პოლიტიკა

რატომ განსხვავდებიან საქართველოში პოლიტიკური პარტიები პიროვნებებით, რომლებიც ერთმანეთს ჰგვანან

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 20.11

მამუკა გიორგობიანი
დაკოპირებულია

ისე მოხერხდა, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, განათლების სისტემისთვის გამოყოფილი 60-მილიონიანი გრანტით, გაუგებარია, ვის ზრდის (აღზრდაზე ლაპარაკიც ზედმეტია) საქართველოს განათლების სისტემა. სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ განათლების მიღების გარდა, ყველაფერს ემსახურება. შესაბამისად, მივიღეთ თაობები, რომლებსაც ქართული იშვიათად სცხიათ და ეს გამოიხატება იმ დაჟინებითაც, რომ სწორედ ევროპაა შინ და თუ ევროპაში არ დაბრუნდნენ, დაიღუპებიან. ფაქტია, რომ საკუთარი იდენტობის გარეშე დავრჩით, მეორე მხრივ კი, ვის შეიძლება, დასჭირდე შენი მეობის გარეშე ან ევროპაში, ან მის გარეთ?! – ამ პრობლემაზე მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ.

– რეალობა, რომელიც მივიღეთ, რა თქმა უნდა, გარედან ზეწოლის შედეგიცაა, მაგრამ ჩვენც შევუწყვეთ ხელი, იმიტომ რომ ქართული ზღაპრები მშობელმა უნდა წაუკითხიოს ბავშვს. როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ მივიღეთ გაურკვეველი ეროვნების თაობები? განზრახ ვხატავ უკიდურეს სურათს.

– საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა უსასრულო პროცესია. თავისუფლების ერთხელ მოპოვება არ ნიშნავს გარანტირებულად თავისუფლებაში ყოფნას. რეიგანმა თქვა, ერთ თაობაში შეიძლება, დაიკარგოს თავისუფლება და დამოუკიდებლობაო. როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა მოგვეცა, სამწუხაროდ, იქ შევწყვიტეთ ბრძოლა და კვლავ დავუბრუნდით ცხოვრების საბჭოურ მოდელს, როდესაც გადავერთეთ კომფორტულ გარემოზე, ფულის შოვნაზე, სხვის ჭკუაზე სიარულზე, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის აღება, შრომა, თავდადება, თვითშეწირვა არ გვინდოდა, კომფორტი კი, მოგეხსენებათ, სასრული არასდროსაა. შესაბამისად, ეს არის მორგება სხვაზე.

– პრობლემაც ესაა, „ნატო“ გვინდა, იმიტომ რომ უსაფრთხოების ქოლგას მოგვცემს და ჩვენ მაგივრად იომებს და დაგვიცავს; ევროკავშირი გვინდა, რადგან იქ რომ კარგი ცხოვრებაა, აქაც იქნება. არადა არც არავინ იომებს შენ ნაცვლად და არც თავინ გიწილადებს კომფორტს. მოდი, ისეთი ცხოვრება ჩემთან შევქმნა – ასე საკითხი არ დგას ხოლმე.

– რა თქმა უნდა, მუქთად არავინ არაფერს მოგცემს და თუ დღეს ჩვენ ვფერხდებით „ნატოსა“ და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ვერ ჩამოვაყალიბეთ, რა გვინდა, ვინ ვართ საერთოდ. 30 წლის განმავლობაში რაღაც მითებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში ვართ და ისევე ვართ, როგორც კომუნისტების დროს, როდესაც ადამიანების გარკვეულ წრეს დასავლეთი იმიტომ უნდოდათ, რომ ჯინსები ადვილად იშოვებოდა, საღეჭი რეზინები ჰქონოდათ ნორმალური ხარისხის და არა იმიტომ, რომ თავისუფლები ვყოფილიყავით, არა იმიტომ, რომ არჩევნებზე პასუხისმგებლობა აგვეღო, თითოეული სიტყვის გამო გვეგო პასუხი. ჩვენ კომფორტი გვინდა და არა კარგად ცხოვრება. კარგად ცხოვრება, უპირველესად, ეს არის სულისა და ხორცის ჰარმონიული განვითარება. ჩვენ სულზე უარი ვთქვით და გადავედით ხორცის კომფორტზე. ბუნებრივია, გვინდა კარგი ბრენდები და მილანში დადის ხალხი „საშოპინგოდ“. გვინდა კარგი მანქანები და ვხედავთ კიდეც ამ ყოველივეს და არ გვინდა ის, რაც მთავარია დასავლურ ღირებულებაში: პიროვნების თავისუფლება, არჩევნის თავისუფლება, პასუხისმგებლობა. ამაზე უარი ვთქვით და როგორც ბოლშევიკების დროს, შევეგუეთ ცხოვრებას და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდით, დღესაც იმავეს ვაგრძელებთ. მაგრამ იმ პერიოდში კიდევ იყო შესაძლებლობა და კონტაქტი გვქონდა უფროს თაობასთან, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რასაც გეუბნებიან, არ არის სწორი და სასარგებლოო და გვიყვებოდნენ ამბებს ან ემიგრაციიდან ვიღებდით ინფორმაციას, მე პირადად გამიმართლა და როდესაც ეკლესიაში მივედი, დამხვდა ძველი მრევლი, რომლებიც იცნობდნენ კირიონ მეორეს, ამბროსი ხელაიას, დღეს, სამწუხაროდ, თაობათა შორის ეს კავშირი გაწყდა და დღევანდელ ახალგაზრდებს ვერ მივეცით ის, რის მიცემაც სჭირდებოდათ პიროვნებებად ჩამოსაყალიბებლად. ინდივიდები თითქოს ვართ, მაგრამ პიროვნებები არ ვართ. არადა, პიროვნებას გააჩნია თავისი ხედვა, აქვს პასუხისმგებლობა ამ ხედვის განხორციელებაზე, მეორე ადამიანისადმი – სულ სხვა განწყობები, ხოლო ინდივიდი ფიქრობს თავისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაზე და კომფორტულ გარემოში თავისი თავის პოვნაზე. ყოველივე ამან განაპირობა, რომ ჩვენ დასავლეთიდან მივიღეთ ის, რაც ჩვენს განვითრებას ხელს არ უწყობს. შრომის, პასუხისმგებლობის კულტურა კი არ განვავითარეთ და ის, რაც ქრისტიანულ ცივილიზაციას ახასიათებს – უფლის წინაშე ვალდებულება, თანასწორობა, არამედ, საბჭოური ტვინით ეს ვითარება გამოვიყენეთ ისევ და ისევ იმისთვის, რომ პირადი კომფორტი მოგვეწყო.

– ეს გამომყენებლობითი, პარაზიტული დამოკიდებულება არის საბჭოური. მე ვიყავი საბჭოთა მოსწავლე და მიკვირს, ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, რატომ აზროვნებენ ჰომოსოვეტიკუსის მოდელებით, ეს ვერ ამიხსნია. ჰომოსოვეტიკურია მამინაცვლის დაფიცება და მამადავიწყებულობა.

– დიახ, ესაა პრობლემა. ჩვენ ვერ მოვწყდით იმ გარემოს და დღესაც ჰომოსოვეტიკუსებივით ვიქცევით. უბრალოდ, ტერმინოლოგია შევცვალეთ, მაგრამ არ შეგვიცვლია არსი, მარქსიზმ-ლენინიზმი იყო იდეოლოგია, რომელიც არავის სწამდა, მას თავს გვახვევდნენ. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, მაგრამ ბოლშევიზმი, ცხოვრების ის წესი დავიტოვეთ.

– მაგრამ დასავლეთშიც ძალიან მკაფიოა ტროცკიზმის ნიშნები.

– იქ, ჩვენგან განსხვავებით, ინსტიტუტები მუშაობს. იქ ადამიანები ერთიანდებიან თავიანთი ღირებულებების მიხედვით. აშშ-ში, მაგალითად, ჩვენზე უარესი ლანძღვა-გინებაა, ჩვენზე უარესი ზიზღი იფრქვევა ეთერიდან, მაგრამ ტრამპის გარშემო ერთიანდებიან „რესპუბლიკური“ პარტიის ღირებულებების, ანუ მემარჯვენე, ტრადიციული ღირებულებების ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ტრამპი პიროვნულად არ მოსწონდეთ, მაგრამ ერთიანი ღირებულებით სივრცეში არიან. ასევე, მეორე მხარეს ერთიანდებიან მემარცხენე, სოციალისტური, ლამის კომუნისტობამდე მისული ხედვების წარმომადგენლები. საზოგადოების გაყოფა პერსონალიზებული კი არ არის, არამედ იდეოლოგიურია და პერსონები წარმოადგენენ ამ იდეოლოგიების სიმბოლოს. იგივე ხდება ისრაელშიც: ისრაელი ომობს და ამ დროს იმართება მიტინგები. ოღონდ ნეთანიაჰუ ჩამოაგდონ და მზად არიან, ისრაელი დამარცხდეს, მოაწერე ხელი კაპიტულაციასო. ეს, რა თქმა უნდა, გაფორმებულია კეთილშობილური მიზნით – გადავარჩინოთ მძევლები. ისევე, როგორც ამერიკაშია კეთილშობილური მიზანი, სრული თანასწორობა დავამკვიდროთო, მაგრამ, რასაც ამ თანასწორობაში გულისხმობენ, იმდენად მიუღებელია დიდი ნაწილისთვის, რომ ისინი თვალს ხუჭავენ, რომ ტრამპის რაღაც-რაღაცები არ მოსწონთ. ანუ, არსებობს პოლიტიკური კლასი, საზოგადოებაში ინსტიტუტები მუშაობენ. ჩვენთან კი პრობლემა ის არის, რომ არანაირი ინსტიტუტი არ მუშაობს. პრობლემა ის არის, რომ ფაქტობრივად, პარტიებს შორის განსხვავებას ვერ ნახავ. პარტიები განსხვავდებიან პიროვნებებით და ეს პიროვნებებიც ერთნაირად იქცევიან. იმიტომაცაა, რომ შედეგს ვერ ვაღწევთ. არ არის მოთხოვნა პროგრამების, ხედვების; არ არის ღირებულებათა სისტემის მოთხოვნა. ამას გარდა, ეს ყველაფერი ავრიეთ-დავრიეთ და ვისაც არ ეზარება, იმოწმებს ილია ჭავჭავაძეს, ოღონდ მის იმ აზრებს, რომლებიც მას აძლევს ხელს. ილია რას ამბობდა, არ აინტერესებს, მხოლოდ იმ ციტატას იყენებს, რისი მოსმენაც მას უნდა. ამიტომ კონტექსტიდან გლეჯენ აზრებს. ძალიან სიმბოლურია, რომ რადიკალური რელიგიური ჯგუფები „აწვებიან“ „მამული, ენა, სარწმუნოებას“, ხოლო მეორე მხარე – ფსევდოლიბერალური ჯგუფები – იმას, რომ ადამიანის მთავარი სიმდიდრე მისი ვინაობაა. როგორ შეიძლება, ეს ორი გაყო?! არადა, ილია გაყვეს ორად. ისევე, როგორც განათლების სისტემაში იაკობ გოგებაშვილი გაყვეს. თითქოს ჩვენ გავქვს პროგრამა „იაკობ გოგებაშვილი“, მაგრამ რეალობაში იდგმება ილიასა და იაკობ გოგებაშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯები.

– პირველკლასელებს ვითომ ბუნებისმეტყველებას ასწავლიან და ამ დროს დავალებებია: დახატე, რა ობიექტები გხვდება სკოლისკენ მიმავალ გზაზე. ანუ ბუნება ყოფილა თონე, სალონი, საცხოვრებელი სახლი, მარკეტი. მე კი ვიცი, რომ ბუნებაა შაშვი, ვარდი, ბალახი, ცა, მზე...

– კი ბატონო. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: ამ 30 წლის განმავლობაში ვერგებით მომსახურე ერის ფუნქციის როლს. ის კი არა, რომ ჩვენ შევქმნათ პროდუქტი, ევროპას შევთავაზოთ ჩვენი თავი, ვუთხრათ, ჩვენ ამათი მემკვიდრეები ვართ, ამ გზაზე ვდგავართ და რაღაც განსხვავებული თუ გვაქვს თქვენგან, იცოდეთ, რომ ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა. ამას აკეთებს ყველა ნორმალური ერი და იაპონიის შიდა ცხოვრებაში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების შიდა ცხოვრებაში ვერავინ ჩაერევა, იმიტომ რომ ისინი ამ კუთხით არიან ღირებული. სხვათა შორის, ამ პოლიტიკური სპექტრის მიღმა ერთადერთი მისი უწმიდესობა იყო, ვინც თქვა, ევროპაში რომ მიდიხართ, შვილებო, რა მიგაქვთო?! ჩვენ ხომ ვიცით რომ, რაც მიგვაქვს, იმაზეა დამოკიდებული ჩვენდამი პატივისცემა?!

– იმიტომ დავსვი ასე კითხვა: არავის ვჭირდებით იქ ევროკავშირის დროშაშემოხვეულები, იმის კიჟინით, რომ ევროპაა შინ.

– ჩვენ ვერ ვთავაზობთ ვერაფერს, ჩვენ არ მიგვაქვს არაფერი, ჩვენ ვამბობთ, რომ შოთა რუსთაველის სამშობლო ვართ, მაგრამ შოთა რუსთაველის ღირებულებებით ვცხოვრობთ?! ევროკავშირისთვის კი არ მინდა მე ნორმალური სასამართლო, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ღირებულებათა სისტემის ელემენტი, რომელსაც შოთა რუსთაველი გვეუბნება პირდაპირ: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“, ანუ მართალი სამართალი პირველად საქართველოში ითქვა, რომ მარტო სასამართლო კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ გარემო უნდა იყოს მართალი სასამართლოსთვის. ანუ, ეს იყო რევოლუცია იმ პერიოდის მართლის გაგებაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ამას ვეუბნებით, ეს სხვა რამაა. ჩვენ ვსაუბრობთ პედაგოგიკაზე, მაგრამ გყავდეს იაკობ გოგებაშვილი და დიმიტრი უზნაძე და ამის პროპაგანდას არ ეწეოდე, დანაშაულია არა მარტო ქვეყნის, არამედ სამყაროს წინაშე. დღევანდელ მსოფლიოში უზარმაზარი დეპრესიაა და ფსიქოანალიზი ვერ ერევა, გაქვს უზნაძის განწყობის თეორია, რომელსაც არ იყენებ, არადა თავსაც უშველი და შეიძლება, სხვების მკურნალიც აღმოჩნდე...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა