პოლიტიკა

რატომ ეტყობა ევროკავშირის მოლდოვასადმი შეთავაზებას, რომ მოლდოვის მიღებას აპირებენ, საქართველოს მიღებას კი - არა

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 06.12, 2023 წელი

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა
დაკოპირებულია

ევროკავშირის ხიბლი საქართველოსთვის ერთი შეხედვითაც ნათელია, იმის გათვალისწინებითაც, თუ როგორია ცხოვრების დონე და სოციალური დაცულობა ამ ორ სივრცეს შორის, თუმცა, თავის მხრივ, ევროკავშირსაც რაღაც უნდა ხიბლავდეს უკრაინა-მოლდოვა-საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის ჩამორიგების სანაცვლოდ, თუ რა, ამის შესახებ პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა გვესაუბრება.

– ყველაფერს აქვს ორი მხარე, რა პოლიტიკურ-სამხედრო-ეკონომიკური ხეირი შეიძლება, ჰქონდეს ევროკავშირს, რაკი საქართველოს, უფრო ადრე კი – უკრაინა-მოლდოვას ჩამოურიგა კანდიდატის სტატუსი?

– პირველი ის, რომ დაპირისპირებაა ევროპასა და რუსეთს შორის. ევროპას ისე დაულაგეს ყველაფერი, რომ იძულებული გახდა, ამ კონფლიქტში ჩართულიყო, მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ვართ ჩაბმულებიო. შემდეგ, მართალია, უარყო თავისი განცხადება, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ის, უპირველესად, ეკონომიკური კავშირია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის აქტიურად აფინანსებს უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვას. დღეს კლასიკური გეოპოლიტიკური ომია გავლენისა და უსაფრთხოების სივრცეებისთვის. შესაბამისად, ევროკავშირს აინტერესებს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ტერიტორიები მის მიმართ კეთილგანწყობილი იყოს; ხოლო რუსეთს აინტერესებს, რომ ჰქონდეს ერთგვარი უსაფრთხოების სარტყელი „ნატოს“ ქვეყნებისგან, რომელიც უკვე სამხედრო ალიანსია.

– ევროპისა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა ისტორიულად მოიცავს ბუფერული ზონების შექმნას ერთმანეთს შორის.

– კი, ბატონო, ასეა. მაგრამ თანამედროვე ეპოქაში ვითარება ოდნავ შეცვლილია, პირდაპირი სამხედრო ომების ნაცვლად მიმდინარეობს ეკონომიკური ომები. ანუ დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვანია ეკონომიკა, გეოეკონომიკა, გასაღების ბაზრები და გადამხდელების რაოდენობა. ეკონომიკურ გეოგრაფიაში ადამიანი და გადამხდელი მიიჩნევა ყველაზე სასარგებლო რესურსად: ადამიანი, უპირველესად, შრომითი რესურსია, კაპიტალიზმის პირობებში კი – გადამხდელი. ამდენად, ამ ეკონომიკური ბაზრებისა და რესურსებისთვისაა ბრძოლა და, თან, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, რომ უსაფრთხოების განზომილებაშიც კონფლიქტია. ამიტომ ევროპამ ჩამოაყალიბა სამეზობლო პოლიტიკა ცხრა ქვეყნის მიმართ. მათ შორის, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან და ცდილობს, რომ ეს ქვეყნები, მინიმუმ, არ გახდეს რუსეთის აქტივი და არ იყვნენ მის ორბიტაზე. ამ ქვეყნებს ისინი თანამშრომლობის სხვადასხვა მოდელებს სთავაზობენ. მაგალითად, მოლდოვას სთავაზობენ ისეთ მოდელს, რაც, საბოლოოდ, წევრობას გულისხმობს, ვინაიდან, თუ მოლდოვისთვის შეთავაზებას ნახავთ, ის ნამდვილად წევრობაზე გათვლილი პროგრამაა: მილიარდ 600 მილიონი ევროს დახმარება იგულისხმება ეკონომიკის აღორძინებისთვის და სხვა მიმართულებებითაც ეხმარებიან. საქართველოს კი სულ სხვანაირ მოდელს სთავაზობენ, რაც არ გულისხმობს ეკონომიკის, წარმოების, ბიზნესის განვითარებას და უფრო მათ ინტერესებსაა მორგებული. აქედან შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სამეზობლო პოლიტიკის ცხრა ქვეყნიდან ზოგიერთის მიღებას ნამდვილად აპირებენ, ზოგიერთის მიღებას – არ აპირებენ და ეს 30-წლიანი ბლეფი გრძელდება. ოღონდ ეს გაგრძელება ნიშნავს, რომ ევროპა ისე ალაგებს ამ ურთიერთობებს, რომ მაქსიმალურად მეტი სარგებელი მიიღოს ამ ქვეყნებთან ურთიერთობით.

– საქართველოსთან ურთიერთობა რა სარგებელს აძლევს ევროკავშირს? ერთი ზუსტად ვიცი, რომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროპას საქართველოს გავლით ენერგომატარებლები მიეწოდება შიდა ტარიფით, რაც არ მგონია, კარგი იყოს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციისთვის. კიდევ?

– ევროპაში დღეს 330 000 ქართველი მუშაობს და ეს ხალხი, ძირითადად, მუშაობს მესამედ ფასად. მაგალითად, იტალიაში იტალიელი მომვლელის ხელფასი 3 300 ევროა, ქართველები კი 800-1 000 ევროდ მუშაობენ, თანაც, მათ არ აქვთ სოციალური გარანტიები, ჯანმრთელობის დაზღვევა. ეს პირველი ხეირი: გაამრავლეთ 330 000 2 300- ევროიან ეკონომიაზე და ნახავთ, რა ფისკალური ეფექტი აქვს. გარდა ამისა, იმ 800-1 000 ევროს ნახევარს იქვე ხარჯავს ის 330 000 ქართველი, ანუ ევროკავშირის ეკონომიკას ავითარებს. ეს, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, ექვსი მილიარდი დოლარია, ანუ მათთვის იაფი მუშახელის წყარო ვართ. ევროპას მუშახელის დეფიციტი აქვს: მაგალითად, 2019 წელს 33 მილიონი ვაკანსია ჰქონდათ ღია, რომელსაც ვერ ავსებდნენ და ამის შევსებას ემიგრანტების ხარჯზე ცდილობენ. ამასთან, საქართველო მენტალურად არც თუ ისე შორსაა ევროპისგან, არ ვართ აგრესიულები და ეს ხალხი იქ მიიწვიეს ორგანიზებულად, ანუ ეს ფუნქცია განგვისაზღვრეს. ასევე, ევროპული საბანკო კაპიტალი საქართველოში ზემოგებაზე, 23-პროცენტიან მოგებაზე მუშაობს, მაშინ, როდესაც თავად ევროპაში საბანკო კაპიტალის მოგება 8 პროცენტია. ესეც დამატებით მილიარდია. ევროპა ჩვენთან ყიდის 2 მილიარდით მეტ საქონელს, ვიდრე ჩვენ ვყიდით ევროპაში და ესეც მოგებაა. გარდა ამისა, საქართველოდან ევროპაში მიდის ენერგორესურსები აზერბაიჯანიდან და ესეც მათთვის სასარგებლოა. ახლა ვნახოთ, რას გვთავაზობენ: მოლდოვას ეკონომიკის აღორძინებისთვის ხომ მისცეს მილიარდ ექვსასი მილიონი?!

– უკვე მისცეს?

– დიახ. ჩვენ კი შემოგვთავაზეს, მაგალითად, შავი ზღვის ელექტროკაბელი და, ასევე, ჰესების მშენებლობა, ანუ მწვანე ენერგეტიკის განვითარება. რისთვის? იმისთვის, რომ ჩვენი ხეობები ჩავხერგოთ ჰესებით, გამოვიმუშაოთ მწვანე ენერგია და გავუშვათ ევროპაში. ევროპას ენერგეტიკული პრობლემა აქვს: ენერგიის 60 პროცენტი იმპორტულია. შესაბამისად, რუსული გაზის შემცირების ფონზე მათთვის მნიშვნელოვანია, მოძებნონ ენერგიის მიღების სხვადასხვა წყარო. ჩვენთვის ეს, ერთი მხრივ, საინტერესო შეიძლება, იყოს, თუ სწორი მენეჯმენტი იქნა, მეორე მხრივ კი, პირიქით. პირობითად, ჰესი ააშენა კერძო ინვესტორმა, საქართველოში დენის საცალო ტარიფი, უხეშად რომ ვთქვათ, კილოვატი 22 თეთრია, ევროკავშირში 22 ევროცენტი, ეს სამჯერ მეტია. ბიზნესმენი, ჰესს რომ ფლობს, სად გაყიდის თავის ელექტროენერგიას?!

– რა თქმა უნდა, ევროპაში.

– დენის გამომუშავება ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ის გაიაფდეს და ადგილობრივ წარმოებას მიეხმაროს, ადგილობრივი პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს, მაგრამ პირიქით ხდება. ჰესების აშენება სტიმულია საიმისოდ, რომ სამომხმარებლო ტარიფი გაძვირდეს, იმიტომ, რომ ევროპას „დავეწიოთ“. აქ მე ვხედავ რისკებს და, საბოლოო ჯამში, ეს პროექტიც ევროპის რისკებზეა მორგებული. მე ვიტყოდი, რომ გვექცევიან, როგორც გერს; პლუს, გვიკრძალავენ ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების მიმართულებით მოძრაობას, მაგალითად, რუსეთთან დიალოგს, ამაზე გართულება აქვთ და მიკროსკოპით აკვირდებიან ჩვენს ნაბიჯებს, მაგრამ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ყველა მიმართულებით უნდა გვქონდეს დიალოგი. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა და არავის არ უნდა მოვუსმინოთ. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ევროპასთან ურთიერთობა არ არის ჩვენთვის საინტერესო, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა ისეთი ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებზეც იქნება მორგებული. ამიტომ, ისინი რომ გვთავაზობენ 12 რეკომენდაციას, 9 დათქმასა და 57 სხვა რაღაცას, ჩვენც უნდა წარვუდგინოთ ასეთივე ნუსხა. ჩვენ ევროპისგან გვაინტერესებს: პირველი – იაფი და გრძელვადიანი კრედიტი, რომ ეკონომიკა განვავითაროთ, აი, ის, რაც მოლდოვას მისცეს.

– მოლდოვაში საარაკო კორუფციააო, ამდენად, ეს ფული ვითომ მოლდოვის ეკონომიკას მოხმარდება?

– მე არ ვიცი, რას მოხმარდება, მოლდოველებმა და ევროპელებმა ინერვიულონ ამაზე, მაგრამ მე ვამბობ, ჩვენ რა გვაინტერესებს ევროპისგან: პირველია გრძელვადიანი და იაფი სესხი; თუ ევროპაში სესხის ფასი 5 პროცენტია, ჩვენთან 16 პროცენტი არ უნდა იყოს, თუ ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვინდა საწარმოების განვითარება, ხალხის დასაქმება და ემიგრანტრების დაბრუნება ღირსეულ ხელფასზე, რასაც სჭირდება ეს გრძელვადიანი და იაფი კრედიტი. ამით ეკონომიკისა და ცხოვრების დონე უნდა მიუახლოვდეს საშუალო ევროპულს. მეორეა განათლება: ჩვენ გვიფინანსებენ იურისტებს, პოლიტოლოგებს, ფილოსოფოსებს, ჟურნალისტებს, სხვადასხვა ჰუმანიტარულ სპეციალობებს, მაგრამ ინჟინერს, ექიმს, ქიმიკოსს, ფიზიკოსს, მათემატიკოსს არ გვიფინანსებენ. რატომ? იმიტომ რომ ეს ის ტექნიკური სპეციალობებია, რომლებიც ეკონომიკას აშენებს და ეკონომიკის ფუნდამენტია. როდესაც ასეთი სპეციალისტები აღარ გყავს, იძულებული ხარ, კონკრეტული პროექტებისთვის დაიქირავო ევროპელი სპეციალისტი და მათ უხადო ფული. აი, ესაა ამაში ჩადებული. გარდა ამისა, ჩვენ გვაინტერესებს ევროპის დახმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. არადა, რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ, კეთდება განცხადებები, იწერება რეზოლუციები, გამოიხატება შეშფოთებები...

– ევროპა არც არავის გამო დგამს რამე ქმედით ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. უკრაინაში გამალებული ომია და რა ნაბიჯებს დგამს? რუსეთთან გამალებული ვაჭრობენ სანქციების პაკეტების პარალელურად.

– იარაღით მაინც ეხმარებიან უკრაინას.

– ძალიან გამოზომილად.

– ქმედითი დახმარების ნაბიჯებს დგამენ უკრაინის მიმართულებით, ჩვენი მიმართულებით კი მხოლოდ მოხსენებებს წერენ. ყარაბაღიც კარგი მაგალითია. 30 წელია, მინსკის ჯგუფი, რომელშიც ევროპული ქვეყნებიც იყვნენ თანათავმჯდომარეები, იოტისოდენადაც ვერ შეეწია აზერბაიჯანს და აზერბაიჯანმა თავად გადაწყვიტა თავისი პრობლემა. ამიტომ ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა წარვუდგინოთ და არ უნდა მოგვერიდოს. მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა ვიყურებოდეთ. ძალთა ბალანსია საჭირო. იგივე ურთიერთობა გვაინტერესებს ჩინეთთან, თურქეთთანაც, ირანთანაც, ყველა უშუალო მეზობელთან... ეს დასაძრახი არ არის. ჩვენი ეკონომიკისთვის ეს აუცილებელიც არის, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით.

– და ის ხეირი, რასაც 500-მილიონიანი ევროკავშირი იღებს 3.7-მილიონიანი საქართველოდან ვითომ საგრძნობი ხეირია მისთვის?

– რა სარგებელიც ჩამოვთვალე, რასაც ევროპა იღებს, ჯამში, 10-12 მილიარდი დოლარია ყოველწლიურად. ამას ემატება, რომ ჩვენ არ ვაძლიერებთ რუსეთს და რუსეთის აქტივი არ ვართ; მათი მიმართულებით ვატარებთ ენერგომატარებლებს და მომავალში უფრო მეტს გავატარებთ; მათთვის მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ჩინეთთან სავაჭრო არტერიები გაიჭრას საქართველოს მეშვეობით...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი