რატომ გამოიწვია ქართველების უცხოეთში მასობრივმა გადინებამ ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის შემცირება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
Financial Times-ის ცნობით, ირანის ომი გლობალურ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს სასუქების მიწოდების შემცირების გამო, რადგან სასუქების დეფიციტი გლობალური შიმშილის მიზეზი გახდება.
სასურსათო უსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტია, რაზეც არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება. მეორე მხრივ, თუმცა საქართველოს კლიმატური პირობები და ნიადაგი ქმნის სასურსათო უსაფრთხოების გარანტიას, ფაქტია, რომ სასურსათო პროდუქცია, ძირითადად, უცხოეთიდან შემოდის. რა დამატებითი საფრთხეები ემუქრება, ამ მხრივ, საქართველოს? – ამ თემას ეკონომიკის საკითხების ექსპერტთან, იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– სურსათის დეფიციტი გვემუქრება თუ ფასების მატება, თუ ორივე ერთად?
– ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: ორი დიდი ხნის მეგობარი ქალბატონი შეხვდა ერთმანეთს და ერთი მეორეს ეუბნება, რატომ არ მეკითხები, როგორა ხარო; მეორემ ჰკითხა, როგორა ხარო და ნუ მკითხავო, უპასუხა პირველმა... დაახლოებით, ასეთი ვითარებაა. ტრადიციულად, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების სიმრავლე და სიუხვე გვაქვს, თორემ, სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ, ჩვენ დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. რამდენიმე რიცხვს დავასახელებ, რაც უფრო ნათლად წარმოაჩენს ვითარებას: მარტო ამ საუკუნეში, დაახლოებით, 32 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი მოვახდინეთ.
– სულ რამდენი გვჭირდებოდა, უფრო გასაგები რომ იყოს ამ რიცხვის სიდიდე?
– მაგალითად, ხორცის შემთხვევაში, ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით იმპორტი ერთ-ნახევარჯერ მეტია. ესე იგი, რასაც ვაწარმოებთ, იმაზე ერთ-ნახევარჯერ მეტი შემოგვაქვს, მაგრამ, ჯამში რომ ავიღოთ, ადგილობრივიც და შემოტანილიც, ჩვენს მოთხოვნილებას ორი მესამედით თუ აკმაყოფილებს. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ 100 პროცენტით დავაკმაყოფილოთ ხორცით მოსახლეობის მოთხოვნილება: ან წარმოება უნდა გავზარდოთ საკმაოდ სოლიდურად, ან იმპორტი. იმპორტი დამოკიდებულია ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე, ამიტომ, რაც შემოგვაქვს, ისიც არ აკმაყოფილებს ჩვენს შიდა მოთხოვნილებებს. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული სუფრისადმი, სუფრის სიუხვისადმი, გარკვეულწილად, იმის მიმანიშნებელია, რომ მოსახლეობას, ტრადიციულად, ჰქონდა შიმშილისა და მოთხოვნილების არასრულად დაკმაყოფილების განცდა. საუკუნეების განმავლობაში არ გვქონია დალხენილი ცხოვრება და ეს აისახებოდა ბევრ ფაქტორზე, მათ შორის სურსათით მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და ამას ანაცვლებდნენ ლექსებით, სიმღერებით, სუფრის განდიდებით და ასე შემდეგ. მართალია, ჩვენ გაგვაქვს აგროსასურსათო პროდუქცია, მაგრამ სალდო ამ საუკუნეში თითქმის 13 მილიარდია, ანუ 13 მილიარდი დოლარით მეტი აგროსასურსათო პროდუქცია შემოვიტანეთ, ვიდრე გავიტანეთ. რას ნიშნავს ეს 13 მილიარდი?! ეს, დაახლოებით, შვიდჯერ მეტია იმაზე, ვიდრე გასულ წელს ვაწარმოეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. თუმცა, ეს მაინც ვერ უზრუნველყოფს ჩვენი მოთხოვნილებების სრულ დაკმაყოფილებას. ამდენად, ის, რაც „ფაინენშელ თაიმსმა“ განაცხადა, ჩვენთვის უკვე მოცემულობაა და არა ერთი და ორი წლის მოცემულობა.
– და მსოფლიო სასურსათო კრიზისი ამ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს?
– რა თქმა უნდა. მართალია, ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შესაძლებლობები, რომ დავამუშაოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მაგრამ თვითონ სავარგულების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარზე დაბალია. დაახლოებით, 250 000 ჰექტარს ვამუშავებთ, მაშინ, როდესაც შეიძლებოდა, სულ ცოტა, სამჯერ მეტის დამუშავება, რომ მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის დონე გაგვეზარდა. საქართველოში მხოლოდ 22 პროცენტი იწარმოება, დანარჩენი შემოგვაქვს. იმპორტში კი 99 პროცენტი რუსულ პროდუქციას უჭირავს. რატომღაც სელექციური დამოკიდებულება გვაქვს: თუ გავზრდით რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანას, ეს ეროვნული ინტერესების შებღალვას წარმოადგენს, მაგრამ, თუ დილით კარაქიან პურს მივირთმევთ, ხოლო ეს პური, მაღალი ალბათობით, სწორედ რუსეთიდან შემოტანილი ფქვილით ან ხორბლით იქნება წარმოებული, ეს ვითომც არაფერი, ჩვეულებრივად აღიქმება. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოწყვლადი ვიქნებით არა მარტო ასეთი კრიზისული პერიოდების დროს, რასაც იწვევს სპარსეთის ყურეში მიმდინარე პროცესები, არამედ ზოგადად და ვიქნებით დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე. შესაბამისად, სურსათი თანდათანობით ხდება და უკვე შეიძინა ეს ფუნქცია: პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის იარაღი. ასეთ პირობებში ჩვენ უნდა გვქონდეს საკმარისი მედეგობა, რომ ასეთ შანტაჟსა და გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ.
– როგორი ვითარებაა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებისა და იმპორტის მხრივ?
– მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, თითქმის ერთნაირ ბუნებრივ-კლიმატურ ზონაში ვიმყოფებით, სომხეთსაც გაცილებით მაღალი აქვს თვითკმარობა, იმავე მარცვლეულით. მარცვლეულს იმიტომ ვასახელებ, რომ, როგორც ნავთობია ეკონომიკისათვის მამოძრავებელი, ისეა კვების პროდუქტებში მარცვლეული. სომხეთში მარცვლეულით თვითდაკმაყოფილების დონე 60 პროცენტამდეა, აზერბაიჯანში ბოლო დრომდე, დაახლოებით, ნახევარჯერ მეტი იყო. ალბათ, ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ, სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინასთან, რომ ერთ მილიონ ჰექტარ მიწას იღებდა აზერბაიჯანი იჯარით უკრაინის ხელისუფლებისაგან, რომ იქ ექსკლუზიურად ეწარმოებინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აზერბაიჯანისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საკმაოდ ბევრ პროდუქციას აწარმოებს. შემდეგ ომის დაწყებამ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, შეაჩერა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პერსპექტივაში ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა აზერბაიჯანს. ამიტომ, თუ შევადარებთ, ჩვენ არა მარტო სამხედრო ხარჯებით ვართ აუტსაიდერი რეგიონში, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვითკმარობის დონითაც ჩამოვრჩებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს და ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, რასაც დასჭირდება სათანადო რეაგირება.
– სომხეთის შესახებ სულ იმას ამბობენ, რომ ქვაღორღიანი მიწააო. თუ ქვაღორღიანია, 60 პროცენტით როგორ იკმაყოფილებენ მარცვლეულზე მოთხოვნილებას?
– აქ შეიძლება, მოქმედებს ეროვნული ხასიათიც და ფასწარმოქმნის სისტემაც. როდესაც გაცილებით იაფი ჯდება შემოტანილი, ადგილობრივი წარმოების რესურსი ქრება და ეს მარტო მარცვლეულს არ ეხება. რატომ იყო ქართველი ოდითგანვე მყარად მიბმული თავის მიწა-წყალს და რატომ ეწეოდა მემცენარეობას და არ ეწეოდა მომთაბარე ცხოვრებას?! ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის, რომ ქართველთა დიდი მასა, დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ არ ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისათვის ქართველთა 96 პროცენტი საქართველოში ცხოვრობდა. შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა და დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი შემცირდა 65 პროცენტამდე. ჯერ არ გვაქვს ისეთი დიასპორა უცხოეთში, როგორიც სომხებს აქვთ, მაგრამ...
– და ამას რა კავშირი აქვს ხორბლის წარმოებასთან?
– ხორბალთან ის კავშირი აქვს, რომ ეკონომიკური მოტივაცია გაქრა და გლეხის მიწაზე მიჯაჭვულობამ დაკარგა თავისი ეკონომიკური შინაარსი. მოხდა გაუცხოება, იმიტომ რომ მიწის ფლობამ, რომელიც მანამდე მისი მარჩენალი იყო და საუკუნეების განმავლობაში არსებობის პირობას განსაზღვრავდა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში დაკარგა თავისი აზრი. მიწაზე გაწეული შრომის შედეგად გლეხი ვეღარ იღებდა სათანადო შემოსავალს და ან დიდ ქალაქებში გადავიდა სამუშაოდ, ან კიდევ უფრო შორს, უცხოეთში წავიდა შრომით ემიგრაციაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული სოფელი დაიცალა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თუ გვინდა, რომ დემოგრაფიული პრობლემები გადავჭრათ და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას შეუქცევადი ხასიათი მივანიჭოთ, სოფელს – აგრარულ სექტორს უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით, ქვეყნის მთიან რეგიონებში.
– ირანში ომი რატომ გამოიწვევს სასურსათო კრიზისს?
– ჯერ ერთი, ეს პირდაპირ უკავშირდება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მატებას. ნავთობის ფასების მატება კიდევ რას ნიშნავს? ჯერ საქართველოს მაგალითზე ვიტყვი: ჩვენს რეალობაში ერთი ბარელი ნავთობის მხოლოდ ერთი დოლარით გაძვირების შემთხვევაშიც, თუ ამას წელიწადზე გადავიანგარიშებთ და საქართველოს მიერ იმპორტირებული ნავთობის მთელ მასაზე გავავრცელებთ, აღმოჩნდება, რომ იმავე რაოდენობის ნავთობის იმპორტისთვის დაგვჭირდება დამატებით 12 მილიონის გადახდა. ეს მოხდება ერთი დოლარით გაძვირების შემთხვევაში, არადა საუბარია რამდენიმე ათეული დოლარით ნავთობის გაძვირებაზე, მაგრამ ნავთობი ხომ არ არის მარტო საწვავი?! ის, ცხადია, როგორც საწვავი, გამოიწვევს ტრანსპორტისა და პროდუქციის გაძვირებას. მაგრამ ძალიან მაღალია კორელაცია მინერალური სასუქების ფასებსა და ნავთობის ფასს შორის. სასუქები სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელ პროდუქტს წარმოადგენს. ესე იგი, რამდენი პროცენტითაც გაძვირდება ნავთობის ფასი, იმდენით გაძვირდება სასუქები და ეს გააძვირებს აგროსასურსათო პროდუქციიასაც. ამდენად, ეს ჯაჭვური რეაქციის ხაზით გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვითღრებულების მატებას.
– ითქვა, რომ იხურება მინერალური სასუქების მწარმოებელი ქარხნები. რატომ?
– თუ რომელიმე პროდუქციაზე ფასი მატულობს სხვა თანაბარ პირობებში, იმ პროდუქციაზე მოთხოვნა ეცემა. შესაბამისად, ეს გამოიწვევს მინერალური სასუქების წარმოების ფასის ან გაზრდას, ან მათი წარმოების შემცირებას. წარმოების შემცირებამ შეიძლება, ბაზარზე გამოიწვიოს მათი დეფიციტი. ეს გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შემცირებას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება სამომხმარებლო ბაზარზე, ფასების დონესა და მოსახლეობისთვის გაზრდილ ფასებზე. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საომარი მოქმედებები პირდაპირ იწვევს ფასების ზრდას სასურსათო პროდუქტზე და შემდეგ არაპირდაპირ – ყველა დანარჩენ პროდუქციაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან, ახდენს გავლენას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





