რატომ გამოაცხადა დონალდ ტრამპმა, რომ არ არსებობს არანაირი საერთაშორისო სამართალი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
დღევანდელ მსოფლიოში ფრიად უცნაური რამეები ხდება: თუკი აქამდე ყველა ომი დემოკრატიის დროშით იწყებოდა და ადამიანთა უფლებებზე ზრუნვით მთავრდებოდა (რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ტერმინი დემოკრატია თუ არ იარსებებდა, უნდა გამოეგონათ ძლიერთა ამა სოფლისათა), აწ უკვე საქმეში მორალიც გაერია. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა გვაუწყა, რომ არანაირი საერთაშორისო სამართალი არ არსებობს, ყველაფერს წყვეტს ზნეობა და, რაც ყველაზე საინტერესოა, მისი, ანუ დონალდ ტრამპის, ზნეობა. დავით ზარდიაშვილთან ერთად განვიხილავთ თემას, თუ სად მიგვიყვანა დემოკრატიის ალამმა და სად მიგვიყვანს დონალდ ტრამპის ზნეობრივი იმპერატივები.
დავით ზარდიაშვილი: მცირე ექსკურსი ჩავატაროთ: 1648 წელს დაიდო ვესტფალიის ზავი, როდესაც ჩამოყალიბდა ძირითადი წესები და პრინციპები და ამ ზავს წინ უძღოდა 30-წლიანი რელიგიური ომი. იმ ომის მიზეზი სწორედ ის იყო, თუ ვისი ზნეობაა მართალი ზნეობა, ვისი სიმართლეა მართალი სიმართლე და ვისი ეთიკაა ნამდვილი ეთიკა. ესე იგი, ვინ უნდა მოახვიოს საკუთარი ეთიკა და ნება სხვას თავს და თუ ნებაყოფლობით არ გამოვიდოდა, მაშინ ძალით გამოიყვანდნენ. 30 წლის განმავლობაში უმტკიცებდნენ ერთმანეთს თავიანთ სიმართლეს და აქედან არაფერი გამოვიდა. საბოლოოდ, მიიღეს პირველი პრინციპი: ვისიც არის ქვეყანა, მისია რჯული. ანუ შეთანხმდნენ, რომ შენს ტერიტორიაზე ვრცელდება შენი ზნეობა, რჯული და რელიგიაც. ესე იგი, სუვერენიტეტის პრინციპზე შეთანხმდნენ და აი, აქედან დაიწყო ეს მთელი საერთაშორისო სამართალი, რაც გაგრძელდა 2026 წლის 3 იანვრამდე, როდესაც ტრამპმა ეს ყველაფერი დაამხო: თქვა, მე არ მაინტერესებს არანაირი საერთაშორისო პრინციპები, მე ვწყვეტ ყველაფერს. ვესტფალიის ზავი ერთგვარ შემაკავებელ როლს ასრულებდა ლოკალურად: ხომ ევროპული ზავი იყო?! ანუ მხოლოდ ევროპაში იყო გარკვეული პრინციპები, რასაც უწოდებდნენ საერთაშორისო სამართალს. მას შემდეგ რამდენიმე მოდიფიკაცია დაიწერა. მიიჩნევა, რომ ვენის კონგრესის შემდეგ ჩამოყალიბდა ყველაზე უფრო სრულყოფილი, სამართლიანი და დაბალანსებული საერთაშორისო სისტემა. ოღონდ ეს იყო მარტო ევროპის მასშტაბით. ევროპის გარეთ, ესე იგი, სადაც ბარბაროსები, არაევროპელები ცხოვრობდნენ, რასაკვირველია, არანაირი საერთაშორისო სამართალი და სუვერენიტეტის პრინციპი არ ვრცელდებოდა. იქ მოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების ნება, რასაც ახლა ტრამპი აკეთებს: ვისაც აქვს ძალა, მისია სამართალიც.
– ორმაგ სტანდარტებს ჰქონია ისტორიული საფუძველი.
– ევროპელებისთვის ევროპის გარეთ მთელი დედამიწა იყო უპატრონო მიწა და ვინც მოასწრებდა, მისი ხდებოდა. გასაგებია, რომ ეს კოლონიალიზმი საშინელება იყო. შემდეგ დაიწყო იმპერიალისტური ომების ეპოქა, როდესაც უკვე მთელი დედამიწა გადაინაწილეს ევროპელმა კოლონიურმა იმპერიებმა და როდესაც გადასანაწილებელი აღარაფერი დარჩა, ერთმანეთში მოუვიდათ ჩხუბი. სწორედ ეს იყო პირველი იმპერიალისტური ომი. ამას მოჰყვა გაგრძელება – მეორე მსოფლიო ომი. მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, ვესტფალიის სულისკვეთებით, თითქოს, შექმნეს საერთაშორისო სისტემა, გარკვეულ წესებზე დაფუძნებული. ეს იყო სუვერენიტეტის პრინციპი და სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა. შესაბამისად, ორი იდეოლოგიური სისტემა ჩამოყალიბდა: ლიბერალური სისტემა და საბჭოთა სისტემა.
1947 წელს მიიღეს გაეროს წესდება. სინამდვილეში ეს იყო ვესტფალიის სისტემის მოდიფიკაციის შექმნა. შეიქმნა სისტემა, რასაც უწოდებდნენ იალტა-პოტსდამის სისტემას, გარანტირებული იყო ძალთა ურთიერთშეკავება, ერთი მხრივ, „ნატო“, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, საბჭოთა აგრესიის შესაკავებლად და, მეორე მხრივ, ამის საპირწონე ვარშავის პაქტი. ეს სისტემა მუშაობდა, სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა.
– და ხომ გასაგები იყო, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევით ეს სისტემა ავტომატურად მოიშლებოდა?
– დიახ, მოიშალა და დარჩა მხოლოდ ერთი პოლუსი. რაკი ბირთვული იარაღი უკვე არსებობდა, თუ ვინმე დაარღვევდა ამ შეთანხმებას, მაშინ საქმე მიდიოდა ურთიერთგარანტირებულ განადგურებამდე. ამდენად, თუ იალტა-პოტსდამის სისტემიდან გახვიდოდი, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ბირთული არმაგედონი და ორივე მხარის გარანტირებული განადგურება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი 1945-დან 1990-იან წლებამდე. ამ პერიოდში პროქსი-ომები უწყვეტად მიმდინარეობდა, მაგრამ არც ერთი არ გადაზრდილა მსოფლიო ომში და არ შეუქმნია ისეთი საფრთხე, რაც დღეს არსებობს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ურთიერთშეკავების ეს ორპოლუსიანი სისტემა დაინგრა და მივიღეთ ერთპოლუსიანი მომენტი. ამ დროს გამოქვეყნდა ვულფოვიცის დოქტრინა, აშშ-ის ჰეგემონიზაციის დოქტრინა და ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ჰეგემონიის დოქტრინა. ვესტფალიის პრინციპი, ვისიცაა ქვეყანა, ვისიცაა რჯული, აღარ არის და არის ერთადერთი რჯული – ლიბერალური დემოკრატია, მთელი მსოფლიო ჰომოგენურია და ლიბერალური დემოკრატია უნდა გავრცელდეს ყველგან. ანუ უნდა მოხდეს ექსპანსია და ამ ექსპანსიის გარანტორი უნდა იყოს შეერთებული შტატები, როგორც მთავარი პოლიციელი, მთავარი მსოფლიო ძალა, რომელსაც ვერავინ ვერასდროს დაუპირისპირდება და თუ ვინმე გაბედავს და დაუპირისპირდება, მას დაემართება იგივე, რაც დაემართათ, მაგალითად, იუგოსლავიას, ერაყს, ავღანეთს და ასე შემდეგ. ასე მივედით 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი აუჯანყდა ამ სისტემას, აშკარად დაესხა თავს და თქვა, რომ არ მინდა ეს ჰეგემონია და უნდა დავუბრუნდეთ იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, როგორიც იყო გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართლის ვესტფალიის პრინციპები და ამათი ბოლო მოდიფიკაცია 1975 წლის ჰელსინკის აქტი.
– და რა გამოსავალი აქვს ამ დაპირისპირებას, სადამდე შეიძლება, გაგრძელდეს?
– მიმდინარეობს ომი და, რასაკვირველია, ეს ლიბერალურ-დემოკრატიული ექსპანსია არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეს მიუღებელი აღმოჩნდა ცალკე რუსეთისთვის, ცალკე – ჩინეთისთვის, ცალკე – უამრავი სხვადასხვა ქვეყნისთვის. ამ ლიბერალური წესრიგის უნიფიკაცია და ამერიკულ ჰეგემონიაზე დაყრდნობით რაღაც სისტემის შექმნა შეუძლებელი აღმოჩნდა და ამის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა ეს ომი, რაც უკრაინაშია და არა მარტო. შემდეგ მოდის ტრამპი: ის ამ ლიბერალურ დემოკრატიას მხედველობაში არ იღებს, პირიქით, ის ამბობს, რომ იდეოლოგიისგან თავისუფალია და პირდაპირ იწყებს იმას, რასაც უკვე ესკატოლოგიური მნიშვნელობა აქვს. იმის თქმა მინდა, რომ ტრამპს აქვს ამბიცია, ზეცას მისწვდეს. მისი თეზისი: გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი, ეს ნიშნავს, არც მეტი, არც ნაკლები, ბაბილონის გოდოლის მშენებლობას. ის არის ძალაუფლების მთავარი კოშკი დედამიწაზე და ყველა უნდა იყოს მის ჩრდილქვეშ. ასეთია მოდელი.
– ბაბილონის გოდოლის მშენებლობა ვერ დამთავრდა კარგად.
– არ ვიცი, ტრამპი როგორ დაამთავრებს. მას იმედი აქვს, რომ არ დაამთავრებს ცუდად და ჰყავს თანამზრახველები, მაგალითად, პიტერ ტილი, რომელიც პირდაპირ ავითარებს ესკატოლოგიურ ნარატივებს და ამბობს: თუ თქვენ არ გინდათ ანტიქრისტე, მაშინ უნდა მოემზადოთ არმაგედონისთვის. ჩვენ გავუძლებთ არმაგედონს, იმიტომ რომ ჩვენ ბაბილონის კოშკი ვართ და შევქმნით ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც ტექნოლოგიური ცივილიზაციის ზღურბლი იქნება; ვინც დაიღუპება – დაიღუპება და ვინც გადარჩება, შევა ტექნოლოგიურ სამოთხეში. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი შეხედულებები აქვს პიტერ ტილს და ის არის „მაგას“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. ანუ რას აკეთებენ ისინი?! აშენებენ შეერთებული შტატების პირამიდას დედამიწაზე, თავში იქნება შეერთებული შტატები და ვინც მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცევა, მეტ-ნაკლებად იქნება დაცული, მაგრამ ეს არ არის იდეოლოგიური ლიბერალური დემოკრატიის ესქატონი, როგორც ეს წარმოედგინა, მაგალითად, ფუკუიამას და ვთქვათ, პოლ ვოლფოვიცის დოქტრინას. ეს არის იერარქიული სისტემა, პირდაპირ ძალაუფლების ნებაზე დამყარებული და ამ ძალაუფლების ნების ყველაზე უფრო კონცენტრირებული გამოხატულება არის თვითონ ტრამპი და ის თავის გარშემო ქმნის ამ სისტემას. რა გამოუვა, სხვა საქმეა, მაგრამ ვენესუელაში გამოუვიდა. სრულიად უტიფრად და თავხედურად რუსეთის ლამის თითო გემს აპატიმრებს ყოველდღე; ირანს ემუქრება და, როგორც ჩანს, ირანი არის სამიზნე. არ ვიცით, ეს რითი დამთავრდება, იმიტომ რომ რეალურად ამის შემაკავებელი ძალა არ ჩანს. ჯერ კიდევ პავლე მოციქული ლაპარაკობს, რომ მეორედ მოსვლა მოხდება მაშინ, როდესაც შეუკავებელი გახდება უსჯულოების საიდუმლო. ეს უკვე დაწყებულია მაგრამ არსებობს კატეხონი, ანუ ძალა, რომელიც ამას აჩერებს. ეს, დაახლოებით, ის არის, რაც სოდომისა და გომორის დროს იყო. უფალმა რომ უთხრა, ათი კაციც თუ არის მართალი, ქალაქებს არ დავღუპავო. საერთაშორისო სამართალი ჰეგემონიის დროს ისედაც ილუზორული იყო, რეალურად ეს იყო მათ მიერ თავსმოხვეულ წესებზე დამყარებული წესრიგი, ცალმხრივი წესები, რომლებსაც ეს ჰეგემონები აწესებდნენ. ახლა არც არსებობს: 2026 წლის 3 იანვრის შემდეგ აღარანაირი შემაკავებელი ძალა აღარ არის, რომელიც ტრამპის „მორალისგან“ დაგვიცავს. შეიძლება, მას ეს მორალურად მიაჩნია, მაგრამ მე ძალიან ეჭვი მეპარება, მორალური იყოს, როდესაც მადურო ჩაათრია, როგორც ადრე, ძველი რომის დროს ხდებოდა.
– დიახ, რაც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს, ის მოხდა ოცდამეერთე საუკუნეში.
– დიახ, ომს რომ მოიგებდა რომი, დატყვევებულ გადამთიელ მეფეს, რომელიც ომში დაამარცხა, ჩამოატარებდნენ მარსის მოედანზე და ამას ტრიუმფი ერქვა. მაგრამ მადუროს ეს არ აკმარა: მიათრია სასამართლოში, რაც გამაოგნებელია. ეს არის ესკატონი – ჟამთა დასასრული ნიშნავს საშინელ სამსჯავროს. ამის იმიტაცია მოაწყო: თავის სასამართლოში მიიყვანა, რაც წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ერთი სასამართლოს იურისდიქციაში გაასამართლო მეორე სახელმწიფოს წარმომადგენელი. ასეთი რამ არ ხდება. მაგრამ პრინციპი ასეთია: არ არსებობს არანაირი შემაკავებელი ამ ესკატონისა, ანუ არმაგედონისა.
კატეხონის ილუზიაც კი, რაც იყო საერთაშორისო სამართალი, დანგრეულია, აღარ არის და ყველაფერი დამოკიდებულია ძლიერთა ამა სოფლისათა მორალზე. თუ ტრამპი მოინდომებს, მას შეუძლია, რომ არმაგედონი მოაწყოს. ეს მის ნებაზეა დამოკიდებული. შეგვიძლია, დავიჯეროთ, რომ ის მაღალზნეობრივი ადამიანია. შეგვიძლია, არ დავიჯეროთ. თვითონ გვეუბნება, ჩემი მორალის იმედი უნდა გქონდეთო, მაგრამ ცოტა ძნელია, ამის იმედად იყო. ჩვენ ღმერთის იმედად ვართ. კარგი შედარება გააკეთა რუსმა პოლიტოლოგმა პერესლეგინმა: საერთაშორისო სამართალი არ არის და ის კანონია, რაც არის სავანაში, ანუ ჯუნგლში – ვისაც ძალა აქვს, ის არის მართალი. თავი ლომი ჰგონია და არის კიდეც, ყველაზე ღონიერია და ჯუნგლში მეფე, მართლაც, ლომია, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა ჯუნგლებსა და სავანაშიო, როდესაც ლომები გიენების ხროვას შეუჭამია. ასეთი ბოლო შეიძლება, ჰქონდეს მას. დაესიონ პატარა-პატარა გიენები და გაბდღვნან ცოცხლად, რაც სულაც არ იქნება მოულოდნელიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





