რატომ გადაწყვიტა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ელექტრონული ფულის, ტოტალური კონტროლის მექანიზმის წელს დანერგვა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 14.06, 2023 წელი

მსოფლიო კარგა ხანია, იყენებს კიდეც და მასობრივადაც აპირებს ელექტრონული ფულის დანერგვას, თუმცა ახლახან შევიტყვეთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი წელსვე გეგმავს ამ ნოვაციის ჩვენს ქვეყანაში შემოტანას. მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ ციფრული ფული ადამიანების კიდევ უფრო ეფექტიანად მართვის უმძლავრესი საშუალებაა, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ხელის გულზეა ჩვენი ლამის ყველა ქმედება. ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას ნიშნავს ციფრული ფული, რა მიზანი აქვს მის შემოღებას და შესაძლებელია თუ არა საქართველოში მისი მასობრივად დანერგვა.
– უკვე 50 დოლარსაც ან ნებისმიერ უცხოურ ვალუტას რომ ახურდავებ, გთხოვენ პირად მონაცემებს. ისედაც ხომ ვკონტროლდებით და დამატებითი კონტროლი რატომ გახდა საჭირო? საიდან გაჩნდა ელექტრონული ფულის იდეა?
– ელექტრონული ფულის დანერგვა ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი გააკონტროლებს ნებისმიერ ლარს, რომლის გადაყვანასაც ელექტრონულ ფულში დააპირებთ ან სამომავლოდ თქვენი შემოსავალი, იძულების წესით, აღირიცხება ელექტრონულ ფულში. თითოეულ ლარს მიენიჭება თავისი უნიკალური კოდი და ეროვნული ბანკის ჩინოვნიკებს ეცოდინებათ, რისთვის ხარჯავთ ფულს, ხოლო, თუ სპეციალური კანონმდებლობა შექმნეს, მაშინ ეს ეცოდინებათ სამთავრობო სტრუქტურებსაც.
– მე თუ მწვანილს ვიყიდი ბაზარში, ესეც კი აღირიცხება?
– თუ თქვენ იყიდით ელექტრონული ფულით – თუმცა ბაზრებსაც მალე აღგვიან – რა თქმა უნდა. ეკონომიკურ სუბიექტებს აღჭურვავენ ელექტრონული ფულის მიღების საშუალებებით. ახლა, სხვათა შორის, ეროვნული ბანკი ზოგიერთ ეკონომიკურ სუბიექტს ელექტრონული ფულის მოძრაობის საწყის პოლიგონად განიხილავს. ეს ასე იქნება დასაწყისში. ფაქტობრივად, თქვენი ყველანაირი ხარჯი, რომელსაც გაიღებთ ელექტრონული ფულით, ხელმისაწვდომი იქნება ჩინოვნიკებისთვის. მოდი, ვთქვათ, რას მოუტანს მომხმარებელს ელექტრონული ფული? როგორც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა და იგივე განაცხადეს სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმაც, ამ ელექტრონულ ფულზე არ იქნება დარიცხული პროცენტი, ისეთი, რომელსაც, მაგალითად, კომერციული ბანკი რიცხავს ანაბარზე. ანუ ეს ფული არ არის ანაბარი, ეს, უბრალოდ, ანგარიშსწორების საშუალებაა. საწყის ეტაპზე მომხმარებელს ექნება საშუალება, აირჩიოს: ბანკის ანაბარი თუ ელექტრონული ფული, თუმცა შემდგომ ბანკის ანაბარი აღარ იარსებებს და იქნება მხოლოდ ელექტრონული ფული. ანუ ყველა სახის შემოსავალი იქნება ელექტრონული ფულით.
– მე აღარ მომეცემა საშუალება, ჩემი ფულიდან მოვიგო ფული.
– დიახ. შემდეგია „ქეშბექის“ პრობლემა: იცით, რომ გარკვეული საქონლის შეძენის შემთხვევაში ბანკი გაძლევთ პატარა ბონუსს. ესეც, ფაქტობრივად, გამოირიცხება ელექტრონული ფულის შემთხვევაში. ანუ მომხმარებლებს ეს მცირე სიხარულიც დაეკარგება და შეიძლება, ითქვას, რომ ის მოხუცი ადამიანები, რომლებიც ვერ ერკვევიან ციფრულ ტექნოლოგიებში, ვერ ხმარობენ თავიანთ მობილურებს იმისთვის, რომ განახორციელონ მარტივი საბანკო ოპერაციები, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ასევე, არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც არც ინტერნეტი აქვს და არც კომპიუტერი, მათაც შეექმნებათ ძალიან სერიოზული პრობლემა, თუ როგორ მოიხმარონ ეს ელექტრონული ფული. ანუ სამომავლოდ მსოფლიო მთავრობების გეგმაა, რომ ნაღდი ფული ჩაანაცვლონ ელექტრონული ფულით. ბანკებს თავიდან პრობლემები შეექმნებათ ანაბრების გადინებითა და კრედიტების რაოდენობის შემცირებით, იმიტომ რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, მაგრამ შემდგომ, როდესაც ელექტრონული ფული საყოველთაოდ დაინერგება, ბანკებს ნამდვილად არ აწყენინებენ, ჩართავენ ამ ელექტრონული ფულის მოძრაობის პროცესში და მათი დანაკარგები ანაზღაურდება. მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის ეს ნაკლებად სანერვიულოა, ვინაიდან ბანკები თავიანთ თავს მიხედავენ.
– თუმცა კრედიტების გაძვირება მოსახლეობისთვის სანერვიულო, ალბათ, არის.
– დიახ, თავდაპირველად კრედიტები გაძვირდება.
– ახლაც ხომ კონტროლდება ჩემი შემოსავლები და გასავლები საბანკო ბარათებით. რა განსხვავებაა საბარათე სისტემასა და ელექტრონულ ფულს შორის კონტროლის მხრივ?
– განსხვავებაა საკანონმდებლო რეგულირებაში. როდესაც ხელისუფლებას, სამართალდამცავებს სჭირდება ინფორმაცია ბანკის კლიენტის შესახებ, ამისთვის საჭიროა სასამართლოს ნებართვა, გარკვეული პროცედურების გავლა. ელექტრონული ფულის შემთხვევაში კი მთავრობას პირდაპირი წვდომა ექნება თქვენს ფულთან. ანუ ეს არის ტოტალური კონტროლის დაწესების მექანიზმი. ხელისუფლებას ეცოდინება, მოსახლეობამ ვისგან მიიღო ფული, სად დახარჯეს, რისთვის; თქვენი ჩვევები: რით იკვებებით, სად ისვენებთ. ფაქტობრივად, ეს არის ტოტალური კონტროლი, ეგრეთ წოდებული, ციფრული თვალთვალი.
– ანუ ჩემი პირადი ინფორმაცია ექნებათ ხელის გულზე, თუმცა ნაწილობრივ ახლაც ასეა, მობილური აჩვენებს ლოკაციას, რაღაცას ვიძახებ, ვყიდულობ, სადღაც მივდივარ და ვიყენებ „გუგლ მეფს“...
– საქმე ისაა, რომ ამას გარდა, მთავრობისთვისა და ეროვნული ბანკისთვის ცნობილი იქნება, სად მკურნალობთ, რით მკურნალობთ. ესეც პერსონალური ინფორმაციაა. ფაქტობრივად, ადამიანის ცხოვრებაში საიდუმლოდ აღარაფერი რჩება, რაც არ იცის ხელისუფლებამ. ელექტრონული ფულის შემოღებას ამართლებენ იმით, რომ ფულის ბეჭდვის ხარჯი უმცირდებათ და უფრო იოლად მართავენ; შეიძლება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაც უფრო ადვილად განახორციელონ და ასე შემდეგ, მაგრამ, სინამდვილეში, გარდა მოსახლეობის კონტროლისა, ამ ნაბიჯით, ეკონომიკაში დიდი ალბათობით, გაქრება, ეგრეთ წოდებული, რუხი ზონები, ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკა. ეს ის სფეროებია, სადაც მოძრაობს გადასახადებით დაუბეგრავი ფული: რეპეტიტორობა...
– ბინის გაქირავება, დაგირავება.
– დიახ. ანუ გაქრება მოსახლეობის არალეგალური შემოსავლების სფეროები. რატომ ექნება ამას ნეგატიური ეფექტი? იმიტომ რომ რუხი ეკონომიკა, ანუ არალეგალური შემოსავალი ეკონომიკას შოკების დროს გამძლეობას ანჭებს. მოსახლეობა ეკონომიკური შოკების დროს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვრამდე არ მიდის, რადგან თავს ირჩენს აი, ამ წვრილმანი შემოსავლებით. როდესაც ეს აღარ იქნება და მოსახლეობა ტოტალური კონტროლის ქვეშ იქნება, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს, ამ ელექტრონული ფულის კონტროლით, შეუძლია, რომ მოსახლეობას გაგვაკეთებინონ, რაც და როგორც უნდათ. მაგალითად, აღარ იქნება პრობლემა დამნაშავის დაჭერა. მას, უბრალოდ, გადაუკეტავ ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას და ჩათვალეთ, რომ ადამიანი განწირულია სიკვდილისთვის: კომუნალურ გადასახდელს ვერ გადაიხდის, საკვებს, წამალს ვერ შეიძენს, სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებს და ასე შემდეგ. ამასთან, გარდა კრიმინალებისა, ასეთი მეთოდი შეიძლება, გამოიყენონ პოლიტიკურად არასასურველი პირების მიმართაც. ანუ, ეს არის ძალიან მყიფე სფერო, რომლის საკანონმდებლო რეგულირება არაფერს იძლევა, თუ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მოინდომეს ვიღაცის დასჯა. თქვენ წარმოიდგინეთ, კანადამ თადარიგი დაიჭირა და ადამიანებს, რომლებიც გაუსაძლის ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ და აღარ უნდათ სიცოცხლე, ევთანაზიის უფლება მიანიჭეს. იგივე შეიძლება, მოხდეს საქართველოშიც. მე არ ვამბობ, რომ ეს მოხდება 2-5 წელიწადში, მაგრამ ეს ნამდვილად იქნება. აი, ამ ციფრული საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიდის ყველაფერი და ეს არის ბოლო პანდემიის ეფექტის გამოძახილი. ანუ ჩაატარეს ექსპერიმენტი, არის თუ არა მოსახლეობა დამჯერი. როდესაც შენ მას ციხის ნაცვლად სახლში გამოკეტავ, ესე იგი, შენ გყავს დამჯერი მოსახლეობა და შეგიძლია, გამოიყენო, როგორც მონა. ჩვენ ისედაც მონურ მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ შემოსავლებისა და გაწეული შრომის თანაფარდობა არაადეკვატურია: ბევრს ვშრომობთ და ნაკლებ შემოსავალს ვიღებთ, ხოლო, როდესაც ეს ტოტალური ელექტრონული კონტროლი დაინერგება, მონური მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდება.
– რის იმედი აქვთ, რატომ უნდა მოეწონოთ ეს ადამიანებს? ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ ეს ტოტალური კონტროლისა და თვალთვალის მექანიზმია.
– თავდაპირველად გაკეთდება რეკლამა; გაიმართება მსჯელობა, რა ბევრი დადებითი აქვს ელექტრონულ ფულს. მაგრამ, წარმოიდგინეთ, გაგეთიშათ დენი, დაგიჯდათ მობილური ტელეფონი ან საერთოდ დაკარგეთ, ესე იგი, დარჩით მშიერი, ვერ შეასრულებთ თქვენს საქმეს, თუ რამე გაქვთ გადასარიცხი. ანუ მთელი ცხოვრების მიბმა მობილურ ტელეფონსა და ეროვნულ ბანკზე საკმაოდ არაგონივრულია. თავდაპირველად, სატესტო პილოტური პროგრამები აფრიკისა და სხვა განვითარებად ქვეყნებში შემოიღეს და გაჭრა, იმიტომ რომ იქ მოსახლეობა დამჯერია. ევროპაშიც დამჯერი მოსახლეობაა. მათ ეუბნებიან, რომ დღეში ერთხელ უნდა იბანაონ ნაწილ-ნაწილ და ამას ეთანხმებიან. აი, სხვა ქვეყნებში როგორ მიიღებენ ელექტრონულ ფულს, რთული სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე არ მინდა, მოვესწრო იმ პერიოდს, როდესაც მთელი მოსახლეობა იქნება ტოტალური კონტროლის ქვეშ. რა უნდა ადამიანს, ვინც ხელისუფლებაშია?! უფრო მეტი ძალაუფლება.
– ცენტრალიზებულიც იქნება ეს ინფორმაცია?
– ეს მიოთხოვს ძირფესვიან საკანონმდებლო ცვლილებებს და, როგორც ამერიკული წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი იქნება ვალდებული, რომ პროკურატურას, პოლიციას, სასამართლოს გაუზიაროს ეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი არ არის ანგარიშვალდებული საქართველოს მთავრობის წინაშე. პარლამენტში ანგარიშს წარადგენენ, მაგრამ, თუ პარლამენტმა არ დაუმტკიცა ეს ანგარიში, მათ შეუძლიათ, უგულებელყონ პარლამენტის მოთხოვნები. მაგრამ ეროვნული ბანკი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ანუ შეერთებული შტატების სტრუქტურა და როგორ გამოიყენებს ეროვნული ბანკი ამ ინფორმაციას 3 მილიონი ადამიანის შესახებ, სად გადააგზავნის, შემდეგ ამას როგორ გამოიყენებენ უცხოელები, ძალიან დიდი მსჯელობის საგანია. ამიტომ, რადგან უამრავი ინფორმაცია გავრცელდება ციფრული ფულის სიკეთეების შესახებ, არიქა, გაგაბედნიერებთ ამ ფულის შემოღებითო, მოსახლეობა მაშინვე ვერ დაინახავს იმ საფრთხეებს, რომლებიც ამ პროცესს მოჰყვება. ნელ-ნელა მიხვდებიან, რომ თავი გააყოფინეს ყულფში, ისევე, როგორც, ბაყაყს თუ პირდაპირ მდუღარე წყალში ჩააგდებ, ამოხტება და გაიქცევა, მაგრამ, თუ ცივ წყალში ჩასვამ და ცეცხლს შეუნთებ, რომ წყალი ნელ-ნელა გათბეს, ისე მოიხარშება, რომ ვერც კი მიხვდება. სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობა და როდესაც მიხვდებიან, სად ამოაყოფინეს თავი, იმ ყულფიდან თავს ვეღარ დააღწევენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან