პოლიტიკა

რატომ გადაწყვიტა რუსეთმა უკრაინაში ომისას აფხაზეთში, ბიჭვინთაში, 1115 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი საზღვაო სივრცის დასაკუთრება

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 10.08

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

აფხაზი საზოგადოება რამდენიმე კვირაა ბჭობს ბიჭვინთაში ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის შესახებ, ამ შეთანხმებას მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი. საუბარია იმაზე, რომ 186 ჰექტარი მიწა და 115 ჰექტარი საზღვაო სივრცე, ხსენებულ მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობები რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება გახდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით კი რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება აფხაზეთში მხოლოდ ამა წლის მარტში გახდა ცნობილი. რის გაკეთება შეუძლიათ აფხაზებსა და თბილისს და როგორ შეიძლება, დასრულდეს პროცესი? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

– მოახერხებს თუ არა რუსეთი ამ ჩანაფიქრის განხორციელებას?

– ეს ტერიტორია რუსეთს კარგა ხანია, შემოღობილი აქვს. ეს არის ტერიტორია, რომელზეც განლაგებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი სამთავრობო აგარაკები: მაშინდელი „კა გე ბეს“ დასასვენებელი სახლი და ამ ტიპის სხვა „სახელმწიფოებრივი“ მნიშვნელობის ნაგებობები. იქ შესვლა აქამდეც რთული იყო აფხაზებისთვის. ახლა, უბრალოდ, რუსეთი ითხოვს ამ ყველაფრის მისთვის გადაცემას, ანუ იმის იურიდიულად გაფორმებას, რაც უკვე შემოღობილი ჰქონდათ და რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. სხვათა შორის, 49-წლიანი იჯარა ახსენეს ბოლო დროს, თორემ რუსეთი მფლობელობაში გადაცემას მოითხოვდა.

– არსებობს ასეთი სამართლებრივი პრაქტიკა, რომ მეორე სახელმწიფომ სამუდამოდ დაიკანონოს ტერიტორია?

– სიტყვა „სამუდამო“ იქ ნახსენები არ ყოფილა, მაგრამ მუდმივად ისმოდა „გადმოგვეცით“, ოღონდ არ ზუსტდებოდა, რა ფორმით. რუსეთი დიდი ხანია, ხაჯიმბას დროიდან, ახორციელებს აფხაზეთის ანექსიას, ოღონდ არა იმ ფორმით, რასაც ჩვენ დაგვაჩვია. ანუ აფხაზეთისადმი რუსეთი არ იჩენს სამხედრო აქტიურობას, უმეტესწილად ხდება ჩუმი ანექსია: ადგილობრივი კადრების მოსკოვური კადრებით ჩანაცვლება; კულუარულად მოსკოვისთვისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება და, რაც ძალიან ეფექტიანია, აფხაზ საზოგადოებას აშანტაჟებენ რუსული ტრანშების შეყოვნებით. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა თავისი ეფექტი გამოიღო, იმიტომ რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ასრულებენ მოსკოვის ნებისმიერ ბრძანებას და მათ შორის აფხაზეთის მკვიდრების ოდენობა ძალიან ცოტაა, ნუ მათი ფესვები აფხაზეთში არ არის და, აქედან გამომდინარე, მათზე ზეწოლის საშუალება არ არსებობს. მაგალითად, ინალ არძინბას შემთხვევაში მაინც არის, თუმცა ის არ რეაგირებს თავისი კლანისა და ნათესაობის ზეწოლაზე. რაც შეეხება თვითონ ტერიტორიას: 186 ჰექტარია, მიმდებარე სანაპირო ზოლით. რუსული ვერსიით, ეს იქნება დაცული ზონა, რაზედაც აფხაზი საზოგადოება ძალიან მწვავედ რეაგირებს, განსაკუთრებით, ახლა.

– და რა შეუძლია ამ მწვავე რეაგირებით?

– არც არაფერი შეუძლიათ, გარდა მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტივობისა და ამით ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების შერყევისა. მოგეხსენებათ, ამ საუკუნეში აფხაზეთის ყველა დე ფაქტო ხელისუფალი, ფაქტობრივად, საზოგადოების ზეწოლის შედეგად წავიდა. აი, ეს შეუძლიათ. თუმცა თავად აფხაზი საზოგადოება განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენთ, რა დონეზეა დღეს აფხაზეთში ეთნონაციონალიზმი. ეს ეთნონაციონალიზმი ახალგაზრდა თაობაში ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე იყო ქართველებთან ურთიერთობის დროს. და ეს ეთნონაციონალიზმი, ძირითადად, სომხებისა და რუსების წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ ეს მაინც ჭიქაში ქარიშხლის დონეზეა. მეორე მხრივ, აფხაზებს ისეთ დოკუმენტებზე აქვთ ხელი მოწერილი, რომელთა თანახმად, მთელი ძალოვანი სტრუქტურები, საზღვრის დაცვა რუსეთის ხელშია.

– მეც მაშინვე გამახსენდა, თუ არ ვცდები, 2014 წელს რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, რუსეთს უკვე მიანიჭეს აფხზეთის გარკვეულ ტერიტორიებზე თავისუფალი მოქმედების უფლებაც და მფლობელობაშიც გადასცეს. ამდენად, გამიკვირდა ბიჭვინთის გამო ტანზე შემოხევა.

– იმიტომ რომ ბიჭვინთა მათი მარგალიტია, რომლის გაყიდვაც ძვირადაა შესაძლებელი. მიაქციეთ ყურადღება: ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულ ფირმას რამდენიმე მილიარდი ევრო უნდა ჩაედო აფხაზეთის ინფრასტრუქტურის განვითარებაში; უფრო ზუსტად, ამ სანაპიროზე უნდა ეშენებინა პატარა ტურისტული ქალაქივით, თითქმის იმ ადგილას, რაც ახლა რუსეთს უნდა გადაეცეს. მე მგონია, რომ ეს იყო „ფეიქი“ ზუსტად იმისთვის, რომ აფხაზი საზოგადოების მობილიზაცია გამოეწვია რუსეთის წინააღმდეგ – ეს ვიღაცამ გააკეთა. სოციალურ ქსელებში შეხვდებით კომენტარებს, აი, გერმანელებს არ მივეცით და რუსებმა ისე წაგვართვეს. აიბღას გამოც ჰქონდათ პრეტენზია, რუსებმა რომ წაიღეს, მაგრამ აიბღა სადღაც შორსაა და ეს პროტესტი მალე ჩაცხრა, მაგრამ ბიჭვინთა სხვაა. აფხაზებს, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ბიჭვინთის იმედი ჰქონდათ, რომ ოდესმე ბიჭვინთის მეშვეობით შექმნიდნენ ისეთ ტურისტულ ქვეყანას, რაც მათ შემოსავალს მოუტანდა. ახლა ეს იმედი დაეკარგათ, ამის გამოა ეს აურზაური, რომელიც, ვიმეორებ, ჭიქაში ქარიშხლის დონეს ვერ გასცდება.

– რატომ გაახსენდა რუსეთს ეს საკითხი ახლა, უკრაინასთან ომისას? აფხაზებისა და ჩვენი მოსარევი რესურსი მას მაინც აქვს, მაგრამ რა საჭიროა დამატებითი სირთულე?

– ეს იყო პროცესი, რომელიც დღეს არ დაწყებულა. მზადდებოდა კარგა ხნის განმავლობაში, უბრალოდ, დღეს წერტილი დაესვა. მე, მაგალითად, სერიოზულად ვფიქრობ, რომ ეს იყო იმ კონტექსტში, თუ რა მოვლენებიც უნდა განვითარებულიყო აფხაზეთში. ნუ დაგვავიწყდება, იყო მცდელობა, რომ ქართველები ხელმეორედ შეეტყუებინათ აფხაზურ ხაფანგში. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თბილისი რომ შეჭრილიყო აფხაზეთში. გახსოვთ, რა ხდებოდა, როგორც კი ომი დაიწყო უკრაინაში, როგორ ვრცელდებოდ ვიდეორგოლები, რომლებშიც რამდენიმე სახედაფარული ადამიანი ამბობდა, რომ ისინი პარტიზანულ მოძრაობას წარმოდგენდნენ; შემდეგ გავრცელდა ჩანაწერი ოჩამჩირიდან, რომელშიც ვეტერანები მოუწოდებდნენ ერთმანეთს, გაერთიანებულიყვნენ თბილისიდან მოსალოდნელი აგრესიის გამო; ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთი დაცლილია რუსი სამხედროებისგან. ობიექტურად რომ ვთქვათ, იმ პერიოდში მართლაც არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ იყო იქ. მაგრამ მე მაინც დადგმული მგონია ეს ყველაფერი, ანუ ყველაფერს აკეთებდნენ, დაერწმუნებინათ ქართული მხარე, რომ მარტივად მოგვარდებოდა აფხაზეთის საკითხი; მით უფრო, რომ რუსეთს უკრაინაში ბლიცკრიგი ჩაეშალა. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ამ კონტექსტში მოხდა – ქართველების შეჭრით უნდოდათ, გადაეფარათ ბიჭვინთის მითვისება. ეს არ არის გამორიცხული.

– ანუ რუსული გეგმა იყო, რომ შევჭრილიყავით აფხაზეთში?

– არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, მაგრამ დღეს ისეთი არაჯანსაღი ვითარებაა პოლიტიკურ სპექტრში, ომში ჩაბმა-არჩაბმის შესახებ, რომ დრო ფუჭად იკარგება, თორემ ჩვენ იმთავითვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან ძალები, რომელთათვისაც საინტერესოა საქართველოსა და მოლდოვის ომში ჩართვა, ოღონდ სხვადასხვა მიზანი ამოძრავებდათ ბარიკადის სხვადასხვა მხარეს მყოფ პოლიტიკურ ჯგუფებს. გავიხსენოთ პატრუშევის ცნობილი გამონათქვამი, გავწმენდთ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესო და იგულისხმებოდნენ მოლდოვა, საქართველო და ყაზახეთი, მაგრამ ეს გეგმა არ მიიღეს კრემლში. დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს კი სხვა ამოცანები ჰქონდა, მაგრამ ვერც ის გეგმა გავიდა. ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია, დასკვნები გამოგვაქვს იქიდან, რაც ზედაპირზე დევს.

– თბილისმა რა შეიძლება, გააკეთოს? თუმცა აფხაზები უცნაური ეთნოსია და მათი ინტერესების მხარდამჭერი იქნება თუ საპირისპირო თბილისის ქმედება, მაინც, განაწყენებული რეაქციაა. მაგრამ თბილისი ჩვეულებისამებრ დუმს.

– აი, ეს დუმილი არ შეიძლება, იმიტომ რომ აუცილებელია, მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების გამახვილება ამ თემაზე. თუ იმის თქმა არ უნდათ, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთი მის ანექსიას ახდენს, ის მაინც შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთი არღვევს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებას. ყოველ შემთხვევაში, იმ შეთანხმებებს, რომლებიც გაეროსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებობს ამ კონფლიქტური რეგიონების შესახებ. რომ როგორც უკვე არაერთხელ დაარღვიეს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება, დღესაც განაგრძობენ მის დარღვევას. ეს იქნებოდა გარკვეული პოლიტიკური დემარში, თუმცა მე ისიც არ მესმის, რატომ არ უნდა ითქვას, რომ აფხაზეთი საქართველოა?! მე ამას ვერ ვხსნი, გარდა იმისა, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს, მაგრამ ეს ისეთი ვითარებაა, რომ გასაღიზიანებელი არაფერია.

– თან, რუსეთი კარგა ხანია, რაც თვითგაღიზიანების რეჟიმშია.

– რასაკვირველია და ყოველთვის ყველაფერზე გაღიზიანებული იქნება. ეს, ერთი მხრივ, ხელისუფლების არასწორ მიდგომაზე მეტყველებს, მაგრამ, მეორე მხრივ, არგუმენტს აცლის რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას ხელისუფლების რუსეთუმეობაზე, იმიტომ რომ რუსეთუმე ქვეყანა სხვანაირად მოიქცეოდა, უფრო სწორად, მოსკოვი ყველანაირად შეეცდებოდა, რომ ამ ხელისუფლების რუსეთუმეობისთვის ხელი არ შეეშალა: არადა რუსეთს არც ცხინვალში შეუწყვეტია ბორდერიზაცია და აფხაზეთშიც ისე იქცევიან, როგორც იქცევიან, რაც დღევანდელი ხელისუფლების, ფაქტობრივად, დისკრედიტაციაა.

– აფხაზ საზოგადოებას დიდი ვერაფრის გაკეთება შეუძლია, მაქსიმუმ, დე ფაქტო ხელისუფლება შეარყიოს და რომც გამოცვალონ ბჟანია, რას დააკლებენ ამით რუსეთს?

– ვერაფერს დააკლებენ, არაფერი შეიცვლება. შეუძლიათ, შეცვალონ ბჟანია. მოიყვანონ ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც, როცა დე ფაქტო ხელისუფლებაში იყო, იმავეს აკეთებდა, ოღონდ ნაკლებ მასშტაბში. უბრალოდ, ახლა რუსეთს მადა გაეზარდა. ისინი დღეს თვლიან, რომ აფხაზეთმა გაიარა ის პერიოდი, როდესაც მასთან მოკავშირეობა შეიძლებოდა, დღეს აფხაზეთი რუსეთის უმცროსი პარტნიორია, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი