პოლიტიკა

რატომ გამოიყურება ქართული პოლიტიკა გაცილებით დინჯად, ვიდრე ბოლოდროინდელი სომხური და აზერბაიჯანული

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 20.08

დავით ზარდიაშვილი
დაკოპირებულია

ერთი მხრივ, ვაკვირდებით სომხეთის პრეზიდენტის გაუგებარ მოძრაობებს, მათ შორის, სომხეთის ეკლესიასთან დაპირისპირებასა და კათოლიკოსის დისკრედიტაციის მცდელობას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფაშინიანმა განაცხადა მზადყოფნა, ნებისმიერ მსურველს აჩვენოს თავისი ფალოსი. მეორე მხრივ, უცნაურად ამჩატდა აზერბაიჯანის აქამდე მეტად გაწონასწორებული პრეზიდენტი, იმდენადაც კი, რომ მზადაა, რუსეთსაც კი დაუპირისპირდეს სამხედრო ძალით (სხვას არაფერს მიანიშნებს მისი მკვეთრი ქმედებები და განცხადებები). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც გვარიანად ვიგიჟიანებთ თავს, ამ ეტაპზე მაინც უფრო დინჯად გამოვიყურებით მეზობლების ფონზე. რამ გამოიწვია ჩვენი დადინჯება და ჩვენი მეზობლების აცეტება? – ამ თემას დავით ზარდიაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– ყველაფრის მიზეზი გამოცდილებაა. ჩვენ გავიარეთ ტურბულენტობის პერიოდი და შეიძლება, ითქვას, მივედით მყარ ნავსაყუდელთან, რაც არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. დღეს ამ მსოფლიო არეულობაში ჩვენი აქტივობა მხოლოდ იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ როგორმე შევინარჩუნოთ სტაბილურობა და დავიცვათ თავი. სრულიად არაპროგნოზირებადი მოვლენების განვითარების გარდა, ჩვენს მეზობლებს ის პრობლემაც აქვთ, რომ მათ შორის ომი ახალი დამთავრებულია აზერბაიჯანის გამარჯვებით. ისინი არიან გეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე, სხვადასხვა მიმართულებით აქვთ არჩევანი და ცდილობენ, უფრო ხელსაყრელი მდგომარეობის მოპოვებას. განსაკუთრებით, ეს ითქმის აზერბაიჯანზე, რომელიც მკვეთრად იცვლის პოზიციას რუსეთისადმი. ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს დიდ სარგებელთან და ძალიან დიდ რისკთანაც.

– რა სარგებელი შეიძლება, მიიღოს აზერბაიჯანმა?

– თუ რუსეთი კავკასიიდან წავიდა, თურქეთისა და აზერბაიჯანის ტანდემი, ზანგეზურის გასასვლელის გახსნის შემდეგ ხდება დომინანტი ძალა და ისინი უკარნახებენ პოლიტიკას მთელ ამ დიდ რეგიონს, რომელიც მარტო კავკასიას არ მოიცავს.

– თურქეთისა და აზერბაიჯანის, როგორც დომინანტი ძალის, გაძლიერება მთელ დიდი რეგიონზე, შუა აზიის ჩათვლით, რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი დასავლეთისთვის?

– ეს მარტივად იხსნება: ტრადიციულად, რუსეთის სამხრეთით დაპირისპირება მიმდინარეობს ორ დიდ ძალას: ბრიტანეთსა და რუსეთს შორის. ბრიტანეთი ყოველთვის უშლიდა და უშლის ხელს რუსეთის განვითარებასა და გაძლიერებას სამხრეთით. სხვათა შორის, ამან განაპირობა 1801 წელს საქართველოს ანექსია. აღა-მაჰმად-ხანის საქართველოზე დარტყმა ბრიტანული გეოპოლიტიკის პირდაპირი შედეგი იყო. ბრიტანეთი ცდილობდა, რომ რუსეთს როგორმე ფეხი არ მოეკიდებინა კავკასიაში და გადაწყდა საქართველოს დასჯა.

– ცოტა ნაკლებად მჯერა პირადად მე ამ ვერსიის. არ მიეხმარა რუსეთის ჯარი ერეკლეს, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

– ბრიტანეთი იდგა აღა-მაჰმად-ხანის უკან და ეს ძალიან ცნობილი ისტორიული ფაქტია. რა არის ბრიტანეთის იმპერიის არსი? ზღვების მეშვეობით მთელი ხმელეთის კონტროლი, ანუ ევრაზიის კონტროლი ზღვების მეშვეობით. ბრიტანეთის, ანუ ანგლოსაქსების, თუმცა შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს ცოტა რთული ურთიერთობა აქვთ, იდეაა, რომ რუსს არავითარ შემთხვევაში არ მისცენ გასასვლელი, ეგრეთ წოდებულ, თბილ ზღვებზე; რასაკვირველია, შავ ზღვაზეც, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. მით უმეტეს, არავითარ შემთხვევაში სპარსეთის ყურეზე, ინდოეთის ოკეანესა და ინდოეთზე. ინდოეთი ბრიტანეთის სამეფოს მარგალიტი იყო და მას უკავშირდებოდა მთელი ევრაზიის კონტინენტის მართვა. ამდენად, სწორედ ამისკენაა მიმართული აზერბაიჯანის გააქტიურება.

– და როგორ გააკონტროლებს შემდეგ გაძლიერებულ თურქეთს ბრიტანეთი?

– ძალიან მარტივად: თურქეთს გააკონტროლებს იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესია დასავლეთთან ურთიერთობა. თურქეთის სტრატეგიული ინტერესია როგორმე ევროპაში შეღწევა. მეორე მხრივ, მას აქვს პანთურქული ამბიცია, გააერთიანოს მთელი თურქული მოდგმის ხალხი, დაწყებული თურქეთით. ასე რომ, საკმაოდ რთული ურთიერთობებია და აზერბაიჯანმაც დრო იხელთა, ვინაიდან რუსეთი დაკავებულია უკრაინის პრობლემით. რასაკვირველია, ამის წინაპირობა ისაა, რომ აზერბაიჯანი გამარჯვებულის პოზიციიდან მოქმედებს. აზერბაიჯანმა მოიგო ომი და, ცხადია, ცდილობს, მიიღოს პოლიტიკური დივიდენდები. პოლიტიკური დივიდენდი კი, უწინარესად, არის რეგიონში დომინანტობა და პირობების კარნახი. ანუ აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემი კავკასიას კარნახობს პირობებს. რუსეთს ჯერჯერობით ამისთვის არ სცალია; ირანი აღშფოთებული და შეშფოთებულია, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ცდილობს, გამოიყენოს ისრაელთან მოკავშირეობა ირანის წინააღმდეგ.

– გასაგებია, რომ აზერბაიჯანს იმედი აქვს, თურქეთთან ერთად მოირგებს დაფნის გვირგვინს, მაგრამ სომხეთი ვისი ზურგითაა?

– ლაშა კასრაძის შეფასებას გავიმეორებ, სომხეთის პოზიციას აქ არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ მას ომში დამარცხების შემდეგ არანაირი პოლიტიკური წონა აღარ აქვს და მისი მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე საქართველოს ჰქონდა 2008 წელს, როდესაც საქართველოს სუბიექტობა, ფაქტობრივად, დაინგრა და საქართველოს აღარ განიხილავდნენ, როგორც სუბიექტს კავკასიურ პოლიტიკაში. საქართველო იყო მსხვერპლის როლში და ელოდა, რას გადაწყვეტდნენ სხვები. დღეს ამ მდგომარეობაშია სომხეთი და, შესაბამისად, სომხეთის პოლიტიკური მოძრაობები სათვალავში არ არის ჩასაგდები. დღეს რეგიონის ძირითადი მოთამაშეები არიან რუსეთი, თურქეთი, ირანი და ნებისმიერი დაპირისპირების შემთხვევაში, ირანსა და აზერბაიჯანს თუ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, საქართველო განიხილება, როგორც ფლანგი სახელმწიფო და თუ ეს დაპირისპირება დაიწყო, დარტყმა წამოვა ჩვენზეც.

– რას ნიშნავს დარტყმა წამოვა?

– მაგალითად, დაიწყო კონფლიქტი აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ან აზერბაიჯანსა და ირანს შორის; აზერბაიჯანს დასავლეთისკენ ერთადერთი გასასვლელი აქვს საქართველოზე და, ამდენად, ამ კონფლიქტში ინტერესი იქნება, როგორმე გაანეიტრალონ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობა. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ საქართველოც ფაზიკური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ამას ნიშნავს ფლანგი სახელმწიფო. ასე რომ, ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი მოვლენების ამ სცენარით განვითარება. ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესია კავკასიის სტაბილურობა; კავკასია, როგორც ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და მშვიდობის ზონა. რაც ამას ხელს შეუშლის, მათ შორის, დაძაბულობა აზერბაიჯანსა და ირანს შორის ან აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, ჩვენთვის რისკის ზრდაა.

– რა სვლები გვაქვს საიმისოდ, რომ რისკი მინიმალური იყოს?

– აზერბაიჯანს საქართველოსთან ურთიერთობა უღირს, იმ თვალსაზრისით, რომ არ აქვს გასასვლელი ზღვაზე, ისევე, როგორც არც სომხეთს აქვს გასასვლელი ზღვაზე საქართველოს გარეშე. ზანგეზურის დერეფნის გახსნა აზერბაიჯანისთვის დაკავშირებულია დიდ რისკთან. უპირველესი რისკია რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინება და მეორე – ირანის შეშფოთება. ირანი არ დაუშვებს, რომ ეს დერეფანი გაიხსნას მისი კონტროლის გარეშე.

– რა ხარისხის კონტროლზე შეიძლება, იყოს თანახმა ირანი?

– თვალყურის დევნებაში ჰქონდეს რაღაც წილი, ისე, რომ ირანის ინტერესებს ჩრდილი არ მიადგეს. ირანი არ დაუშვებს, თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი ისე გაძლიერდეს, რომ პირობების კარნახი დაიწყოს. მით უმეტეს, ბოლო, 12-დღიანი ომის დროს, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიყენა ისარელმა ირანზე დრონებით შეტევისთვის. ეს, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ანუ ვითარება რთულია და არაერთგვაროვანი. ძალიან ბევრი ინტერესია გადახლართული. ამ ფონზე რას ამბობს საქართველო?! საქართველო ამბობს მშვიდობიანი კავკასია, თანამშრომლობა, დერეფანი, ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ისევე, როგორც ხიდი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და ყველასგან კარგი სარგებლის მიღება. ჩვენი პოზიციაა: არა ომს, გაუმარჯოს შვიდობას!

– რუსეთი, ჯერჯერობით, ფაქტობრივად, არ რეაგირებს იმაზე, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება.

– რუსეთი უკრაინაში ჩართულია სტრატეგიულ დაპირისპირებაში დასავლეთთან და ეს არის მისთვის მთავარი საკითხი.

– თან, დაბევებული აქვს ორი ბაზა საქართველოში, სახმელეთო კავშირით.

- თავისთავად, თუ გააქტიურდება აქ რაიმე კონფლიქტი, ამ ბაზებს გამოიყენებს.

– იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის ბაზები ჩვენ წინააღმდეგ არც სჭირდებოდა, მიუხედავად აქ შფოთისა, რომ განალაგა „ისკანდერები“, ცოცხალი ძალა.

– რა თქმა უნდა, ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია. რუსეთი არ განიხილავს არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს და არც საქართველოს სუბიექტებად. ეს, უბრალოდ, ტერიტორიებია, რომლებიც მას სჭირდება დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში დასავლეთთან. მეორე მხრივ, არც დასავლეთი განგვიხილავს ჩვენ სუბიექტებად. მათთვისაც ჩვენ ვართ ერთგვარი რესურსი, რომელიც უნდა გამოიყენონ ამ დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში. ხოლო ჩვენი ამოცანაა და, ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანისაც, უნდა იყოს ის, რომ არავის მივცეთ საშუალება, გვაქციოს რესურსად. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს და, თუ ამ ინტერესებით განვითარდება რეგიონი, მას ექნება ისეთივე როლი კავკასიაში, როგორიც ადრე, ოდითგან ჰქონდა. საქართველო იყო რეგიონის ინტერესების მთავარი ლოკომოტივი; ძალა, რომელიც აერთიანებს კავკასიურ ინტერესებს. აზერბაიჯანი ცდილობს, ლიდერის ფუნქცია შეასრულოს და თითქოს გასაგებია, რატომ ცდილობს, რუსეთი შეავიწროოს, მაგრამ ამ დროს, სინამდვილეში, ჩვენი პოზიცია არის გაცილებით უფრო მყარი და თანმიმდევრული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გავიარეთ ეს გეოპოლიტიკური რყევები, საკმაოდ მძიმედ საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ და მივედით იქამდე, რომ არავის ინტერესებს არ ვემსახურებით და რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ ვინმესთან კონფრონტაციასა და მტრობას. ჩვენი მიზანია მშვიდობიანი კავკასია და თანამშრომლობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა