პოლიტიკა

რატომ გადაწყვიტა ერევანმა დაპირისპირებოდა სამივე მეზობელს: აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 03.04

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

სომხეთმა ზვარტნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა მოითხოვა, ასევე, „ო დე კა ბეში“ წევრობის გაყინვა, იმის პარალელურად, რომ საფრანგეთის მთავრობასთანაც აქტიურად ფლირტაობს, რაც ბადებს ეჭვს, რომ ერთდროულად უპირისპირდება რუსეთ-თურქეთ-აზერბაიჯანს, რაც, ერთი შეხედვითაც, გასაგებია, რომ არათანაბარი დაპირისპირებაა. რის იმედი აქვს სომხეთს და ხომ არ აპირებს ფაშინიანი მეორე ზელენსკობას? - ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

– რა სვლები აქვს სომხეთს და რის იმედით უპირისპირდება სომხეთის ხელისუფალი ყველა მეზობელს და ყოფილ მოკავშირესაც?

– სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სომხეთი არ ითხოვს სამხედრო თვითმფრინავების გაყვანას, იმიტომ რომ ზვარტნოცის აეროპორტში რუსეთის სამხედრო ბაზაცაა. რაც მთავარია, არ მოითხოვს, რომ რუსეთმა თავისი მესაზღვრეები გაიყვანოს თურქეთის საზღვრიდან. მოგეხსენებათ, რუსეთ-თურქეთის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები დგანან. ამდენად, ეს უფრო დემონსტრაციული განცხადებაა, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის სტრატეგიული გადაწყვეტილება.

– ვის წინაშე დემონსტრაციულობს – სომხეთის მოსახლეობის თუ დასავლეთის?

– საკუთარი მოსახლეობა არავის აინტერესებს. ეს, ძირითადად, დანარჩენი მსოფლიოსთვისაა, დასავლეთისთვის. საქმე ისაა, რომ ფორმალურად სომხებს აქვთ ამის უფლება, უამრავი სტუმარი ჩამოდის ერევანში და აეროპორტში რატომ უნდა იყვნენ სხვა ქვეყნის მესაზღვრეები. ეს ერთგვარი მორალური გამართლებაა სომხეთის მოთხოვნის, მაგრამ რუსი სამხედროები საერთაშორისო ხელშეკრულებებით დგანან იქ. ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებით არიან განლაგებული ერევნის აეროპორტში რუსი მესაზღვრეებიც. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, თანამედროვე პოლიტიკაში ორმაგი თამაშია და არანაირი გაგრძელება ამას არ ექნება. მიაქციეთ ყურადღება, ლაპარაკია „ო დე კა ბეში“ წევრობის გაყინვაზე და არა იქიდან გასვლაზე. მე მესმის, რომ ყველაფრის ერთბაშად გაკეთება არ შეიძლება და როგორც ჩანს, ოფიციალურ ერევანს ბოლომდე არც იმის სჯერა, რომ დასავლეთი აუცილებლად დაუდგება გვერდში და, ზოგადად, არც დასავლეთის ძალის. ასევე, მათ იციან, რა გაკვეთილები მიიღო საქართველომ ასეთი „მსხვილი თამაშის“ დროს 2008 წელს. ამდენად, არც მწვადის დაწვა უნდა და არც შამფურის. ეს პოლიტიკური თამაშის წესია, რომლის მიზანია რეზონანსი და ეს რეზონანსი მოსკოვში იქნება, ბრიუსელში თუ სომხეთში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, იყოს რეზონანსი.

– საკუთარი მოსახლეობა კიდევ შეიძლება, გააბრუო, მაგრამ არც მოსკოვში და არც ბრიუსელში არ სხედან სულელები: იქ ვის ატყუებს სომხეთი?

– ზოგიერთი პოლიტიკური ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ დააკვირდე გამოხმაურებას. მე მეჩვენება, რომ ზვარტნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის მოთხოვნა ამ ტიპის განცხადებაა. რაც შეეხება სომეხ საზოგადოებას: ის ძალიან მკვეთრადაა გაყოფილი. ნაწილი რადიკალურად ანტირუსული განწყობისაა, ნაწილი – პრორუსული და, მათი აზრით, ამ რეგიონში რუსეთის გარეშე ვერ გაძლებენ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ არც მოსკოვშია ცალსახა აზრი როგორც სომხეთის, ისე მთლიანად რეგიონის მიმართ. ბევრი გავლენიანი პირია მოსკოვში, რომელთა აზრით, რაკი რუსეთის ხელისუფლება ვერ იტანს ფაშინიანს, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგა და ამით თავისი გავლენა შეასუსტა სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის რადიკალურ ნაციონალისტებს ჯერ ისიც ვერ მოუნელებიათ, რომ რუსეთმა აზერბაიჯანში გაბალის ბაზა დათმო. მას შემდეგ, რაც ფაშინიანზე გაღიზიანებულმა რუსეთმა ბევრი დაუთმო აზერბაიჯანს, მათთვის ეს საერთოდაც „წითელი ნაჭერია“ და ეს ჭიდილი ახლაც გრძელდება. ფაშინიანმა იცის, რაც ხდება მოსკოვში, ამიტომაც აკეთებს მსგავს განცხადებებს: აი, ჩვენ ახლა ასეთ ნაბიჯს ვდგამთ და თქვენ რას გვიპასუხებთ?! არ არის გამორიცხული, ფარულად გაიმართოს მოლაპარაკება, რის შემდეგაც ამ ტიპის განცხადება ერევანს დაავიწყდება.

– და რა შეიძლება, შესთავაზოს მოსკოვმა ერევანს ყარაბაღის საკომპენსაციოდ?

– უფრო მეტი მხარდაჭერა აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სხვათა შორის, მოსკოვს არც აქვს გამოსავალი: აზერბაიჯანი დღეს იმაზე ბევრს მოითხოვს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. სომხებით დასახლებულ 4 სოფელს ითხოვს, რომლებიც, სომხების აზრით, სომხეთს ეკუთვნის, აზერბაიჯანის აზრით – აზერბაიჯანს. თან, ეს არ არის ყარაბაღის ტერიტორია. ისიც გავითვალისწინოთ, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ მონიშნულიც კი არ ყოფილა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირობითი საზღვრები, დემარკაცია-დელიმიტაციაზე ხომ ლაპარაკიც არ არის. ამდენად, სომხეთს სჭირდება აზერბაიჯანის შემაკავებელი ფაქტორები, სომხური მიდგომით კი, მოსკოვის გარდა ამის გამკეთებელი სხვა არავიაა.

– აბა, მაშინ რატომ აქტიურობს იმავე საფრანგე

თის, უკრაინის მიმართულებით?

– ნაწილობრივ ეს ყველაფერი თამაშია. სომხეთს აქვს სათავისო არგუმენტები, რომ მოსკოვმა ჯეროვანი მხარდაჭერა არ აღმოუჩინა. საზოგადოების ანტირუსულად განწყობილი ნაწილი ამ გავლენის ქვეშაა. ვერც გაამტყუნებ. მეორე მხრივ, სომხეთი საინტერესო თამაშს თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში აჭარბებს. სომხეთს ეხმარება თავისი ლობიც, რომელიც არა მარტო საფრანგეთშია გავლენიანი, არამედ რუსეთშიც.

– კრემლში ხალხი რუსეთის სომხური ლობის ზემოქმედებით ხომ არ არის გაღიზიანებული?

– რასაკვირველია, ესეცაა. სხვათა შორის, შარშან თუ შარშანწინ კრემლმა ჩუმი ბრძოლა გამოაცხადა სომხური ლობის წინააღმდეგ და სწორედ მაშინ, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურებიდან ყველა ეროვნებით სომეხი ძალოვანი გაათავისუფლეს. მაშინ სკანდალიც კი მოჰყვა იმას, რომ სოჭის აეროპორტიდან, რომელიც სტრატეგიული აეროპორტის რანგში აიყვანეს, ყველა სომეხი ეროვნების თანამშრომელი გაათავისუფლეს, ვისაც კი რამე მნიშვნელოვანი პოზიცია ჰქონდა. ასეთი რამ ბევრ ადგილას მოხდა. ეს დისკრიმინაციული მიდგომა იყო ცენტრის მხრიდან, მაგრამ გამაფრთხილებელი – სომხური ლობისთვის. მე არ მიკვირს ეს ამბავი, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც სომხეთის გარშემო ხდება, თუ არ ჩავთვლით სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას, არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება, უკეთესი პოზიცია დაიკავოს. რომ წარმოვიდგინოთ, სომხეთი დარჩენილიყო ისევ იმ მდგომარეობაში, როგორიც იყო წინა პრეზიდენტების დროს, ანუ პრორუსული, პრინციპში მაინც ვერც ვერაფერს მიაღწევდა. აზერბაიჯანს შეიძლება, მაინც გაებედა ის, რაც გაბედა, მაგრამ სომხეთს რუსეთი ვერ დაეხმარებოდა, იმიტომ რომ რუსეთი იმ დროს ჩართული იყო უკრაინასთან ომში. რუსეთს შეეძლო, ბევრად მეტი გაეკეთებინა სომხეთისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია, ამიტომ ეს განცხადებები, მოქმედებები, სულაც, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეს გზა იქნება არჩეული. ასევე, თამაშის ნაწილია ფაშინიანის მიერ დასავლეთის ვექტორის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ვექტორი საინტერესოა სომხეთისთვის, მე ერთხელ ვთქვი კიდეც თქვენთან ინტერვიუში, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ყველზე დიდი საელჩო ერევანშია, სომხეთში კარგად ესმით, რომ მხოლოდ დასავლეთისკენ ორიენტაცია არ მოიტანს იმ შედეგს, რომელიც მათ უნდათ. სომხეთისთვის მთავარია, სტაბილურობა შეინარჩუნოს თავის ქვეყანაში, არავითარ შემთხვევაში არ გახსნას ზანგეზურის დერეფანი და შეინარჩუნოს ის ტერიტორია მაინც, რომელიც მას დღეს აქვს. ამ შემთხვევაში მარტო დასავლეთი მოკავშირედ არ გამოდგება. ვხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ, მაგალითად, აზერბაიჯანსა და თურქეთს საფრანგეთისადმი და „ნატოს“ წევრი ზოგიერთი ქვეყნისადმიც, მაგალითად, საბერძნეთისადმი, ერთადერთი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც შეიძლება, მოუსმინონ ანკარასა და ბაქოში. შესაბამისად, ერევანი ცდილობს, წაუგებელი თამაში ითამაშოს, რომ მოსკოვი აიძულოს, „ძველი მეგობრობა“ აღადგინოს, მინიმუმ, რუსეთმა ანგარიში მაინც გაუწიოს ერევნის პოზიციას. ამის პარალელურად კი, დასავლეთიც დაარწმუნოს, რომ ვექტორი არჩეულია, მაგრამ იქაც ივაჭროს. ვაჭრობა ხომ პატარა ქვეყნების თვისებაა?! ზუსტად იმიტომაც, რომ ჩვენ ვაჭრობის სურვილი არ გვაქვს, პოლიტიკურ ვაჭრობას ვგულისხმობ, წაგებულები ვრჩებით ხოლმე.

– სომხეთი ხისტად ურთიერთობს რუსეთთან, არ მინდა, ვთქვა, ფაფხურობს-მეთქი და რაღაც შედეგის იმედი აქვს. ჩვენ რით ვერ ვიმოქმედეთ ხისტად? ჩვენ რატომ ვისჯებოდით და ვისჯებით ოდნავ ზედმეტი აქტიურობის გამო და ვერაფერი გამოვტყუეთ მოსკოვს?

– ჩვენ რა შედეგი მივიღეთ 2008-ში?! არანაირი, იქნებ სჯობდა ვაჭრობა და ფაფხური?!

– 2008 წლის შემდეგ?

– ნუ იტყვით ამას, მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვფაფხურობთ და ძალიან ბევრი საინტერესო ეპიზოდი იკვეთება ამ ბოლო დროს. თუ მიაქციეთ ყურადღება სამხრეთელი ოსი, ეგრეთ წოდებული, დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

– რა თქმა უნდა. რით გამოიჩინეს თავი?

– ამ სამეულში ერთ-ერთი დავით სანაკოევია, რომელიც სამხრეთ ოსური პოლიტიკის „ვარსკვლავი“ და სრულად ანტიქართული ფიგურაა. მოქალაქეობის ჩამორთმევის სულ ორი ვერსიაა და ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დავით სანაკოევი იყო იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, დე ფაქტო პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტები“, რომლებიც აქტიურად მოითხოვდნენ ბორდერიზაციის გააქტიურებას და დამატებით 200 კვადრატულ კილომეტრს საქართველოს ტერიტორიიდან. ახალ წლამდე მოსკოვიდან მასლოვი იყო ჩასული ცხინვალში და და დატუქსა „დეპუტატები“, ამ ჯგუფს კი უთხრა, თუ თავს არ შეიკავებდნენ ასეთი ტიპის აქტიურობისგან, შეიძლებოდა, პრობლემები შეჰქმნოდათ და შეექმნათ კიდეც პრობლემები, რადგან არ გაჩერდნენ. მაგრამ შევხედოთ ამას სხვა მხრიდან: სამხრეთელ ოსებს უთხრეს, საქართველოს ტერიტორიებისადმი თქვენი მადა უნდა დაიოკოთო. ეს რომ ჰაერზე არ ხდება, ფაქტია. თუმცა მათ თავისით არ მოსვლიათ ეს აზრი თავში: სწორედ მოსკოვმა შეუნთო ცეცხლი ბორდერიზაციის პროცესს და თავად გაააქტიურა ამ ტიპის ჯგუფები.

– მარგო სიმონიანი ძალიან საინტერესო პერსონაჟი ჰყავს კრემლს. რა როლი აქვს მას?

– მისი როლია, რადიკალური ფორმით გაახმოვანოს კრემლის პოზიცია, გააფრთხილონ ერევანი სომონიანის პირით. ის, გარკვეულწილად, ემსახურება ფაშინიანის მიერ წარმოებულ რუსულ კამპანიას. კრემლი ასეთ დონემდე არ ეშვება, ზახაროვაც კი ცდილობს, დელიკატური იყოს, სიმონიანი კი ყველაფერს ლაპარაკობს და იმიტომ, რომ ასეთი დავალება აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული