რატომ გახდა იძულებული საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დაეთმო ტერიტორიები თურქეთისთვის
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.09

ამ ბოლო დროს თავიანთი ისტორიის საკმაოდ საინტერესო ვერსიას ყვებიან ჩვენი აზერბაიჯანელი მეზობლები, ჩვენს მეზობელ სომხებს კი ყოველთვის ვერსიები ჰქონდათ თავიანთი ისტორიის. აზერბაიჯანელები ხან თურქ–სელჯუკების შთამომავლები არიან, ხან – ალბანელების, ამ ბოლო დროს კი ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის ოკუპაციის თემაც ახსენა, რაც ბუნებრივად ბადებს კითხვებს, საიდან მოდის ტოპონიმი აზერბაიჯანი, როდის და რა საზღვრებში არსებობდა ეს სახელმწიფო 1918 წლამდე და რა არეალში ცხოვრობდა იქაური ხალხი. ოღონდ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა არავინ, მოტივით, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, არადა ისტორიკოსებმა, წესით, ეს საკითხი უნდა იცოდნენ, მაგრამ მაინც გამიმართლა, ვინაიდან ერთი რესპონდენტი დათანხმდა ამ თემაზე საუბარს, თუმცა ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა.
– რა ტიპის მასალები მოიპოვება სხვადასხვა წყაროდან, საიდან მოხვდა იქ ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და რას უკავშირდება აზერბაიჯანელების მიერ თავიანთი ფესვებისა და წარმოშობის ასეთი ხშირი ცვლილება?
– საერთოდ, კავკასიურ ხალხებს ძალიან დიდი ისტორია აქვთ. ვგულისხმობ სომხებს, ქართველებს და გარკვეულწილად აზერბაიჯანელებსაც, თუმცა ისტორიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ხოლო მეოცე საუკუნეში უფრო ხელმისაწვდომი გახდა ზოგიერთი ისტორიული კვლევა. რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანს: რა თქმა უნდა, ყველა ხალხს თავისი ფესვები აქვს, თუ საიდან მოვიდნენ ისინი. იყო დიდი მიგრაციები ინდოეთიდან, ამიტომაც არსებობს ხალხები, რომელსაც ინდოევროპული ოჯახი ჰქვია. ჩვენს ისტორიოგრაფიაში არსებული მოსაზრებით, აზერბაიჯანელები თურქ-სელჯუკების მონათესავე ხალხია და თვითონაც აცხადებენ, რომ თურქეთის მონათესავე ხალხია. ამ ვერსიას ჩვენც ვეთანხმებით. თუ თქვენ აზერბაიჯანელები მიგრანტ ხალხად იგულისხმეთ, ისინი ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ალბანეთის სამეფოს ეკუთვნოდა, რომელიც ქრისტიანული ქვეყანა იყო. მერე ის ტერიტორია დაიკავეს თურქ-სელჯუკებმა და შემდეგ კი იქ შეიქმნა სახანოები. ეს იყო განჯის სახანო, ბაქოს სახანო, ერევნის სახანო, თუმცა ამ თემაზე სომხებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ასე რომ, ეს ისტორია ძალიან რთულია და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა აზერბაიჯან ისტორიკოსს, ასევე, რუსებსაც ცოტა განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
– აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ 1920 წელს მოხდა აზერბაიჯანის ოკუპაცია, როდის შეიქმნა ეს სახელმწიფო, თუ ჰქონდა იქ მცხოვრებ ხალხს მანამდე სახელმწიფო წარმონაქმნი, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1918 წელს თბილისში გამოცხადდა, რაც, თავისთავად უცნაური ფაქტია.
– ის ტერიტორია, სადაც ახლა აზერბაიჯანია, შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. სპარსეთმა, თურქმენჩაის ხელშეკრულებით, ეს ტერიტორიები დათმო რუსეთის სასარგებლოდ. ეს იყო, ძირითადად, განჯის სახანო, ანუ ირანის ჩრდილოეთი ნაწილი, დანარჩენი ტერიტორია სპარსეთს დარჩა. ასე ვთქვათ, აზერბაიჯანი თითქოს ორად არის გაყოფილი, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ცნება „აზერბაიჯანი“.
– ეს იყო სპარსეთის ტერიტორია?
– დიახ, ეს იყო სპარსეთის ტერიტორია, რომელიც ომის შედეგად, 1828 წელს, რუსეთმა მიიღო. ცალკე თემაა ტერმინ აზერბაიჯანის ეტიმოლოგია. 1918 წელს როდესაც თბილისში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მსჯელობდნენ, რა სახელი დაერქმიათ იმ ტერიტორიისთვის, რომელზეც აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ, თუმცა მათ მაშინ, თუ არ ვცდები, თათრებს ეძახდნენ. ამ საკითხის გარშემოც სხვადასხვა მოსაზრებაა, მაგრამ ქართველები ამ ტომის ხალხს თათრებად მოიხსენიებდნენ.
– დიახ, მაგალითად, ბორჩალოელი თათრები, ჩვეულებრივი ტერმინი იყო.
– დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, როდესაც სახელწოდების საკითხს განიხილავდნენ, შეთავაზებული იყო სახელწოდება, რომელშიც აზერბაიჯანი არ ფიგურირებდა, მაგრამ ამ სახელწოდებას შეეწინააღმდეგა პარტია „მუსავატი“ და ამ პარტიის დაჟინებით, რადგან ის გავლენიანი და წამყვანი პარტია იყო, დამტკიცდა სახელწოდება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა.
– გამოდის, რუსეთის იმპერიას რომ არ წაერთმია დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია სპარსეთისთვის, არც აზერბაიჯანი იარსებებდა და მეზობლად გვეყოლებოდა ირანი?
– ფაქტობრივად, ასე გამოდის. არანაირი აზერბაიჯანი არ იარსებებდა. მაშინდელი დიპლომატიურ-პოლიტიკური მოვლენები დღესაც ინარჩუნებს თავის აქტუალობას: ეს იყო პირველი მსოფლიო ომის პერიოდი, როდესაც რუსეთის იმპერია იყო ანტანტის წევრი, ანუ გამოდიოდა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მხარდამჭერად. როდესაც რუსეთში ბოლშევიკური რევოლუცია, ანუ გადატრიალება მოხდა, რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკა გამოვიდა ანტანტის შემადგენლობიდან და გერმანიასთან, ფაქტობრივად, შეწყვიტა ომი. მაშინ ანტანტის მოწინააღმდეგე იყო ოთხთა კავშირი, რომელშიც შედიოდნენ როგორც გერმანიის იმპერია, ასევე ბულგარეთი, ოსმალეთი და ავსტრია-უნგრეთი. აქედან გამომდინარე, რუსეთმა თავი, ფაქტობრივად, დამარცხებულად გამოაცხადა. აღარ ჩავუღრმავდები თემას, როგორ მოიქცა ლენინი, მაგრამ, ბრესტის ზავი დაიდო, ერთი მხრივ, რუსეთსა და, მეორე მხრივ, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის. ერთ–ერთი მუხლი, კერძოდ, მეოთხე, ითვალისწინებდა საქართველოს ტერიტორიების სტატუსს: მხედველობაში მაქვს ბათუმისა და ყარსის ოლქები, ანუ ბათუმის, არტაანის, ართვინის ოკრუგები და ყარსის ოლქი. ეს ტერიტორია რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთმა მიიღო კონტრიბუციის სახით. რუსეთი შეიძლება, ამ ტერიტორიებს არც ითხოვდა, მაგრამ, რადგანაც ოსმალეთის იმპერიას კონტრიბუცია, ანუ ფული აღარ ჰქონდა, სულთანმა ეს ტერიტორია დაუთმო. ასე იყო თუ ისე, რუსეთმა მიიერთა ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და შემდეგ დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად.
– მაგრამ ამ დროს ხომ არსებობდა ამიერკავკასიის კონფედერაცია? აქ მთავრობა იყო, როგორ დაიდო ბრესტის ზავი სხვის ტერიტორიებზე?
– ამასაც თავისი ისტორია აქვს. როდესაც რუსეთში გადატრიალება მოხდა, აქაურმა გავლენიანმა პარტიამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, ანუ მენშევიკებმა არ აღიარეს რუსეთში ბოლშევიკების ხელისუფლება და ელოდნენ პერიოდს, როდესაც ბოლშევიკები დამარცხდებოდნენ. ეს ხდებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის დროს და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია მხარს უჭერდა რუსეთის დროებით მთავრობას. რადგანაც რუსეთის დროებითი მთავრობა აცხადებდა, რომ ისეთ კონსტიტუციას მიიღებდნენ, რომ ყველა ხალხი მიიღებდა ფართო ავტონომიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქაურ ქართველ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთში ამიერკავკასია ფართო ავტონომიით სახით შევიდოდა. მაგრამ დროებითი მთავრობა დამარცხდა, უფრო სწორად, ბოლშევიკებმა გადატრიალება მოაწყვეს და კონსტიტუციური პერსპექტივაც ქარმა წაიღო. ამდენად, ამიერკავკასიაში აქაური პოლიტიკოსები იძულებული გახდნენ, განცალკევებულად შეექმნათ თავიანთი მმართველობა, რომელსაც უწოდეს ამიერკავკასიის სეიმი და რომელიც ადგილობრივად ყველა ძირითად პრობლემასა თუ საკითხს წყვეტდა. ამიერკავკასიის სეიმი იყო საკანონმდებლო ორგანო, ხოლო მთავრობის, ანუ აღმასრულებელ ფუნქციას ასრულებდა ამიერკავკასიის კომისარიატი. აქ შედიოდნენ როგორც ქართველები, ისე სომხები და აზერბაიჯანელები, შეიძლება, ასე ვთქვათ, ანუ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, მუსლიმები და სომეხი „დაშნაკები“.
– ესე იგი, აზერბაიჯანელებს მაშინ აზერბაიჯანელები არ ერქვათ.
– ამ საკითხის ვიწრო სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მაშინდელ პოლიტიკურ ლექსიკონში უკვე შემოდიოდა ეს ტერმინი. აზერბაიჯანი ნაკლებად ცნობილი ტერმინი იყო, ძირითადად, ვიწრო სპეციალისტებს შორის გავრცელებული, თუმცა შემდეგ თანდათანობით ეს ტერმინი დამკვიდრდა და შემდეგ უკვე უშუალოდ, აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწოდა ეს სახელი. ასე რომ, სიტყვა „აზერბაიჯანმა“ 1918 წლიდან დაიწყო ფართოდ გავრცელება ამიერკავკასიაში. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. თუმცა არც ტერმინი საქართველო მოიხსენებოდა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციის ტერიტორიულ დაყოფაში.
– მაგრამ ხომ არსებობდა ქართული სახელმწიფოები ჩვენს წელთაღრიცხვამდეც, შემდეგაც, ასევე, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო?
– საქართველო, რა თქმა უნდა, არსებობდა, როგორც სახელმწიფო. თუმცა საქართველო, როგორც ასეთი, არ იყო ერთიანი სახელმწიფოს სახელი. ეს იყო ქართველების განსახლების ტერიტორია. ეს ჩემი მოსაზრებებია, მაგრამ საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საქართველო იქცა 1918 წლის 26 მაისიდან. ტერმინი „საქართველო“, რა თქმა უნდა, იყო ლიტერატურაში, იყო ქართველი ხალხის ცნობიერებაში, მაგრამ, რადგან რუსეთის იმპერიაში შედიოდი, როგორ ვიტყოდით, რომ საქართველო იყო იმ ტერიტორიის სტატუსი?! არანაირ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიქსირდება ეს სახელწოდება.
– შემდეგ რა ბედი ეწია ბრესტ-ლიტოვსკის ზავით განაწილებულ ტერიტორიებს?
– ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მიხედვით, ტერიტორიები, როგორც ასეთი, არ განაწილებულა, მასში, უბრალოდ, ჩაიწერა, რომ რუსეთის ჯარი გავიდოდა ამ ტერიტორიებიდან და არ ჩაერეოდა ამ ტერიტორიების ახლებურ სახელმწიფო-სამართლებრივ მოწყობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობაში, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემოდა ახალი წყობის დამყარების შესაძლებლობა მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით თურქეთთან მიმართებით, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებში ჩატარდებოდა პლებისციტი, ვის შემადგენლობაში სურდათ ცხოვრება. ამის შემდეგ კიდევ მოხდა გარკვეული მოვლენები. ამას გამოვტოვებთ... დამოუკიდებლოიბის გამოცხადების შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლად გადაწყვიტა თურქეთთან მოლაპარაკება. ტერიტორიული საკითხი იყო გადასაწყვეტი და დაიდო ბათუმის ზავი. საქართველო იძულებული გახდა, სუსტი ჯარიც გვყავდა, თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ ოსმალეთმა მაინც დაიპყრო აჭარა, ახალციხე და ბორჯომამდეც კი მოვიდა. ასე დამთავრდა ბათუმის საზავო კონფერენცია. დაიდო ბათუმის ხელშეკრულება და სომხეთმა დაკარგა ტერიტორია. მანაც უშუალოდ ცალკე გამართა მოლაპარაკება ოსმალეთთან. მოგებული დარჩა აზერბაიჯანი, ანუ მუსლიმანური დელეგაცია, ერთ დროს ამერიკავკასიის ერთიანი დელეგაციის აზერბაიჯანული ფრაქცია. ამას შემდეგ ბევრი მოვლენა მოჰყვა: ბაქოში ბოლშევიკები მძლავრობდნენ. „მუსავატმა“ დახმარება სთხოვა ოსმალეთს. ოსმალეთმა გაგზავნა თავისი საჯარისო ნაწილები ბაქოში. აქედან გამომდინარე, ჯერ განჯაში იყო აზერბაიჯანის მთავრობა, შემდეგ კი ბაქოში გადავიდა. იმ ცნობილი 26 ბაქოელი კომისრიდან ზოგი დახვრიტეს, ზოგი დაიჭირეს და ბაქო გაათავისუფლეს ბოლშევიკებისგან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან