პოლიტიკა

რატომ გახსნეს სოხუმმა და ცხინვალმა ადმინისტრაციული საზღვრები

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 28.09, 2022 წელი

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

სერგეი შამბას განცხადებით, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა იცვლება, რაც დე ფაქტო აფხაზეთისთვის რისკებს შეიცავსო. საინტერესოა, რომ რისკების კონტექსტში შამბა არ ასახელებს ბიჭვინთის ტერიტორიისა და ზღვის ნაწილის რუსეთისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემას, პირიქით, ამტკიცებს, რომ ეს პროექტი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მეტიც, განიხილავენ თბილისიდან დე ფაქტო აფხაზეთისკენ ტვირთების გატარების ვარიანტს, რაც 2007 წლიდან თავადვე აკრძალეს, იმას გარდა, რომ როგორც სოხუმის, ისე ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებებმა ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლი მოადუნეს და მოსახლეობას თავისუფალი მიმოსვლის ნება დართეს. ამ თემაზე თავის მოსაზრებებს მამუკა არეშიძე გაგვიზიარებს.

– რა იცის შამბამ ისეთი, რაც არ ვიცით ჩვენ? რას გულისხმობს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების შეცვლაში?

– თუ გავაანალიზებთ არა მხოლოდ შამბას, აფხაზ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, ასეთი დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ. აფხაზები თავიდან შეშფოთებულები იყვნენ იმით, რომ უკრაინის ომის კონტექსტში თბილისს შეიძლება, გადაედგა საომარი ნაბიჯი. სხვათა შორის, როგორც მეუბნებიან დაპირისპირების ხაზის გადამლახავნი, განსაკუთრებით, იქით, შეშფოთება ეტყობოდათ როგორც აფხაზ, ისე რუს მესაზღვრეებსა და მებაჟეებს. შემდგომში სიტუაცია შეიცვალა, როდესაც დაინახეს, რომ თბილისმა ეს ნაბიჯი არ გადადგა, ეს გამოჩნდა სოციალურ ქსელებში და სამხედროების მოქმედებაშიც. ახლა გარკვეულწილად კეთილგანწყობაც კი გაჩნდა ქართველებისადმი. როგორც ჩანს, ქვეცნობიერად მაინც დააფასეს ქართველების მიერ ამ ნაბიჯის არგადადგმა, თუმცა ამან ზედმეტი ილუზია არ უნდა შეგვიქმნას. მათ ჩათვალეს, რომ თბილისმა და მოსკოვმა რაღაც მოილაპარაკეს კულუარულად. მათი საქმეა, რას იფიქრებენ და რას არა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შამბას ნათქვამი ეფუძნება იმ განწყობებს, რომლებიც აფხაზეთში შეიქმნა და იმ ეჭვებს, რაც დღეს სეპარატისტულ სოხუმს აქვს, რომ რაღაც მოილაპარაკეს ქართველებმა და რუსებმა ჩვენს ზურგს უკან. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც დაძაბულობა იკლებდა მოსკოვსა და თბილისს შორის, აფხაზები ყოველთვის აკეთებდნენ მსგავსი ტიპის განცხადებებს.

– რისკების გაზრდაში იმას გულისხმობენ, რომ მათ, ეგრეთ წოდებულ, დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება?

– ალბათ, ამას გულისხმობენ. მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ, ალბათ, ასეა.

–იმავდროულად, იგივე შამბა ამბობს, რომ ბიჭვინთის ნაწილის გადაცემა საფრთხეს არ უქმნის მათ „დამოუკიდებლობას“. ცოტა უცნაურია.

– ერთია, როდესაც შამბა რაღაცას ამბობს თბილისის შესახებ, ეს უფრო ახლოს არის ხოლმე სიმართლესთან და მეორე, როდესაც შამბა, როგორც ჩინოვნიკი, ამბობს რამეს. რაც შეეხება ბიჭვინთას: რასაკვირველია, ეს ჩინოვნიკის ნათქვამია, შამბა რომ დღეს ოპოზიციაში იყოს, პირველი ატეხდა ერთ ამბავს. თვითონ „დამოუკიდებლობას“ შეიძლება, ერთი შეხედვით, ასეთი ნაბიჯი საფრთხეს არ უქმნიდეს, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები რუსეთის მხრიდან, როგორც ჩანს, პერმანენტული იქნება. დღეს ბიჭვინთაა, ხვალ სხვა იქნება და ასე შემდეგ. მანამდე აიბღა იყო, რის გამოც შამბამ, თავის დროზე, ერთი ამბავი ატეხა. ეს პროცესი გაგრძელდება და ეს კარგად იციან აფხაზებმა ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც. ის წერილები, რომლებიც ამ ბოლო დროს გამოაცხო აფხაზმა ოპოზიციამ და რომლებითაც მოუწოდებენ დე-ფაქტო აფხაზეთის „პარლამენტს“, არავითარ შემთხვევაში არ გადადგას ეს ნაბიჯი და არ მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტი ბიჭვინთის ამ მონაკვეთის შესახებ, მოწმობს იმას, რომ აფხაზ საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერია გაღიზიანება იმ ნაბიჯებისადმი, რომლებსაც რუსეთის კარნახით დგამს ბჟანიას „ხელისუფლება“.

– ყველაზე მეტად მეუცნაურება ის, რომ ბჟანია აკეთებს იმას, რაც არ გააკეთა ხაჯიმბამაც კი. რითაა ბჟანია ასე დავალებული მოსკოვისგან?

– ხაჯიმბა იმიტომ დაამხეს, რომ ამის გაკეთებას აპირებდა.

– დიახ და იმიტომაც ვსვამ ამ კითხვას.

– რაც შეეხება ბჟანიას: მისი პერიოდი დაემთხვა საომარ ვითარებას უკრაინაში და ყველანი, მათ შორის, აფხაზებიც ხედავენ, რომ რუსეთი, თუ გაუვიდა, უკან დამხევი არაფერზეა. რუსეთი ხომ უკრაინის ტერიტორიაზე დღეს დასავლეთს ებრძვის?! ამდენად, რუსეთმა ძალიან მაღლა აწია თამასა და აფხაზეთში სერიოზულად შეშფოთდნენ იმის გამო, რომ, სადაც დასავლეთს ამდენი გაუბედა რუსეთმა, პატარა აფხაზეთს, რომელსაც არავინ ჰყავს მფარველი, მით უმეტეს გაუბედავს, თუ საჭირო გახდა. ომმა შეცვალა ვითარება, გეოპოლიტიკაც და ადამიანების განწყობებიც. აქედან გამომდინარეა, რომ რასაც რუსეთი გუშინ ბედავდა, იმაზე მეტს ბედავს დღეს და ამიტომ აფხაზური მხრიდან ამაზე პასუხი ბევრად მოზომილია, მიუხედავად საზოგადოების ძალიან მაღალი ხარისხის გაღიზიანებისა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოციალურ ქსელებშიც ჩანს.

– რით ხსნით ასე იოლად რომ ანეიტრალებს აფხაზი საზოგადოების აზრს დე-ფაქტო ხელისუფალი? ადრე ასე მარტივი არ იყო ეს ამბავი.

– საქმე ისაა, რომ მაშინ აფხაზური მხარის ვალდებულება ძალიან დიდი იყო იმის გამო, რომ რუსეთი იხდიდა კომპენსაციას, რათა აფხაზეთში კომფორტულად ყოფილიყო. ეს კომპენსაცია გამოიხატებოდა ტრანშებით, რომლებსაც ყოველი წლის მაისსა და დეკემბერში იღებდა დე ფაქტო აფხაზეთი მოსკოვიდან. რასაკვრველია, რუსეთი ზეწოლის მექანიზმებს იყენებდა და ხშირად მაისის ტრანშს დეკემბერში გზავნიდა, და პირიქით ან საერთოდ არ აძლევდა და მეორე წელს – ორივეს ერთად, ანუ აწვალებდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ვალდებულებები იყო და აფხაზეთში პოპულარული იყო გამონათქვამი, რომ ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. თუმცა, იმავდროულად, აფხაზები საკითხს ასე აყენებდნენ: ჩვენ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში შევუნარჩუნეთ ფორპოსტი „ნატოს“ წინააღმდეგ და, ამდენად, რუსეთი ვალდებულია, შეგვინახოს. ახლა კი ეს მეორე საკითხი – ვალდებულია, შეგვინახოს – მოიხსნა, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ფორპოსტის სტატუსი შეირყა და, მეორე მხრივ, მუსიკის შემკვეთის მდგომარეობაც შეირყა. ახლა აფხაზი საზოგადოება უაღრესად რთული მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული პოზიციის დემონსტრირებას ვერ ახდენს, გარდა ზოგადი გაღიზიანებისა რუსეთისადმი, მაგრამ აქაც ზომიერებას იცავენ, ვინაიდან ხედავენ, რომ, თუ რუსეთი ჩამოიქცა და დამარცხდა ამ ომში, მაშინ მათი მფარველი არავინ იქნება და მათ „დამოუკიდებლობას“ აუცილებლად დაესმება წერტილი. აი, ეს იციან აბსოლუტურად ზუსტად.

– ამას უკავშირდება ის, რომ ჩაკეტილი ადმინისტრაციული საზღვრები გახსნეს?

– რასაკვირველია, ამას უკავშირდება. სოხუმის აზრით, ერთი მხრივ, მოსკოვი აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ დააფასა საქართველოს მხრიდან ომში არჩაბმა და, მეორე, არა მხოლოდ დე ფაქტო აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონშიც გახსნეს ადმინისტრაციული საზღვრები. ცხინვალის რეგიონში საინტერესოა ის, რომ იქაური ადმინისტრაციის მეორე რგოლის წარმომადგენლებმა ძალიან მოუხშირეს აქეთა მხარეს თავიანთ ნათესავებთან დარეკვას, რასაც ადრე არ აკეთებდნენ. ვითომ აქამდე არ შეიძლებოდა ნათესავების მოკითხვა, თუ ასე ენატრებოდათ. გასაგებია, ნიადაგს სინჯავენ პრიმიტიულად, როგორც სჩვევიათ იმ რეგიონის ჩინოვნიკებს. ხოლო თბილისში ვიზიტებს მოუხშირეს აფხაზეთის მაცხოვრებლებმა. სამედიცინო დაწესებულებებში ისედაც დადიოდნენ, ახლა კი სხვადასხვა „საქმეზე“ ჩამოდიან. იმის თქმა მინდა, შანსი იმისა, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, არსებობს და შესაძლებლობების, მართლაც, ძალიან ბევრი ფანჯარა გაიღო როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და კონფლიქტების მოგვარების მხრივაც. ოღონდ იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმე მარტივად დაგვითმობს, ან ერთ, ან მეორე რეგიონს, სისულელეა და კონტრპროდუქტიული, მაგრამ ფაქტია, რომ შეიძლება, რაღაც სხვა ტიპის ურთიერთობების სისტემა შეიქმნას და, მეორე მხრივ, რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსი გვეძლევა საიმისოდ, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ.

– გამარჯვების შემთხვევაში?

– რუსეთის გამარჯვების შესაძლებლობას, ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე, მე ვერ ვხედავ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას სამამულო ომის სტატუსი მიანიჭა, ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან თავიდანვე ისეთი შეცდომებია დაშვებული, რომელთა გამოსწორება დღეს წარმოუდგენელია. დღეს საყოველთაო მობილიზაცია შეიძლება, გამოაცხადოს ნებისმიერმა სხვა პოლიტიკოსმა, ვინც პუტინის სავარძელს დაიკავებს, პუტინის გარდა.

– რატომ?

– რომ გადახედოთ რუსულ სოციალურ ქსელებს, პუტინის მხარდამჭერებიც კი სერიოზულად აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ყველაფერს აბრალებენ პუტინსა და შოიგუს. ვგულისხმობ ბოლო დღეების მარცხს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ხელს უწყობს ამას, ანუ სწორად წარმართავს მოსახლეობის განწყობას სოციალურ ქსელში, იმისთვის, რომ ამ ორ ადამიანზე გადატყდეს ჯოხი. მიაქციეთ ყურადღება: პეტერბურგისა და მოსკოვის რაიონულმა დეპუტატებმა უკვე შეადგინეს პეტიცია და მას, მართალია, ხელს აწერენ რაიონული დეპუტატები, ძირითადად, დამოუკიდებელი დეპუტატები და დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან, მაგრამ ისინი ითხოვენ პუტინის გადადგომას. პეტიციაში არ არის ლაპარაკი, რომ ომის დაწყება არ შეიძლებოდა და ომი დანაშაულია, არამედ იმაზე, რომ, რადგან ომში წარმატებას ვერ აღწევს, მთავარსარდალი უნდა გადადგეს. რუსულ არხებზეც ისმის უკვე გენერალიტეტის კრიტიკა. ეს ჩვენთან არ უყურებენ რუსულ არხებს, მაგრამ სოხუმში უყურებენ და ძალიან კარგად ხედავენ ყველაფერს. ამიტომ საქმე ის კი არ არის, რომ ოპოზიცია ჩაეჭიდოს ჩემს ან სხვის სიტყვებს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობა შეიცვალა, არამედ ეს საკითხი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების კუთხით უნდა შევაფასოთ და სწორედ აქედან გამომდინარეობს შამბას ეს ნათქვამი და არა იქიდან, რომ ვიღაც ხშირად რეკავს მოსკოვში ან პირიქით.

– შექმნილი ვითარება უბიძგებს, ისროლოს მცირემუხტიანი ბირთვული რაკეტა?

– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი განწყობები იქნება რუსეთში; გარისკავს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების თავშეკავება. მე ვთვლი, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა ახლა აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ ამით შეიძლება, ძლიერი პროპაგანდისტული იარაღი მისცენ ხელში პუტინის ხელისუფლებას. სხვათა შორის, უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სტატუს-კვოს აღდგენა და ამის შემდეგ ყირიმზე ფიქრი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი