაც დაესხა თავს საფრანგეთს და ფრანგებმა, თავიანთი ქვეყნის კულტურა რომ გადაერჩინათ და არ დაენგრევინებინათ პარიზი, შემოუშვეს ისინი, თუმცა შემდეგ ადამიანებმა იბრძოლეს ძალიან ენერგიულად.
– ადრე „დისქავერიზე“ გადიოდა მეორე მსოფლიო ომის შესახებ დოკუმენტური ფილმების სერია, ამერიკელების გადაღებული და სწორედ იქ შევიტყვე, რომ ომის დამთავრების შემდეგ დე გოლმა შექმნა მითი, თუ როგორი არნახული წინააღმდეგობა გაუწიეს ფრანგმა პარტიზანებმა გერმანელ ნაცისტებს, რადგან სინამდვილეში ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ ფრანგმა ერმა ეს დაიჯერაო.
– ესე იგი, ესეც მითი ყოფილა... ჯერჯერობით იმის მადლიერი ვარ ქართული მენტალიტეტის, რომ ეს არჩევნები გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა.
– აღმოჩნდა, რომ სხვებმა მოგვპარეს ახალგაზრდების ნაწილი. ეს როგორ მოხდა?
– შევხედოთ დღევანდელ პროცესს და გაზაფხული გავიხსენოთ. მაშინ გაცილებით მეტნი იყვნენ ახალგაზრდები. დღეს ამდენნი აღარ არიან.
– დიახ, ეს მეც მეუცნაურება. მიზეზი?
– ამ ახალგაზრდებმა რაღაცები მოიფიქრეს, გადახარშეს. მგონი, ეს მოხდა. გავიხსენოთ პოლიტიკური გათვლა: ივანიშვილმა, როდესაც მეორედ შემოიტანა კანონი, თქვა, ეს კანონი არ გვაინტერესებს, მაგრამ შემოვიტანეთ, რომ გამოჩნდეს, ვინ ვინ არის და, თან, დაიხარჯოს ის მუხტი, რაც დასახარჯიაო. ეტყობა, ივანიშვილი სწორი იყო.
ძალიან ბევრი ამბობდა, მოგებული არჩევნები წასაგები რატომ უნდა გახადოო, მაგრამ იმან, რაც მაშინ მოხდა, დღეს ეს შედეგი გამოიღო: ის ახალგაზრდები იქნებოდნენ დღეს პროსპექტებზე და მათი რაოდენობა იქნებოდა გაცილებით მეტი. იქ, როგორც ჩანს, საჭირო იყო, დაენახათ, მოეხარშათ, დაფიქრებულიყვნენ, იმიტომ რომ მაშინაც იმპულსით გამოვიდა ახალგაზრდობა და ახლაც იმპულსით რომ გამოსულიყვნენ, ვერაფერი შეაჩერებდა მათ. ამ ბიზნესმენმა კაცმა ეს გათვალა: თუ იმპულსი გაქრება, ნაკლები იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც ემოციებს აჰყვებიან, ემოციებს აყოლილი კი ყოველთვის ახალგაზრდობაა. ყველა ქვეყანაში რევოლუციებს ახალგაზრდებით აწყობდნენ. აი, ეს მუხტი გამოაცალა იმ კანონის მეორედ შემოტანამ დღევანდელ საარჩევნო პროტესტს.
– ხალხის სიმცირეს ის ევროპელი პოლიტიკოსებიც ხომ ხედავენ, რომლებიც საკმაოდ უტაქტო რამეებს ამბობენ, ეს რა ხელების გადაგრეხვაა მაშინ მათი მხრიდან?
– დიახ, ეს ხელების გადაგრეხვაა, რადგან მათ არ აწუხებთ, რა ხდება სინამდვილეში, მათ თავიანთი მიზნის მიღწევა უნდათ, მაგრამ მე ახლა უკვე მეეჭვება, რომ იგივე მიზანი ჰქონდეთ. აშკარად ჩამქრალია ქართველების მიმართ ის განწყობა, რითიც აქამდე ბევრი მათგანი თავს იწონებდა, რომლებიც ასე შეუპოვრად ებრძოდნენ საქართველოს. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ამის შემკავებელი განცხადებებიც მომრავლდა ევროპარლამენტში, ადრე არცერთ ევროპარლამენტარს არ უთქვამს, დაანებეთ თავი საქართველოსო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან