პოლიტიკა

რატომ გაირკვევა 2025 წლის იანვარში გადის დასავლეთი სამხრეთ კავკასიიდან, აღვივებს კონფლიქტებს, თუ რჩება საქართველოში

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 16.10

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

ფაქტია, რომ დასავლეთი, ზოგადად და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ინტენსიურად ერევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ელჩები ცესკოში მიდიან და თავმჯდომარეს ანგარიშს სთხოვენ. მეორე მხრივ, თვით აშშ-ს სახმდივანმაც კი გამონახა დრო (ამ გააფთრებული გეოპოლიტიკური დაპირისპირებისას), რომ საქართველოს ხელისუფლება დაეტუქსა და კიდეც დაესაჯა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე (თუმცა „ნატოს“ მიერ ბელგრადის დაბომბვასთან შედარებით, ეს მაინც უფრო ალერსს ჰგავს). რამ გამოიწვია საქართველოს არჩევნებით ასეთი მძაფრი დაინტერესება? – ამ თემას ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს აქტიური ჩარევა და წყალგამყოფის გავლება, თვით აშშ-ის მიერ, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, უბრალოდ, ჩაიშალა?

– ჩვენდა სავალალოდ, რამდენიმე გეოპოლიტიკურ რეალობაში ვიცხოვრეთ. შესაბამისად, სხვა რამ ხდებოდა, როდესაც არსებობდა დაპირისპირებული ორი ბანაკი, გეოპოლიტიკური პროცესის მთავარი მამოძრავებელი. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაეცა და ჩამოყალიბდა ახალი მსოფლიო წესრიგი, როდესაც ჰეგემონი იყო შეერთებული შტატები და, ძირითადად, მისი და მისი მოკავშირეების ნებას ექვემდებარებოდა პროცესები მთელ მსოფლიოში. მაგრამ მათ ვერ შეძლეს რუსეთის მოთვინიერება და რუსეთის მათთვის მისაღები ფორმით ჩართვა ახალ მსოფლიო წესრიგში. იმპერიულ რუსეთს აღმოაჩნდა რესურსი, ყოფილი „კა გე ბეს“ სტრუქტურაში გამოწრთობილი ადამიანი ჩაუყენეს სათავეში იმპერიას და მან დაიწყო ამბოხი. ფაქტობრივად, შეიარაღებული ძალების მეშვეობით გადაწყვიტა, შეეცვალა რუსეთის იმპერიული ზრახვებისთვის მიუღებელი რეალობა.

– ერთიც მგლისკენო და, რატომ უნდა ყოფილიყო რუსეთი ბედნიერი, ეცხოვრა ისე, როგორც დასავლეთს წარმოედგინა?

– რუსეთს სრული უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ისე, როგორც თავად მიაჩნდა და ამაზე არ ვდაობთ. უბრალოდ, არამედიურ სივრცეში შესვლა მოგვიწევს, ამას რომ გავყვეთ.

– არ გავყვეთ, უბრალოდ ეს ლოგიკური კითხვაც არსებობს და იმიტომ დავსვი.

– უკრაინაში შეჭრით, აგრესიით, ომით, შედეგების მიუხედავად, რუსეთმა დაამყარა ახალი მსოფლიო წესრიგი, რადგან ამან ჯაჭვურად გახსნა პროცესები ახლო აღმოსავლეთში და ის, რაც ამ დღეებში ხდება ისრაელსა და არაბებს შორის, ჰუსიტების ექო, სხვა საკითხია. ახლა რუსი იდეოლოგები სერიოზულად აკრიტიკებენ გორბაჩოვს, იაკოვლევს, შევარდნაძესა და სხვებს, რომლებმაც, მათი აზრით, საბჭოთა კავშირის დამხობა გამოიწვიეს, მაგრამ ისინი არ არიან მართლები. ყველას გვახსოვს, ჯერ ტალონები შემოვიდა საბჭოთა კავშირში, მერე ტალონებიც გაქრა, ხალხი დარჩა მშიერი. მეც ახალგაზრდა ვიყავი და კარგად მახსენდება ის დრო, მაგრამ, ფაქტია, იყო პრობლემები და, რაც მთავარია, ხალხს არ უნდოდა ის წესწყობილება და ის პრინციპები და შესტრფოდა დასავლეთს, სადაც სოციალური კეთილდღეობისა და უფლებების თვალსაზრისით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო. ამის გამო დაეცა ეს ქვეყანა. მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარ თემას.

– დასავლეთს ჩვენი გადარჩენა უნდა რუსეთის იმპერიული კლანჭებიდან, ჩვენც გვინდა, მაგრამ ისეთი გადარჩენა, როგორც უკრაინაა გადარჩენის პროცესში?

– დასავლეთს ახლა სამხრეთ კავკასიისთვის არ სცალია. როგორც ბაიდენმა ამ დღეებში გვითხრა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ჩემი მიზანი იყო ავღანეთიდან გამოსვლა და მმართველობის რაღაც პერიოდის მერე ეს მოვახერხე, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარო. ვისაც გამოსვლის კადრები ახსოვს, ვერ მოისმენს მშვიდად ამ განცხადებას. მაგრამ გამოვიდნენ, არადა ავღანეთი სერიოზული ფორპოსტია იმ რეგიონში, სადაც იზრდება ჩინეთის, ინდოეთის გავლენა და რუსეთს ჯერ კიდევ არ აუღია ხელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზაზე ევრაზიული კავშირის შექმნაზე, რაც სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა კავშირის მოდიფიკაცია. ამდენად, ამერიკა წამოვიდა ავღანეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ ორი ძალიან აქტუალური თემა დარჩა: ნარკოტრეფიკი, რომელსაც, თუმცა ებრძვის დასავლეთი, აკონტროლებს კიდეც, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ეს საკითხი დასავლეთმა ტალიბებთან მოლაპარაკებისას მოაგვარა. მეორეა ფერადი ლითონების საკითხი ავღანეთში, რომელიც „ჰაიტეკისთვისაა“ ძალიან მნიშვნელოვანი და, ვფიქრობ, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ეს მარაგები, ყველაზე მდიდარია, ამ მარაგებით, ავღანეთი, არ აღმოჩნდება ხელმისაწვდომი ჩინეთისთვის, რომელიც ამ ეტაპზე დასავლეთის კონკურენტად აღიქმება. შესაბამისად, დგება საკითხი: ახლა რას იზამს? გავა სამხრეთ კავკასიიდან.

– დასავლეთზე ამბობთ?

– რა თქმა უნდა. ეს გასასვლელი, რომელიც ნავთობისა და სხვა ენერგომატარებლების გატარება-გამოტარების ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. ერთი ხელის გაწვდენაზეა ირანი, დასავლეთის მიერ მტრად მიჩნეული; აქვეა თურქეთი, რომლისთვისაც პანთურქიზმი ჯერ კიდევ არაა წარსული და ჩვენ ვართ ორ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული ერთი ერის შუაში, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, თუ ეს ტერმინი ისევ აქტუალურია ჩვენს პოლიტიკურ ლექსიკონში. ასევე, ყურადსაღებია სომხეთის საოცარი ტრანსფორმაცია, რომელმაც ისრაელ ორის მიერ გაკვალულ გზას გადაუხვია, როდესაც მიება რუსეთს, გახდა მისი ერთგული მოკავშირე და ამით თითქოს იხეირა, სახელმწიფოც შექმნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

– თითქოს რატომ? იხეირა აშკარად.

– აი, ახლა ის დაისაჯა იმისთვის, რომ ახალმა მმართველმა, ფაშინიანმა მაინც გაიხედა დასავლეთისკენ. აქედან გამომდინარე, არ დააყოვნა პუტინის მსახვრალმა ხელმა, დაისაჯა ფაშინიანიც, სომხეთიც და 120 000 ყარაბაღელი ეთნიკური სომეხი გახდა დევნილი და ტერიტორია დაუბრუნდა მას, ვინც საბჭოთა პერიოდში ფლობდა. ანუ სომხეთი სანახევროდაა მიბრუნებული დასავლეთისკენ, თუმცა „ოდეკაბედან“ გამოსვლასაც ვერ ბედავს, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციის უმოქმედობით უკმაყოფილოა ფაშინიანი და სომეხი საზოგადოების ნაწილი. მაგრამ არ გამოვა სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერთან, ამერიკა იქნება ეს, ევროკავშირი თუ რუსეთი, საქართველოს პოზიციის გარეშე. ანუ თუ საქართველო არ იქნა ცალსახად პროდასავლური ან ცალსახად პრორუსული და არა ყასიდად. ვართ პროდასავლურები, მაგრამ მივდივართ ჩინეთის კედლისკენ, საიდანაც შეიძლება, მოჩანდეს კრემლის კედელი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არ შევიმჩნიოთ, ამის შესახებ არ იყოს დისკუსია ქართველ საზოგადოებაში. სამაგიეროდ კი, არის ორი პროპაგანდისტული, გაპრიმიტივებული ნარატივი, რომელიც არაფერს აძლევს ქვეყანას და რომელიც ძალიან დიდი შეჯახების წინაპირობა შეიძლება, აღმოჩნდეს. ამის გამკითხავი არავინაა, ხოლო ქართველი საზოგადოება ორ ბანაკადაა გაყოფილი. ივანიშვილმა, რომელიც, ჩემი აზრით, მამაცი ადამიანი და გამორჩეული ქველმოქმედია საქართველოს ისტორიაში, ეს ყველაფერი მიაჩუმათა და საოცარ გეგმებს გვთავაზობს ქვეყნის მომავლის შესახებ, რომლებიც ბუნდოვანია და რომლებზეც არ მსჯელობს ქართველი საზოგადოება. ის, რატომღაც, არ აქცევს ყურადღებას, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა, მაგალითად, საგარეო პოლიტიკური კურსი, უნდა მოითელოს ინტელექტუალურ სივრცეში, რომ მისაღები გახდეს მთელი ერისთვის. ხოლო, თუ ვიღაცა თავისას გაიტანს, ამის შედეგიც ვნახეთ: შევარდნაძის დროს ვიარეთ დასავლეთისკენ და აღმოჩნდა, რომ დასავლეთი საერთოდ ვერ ერკვევა ვერც ერთ რეგიონში და მხოლოდ კონფლიქტების გაჩაღება შეუძლია (ერთადერთი ტალიბებთან არ მოხდა კონფლიქტი, ობიექტური მიზეზების გამო). ჩვენ არ ვმსჯელობთ ამ თემებზე და სწორედ ამის გამოა, რომ უარყოფილი იქნა ივანიშვილის არაერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინიციატივა. ამ ბოლო დროს აღარ ვაქტიურობ, მხოლოდ ჩემს ძველ ნაცნობ პროფესიონალებს ვესაუბრები, იმიტომ რომ არ მინდა ამ პროცესში ჩარევა. რასაც არჩევნები ჰქვია, არც ერთ პარტიას არ ვუჭერ მხარს მოცემულ მომენტში, მაგრამ კითხვებზე პასუხის მიღებაა საჭირო, სხვანაირად ვერ მივხვდებით, რა უნდა ამერიკას ჩვენს რეგიონში. ამერიკას ყველგან აქვს ინტერესები და, როდესაც ჩვენი ლიდერი ყასიდად ამბობს, ამერიკას რა უნდა შავი ზღვის რეგიონშიო, მას ვიღაცამ უნდა აუხსნას, რომ ამერიკას ყველგან უნდა.

– და შავ ზღვაში უნდა, თუ უნდა.

– ის სუპერსახელმწიფოა და ყველაფერი უნდა, ისევე, როგორც ჩინეთს, აფრიკის ჩათვლით, ისევე, როგორც ინდოეთს, რომელიც წინა პლანზე გამოდის, მოქმედი დემოკრატიის საფუძველზე, განსხვავებით ჩინეთისგან, რომელიც დემოკრატიული არ არის, მაგრამ ჩინური სასწაული აშკარაა. გასული საუკუნის 80-იან წლებში 750 მილიონი მშიერი ადამიანი ჰყავდა ქვეყანას და 40 წლის შემდეგ დაპურებული ჰყავს, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარი ჩინელი. ესეც შესასწავლი საკითხია. მივუბრუნდეთ ამერიკელებს: მათ, რა თქმა უნდა, აინტერესებთ რეგიონი, მაგრამ ახლა იქაა სერიოზული ჯახი ორ სისტემას შორის, ორ მსოფლმხედველობას შორის: ერთი მხრივ, პრიმიტიულად გაგებული ლიბერალური დემოკრატია, რომელსაც ისინი ნერგავდნენ შტატებსა და ბევრგან სხვაგან და, მეორე მხრივ, ტრამპიზმი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს სწევს წინა პლანზე. ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი აღტაცებულია ტრამპის ხედვებით და ყურადღებას არ აქცევენ იმ გარემოებას, რომ ტრამპიზმი გლობალიზმის ნაირსახეობაა და ის უფრო უხეში და პირდაპირია და უფრო დიდი კატაკლიზმების მომასწავებელიც. ჩვენ ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. ამდენად, ვითარება, რაც შეერთებულ შტატებშია, ჩვენს არჩევნებამდე არ დალაგდება. შესაბამისად, ჩვენ იანვარში გავიგებთ, რა უნდა შტატებს რეგიონში: გადიან სამხრეთ კავკასიიდან თუ კონფლიქტების პროვოცირებას შეეცდებიან, თუ დარჩებიან, თუნდაც, საქართველოში. მოგეხსენებათ, საქართველო თავისი მდებარეობით, მენტალობით, კავკასიის გასაღები და მთავარი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე სომეხი ხალხის მნიშვნელობას, არც აზერბაიჯანის, თავისი უზარმაზარი რესურსებით, მაგრამ საქართველო მაინც სხვა მომენტია. ის წინა აზიის, ცენტრალური აზიის გასაღებია, თურქეთისა და ირანის სიხლოვესაა. ამის გაცნობიერებას ბევრი არაფერი უნდა. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ამერიკულ არჩევნებს.... დავუშვათ აქ არჩევნები ჩატარებულია, 26 ოქტომბრის საღამოა, გამოცხადდა შედეგები და ყველანი ვემზადებით, რა მოხდება 27 ოქტომბერს. 5 ნოემბერს ამერიკაში არჩევნებია და შეძლებს აქ ის ჯგუფი, რომელიც აპირებს ამ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, ხალხის ქუჩაში გამოყვანას?! ჯერჯერობით ამას პირი არ უჩანს. ვნახოთ, რას შეძლებს ოპოზიცია 27-ში, რა მოხდება 26-ში ვიცით, მაგრამ იმდენად არ სცემენ პატივს მოსახლეობას, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სოციოლოგიური კომპანიები, რომლებიც ერთმანეთს გააკონტროლებენ და ანალიზს მოგვაწვდიან. ყველა მოქმედი სოციოლოგიური ჯგუფი ატარებს დაკვეთილ კვლევებს, როდესაც ნამდვილ შედეგებს მხოლოდ „განდობილები“ იღებენ, საზოგადოებას კი მიეწოდება დაკორექტირებული მონაცემები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა