პოლიტიკა

რატომ გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში მკვიდრდებიან

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 24.11, 2021 წელი

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

წელს აღმოჩნდა, რომ ფულადი გზავნილების მოცულობამ, ანუ საქართველოს მოქალაქეების მიერ, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, სამშობლოში გამოგზავნილმა ფულმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 4.5-ჯერ გადააჭარბა. მაჩვენებელი დამაფიქრებელია: ერთი მხრივ, სასიხარულო, რომ უცხოური ვალუტა შემოედინება საქართველოში და საქართველოდან წასულები ინვესტიციას (იძენენ უძრავსა თუ მოძრავ ქონებას) დებენ საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ, რაკი ცარიელი ადგილი თავისუფალი არ რჩება, ფაქტია, რომ საქართველოდან მოქალაქეები გაედინებიან, ხოლო უცხოელები კი შემოდიან და რომ შემოდიან და კაპიტალდაბანდებებსაც ახირციელებენ, ეს აშკარად ჩანს თბილისში მიმდინარე მშენებლობებითაც (ვეჭვობ, რომ საქართველოს მოქალაქეებს იმდენი ფული ჰქონდეთ, ახალ აშენებულ და ასაშენებელ კორპუსებში მხოლოდ ისინი ყიდულობდნენ ბინებს). რა პრობლემებზე მიანიშნებს ზემომოყვანილი მონაცემი? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია, ყველანი ხომ არ წავსულიყავით უცხოეთში სამუშაოდ და ამით შევწეოდით ქვეყნის ეკონომიკას, სანამ პოლიტიკოსები საცირკო სანახაობებს აწყობენ? და, საერთოდაც, როგორ ახერხებენ ჩვენი ემიგრანტები, აჯობონ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს?

– ყველა ქვეყანა ცდილობს, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, რომ შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, დამატებული ღირებულება და შემდეგ ამ ინვესტიციებით დაწყებული წარმოებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხებიდან მიიღოს შემოსავალი. ასეთია მარტივი სქემა. საქართველოს ისტორიაში, გრიგოლ აბაშიძის რომანის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, ინვესტიციებსაც ჰქონდა თავისი დაცემისა და ამაღლების პერიოდები. რადგან ფულად ტრანზაქციებს ვადარებთ, იყო დრო, როდესაც ინვესტიციების მოცულობა 2-2.5-ჯერ აღემატებოდა ფულად ტრანზაქციებს.

– რომელ წლებში?

– 2007 წელს, ასევე, ამ საუკუნის დასაწყისშიც ორჯერ აღემტებოდა უცხოური ინვესტიციები ფულად ტრანზაქციებს. შარშან კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. ამას აქვს ახსნა – კოვიდის გამო კაპიტალის მობილობა მკვეთრად შეიზღუდა და, დაახლოებით, 3.5-4-ჯერ აჯობა ფულადმა ტრანზაქციებმა უცხოურ ინვესტიციებს. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დიდწილად სწორედ ფულადმა გადმორიცხვებმა იტვირთა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი. თუ საუკუნის დასაწყისში ეს ფულადი გზავნილები უცხოეთში წასულთა საქართველოში დარჩენილი ოჯახების მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე იყო ორიენტირებული: საკვების შეძენა, კომუნალური ხარჯების დაფარვა, მომდევნო პერიოდში ეს გადმორიცხვები საკმაოდ გაიზარდა და კაპიტალური დატვირთვა შეიძინა: ხანგრძლივი მოხმარების საგნების შეძენა, უძრავ ქონებაში დაბანდება, მომავალი თაობის მიერ განათლების მიღების დაფინანსება საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ და ასე შემდეგ. ანუ, ფაქტობრივად, იმ ინვესტიციის სახე მიიღო, რასაც ქვეყანა ვერ იღებდა უცხოური კაპიტალის საქართველოში შემოსვლით. ჩვენს მეზობლებს რომ შევედაროთ – საქართველოშია ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გადმორიცხვები მთლიან შიგა პროდუქტთან შედარებით. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 13 პროცენტზე მეტია; სომხეთი რომ სომხეთია, იქ 10 პროცენტია, აზერბაიჯანში – 3.5, რუსეთში – 0.7, ხოლო თურქეთში – 0.1 პროცენტი. ამის ახსნა ორნაირადაა შესაძლებელი: ერთი ის, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული და, მეორე, უფრო ტრაბახის ფორმის, რომ ქართველებს სხვებზე მეტად უყვართ თავიანთი სამშობლო, აქ დარჩენილი ოჯახის წევრები და გაცილებით თავდადებით ეკიდებიან საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების, ახლობლების მატერიალურ მდგომარეობას, ამას ნახევრად ირონიით ვამბობ. თუმცა, მაგალითად, სომხეთიდან თუ მიდიან, რომ იტყვიან, მიდიან დედაწულიანად და სომხეთში ოჯახს არ რჩება ისეთი ადამიანი, რომელსაც გადმოურიცხავენ თანხას. ამდენად, ზემომოყვანილი მონაცემები, სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთიდან ნაკლები ადამიანია გასული და ისინი ნაკლებ ფულს შოულობენ, როგორც მიგრანტები, აქ საუბარია მიგრანტების მიერ სომხეთში გადმორიცხულ თანხებზე.

– ალბათ, კარგია, რომ ჩვენგან დედაწულიანად არ მიდიან, თუმცა ეს დიდ დაღს ასვამს თაობებს, რომლებიც დედებისა და ბებიების გარეშე იზრდებინ. მაგრამ ეს, ხომ, იმასაც ნიშნავს, რომ ახალგაზრდები, ფერტილური ასაკის, აქ გვყავს?

– ფერტილური ასაკი ახსენეთ და 20-დან 50- წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი ქვეყნიდან გასულებში ორჯერ და მეტჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამ ასაკის მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში. რიცხვებიც შემიძლია, დაგისახელოთ: გასულთა შორის ამ ასაკის არის 85 პროცენტზე მეტი, ხოლო საქართველოს მოსახლეობაში ამ ასაკის ადამიანთა წილი 41 პროცენტია. ანუ ყველაზე ენერგიული, ამბიციური და, რა თქმა უნდა, ფერტილური დატვირთვის ადამიანები, გასულები არიან ქვეყნიდან და ამიტომაა, რომ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იკლებს. შარშან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გადააჭარბა გარდაცვალებულთა რაოდენობამ შობადობის მაჩვენებელს.

– როგორც ვიცი, ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ გასული საუკუნის 90-ანებში იკლო შობადობამ, ობიექტურ მიზეზთა გამო და დემოგრაფები ამბობდნენ, რომ, როდესაც ეს თაობა შევიდოდა ფერტილურ ასაკში, იქნებოდა ბუნებრივი კლება. თუ ხავსს ვეჭიდები?

– დიახ, ასეცაა, მეტსაც გეტყვით, ამის საპირისპირო პროცესიც დაიწყო: ის თაობა გადის პენსიაზე, რომლებიც დაიბადნენ შობადობის ბუმის დროს, ანუ გასული საუკუნის 60-იანების დასაწყისში დაბადებულები. მაშინ შობადობის მაჩვენებელი იყო 100 000 ბავშვი წელიწადში. შედარებისთვის – შარშან 46 000 ბავშვი დაიბადა. შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით ბავშვების წილი მცირდება, პენსიონერთა რაოდენობა – იზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროცესს ბოთლის ფორმა აქვს და დღეს უკვე თითქმის უკვე ბოთლის ყელთანაა მისული პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა, მაშინ, როდესაც ბავშვების რაოდენობა ჯერადად მაღალი იყო პენსიონერთა რაოდენობაზე. პენსიონერების ერთსა და იმავე რაოდენობაზე 2-ჯერ ნაკლები ბავშვი გვყავს სომხეთთან, სამჯერ ნაკლები აზერბაიჯანთან და 4-ჯერ ნაკლები თურქეთთან შედარებით. და ჩვენ ყველაზე ხანდაზმული ერი ვართ: მედიანური ასაკით ჩინეთსაც კი გავუსწარით. არადა ჩინეთიც კი, რომლის მოსახლეობა მილიარდ-ნახევარს მიუახლოვდა, შეაშფოთა თავისი მოსახლეობის დაბერებამ და მკაცრი შეზღუდვები მოიხსნა.

– მესამე ბავშვის გაჩენის უფლება მისცეს ოჯახებს.

– დიახ, იმიტომ რომ მათი ძირითადი კონკურენტის, ინდოეთის, სპორტული ტერმინი რომ ვიხმარო, ზურგის სუნთქვას გრძნობენ. ამასთან, 11 წლით ნაკლებია ინდოეთის მოსახლეობის მედიანური ასაკი ჩინეთის მოსახლეობის მედიანურ ასაკზე. ახალგაზრდობას კი მოაქვს მეტი ცოდნა, ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება და მთელი რიგი პრეფერენციები, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ იცის და ამიტომ შობადობის წახალისება დაიწყეს, მაგრამ ცნობილი ანდაზაა: შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო. ჩინეთის მოსახლეობის უმეტესობისთვის მრავალშვილიანობა ეგზოტიკად იქცა, შეიძლება, დროთა განმავლობაში ისევ დაუბრუნდნენ, მაგრამ დღეს ერთ-ორ შვილსაც საკმარისად თვლიან. ამ ტემპით კი ინდოეთის მოსახლეობა რამდენიმე ათეულ წელიწადში გადაასწრებს ჩინეთის მოსახლეობას.

– ეს არ არის ცუდი ჩინეთის გასაწონასწორებლად. ისევ ჩვენს ემიგრაციას რომ დავუბრუნდეთ: დეველოპერული კომპანიები განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ ჩვენს ემიგრანტებს და ეს კარგია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას, რამდენიც ვართ, შეგვიძლია, შევიძინოთ იმდენი ბინა, რაც, მაგალითად, მხოლოდ თბილისში შენდება?

– როგორც წესი, ჩვენი მოქალაქეები თბილისში ბინების შესაძენად იშვიათად მიმართავენ მხოლოდ საკუთარ სახსრებს. ისინი იღებენ კრედიტს და კრედიტის სიდიდე უკავშირდება მიმდინარე შემოსავლებსა და მათ სიდიდეს: მცირე შემოსავალი გაქვთ? კრედიტსაც მცირეს იღებთ, ანუ მცირე ზომის ბინის ყიდვა შეგიძლიათ. მე დავთვალე და თბილისელებს, საშუალოდ, იმ შემოსავლების მიხედვით, რაც ოფიციალურადაა, თბილისში მშენებარე ბინების საერთო რაოდენობის (ფართობი მაქვს მხედველობაში), დაახლოებით, 35-40 პროცენტის შეეძენის პოტენცილი აქვთ. დანარჩენს ვინ შეიძენს? საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის, ანუ დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლები და ქვეყნის გარედან არარეზიდენტები. არარეზიდენტებიც ორ ნაწილად შეგვიძლია, დავყოთ: ეთნიკური ქართველები, რომლებსაც სიყვარულის ბუშტი გაუსკდათ და სურთ საქართველოში, თბილისში, დამკვიდრება თავიანთი წარსულის ან პრესტიჟის გამო, მაგრამ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც ახერხებენ შემოსვლას და დამკვიდრებას, ბიზნესის წამოწყებას და ასე შემდეგ. ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ, თუ თბილისი ადრე მულტიეთნიკური იყო, ახლა მულტირასობრივი გახდა და ეს აღარავის უკვირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი