პოლიტიკა

რატომ გახდება ადამიანისვე შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მიზანი შემქმნელის განადგურება და როგორ ააგო ადამიანმა სამყარო, რომელშიც ნაღდისა და ყალბის გარჩევა შეუძლებელია

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 28.04, 2021 წელი

ტატიანა ჩერნიგოვსკაია
დაკოპირებულია

თანამედროვე ადამიანს სავსებით ახლებურ რეალობაში უწევს ცხოვრება, როდესაც ურთიერთობები გახდა ვირტუალური, პროგრამები ასრულებენ დამხმარეების როლს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საცაა, ხელოვნური ინტელექტი ადამიანთან ერთად და მის გვერდით (თუ მასზე ზემოთ არა) იარსებებს. ამას ემატება კორონაპანდემიაც და ვაქცინაციაც, იმას გარდა, რომ არაერთი მოარული ვერსიაა, თუ რას შეიძლება, ისახავდეს მიზნად პანდემიის გამო დედამიწელთა ჩაკეტვა და ან მათი ახლებური ვაქცინით აცრა: ზოგის აზრით, კაცობრიობის გადარჩენას, დანარჩენების მტკიცებით კი - განადგურებას. ამ კითხვაზე პასუხს ახლა ვერ მივიღებთ (იმიტომ რომ დრო სჭირდება და არაერთი წელი), მაგრამ, სამაგიეროდ, ცნობილ და ძალიან საინტერესო მეცნიერ ტატიანა ჩერნიგოვსკაიას აზრს გაგაცნობთ თემაზე, თუ როგორ აისახება შეცვლილი სამყარო ადამიანზე (რომლის ტვინი და ბუნება არც შეცვლილა ანტიკური ხანიდან მოყოლებული) და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ხელოვნური ინტელექტი (რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ უძლიერესი პროგრამების დონეზე არსებობს, მაგრამ არც მათი გარეგნული „გაადამიანებაა“ ზეგინდელი დღე).

ტატიანა ჩერნიგოვსკაია: „დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორ ეპოქაში მოხვდა ადამიანი? ჩვენ თვალწინ იბადება თაობა, რომლებსაც მშობლების თაობისგან განსხვავებით, გადაწყობა კი არ უწევთ ერთიდან მეორეში, არამედ უკვე დაიბადნენ ახლებურ კულტურაში. ჩვენ მოვხვდით სრულიად სხვა სამყაროში, ყველა ვხედავთ იმ დადებითს, რაც ამ სამყაროს მოაქვს, მაგრამ უარყოფითის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ამ ლექციის ჩატარებას ვგეგმავდი კორონაპანდემიამდე, ამიტომ ის არ ეხება ვირუსს, თუმცა ამას უკვე გვერდს ვერ ავუვლით. ლექციას დავარქვი: „ცივილიზაციური გარდატეხა: გაუძლებს თუ არა ამას ნეირონული ქსელი“. რადგან მე ვმუშაობ ტვინთან და ყველაფერთან, რაც ტვინს უკავშირდება: ცნობიერება, მეხსიერება, სხვადასხვა კოგნიტური პროცესები და ამ პროცესში იბადება კითხვები, რომლებზეც პასუხები არავის აქვს, მეც დავსვამ კითხვებს.

ამ პლანეტაზე მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ძალიან სულელები და გენიოსებიც და მიუხედავად ამისა, თითოეულს თავში გვაქვს ყველაზე რთული რამ, რაც კი გვინახავს და ვიცით. ტვინზე რთული არაფერია – ის თვით სამყაროზეც რთული წარმონაქმნია და ასეთი ურთულესი ტვინი აქვს ამ დედამიწის თვით ყველაზე სულელ ადამიანსაც კი. მეორე მხრივ, იბადება კითხვა: როგორ ვახერხებთ, ვიცხოვროთ ამ მუდმივად ცვალებად გარემოში, როდესაც თითოეულ მილიწამში იცვლება ყველაფერი: განათება, ხმა, განწყობა, ვის ველაპარაკებით, მეგობარს თუ უცნობს, გონიერსა თუ შტერს?! არადა ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღვიქვამთ ინფორმაციას, რომელიც თითქოს სტაბილურია, იმიტომ რომ ასო-ბგერები სიტყვების, რითაც ინფორმაციას ვისმენთ ან ვკითხულობთ, უცვლელია. ყველა ამბობს, რომ სამყარო შეიცვალა და გართულდა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ სამყარო ყოველთვის იყო მრავალგვარი და წინააღმდეგობრივი. ამდენად, ამ მხრივ, ახალი არაფერია. ერთადერთი სიახლეა ცვლილებების სიჩქარე. ის, რაზეც კაცობრიობა ადრე ხარჯავდა ასეულ ათასობით წელს, შემდეგ – ათასობით, შემდეგ – ასეულობით, შემდეგ – ათეულობით, დღეს ხდება დღეში ერთხელ, ხანდახან დღეში – ორჯერ. პრიმიტიულ მაგალითს მოვიტან: აღმოჩნდება, რომ გაჯეტების, რომლებიც ჯიბეში გვიდევს ან ხელში გვიჭირავს და მივეჩვიეთ, ახალი მოდელი გამოვიდა და გინდა თუ არა, რაღაც თავიდან უნდა ისწავლო. და ეს ცვლილებები ხდება ძალიან სწრაფად.

მეორე – რაც აშფოთებს მთელ სამყაროს, არის ის, რომ ირღვევა აქამდე არსებული ყველა შეთანხმება. საგნები და მოვლენები სხვაგვარად მიედინება. ეს რაღაც სხვა სამყაროა და ჩვენ ამ სამყაროში უკვე ვცხოვრობთ და არა ვირუსის გამო. ეს დაიწყო 3-4 წლის წინათ. დედამიწა, ფაქტობრივად, უკვე სხვა პლანეტაა, ამ ვირუსმა კი ისტორია, უბრალოდ, დაასრულა, ანუ ჩვენ აღარ გვაქვს არანაირი შესაძლებობა, რომ დავუბრუნდეთ იმ სამყაროს, რომელშიც ვირუსამდე ვცხოვრობდით. რაც მთავარია – ამ სამყაროში შეუძლებელია ნაღდის ყალბისგან გარჩევა, ასლები იმდენად მომხიბვლელი გახდა, რომ მას ვეღარ გაარჩევ ორიგინალისგან, თუმცა ჩვენ ხომ ორიგინალი გვირჩევნია? მაგრამ როგორ გავარჩევთ?! დღეს არაფრის შემოწმების საშუალება არ არსებობს. სხვადასხვა პროგრამას შეუძლია, შექმნას ის, რაც არასდროს გაგვიკეთებია ან გვითქვამს, ანუ ისეთი არადროს ვყოფილვართ, მაგრამ ეს გასაღდება სინამდვილედ. არის შესაძლებლობა, გაარკვიო ორიგინალი და ხელოვნურად შექმნილი? დიახ, მაგრამ მხოლოდ მაღალი დონის ექსპერტიზით, სხვა გზა არ არებობს. ჩვენ არ ვიცით, რომელი ამბავია სიმართლე და რომელი – ტყუილი და ეს დაღს ასვამს ჩვენს ურთულეს ნეირონულ ქსელს. ადამიანის ტვინში არსებული ნეირონების სიგრძე 3 ტრილიონი კილომეტრია. 100 მილიარდამდე ნეირონია და თითოეულს შეიძლება, ჰქონდეს 50 000-მდე კავშირი სხვა ნეირონებთან. სტუდენტობისას მასწავლიდნენ, რომ არსებობდა 5 ტიპის ნეირონი, ახლა ამბობენ, რომ 1 000-ობით ტიპია და თითოეულს შეიძლება, ჰქონდეს 5 მდგომარეობა. ვხედავთ, რომ ლაპარაკია აურაცხელ რაოდენობაზე, რის დათვლაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია!

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სოციალური ურთიერთობების ქსელი – არ ვგულისხმობ „ფეისბუქს“ და მსგავს ქსელებს, არამედ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, ანუ გვაქვს ჩვენი სოციალური ქსელი და, ამ მხრივაც, მოვხვდით რთულ ვითარებაში. არსებობს სოციალური კავშირების დასაშვები რაოდენობა. მაიმუნების, რომლებსაც ჩვენზე სამჯერ პატარა ტვინი აქვთ, სოციალური ქსელის ზომაა 50 მაიმუნი, უახლოესო გარემოცვა კი – 3-4 კომპანიონი. ადამიანის ტვინი დიდია და მას შეუძლია 150 ადამიანთან ურთიერთობა, ვიწრო წრე კი 12-15 ადამიანია. ახლა ჩახედეთ თქვენს ტელეფონს: იქ ათასობით კონტაქტია.

ვიმეორებ – ყველაფერი დაჩქარდა და იბადება კითხვა. რატომ? საით მივიჩქარით? რისკენ? ამაზე პასუხი არ არის. ჰიპერქსელები ტვინში, ჰიპერქსელები ცხოვრებაში და ეს მუდმივად იცვლება. იბადებიან ბავშვები, რომლებზეც ამბობენ, რომ მათ სხვანაირი ტვინი აქვთ. არადა, სხვანაირი ტვინი არ აქვთ, იმიტომ რომ ევოლუცია ძალიან დიდ დროს მოითხოვს. როდესაც სტუდენტები არც თუ ჭკვიანურ კითხვას მისვამენ – ანტიკურობის შემდეგ ჩვენი ტვინი შეიცვალა თუ არაო, მე მათ ვპასუხობ: გარშემო ვერც არისტოტელეებს ვხედავ, ვერც მოცარტებს, ვერც ბეთჰოვენებს და ვერც შოპენჰაუერებს. ასე რომ, ტვინის ევოლუციაზე ლაპარაკი ცოტა სასაცილოა. გენეტიკოსები ამბობენ, რომ ადამიანის ევოლუცია შეწყდა, რასაც მე ვაპროტესტებ. მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ახლა დაბადებული ბავშვები იოლად ეუფლებიან ციფრულ ტექნოლოგიებს, ისინი ამით იბადებიან, თუმცა, ბიოლოგიურად ისინი იბადებიან ისეთივე ტვინით, როგორითაც ყოველთვის იბადებოდა ადამიანი.

და კიდევ ერთი საინტერესო საკითხი: ხელოვნური ინტელექტი. იურისპრუდენციამ ამაზე არაფერი იცის, თუმცა გაეროს დონეზე უკვე მუშაობენ, თუ როგორ იმოქმედონ, რა ახალი წესები შემოიტანონ. მაგალითად, თუ უპილოტო მანქანა მოკლავს ადამიანს, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი? ვინც იყიდა, თუ ვინც გამოიგონა: პროგრამისტი, ინჟინერი, ფირმის მფლობელი?! რაც ახლაა, ჯერ კიდევ არ არის ხელოვნური ინტელექტი, ეს ხელოვნური ინტელექტუალური სისტემები, მძლავრი პროგრამებია, მაგრამ ხომ არ გაგვექცევა მათი მართვის სადავეები?! მე სამზარეულოს ამბებს არ გიყვებით: ამაზე მსჯელობენ ცნობილი სპეციალისტები, ანუ ის, რაც აღწერილია ცნობილი ფანტასტი მწერლების მიერ, რეალობად იქცევა ჩვენ თვალწინ. ერთ მაგალითს მოვიტან. მიწვეული ვიყავი ერთ კომპანიაში, რომელიც ნეირონულ სისტემებს ასწავლის, ესე იგი, ასწავლის პროგრამებს. მათ მითხრეს, რომ ხელოვნურმა ნეირონულმა სისტემამ იმაზე ასჯერ სწრაფად დაიწყო სწავლა, ვიდრე წარმოსადგენია. ამან ისინი დააფრთხო, მაგრამ ამბავი ამით არ დასრულებულა: ორმა პროგრამამ შექმნა თავიანთი მათემატიკური ენა, რითაც ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და ის ენა ადამიანებს არ ესმოდათ. ჩემს შეკითხვაზე, თუ რა მოიმოქმედეს, მეცნიერებმა მიპასუხეს, რომ გამორთეს ეს პროგრამები. წარმოგიდგენიათ, როგორ შეეშინდათ სპეციალისტებს?!

ეთიკური და მორალური თვალსაზრისით, როგორ უნდა შევაფასოთ ექსპერიმენტები ტვინზე? ექსერიმენტები გენზე? არის წესები: რის ნებას ვრთავთ და რისას – არა? ადამიანის კლონირება, ვიცით, რომ აკრძალულია, მაგრამ მეცნიერებაში აკრძალვა არ მოქმედებს, ყოველთვის გამოიძებნება პირობითად მეცენატი, ვისაც რაღაც დააინტერესებს კარგი ან ცუდი მიზნებისთვის, იყიდის კუნძულს, სადაც თავს მოუყრის მეცნიერებს, როლებსაც შესთავაზებს ისეთ აპარატურასა და მუშაობის პირობებს, რომ ისინი უარს ვერ იტყვიან და ისინი გააკეთებენ ნებისმიერის კლონს. მეცნიერებას ვერაფერს აუკრძალავ – ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც აკრძალულია. შესაბამისად, უნდა მოვილაპარაკოთ თამაშის წესზე. მესმის, რომ დამნაშავენი ამას დაარღვევენ, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ კანონმორჩილ მეცნიერებზე. ვიცით, რომ მასკმა ჩიპი ჩააყენა ღორის ტვინში ეს ძალიან საგანგაშო ისტორიაა. პრობლემა ღორი არაა, ითამაშოს კომპიუტერული თამაშები, ამით არაფერი დაშავდება. ასევე, თუ ადამიანი დადამბლავებულია, ვერ კითხულობს, ვერ ხედავს და ტვინში ჩამონტაჟებული ჩიპი მას დაეხმარება ამ ფუნქციების აღდგენაში, ეს მილიონობით ადამიანს გადაარჩენს და უდიდესი მიღწევაა. მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ ერთი და იმავე დანით შესაძლებელია, დაჭრა ყველი და მოკლა ადამიანი. ამიტომ აუცილებელია წესები, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. გვესმის, ხომ, რომ, თუ ჩიპით მე შემიძლია, ტვინში შევიტანო რაღაც ინფო, ესე იგი, შემიძლია, იმავე ჩიპით ამოვიღო კიდეც ინფო. გინდათ, რომ თქვენი ფსიქიკური აქტივობა გარედან კონტროლდებოდეს? ჩვენ არ შეგვძლია, მივსდიოთ მოვლენათა განვითარებას, იმიტომ რომ ბევრი ურთიერთსაპირისპირო რამ ხდება და თითოეული მოვლენა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორ ვიმუშაოთ გენომზე? თუ დაადგინეს, რომ ახალშობილს ან ჯერაც დაუბადებელ ბავშვს გენში რაღაც ცუდი აქვს ჩაწერილი და ვიცით, როგორ გავასწოროთ, მართლაცდა, რატომ არ შეიძლება, შევცვალოთ გენომი, რომ ადამიანი არ დაავადდეს?! ეს კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ არ ვიცით, რა მოუვა დანარჩენებს, რა მოუვა გიგანტურ გენომს, თუ იმ გაუმართაობას იქიდან ამოვიღებთ? ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრე დღითიდღე იზრდება და თუ აღმოჩნდება ძლიერი – ანუ ისეთივე, როგორც ჩვენ ან ჩვენზე ძლიერი, ეს ნიშნავს, რომ მას ექნება ცნობიერება, ანუ ის იქნება პიროვნება, პროგრამა-პიროვნება! თუ ის პიროვნებაა, მას აქვს თავისუფალი ნება და თავისი გეგმები და მიზნები და ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ მისი გეგმა იყოს ადამიანთა მოდგმის გადარჩენა. ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ გავუთიშოთ ელექტროენერგია და გამოვრთოთ, მაგრამ ისინი გვაჯობებენ, არ მიგვიშვებენ. თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკაა, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ეს საფრთხე არსებობს. გვინდა ასეთ სამყაროში ცხოვრება?! ანდროიდები ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობა, ვიცოდეთ, რას ფიქრობენ ისინი. მას შეეძლება ემოციის, ტკივილის იმიტაცია, მასში შეიძლება, ჩამონტაჟდეს ჩიპი, რის დახმარებითაც, მას ექნება მოგონებები, როგორი იყო ბავშვობაში. გესმით, ეს ყველაფერი რეალურია?! ყველამ კარგად იცის ცნობილი ფრაზა: ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ. ესე იგი, რა გამოდის? პროგრამა აზროვნებს, ესე იგი, არსებობს! ყველაფერი ახსოვს, არ სჭირდება ძილი, არ იღლება, არ ემართება უსიამოვნებები სახლში, სამსახურში. ის ჩვენზე ძლიერია – მას არ აქვს გრძნობები, მაგრამ მას შეუძლია ამის იმიტაცია. აი, ასეთ საფრთხეს ვიტეხავთ თავზე საკუთარი ნებით.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი