პოლიტიკა

რატომ გამოიწვია თანამედროვე მიდგომამ: ქალისა და მამაკაცის სოციალურმა გათანაბრებამ ქალების მიერ შვილებზე უარის თქმა

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 23.07

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

სტატისტიკა მოწმობს, რომ დიდი ზომისა და მრავალრიცხოვან ქვეყნებში მიტოვებული ბავშვიც გაცილებით მეტია და ლამის ნორმაა მსგავსი ქმედება (კლასიკური მაგალითებია აშშ და რუსეთი), ყოველ შემთხვევაში, იქ არავის უკვირს ეს ამბავი და ეს ქვეყნები მანიაკებისა და პათოლოგიური გადახრების მქონე ადამიანების სიმრავლითაც გამოირჩევიან. სწორედ ამ უცნაურ მოცემულობას განვიხილავთ რამაზ საყვარელიძესთან ერთად.

– მრავალრიცხოვანი ხალხი უფროა მიდრეკილი უკეთურობისკენ თუ რით იხსნება ეს სტატისტიკა? არადა ადამიანი, ხომ, ყველგან ადამიანია?!

– ვვარაუდობ, რომ მიზეზი შესაძლოა, მართლაც იყოს ქვეყნის სიდიდე, იმ მხრივ, რომ დიდ ქვეყანაში პიროვნება უფრო იკარგება. მანიაკები ძალიან ხშირად ხოცავენ ადამიანებს, რომ შემდეგ ამით იამაყონ: აი, მე ეს შევძელი და მათთვის ეს, ერთგვარად, თავის გამოჩენის საშუალებაა. ასევე, არიან მანიაკები, რომლებიც ცდილობენ, მოკლან რომელიმე ცნობილი პიროვნება, იმიტომ რომ ესეც თავის გამოჩენის საშუალებაა. ასე იყო ხოლმე ადრეც. მოგეხსენებათ, ისტორიაშიც იკვეთება ასეთი ტენდენცია: გაგახსენებთ რომის გადაწვას.

– არტემიდეს ტაძარი სწორედ ამ მიზნით გადაწვა იმ სვებედკრულმა, რომ ისტორიას შემორჩენოდა?!

– დიახ, ან შეიძლება, ხელი აღმართოს ისეთი მნიშვნელობის ხელოვნების ძეგლზე, რაც მას შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცევს. ცნობილია ხელოვნების ნიმუშებზე მჟავის შესხმის შემთხვევები, ამ ფონზე შესაძლოა, მანიაკობასთან კავშირი ჰქონდეს, მაგრამ თითქოს რა შუაშია ბავშვების მიტოვება, მაგრამ, ჩემი აზრით, მიზეზი იძებნება იმაში, რომ დედა ვერ კმაყოფილდება თავისი მდგომარეობით, სურს, რომ გზა გაიკვალოს პროფესიაში, დაიპყროს სიმაღლეები, რაშიც შეიძლება, ბავშვი ხელს უშლიდეს. „ჯობს სახელისა მოხვეჭა“ რომ დაგვიტოვა რუსთაველმა, ეტყობა, ამ ფორმულას თავისი ნეგატიური შლეიფიც მოჰყვება.

– შვილს თუ მიატოვებ, სახელს როგორ მოიხვეჭ? თუ იგულისხმება, რომ ვერავინ გაიგებს დიდ ქვეყანაში?

– ესეცაა. ცხოვრების მოწყობა უნდა დედას, მაგრამ, გარდა კარიერისტულისა, პიროვნული მოტივებიც არის. მაგალითად, შვილი უჩნდება საყვარლისგან და არ უნდა, რომ ქმარმა გაიგოს. მაგრამ საერთო მოტივად მაინც შეგვიძლია, ჩავთვალოთ სურვილი იმისა, რომ ქალს უნდა, გახდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება და თუ ჩათვლის, რომ მის კარიერას ბავშვი ემუქრება, შესაძლოა, ასეთ ბავშვზე უარი თქვას. ამ მხრივ, დიდი ქვეყანა დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ თავიდან დაიწყოს ცხოვრება; საერთოდ, უარი თქვა, მოიშორო ბარიერები. სხვათა შორის, დიდი შანსია, რომ დიდ ქვეყანაში, დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავემაც ხალხს შეაფაროს თავი. მაგრამ არის ერთი პრობლემა, რაც სასურველია, გავაცნობიეროთ: თანამედროვე ღირებულებებში დიდად ფასობს ქალისა და მამაკაცის სოციალური გათანაბრება და ასეთ გათანაბრებაში დევს საფრთხე იმისა, რომ კარიერა, რაც მამაკაცისთვის ტიპური მოტივია, ქალის მოტივადაც გადაიქცეს. ანუ ქალსაც გაუჩნდეს ისეთი მოტივები, რომელიც ბავშვზე უფრო მნიშვნელოვანია. ესე იგი, ამ ტენდენციაში ჩვენი თანამედროვე კულტურაც მონაწილეობს.

– შეიძლება, ჩვენს კულტურაში იმიტომ არ არის ბავშვის მიტოვების ფაქტები, რომ აბორტს უფრო იკეთებენ?

– აბორტი შეიცავს საფრთხეს და არა მარტო იმიტომ, რომ დედის ჯანმრთელობას შეიძლება, რამე დაემუქროს, არამედ ზოგადად აბორტის შემდეგ შეიძლება, ქალს ბავშვი არც გაუჩნდეს. ამდენად, განსხვავებაა: საერთოდ ამბობს უარს ბავშვის გაჩენაზე, თუ იმ მომენტში ამბობს უარს. ამდენად, თუ აბორტი სამომავლოდ საფრთხეს უქმნის მის დედობას, შეიძლება, ბავშვი ამის გამო გააჩინოს და გააშვილოს.

– მანიაკალიზმი თანდაყოლილია თუ შეძენილი? რას ამბობს ფსიქოლოგია? გარემო შეიძლება, უწყობდეს ხელს?

– ავიღოთ მკვლელობა: თუ წინაპარი მკვლელი იყო, მკვლელი უნდა იყოს შთამომავალი?! ჩემი აზრით, ასეთი პირდაპირი ხაზები არ იკვეთება. უფრო ხშირად იმაზეა ლაპარაკი, რომ ნევროტულმა ოჯახმა პიროვნებაში ჩამოაყალიბა ნევროტული რაღაც კომპლექსები, რომლის დაკმაყოფილების სურვილმა ადამიანი მიიყვანა მკვლელობამდე ან მკვლელობის მცდელობამდე. მაგალითად, ცნობილი იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ ბავშვს დედისადმი ძალიან ძლიერი აგრესია ჰქონდა, რაც შემდეგ გამოიხატა ქალების დახოცვით. მეორე მხრივ, ქალებისადმი აგრესია ბევრს შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ყველა მკვლელი იყოს. რა თქმა უნდა, პათოლოგიური ფონი ახდენს გავლენას პიროვნებაზე და დეტალები, რომ დედამ გააღიზიანა ან შეყვარებულმა უარი უთხრა, ან რაღაც მსგავსი მოხდა, მერე უკვე შემთხვევითი მიზეზია და არა წამყვანი. წამყვანია ის, რომ მას ავადმყოფური ფსიქიკა აქვს, რომელმაც, თუკი რაღაც აიკვიატა, მათ შორის, ის, რომ მკვლელობა მისთვის კარგია, შეიძლება, ამის განხორციელებაც მოუნდეს. აი, ამ აკვიატების განხორციელება ნებისმიერ ფასად და სოციუმის მიმართ სრული გულგრილობა, ემპათიის არქონა უკვე პათოლოგიის ნიშნებია, რასაც მოერგება ხოლმე ესა თუ ის საბაბი.

– და რატომაა დედაზე, შეყვარებულზე, მასწავლებელსა და გამვლელზე უფრო მეტი ნაწყენი დიდ ქვეყნებში?

– შეიძლება, ასეც ითქვას, განაწყენება მშობლისადმი თუ შეყვარებულისადმი მეტი იმიტომაა, რომ ხალხი უფრო შორს არის ერთმანეთისგან. მეორე მხრივ, კონკრეტული ცივილიზაციაც შეიძლება, იყოს მიზეზი. ყველა ცივილიზაციას თავის კრიმინალური ხელწერა აქვს. და როდესაც თქვენ თქვით, რომ მანიაკალური მკვლელობები უფრო ხშირი დიდ ქვეყნებშია, მაინც უფრო ევროპული დიდი ცივილიზაციები იგულისხმეთ.

– დიახ, თუმცა აღმოსავლეთშიც არის დიდი და მრავალრიცხოვანი სახელმწიფოები, მაგრამ იქ ეს პრობლემა გამოკვეთილი არ არის.

– დიახ, მოსახლეობის რაოდენობა იქაც ბევრია, თან, იქ კიდევ უფრო უცნაურ ფორმებს იღებს სიკვდილთან ურთიერთობა. სპეციფიკური მაგალითია იაპონია, სადაც ვიცით, რომ თვითმკვლელობის კულტია.

– ხარაკირი.

– და აი, ასეთი შედარებებისას მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული ცივილიზაციების შედეგია. ერთმანეთისგან განასხვავებენ კოლექტიურ და ინდივიდუალისტურ კულტურებს. ინდივიდუალისტური კულტურებია ევროპა და ამერიკა. იქ ადამიანი, ცალკეული პიროვნება თავისუფალია გარე სოციალური გარემოს ძლიერი გავლენისგან. არც თვითონაა დამოკიდებული სოციალურ გარემოზე და არც სხვებს სთხოვს ასეთ მჭიდრო სოციალურ ურთიერთობებს. იცით, რომ იმავე დასავლეთში ოჯახის წევრებიც კი ცალ-ცალკე ცხოვრობენ, განსხვავებით, სამხრეთული და აზიის ქვეყნებისგან. ბევრი ნიშნით, საქართველო სწორედ კოლექტიური ფსიქოლოგიის, კოლექტიური აზროვნების ქვეყანაა, ისეთივე, როგორიც ირანი თუ შუა აზიის ქვეყნები. თუმცა, მაგალითად, იაპონია ინდივიდუალისტური კულტურაა, მაგრამ იქ, მგონი, ამაზე უფრო იაპონიის განვითარების დონე ახდენს გავლენას. ამ განსხვავებას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ კოლექტიური კულტურის მქონე ქვეყნებში იმდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანი, სხვა ადამიანების შეფასება, მათი მხრიდან კრიტიკა და ასე შემდეგ, რომ ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ მოვლენებში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, თორემ კრიმინალი არ არის მაინცდამაინც ევროპული მოვლენა. მოგეხსენებათ, ჩინური თუ იაპონური მაფია ტოლს არ უდებენ სხვა ქვეყნების მაფიას. მაგრამ გამოიხატება თუ არა ეს მანიაკალურ მკვლელობებში, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რა კრიმინალური ელემენტებისადმი არიან მიდრეკილნი. ანუ კრიმინალი არის კოლექტიურ კულტურაშიც და ინდივიდუალურ კულტურაშიც.

– მაგრამ მანიაკები აშკარად ინდივიდუალისტები არიან.

– არის ხასიათი, რომელსაც არ აინტერესებს სხვების აზრი, იმ მხრივ, რომ სხვების ქებაზე მეტად მისთვის შეიძლება, ძაგება უფრო საინტერესო იყოს. სოციუმი ხომ გვზრდის?! გვაკრიტიკებს იმის გამო, რაც არ უნდა გამოგვიმუშავდეს და გვაქებს იმის გამო, რაც, მისი აზრით, უნდა გამოგვიმუშავდეს. მანიაკებს მორღვეული აქვთ სოციუმის გავლენა და მკვლელობის ხარჯზე იღებენ თვითშეფასებას.

– კოლექტივისტური კულტურა ხელს უწყობს ადამიანების მარად ბავშვებად დარჩენას, მაგრამ დადებითი მხარეც ჰქონია, აშკარად.

– დიახ. ზოგადად, ბავშვი, რაც უფრო მიჯაჭვულია დედას, უკეთესია, იმიტომ რომ დამოუკიდებელი პიროვნება სწორედ ასეთი მიჯაჭული ბავშვებიდან ყალიბდება. ის უფრო თავისუფალი ადამიანია და სოციუმის აღარ ეშინია, იმიტომ რომ კომფორტულად გრძნობს თავს მშობლებთან. მაგრამ, თუ მიჯაჭვულობა ზედმეტი იქნა, მაშინ ბავშვი კომფორმისტი გაიზრდება. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს დოზას.

– როგორც აღმოჩნდა, დასავლური კანონმდებლობით მიჩნეულია, რომ, თუ მამა აბანავებს 7-8 წლის გოგონა შვილს და დედა – 7-8 წლის ვაჟ შვილს, ეს გარყვნილი ქმედებაა. საიდან მოუვიდათ ეს შეფასება?

– კვალი მიდის ზიგმუნდ ფროიდთან. ფროიდმა შექმნა ტენდენცია, რაც დღემდე გრძელდება. ჯერ კიდევ ცუდადაა შესწავლილი, რით განსხვავდებიან ევროპელები და აზიელები ერთმანეთისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკულ სინამდვილეში ფროიდი ყველაზე პოპულარული გახდა იმით, რომ დედასთან სექსუალური ურთიერთობა დაუშვა, უფრო ზუსტად, დაუშვა, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა და, რაკი ასიამოვნა ამერიკელებს, შემდეგ უკვე ეს გაიშალა იმ კულტურაში. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კულტურა სხვანაირად მოიქცევა, ვიდრე ის კულტურა, რომელშიც მშობელს თქვენობით ელაპარაკებიან და ერთ ხანს ევროპაში მშობლებს თქვენობით ელაპარაკებოდნენ. უბრალოდ, ამერიკას არ ჰქონია ეს წინაპირობა: იქ თავი მოიყარა კულტურას მოწყვეტილმა თემებმა.

– გამოდის, რომ ჩვენ არ გამოგვადგება არავის მოდელები.

– თუკი გამოდგომაზეა საქმე, არავის გამოადგება ერთმანეთის ნორმები და მოდელები. ასევე, ჩვენ მოწყვეტილი ვიყავით ევროპის სინამდვილეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენთვის სამყარო, ძირითადად, აზიურის რეალობა იყო. შესაბამისად, სრულიად თავიდანაა ასაწყობი კულტურული ნორმები, რა უფროა ტიპური ქარათველისთვის, რა მუშაობს უკეთესად, რა მოიტანს იმ შედეგს, რაც დასახულია. საქართველომ თავისი ცხოვრების წესი და იდეოლოგია თავიდან უნდა შექმნას, რადგან დიდი ხანია, არ ჰქონია კონტაქტი იმ სამყაროსთან, რომელშიც უნდა თავის დამკვიდრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა