პოლიტიკა

რატომ გახდა აუცილებელი 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოფიციალურ პოლიტიკაში დაბრუნება

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 24.01

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

2023 წლის მიწურული იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას დაუბრუნდა, ჯერჯერობით პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით და, ბუნებრივია, გაჩნდა ეჭვი, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე მისი გამოჩენა მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება, რის დასასრულიც უახლოეს მომავალში არ ჩანს, თუმცა, სავარაუდოდ, კვანძის გახსნა საკმაოდ დრამატულიც შეიძლება, აღმოჩნდეს. ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– რა გეოპოლიტიკურმა გარიგება-შეთანხმებამ მოიტანა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, თუმცა, რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ მას არ უნდა ნდომებოდა დაბრუნება?

– დღეს მთელ მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, რომ აღარ ისმის ტერმინები ლიბერალი და კონსერვატორი, გლობალური პოლიტიკა და თანამდევი პროცესები თუ იდეოლოგიური დაპირისპირება კაცობრიობის ელიტურ წრეებში. მთელი მსოფლიო მოიცვა ომებმა, სტიქიურმა უბედურებებმა და, შესაბამისად, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ. ეს წრე ვიწროვდება და, ადრე თუ გვიან, ყველა ქვეყანას შეეხება. იმის თქმა მინდა, რომ დღეს არავის სცალია იმისთვის, რომელიმე ქვეყანაში ვინმეს უთხრას, წადი ან დაბრუნდი, იმიტომ რომ ასეა საჭირო ჩვენთვის ან საერთო მდგომარეობისთვისო. საერთო მდგომარეობისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა.

– ჯონსონის ინტერვიუც მოვისმინე, არახამიამაც თქვა, არესტოვიჩი ხომ ამბობს და ამბობს, ყველამ იცოდა, რუსეთი რომ თავს დაესხმებოდა უკრაინას და ამისთვის ამზადებდნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებაც ჯონსონმა და ბაიდენმა ჩაშალესო, როგორც არახამია ამტკიცებს და მითითებები როდის მერე აღარაა საჭირო, ამ ომის დაწყების შემდეგ?

– მე ვლაპარაკობ მითითებებზე ჩვენი ქვეყნის მისამართით, მაგრამ უკრაინაზეც მოგახსენებთ: მითითებებიცაა და მითითებებიც. როდესაც რამდენჯერმე გაგაფრთხილებენ, რომ ასტრონომიული ოდენობის თანხას, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოება გეხმარება, საცერში ნუ ჩაასხამ, არ უნდა ჩაასხა საცერში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოჰყვება პროფილაქტიკური ღონიძიებებიო. და რაც უკრაინაში ხდება, პროფილაქტიკური ღონისძიებაა, რის მიზანიცაა, რომ დამთავრდეს კორუფცია და უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფო მოხელეები აილაგმონ. გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოება მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ჯობია, ერთჯერადად სამხედრო ინდუსტრია განავითაროს უკრაინაში, ვიდრე ყოველთვე თანხები ურიცხოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოებას ურჩევნია, უკრაინას მისცეს ანკესი ან ბადე, ვიდრე თევზი უგზავნოს. საბჭოთა კავშირის დროსაც და მისი დაშლის შემდეგაც უკრაინა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და იარაღის ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილას იყო. მას თავისი ბუნებრივი რესურსებითა და საკუთარი ინდუსტრიის აღდგენის შემთხვევაში შეუძლია, უზრუნველყოს საკუთარი არმია ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში. აი, ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა. მეორე სუბიექტური მიზეზი ის გახლავთ, რომ „რესპუბლიკელებმა“ ვაჭრობა დაიწყეს „დემოკრატებთან“ და სავსებით ბუნებრივია, სანამ ვაჭრობას დაიწყებ, ჯერ ძალა უნდა აჩვენო და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება უნდა მოახდინო. ამასთან, ზოგიერთ ამერიკელ სენატორს აქვს იმის პრეტენზია, ევროპელებს უთხრას, რომ უკრაინის შემდეგ პირველი საფრთხე ევროპელებს ემუქრებათ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ამიტომ ევროპულმა ქვეყნებმა კეთილი უნდა ინებონ და თანხები გაიღონ უკრაინის დასახმარებლად და ეს მარტო ამერიკის კისერზე არ უნდა გადადიოდეს. თუ გახსოვთ, ტრამპმა თავისი მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტზე ორი საკითხით დაუწყო: პირველი იყო მექსიკიდან ლტოლვილების შეკავება და...

– „ნატოს“ წევრებს გაახსენა, რომ საწევრო უნდა გადაეხადათ.

– დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯზე ნუ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებასო. ახლა ზამთარია და ორივე მხარე მარაგს იღდგენს. ასე რომ, მითითებები არც თავიდან ყოფილა. ეს იყო უკრაინელების არჩევანი. თუმცა ვის ვისი იმედი ჰქონდა და რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, ამას ან ომის შემდეგ გავარკვევთ, ან ვერასდროს. ისევე, როგორც ვერ გავარკვიეთ რა მოხდა 2008 წელს. უფრო ზუსტად, ვიღაცას არ უნდა, რომ გაირკვეს და ამიტომ არ ირკვევა, იმის მსგავსად, რომ დიდი პოლიტიკური ლიდერების მკვლელობებიც არ იხსნება ხოლმე. რაც შეეხება საქართველოს...

– რა საფრთხეების გამო ჩათვალა ივანიშვილმა, რომ უნდა დაბრუნდეს, თუმცა მას ისედაც შეეძლო, ემართა?

– ვიფიქროთ ხმამაღლა და ვნახოთ, რა მოცემულობაა ჩვენ გარშემო: საქართველო იმყოფება თურქეთსა და რუსეთს შორის, თურქეთი და რუსეთი ამ ეტაპზე ერთმანეთთან თემატურად თანამშრომლობენ, მაგრამ მათ დაპირისპირებას საუკუნეების განმავლობაში საქართველოსთვის ყოველთვის ზიანი მოჰქონდა. ჩრდილოელ მეზობელს ჩვენი ტერიტორიები დაპყრობილი აქვს და ახლა საომარ მდგომარეობაშია უკრაინასთან. ჩვენს ახლო მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, კონფლიქტი აქვთ და, როგორც ჩანს, გარკვეული ძალები ბოლომდე ეცდებიან, რომ ეს კონფლიქტი, მინიმუმ, ეკონომიკურ კრიზისში გადაზარდონ. რაც შეეხება კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს: ირანი ფრონტის წინა ხაზზეა. ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად ძალიან მყიფე მდგომარეობა აქვს. გარდა ამისა, ირანთან რადიკალურადაა დაპირისპირებული ავღანეთის სალაფიდური, ანუ ვაჰაბიტური მთავრობა; ასევე, საუდის არაბეთსაც არ აქვს მასთან კარგი ურთიერთობა. რაც მთავარია, ირანთან სერიოზულადაა დაპირისპირებული ისრაელი, რომელიც თავის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს ეწევა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „ჰამასთან“, რომელიც უკვე ლეგიტიმურ ძალად ითვლებოდა 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტამდე და ლამის პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიებიც ეჭირა ხელში სხვა სახელმწიფოების მხრიდან. ისრაელი პერიოდულად ბომბავს ლიბიასა და სირიას და ჩვენ მანამდეც ვამბობდით, რომ მეორე ეტაპი იქნებოდა რადიკალი ისლამისტების ისრაელის ფარგლებს გარეთ და, ასევე, „ჰამასისადმი“ სოლიდარული სხვა შეიარაღებული ისლამისტური დაჯგუფებების ლიდერების დევნა. ამ ყველაფერმა საერთაშორისო საზოგადოება მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მსოფლიოში არსებობს დაავადებებისა და ეპიდემიების გავრცელებისა და ეკონომიკური კრიზისის საფრთხე – არა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ – ზოგადად კაცობრიობაში. როდესაც ამდენი კონფლიქტური კერაა, ამდენი ქალაქი ინგრევა და ასეულობით ათასი ადამიანი იხოცება, უსაფრთხოებისა და ერთიანი ეკონომიკურ-ფინანსური სისტემა ირყევა. ამას ემატება სანქციები რუსეთისა და ირანის მიმართ. ბუნებრივია, ამანაც უნდა გამოიწვიოს ეკონომიკური რყევები. ამ ვითარებაში კი შენს ქვეყანაში არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით არ ჰყავთ მხარდამჭერები, მაგრამ ქვეყნის გარეთ ჰყავთ პატრონები და არავინ იცის, რა დირექტივებს მისცემენ ისინი მათ.

– ძალიან უცნაური ამბავი ხდება ჩვენთან: არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც არჩევნებში ბარიერის გადალახვაც არ შეუძლიათ, მაგრამ ყველას ჭკუას ასწავლიან და სიამაყით აცხადებენ, რომ მათ უცხოეთიდან უჭერენ მხარს.

– დიახ და ეს მოცემულობა იმიტომ განვიხილე, რომ ვიმსჯელოთ, რა უნდა გააკეთო ასეთ ვითარებაში?! ცუდი ვარიანტია, რომ შუა საუკუნეების ფეოდალივით მოექცე ყველას, ვინც ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ პროცესს ვერ გააკონტროლებ, იმიტომ რომ შეიძლება, შეცდომები დაუშვა და ყველა დაიჭირო, მაშინ ავტოკრატი ხარ, ტირანი და დიქტატორი და მეორე ვარიანტია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო და ვითარება დააბალანსო.

– ამ სიტუაციაში მისი აშკარა გამოჩენა უფრო არ გაახელებს ოპოზიციას? თუ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი რომ დასრულდეს?

– მაშინ კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ: ხომ ყველაფერი მაინც მას ჰბრალდებოდა?! თან, მხოლოდ ცუდი?! კარგს ყველა სათავისოდ იბრალებდა და მასზე მხოლოდ ნეგატივი გადადიოდა?! მეორე: მოსახლეობას არ აქვს სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, მართლა რა არის ბიძინა ივანიშვილის და რა არის სხვისი ბრალი. მესამე: ამ ადამიანს პასუხისმგებლობის არ ეშინია, მობრუნდა და პასუხისმგებლობა აიღო.

– პასუხისმგებლობა ვის წინაშე?

– ქვეყნის, ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მან გააკეთა განცხადება, რომ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, არ იქნება დესტაბილიზაცია, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება და ეკომონიმიკურად დინამიკურად განვითარდება. აი, ამაზე აიღო პასუხისმგებლობა.

– შეძლებს ამის შესრულებას მაშინ, როდესაც პირდაპირ ჩანს, რომ ევროკავშირისა და „ნატოს“ წევრობა რუსეთისთვის ერთი პაკეტია.

– ვერ გეტყვით, ქვეტექსტი რა არის, ივანიშვილი ემოციურ განცხადებებს არ აკეთებს და იცის, რომ ასეთი განცხადებების უკან ვალდებულებები დგას. ალბათ, იცის, რას ამბობს. ჩვენი აზრით, უმრავლესობისთვის არ არის რთული იმ პირობის შესრულება, რაც მან დადო. რაც მთავარია, მისი განცხადება არ გაკეთებულა მარტო ოპოზიციის გასაგონად, უმრავლესობის გასაგონადაც ითქვა, რაც ითქვა. როგორც ჩანს, უმრავლესობაშიც დადგა გადახალისების დრო. ოპოზიცია რომ სუსტდება, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ხოლმე უმრავლესობის ზოგიერთი წევრი, ამდენად ბუნებრივია, ბალანსი სჭირდება. ეს ყველაფერი კი საჭიროა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ანუ ეს ყველაფერი უსაფრთხოების სეგმენტის შემადგენელი ნაწილია და გამოჩნდება უკვე არჩევნების დროს. ჩვენი ღრმა რწმენით, ყველას მიეცემა თანაბარი სტარტი; სტარტიდან ფინიშამდე ყველაზე ერთი კანონი გავრცელდება და ყველაფერი კარგად უნდა გაშუქდეს როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ფინიშის სწორზე არავის სალაპარაკო არ დარჩეს. რაც შეეხება ევროკავშირისა და „ნატოსადმი“ რუსეთის დამოკიდებულებას: რუსეთმა ამდენი ხნის განმავლობაში ის ვერ მოახერხა, რომ საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გაეფორმებინა; ვერ მოახერხა, მოეპოვებინა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, რომ უკრაინაში, თუნდაც, დროებით შეწყდეს ცეცხლი. ბუნებრივია, რუსეთი გაღიზიანდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. არ გვგონია, რომ რუსეთს ევროკავშირის წევრობა ისევე აღიზიანებდეს, როგორც „ნატოს“ წევრობა, თან, ეს ევროკავშირის წევრობა ხვალ და ზეგ არ იქნება. სანამ საქართველო მივა იმ კონდიციამდე, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრები ღირსეულად დაელაპარაკებიან, როგორც თანასწორს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგიც გაირკვევა და ჩვენი ღრმა რწმენით, ისე გაირკვევა, რომ საქართველოს არაფერი დაუშავდება. საქართველოს არსებობის განმავლობაში პირველად გვაქვს შანსი, როდესაც შეიძლება, არ დავზარალდეთ. თუ ძალიან არ მოვინდომეთ, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული