რატომ ერევიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს შიდა საქმეებში და როგორ აქცია ზელენსკიმ საქართველო თავისი წარმატებული იმიჯის მდგენელად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.07, 2022 წელი

არა მხოლოდ უკრაინის მთავრობის წევრები, თვით უკრაინის პრეზიდენტიც აქტიურად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზელენსკიმ და არახამიამ თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართეს (არადა, გახურებული ომი აქვთ და, წესით, არ უნდა ეცალოთ მსგავსი აქტივობებისთვის). პირადად მე, მიუხედავად ჩემი უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერისა, მაინტერესებს, ვინ დანიშნა უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები საქართველოს ციციკორეებად, რის გარკვევაშიც აკაკი ასათიანი დამეხმარება.
– რატომ მიინიჭეს უფლება, განსაზღვრონ საქართველოს მომავალი და, საერთოდაც, რატომ უნდა ვიაროთ სხვა სახელმწიფოს, რაოდენ მეგობრულისაც, ხელისუფლების ჭკუაზე?
– არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, აუხსნელი გაბოროტება იგრძნობა, განსაკუთრებით, არახამიას მხრიდან. რაც მოვისმინე, მის მიმართვას ვგულისხმობ, ქართულად ვერ მეტყველებს, ზელენსკიმ უკეთესი ქართულით თქვა ის ფრაზა, რაც თქვა. არ ვიცი, რა ამოძრავებთ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ საკუთარ საქმეებს მიხედავენ. მაგრამ, როგორც ჩანს, თავის გამოჩენის სხვა ასპარეზი არ აქვთ. საერთოდ, ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს. არათუ უკრაინაში, აქ ვერ აუკრძალავ ვერავის, ილაპარაკოს, რაც უნდა.
– უბრალოდ, გაუგებარია ჩემთვის.
– ჩემთვისაც გაუგებარია. ალბათ, რაღაც პრობლემებია ბავშვობისდროინდელი, ახალგაზრდობის, მენტალობის. მე არ ვარ გარეგნობის მიხედვით ადამიანებზე მსჯელობის მომხრე, მაგრამ შეშინებულ თხუნელას ჰგავს.
– არახამიაზე ამბობთ.
– დიახ. ასეთი ტიპის ადამიანებს ახასიათებთ რაღაცის ამოჩემება. ზელენსკი ასრულებს თავის როლს და ასრულებს წარმატებით. სხვა საქმეა, ეს წარმატება მისი პირადი წარმატება აღმოჩნდება თუ უკრაინის. ღმერთმა ქნას, რომ უკრაინის აღმოჩნდეს, მაგრამ ფაქტია, რომ წარმატებული იმიჯი შეიქმნა და ამის ერთ-ერთ შემადგენლად გვაქცია. არადა, მე არ ვთვლი, რომ ჩვენ ცუდად ვიქცევით. თუ ცუდად მოქცევაზეა საუბარი, ჩვენზე გაცილებით ცუდად იქცევიან, მაგალითად, მოლდოვა.
– თუმცა მოლდოვამ მაინც მიიღო კანდიდატობა.
- ჯერ ერთი, საზღვარზეა, ასევე, ევროპაშია. მისი სერიოზული ლობისტია რუმინეთი. რუმინეთს კი დიდი ფასი დაედო, იმიტომ რომ შავ ზღვაზე როლი აქვს დაკისრებული. ისედაც საკმაოდ დიდი ქვეყანაა – 30 მილიონამდე და ერთი ხალხია მოლდოველებთან. რუმინეთის პრეზიდენტი რომ ჩაჰყვა ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების პრეზიდენტებს, მაშინვე გახდა გასაგები, თუ ვინმეს რამე ესმის, თუმცა ჩემთვის ისედაც ცხადი იყო, რომ მოლდოვას აშკარად ლობირებდნენ. ეს ცუდი არ არის. მეტსაც გეტყვით, ჩვენს დროს, ზვიადის დროს, ფედერაციის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობდა მოლდოვეთის პრეზიდენტი, ძალიან კარგი კაცი – სნეგური და ზაფხულში რომ რუმინეთმა გვაღიარა, ეს ჩემი დამსახურება იყო, უფრო მეტად კი – სნეგურის. მაშინ ვთხოვე მას, რუმინეთი აუცილებლად გცნობთ და იქნებ ილიესკუს, რუმინეთის მაშინდელ პრეზიდენტს, უთხრა, ეთნიკურ მიკერძოებაში რომ არ ჩაეთვალოს, ჩვენც მიგვაყოლოს-მეთქი. დამეთანხმა და 2-3 თვეში რუმინეთმა მართლაც გვცნო ჩვენ და მოლდოვეთი. თავისთავადაც კარგი ფაქტი იყო. მეც ვემადლიერები სნეგურს, ილიესკუსაც და რუმინეთსაც და ჩვენმა ხალხმაც უნდა იცოდეს, რაც მოხდა. მათი მჭიდრო კავშირი ბუნებრივია. დღესაც მოლდოვის მოსახლეობის 70 პროცენტი რუმინეთის პასპორტს ატარებს და, ფაქტობრივად, ევროპაში გადიან. მე ვფიქრობ, გეოპოლიტიკურად ჩვენ ევროპაში ვართ, აი, გეოგრაფიული ფაქტორი კი, მე რომ მკითხოთ, ობიექტური პრობლემაა. სხვა პრობლემას მე ვერ ვხედავ. თუ მაინცდამაინც ის აჩემება არა, რომ ოლიგარქი მართავს. ევროპელების მხრიდან გაბედული და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი მიღება წევრად, თუმცა დიდი ხანია, ცნობილია, რომ საფრანგეთი, გერმანია და იტალია ჩვენი როგორც „ნატოში“, ისე ევროკავშირში მიღების მთავარი დამბლოკავები იყვნენ და არიან. მე არ ვიცი, როდის დახედა მაკრონმა რუკას ან ჩვენი ისტორია ვინ გააცნო, რადგან, რომ გაეცნოთ, მიხვდებოდა, რომ გეოპოლიტიკურად, სწორედაც რომ, ევროპის, საქრისტიანოს ნაწილი ვართ. ევროკავშირი კი, პირდაპირ ჰქონდათ მითითებული დამფუძნებელ აქტში, ქრისტიანული ცივილიზაციის გაერთიანებაა და თურქეთიც ამ მიზეზით არ მიიღეს. ამდენი ძახილი, რომ ივანიშვილი ფარულად ეხმარება რუსეთს, უხერხულია. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც დაიდოს ამის დამადასტურებელი საბუთი?!
– ჩვენც ხომ გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, ეხმარება თუ არა?
– რა თქმა უნდა, მაინტერესებს და სულაც არ მინდა, რომ ეხმარებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენ, ხალხი, უკრაინელების მხარეს ვართ და ეს მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული მოგება-წაგებაზე. რუსეთმა კი უკვე წააგო: ისეთ ჭაობში ჩაეფლო, რომ, რამდენიც უნდა იფართხალოს, იქიდან ვერ ამოვა, მაგრამ ეს სხვა თემაა. ეს დალოცვილები კი, ვისზეც ვსაუბრობთ, ასეთ დღეში არიან და მათ ადგილას მე ნაღდად ვერ მოვიცლიდი საქართველოსთან საფარიკაოდ.
– ასეთი მოცლილობა ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აკონტროლებენ იმ პროცესებს, რაც ურაინაშია და ამიტომ სცალიათ ჭკუის დასარიგებლად?
– მე ერთი რამ ვიცი, „აზოვის“ პოლკი აშკარად გაწირეს. მათ სინდისზეა, რაც „აზოველებს“ დაემართათ. რაც სევეროდონეცკში გააკეთეს ახლა, სამხედროები რომ გამოიყვანეს, იგივე შეიძლებოდა, გაკეთებულიყო „აზოვსტალშიც“, სანამ ალყა შეიკვრებოდა. მაგრამ იცოდნენ, რომ „აზოვი“ მათ მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი. ნაციონალისტებს ეძახიან და დასავლეთსაც ამას ეუბნებიან მათზე, არადა სამშობლოს ნაციონალისტები იცავენ და არა ლიბერასტები. ასეა ყველგან და ყოველთვის. ასე რომ, აჯობებს, მიხედონ თავიანთ საქმეს – „აზოველების“ ცოდვა მაინც არ მოასვენებთ.
– უფრო მეტად ეს სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივობაა თუ ივანიშვილის საწინააღმდეგო?
– სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას მხარს აღარავინ უჭერს. უკეთეს შემთხვევაში რაღაც ვალს იხდიან ისინი, ვინც მას იცნობდა ან ბიძინას ჯინაზე აკეთებენ. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთში ივანიშვილი დიდად პოპულარული არ არის და მის მიმართ განწყობა საკმაოდ ნეგატიური იყო, რაც უფრო და უფრო მატულობდა, თუმცა მგონია, რომ მანაც დაუშვა შეცდომები.
– რა არის ივანიშვილისადმი დასავლეთის ნეგატიური განწყობის მიზეზი?
– დასავლური პოლიტიკურ ელიტა ვერ იტანს ფინანსური მაგნატების შესვლას მის საქმიანობაში, აიღეთ ტრამპი – შეიკლა ხელში მედიამ. ერთადერთი „ფოქსი“ ესარჩლებოდა, ისიც ბოლომდე – არა. მთელი მედია, ინტელექტუალური სამყარო, იქ რა მიმართულების ხალხი იკრიბება, სხვა თემაა, დაუპირისპირდა. აუგორეს რასიზმი და სრული სიგიჟეები, ძეგლებს გლეჯდნენ. არადა, თუ ასეთი ვაჟკაცები იყვნენ, კოლუმბის ძეგლის მოგლეჯა რომ დააპირეს და იტალიელები დახვდნენ, რატომ აღარ მიეკარნენ?! პოლიტიკური ელიტა იმთავითვე ალესილი იყო ტრამპზე, ისევე, როგორც მედია. სხვათა შორის, ფინანსური წრეებიც, იმიტომ რომ ტრამპი ფინანსისტი კი არ იყო, არამედ ბიზნესმენი, მწარმოებელი. მათ, ფაქტობრივად, დაამხეს ტრამპი და ამერიკაში იმაზე მეტი დამხობა ვერც იქნებოდა. მე ვთვლი, რომ ივანიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა და გამოასწორებს თუ არა, აწი მასზეა დამოკიდებული.
– ამიტომაც არ ერჩიან ან ილონ მასკს, ან ბილ გეითსს, თუმცა გავლენა ორივეს აქვს? მაგრამ ფულიანები ხომ მაინც ახდენენ გავლენას პოლიტიკაზე სწორედ იმ თავიანთი ფულით?
– ღიზიანდებიან, როდესაც ფულიანები მართავენ პოლიტიკას. პოლიტიკა სფეროა, სფეროა ბიზნესიც და არავის უყვარს მეორე სფეროდან შემოჭრილი კაცი. თავიდანვე ითქვა, რომ ივანიშვილმა რუსეთში იშოვა ფული, თუმცა მე დადებითად ვთვლი, რომ იქ ნაშოვნი ფული აქ დახარჯა და თავისი ქვეყნისთვის არ მოუპარავს, განსხვავებით ბევრი აქაური მოღვაწისგან, დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ. დასავლეთისთვის მიუღებელია, რომ ამხელა ფულის პატრონს პოლიტიკური ძალაუფლება აქვს. მე რომ მკითხო, სწორიცაა. ისინი მარტივ რამეს მოითხოვენ: შენ თუ რამეს მართავ, შენვე უნდა იყო პასუხისმგებელი, ანუ შესაბამისი თანამდებობა უნდა გეკავოს. დღეს ვერავის მოატყუებ, რომ აღარ ხარ, კუკუდამალობანა ხომ არ არის?! და რატომ ეგონა კუკუდამალობანა მსოფლიო პოლიტიკა, ახლაც ვერ ვხვდები. როცა მართავ ქვეყანას, უნდა მართავდე შესაბამისი თანამდებობით და მაშინ, რაც გინდა, მოსწონდე ან არ მოსწონდე ვინმეს, ოლიგარქს ვერავინ დაგიძახებს, მაგრამ, როდესაც ასე არ არის, რამდენიც უნდა იუარო, ვერ დაემალები იმას, რომ შენ ახდენ გავლენას მოვლენებზე, საკადრო პოლიტიკაზე, რაღაც გადაწყვეტილებებზე. მოდი და, ვარკვიოთ, ის ფრაზა, რომელიც როყიოდ ითქვა, არ შევუერთდებით სანქციებსო, ვის ეკუთვნოდა?! მაგალითად, მოლდოვამ ძალიან მორიდებით თქვა, ვწუხვართ, შევისწავლეთ სიტუაცია და რა ვქნათ, რუსულ გაზზე ვართ დამოკიდებულებიო და თუმცა სხვა მიზეზებიც იყო, გააფორმეს თავიანთი უარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. აქ კი არავინ გაარკვია, ეს გამონათქვამი ივანიშვილის ჩაწოდებული იყო თუ ღარიბაშვილმა თავისით თქვა და დაადგინეს, ივანიშვილი გადაწყვეტდაო. ვიმეორებ, მას შეეძლო, ეს ამბავი სხვანაირად გადაეწყვიტა.
– დასავლეთის სტანდარტები გასაგებია და, რა თქმა უნდა, ყველაფერს შესაბამისი შეფუთვა სჭირდება, პრემიერის პიარსამსახური უვარგისია, მაგრამ ზელენსკისა და არახამიას რატომ არ მოსწონთ ივანიშვილი?
– ვიმეორებ, აქ რაღაც სხვა პრობლემაა. ზელენსკის არ ვუხსენებთ იმ დაბალი დონის პამპულაობას, რაც 2008-ში რუსულად მოგვიძღვნა პუტინის გულის მოსაგებად. არ ვუხსენებთ, იმიტომ რომ შავ დღეშია; მისი ქვეყანა გმირულად კი იბრძვის, მაგრამ კატასტროფულ მდგომარეობაშია; ჰოდა, დალოცვილო, ასეთ დღეში რომ ხარ და ეს შენი „შნირი“ აქ გამოდის სიტყვებით, რამე იღონე. მე არახამიას სხვა აქტივობა არც გამიგია, რამე სფერო თუ აბარია, იმას მიხედოს. მე ჩემი დასკვნები გამომაქვს, ადამიანებს რომ ვუყურებ და როგორც იქცევა, ეს არხამიას პრობლემის გამოხატულება მგონია.
– არახამიას პიროვნული პრობლემები გასაგებია, მაგრამ მისი ეს არაადეკვატურობა საქართველოს უქმნის პრობლემებს?
– არახამია საქართველოს ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის, ისედაც გვყოფნის პრობლემები ობიექტურიც და სუბიექტურიც და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ივანიშვილის კარნახით თუ თვითონ, პიარის თვალსაზრისით, რამდენიმე არასწორი ნაბიჯი გადადგა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან