რატომ ეფარებიან დაღუპული გმირების სახელებს, ძირითადად, მავნებლები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 04.09

ყველამ ვიცით გამონათქვამი, რომ პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია და ეს ამბავი საქმითაც მტკიცდება. სხვების ჩრდილებს, ძირითადად, არაფრისმაქნისები ეფარებიან და წარმატებით სპეკულირებენ დაღუპულთა სახელებითა და ქცევით. გამონაკლისი არც ჩვენი აწმყოა, იმიტომ რომ ფრიად მოდურად იქცა ომში დაღუპული გმირების ხსენება და მათ სახელებს ამოფარება, თითქოს ეს ვინმეს ექსკლუზივი იყოს. ამ თემაზე აზრი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკს, ვეტერან მალხაზ თოფურიას ვკითხეთ.
– რატომ გახდა მოდური საკუთარი უმაქნისობის სხვების გმირობებით გადაფარვა და ერთგვარად მიწერა მათი საქციელის? მახსენდება, როგორ გახსნა სააკაშვილმა საზეიმოდ ძმათა სასაფლაო, თითქოს მუზეუმი ყოფილიყოს. მაშინ, როდესაც დაღუპულების ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდა აუცილებელი.
– რაკი სააკაშვილის პოპულიზმი ახსენეთ, მის ერთ საშინელ ფრაზასაც გაგახსენებთ. როდესაც მან გმირთა მოედანზე ის ბოძი დაარჭო, რომლის დანიშნულებაც არ მესმის, თუმცა ვითომ მასზე ამოტვიფრულია დაღუპულთა სახელები და გვარები, არადა ვერავინ ვერასდროს წაიკითხავს, ასეთი რამ თქვა, აქ კიდევ ბევრი ადგილია დატოვებული სხვებისთვისაცო, ანუ კიდევ ბევრი დაღუპულისთვისო. არ ვიცი, რისთვის დასჭირდა ამის თქმა, მაგრამ ასეთი საოცარი რამ განაცხადა. ესე იგი, თქვენ ოღონდ დაიხოცეთ და გვარებს აგერ ამ ბოძზე, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ წაიკითხავს, დავაწერთო, ამისთვის დატოვა ადგილი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას: ომში დაღუპულს ამოფარება ყველაზე მარტივია, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ომში დაღუპული ყოველმხრივ, ეკლესიურად და სამოქალაქო მიდგომით, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ადამიანია. რელიგიურად სამშობლოსთვის დაღუპულს ყველა ცოდვა მიეტევება და სასუფეველში იმკვიდრებს ადგილს; სამოქალაქო პოზიციიდანაც, შენი სამშობლოს დამცველზე ყოველთვის პატივისცემით ლაპარაკობ, ოდითგან ასეა და ჩვენმა ისტორიამ შემოგვინახა ჩვენი მებრძოლების გვარები. ამას გარდა, დაღუპული ვერ შეგეკამათება, ჩემს გვარსა და სახელს ნუ ახსენებო. ამდენად, მომგებიანი პოზიციაა, როდესაც სრულიად უზნეო ადამიანი იფარებს ასეთი ბიჭების სახელებს. თუმცა ჩნდება კითხვა: სააკაშვილის მთავრობიდან, ზუსტად ჩემი თაობის ერთმა კაცმაც რატომ ვერ მოიცალა ერთხელ მაინც ომში წამოსასვლელად?! ჩვენ გვყავს „გმირი“, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რომ დარბოდა საოკუპაციო ხაზთან, ქაცარავა და ბევრ ახალგაზრდას ჰგონია, რომ ქაცარავა, რომელიც ომის დროს რუსულ სერიალებში მონაწილეობდა, რადგან ფორმა აცვია და აქეთ-იქით დარბის, რითიც ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს და არა რუსეთს, ომში იბრძოდა, ამ დროს კი ქაცარავას ომთან შეხება არასდროს ჰქონია და სიტყვას გაძლევთ, რომ არც ექნება, მაგრამ დიდებულად სპეკულირებს საომარი რიტორიკით და ჩემნაირ ხალხზე ამბობენ, რუსეთუმეები არიანო. მეორე მხრივ, მართლაც რომ გამოჩნდეს რუსული არმია, ღმერთმა არ ქნას, მაშინ გამოჩნდება, რომ პირიქითაა ყველაფერი. ცალკე პრობლემაა, რომ სიტყვა „გმირი“ გაუტოლეს ვიღაც უზნეო დროშაშემოხვეულებს, რომლებიც, ვთქვათ, გაიწუწნენ წყლით.
– გმირობის შეგნებულად გაუფასურებას ჰგავს.
– დიახ. როდესაც საპარლამენტო კომისიაზე მივედი, სწორედ ეს ვთქვი პირველი: სერიოზულად მიდის ცნება გმირის გაუფასურება. წარმოიდგინეთ, ლაზარე გრიგორიადისს ეწოდა გმირი. დავუშვათ, დავეთანხმეთ ამას, მაშინ ანწუხელიძისთვის რა სიტყვა დატოვე?! ეს ორი ხომ აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანია?! გიორგი ანწუხელიძეს უკვე ვეღარაფერს ვარქმევ, იმდენად ამორალურ ადამიანებს უწოდებენ გმირებს.
– და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მომავალ თაობაზე: მტერს კი არ უნდა შეაკლა თავი, ევროკავშირის დროშა უნდა შემოიხვიო, პოლიციელს შეაგინო, წყლით დასველდე და გმირი ხარ.
– ეს არ არის შემთხვევითი. სკოლის ასაკის ბავშვების ტვინში დებენ ამ სურათხატებს: დაადებენ ლამაზ მუსიკას, დროშაშემოხვეულს რომ წყალი ესხმება და ამას დაერქმევა გმირობა. თამაშივითაა, უსიკვდილოდ და უსისხლოდ მთავრდება. წაუგებელი ქმედებაა. ასე თუ მოიქცევი, დაგპატიჟებენ ლიბერალურ ტელევიზიებში, „ცნობადი“ სახეები შეკითხვებს დაგისვამენ, მოგეფერებიან, დაფინანსებას არ მოგაკლებენ... თუ გახსოვთ, ერთ-ერთმა პარტიამ, ის გოგონა, რომელიც ევროკავშირის დროშით ხელში იდგა წყლის ჭავლის წინ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ჩაწერა. ამით რა მაგალითს ვაჩვენებთ ახალგაზრდებს?! ქუჩაში დგომა და დროშის სწორად ქნევა არის მთავარი?! არ ვიცი, შეიძლება, სწორად იქნევდა დროშას, შეიძლება, არასწორად იქნევდა და ქვეყნის საზიანოდ. 2003 წელს ყველას ეგონა, რომ ვარდების რევოლუცია სიკეთეს მოიტანდა. პირველ წლებში იყო კიდეც რაღაც სიკეთეები, მაგრამ შემდეგ ბოროტების მანქანად იქცა, ჩვეულებრივ სადამსჯელო-სადისტურ გადახრად. ამდენად, დროშის ქნევაც ცალსახად სიკეთე არ არის. შესაბამისად, ახალგაზრდობას ვაძლევთ მაგალითს – აი, რა ადვილია გმირობა. ეს აკეთე, მავნებლობები ჩაიდინე და ჩათვალე, რომ ომში დაღუპული ბიჭების დარი ხარ. უფრო მეტიც, დაღუპულებს ნაკლებად ახსენებენ, შენ უფრო ხშირად გახსენებენ, შენ უფრო პოპულარული ხარ. ამას ემატება ჰეროსტრატეს სინდრომი: ოღონდ „ცნობადი“ გავხდე და, თუნდაც, ძალიან ცუდი გზით, თუნდაც, უკუღმართობის კეთებით, თუნდაც, წმიდანების შეურაცხყოფით. არადა შეიძლება, სულაც, არ უნდა ადამიანს, რომ წმიდანები შეურაცხყოს, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებს, რომ „ცნობადი“ გახდეს, სტუდიებში იწვევენ. მას კი სხვა არანაირი საშუალება არ ჰქონდა, ცნობილი გამხდარიყო, თუ სიბინძურეს არ ჩაიდენდა. ეს იყო პოპულარიზაციის ერთადერთი საშუალება. პოპულარობის მიღწევის ასეთი მახინჯი ფორმა დამკვიდრდა.
–ადამიანი, სამწუხაროდ, მიდრეკილია უკეთურობისკენ და თუ არ წაიკითხავ, მაგალითად, „უსახელო უფლისციხელს“, „რახათ ლუხუმს“, „ზებულონს“ და უამრავ სხვა რამეს, ვერაფერს გაიაზრებ და იგრძნობ. ეს ახალგაზრდები კი უმეტესწილად ინსტრუქციებს კითხულობენ.
– და შემდეგ ჩვენ მათ პასუხს ვთხოვთ, ესა და ეს რატომ ჩაიდინეო. ახლა ლიტვაში ჰყავთ წაყვანილი ახალგაზრდების ჯგუფი. მართალია, აკერმანი მოკვდა, მაგრამ როგორც ლენინის, ისე აკერმანის საქმე გრძელდება. და ბრიტანელი ინსტრუქტორები ტვინს გაულაყებენ. ისეთ კურსებს ჩაუტარებენ, რომელსაც არცერთ ბრიტანელ ახალგაზრდას არასოდეს ჩაუტარებს ბრიტანელი: თუ როგორ გამოიყვანონ პოლიციელი წყობიდან, როგორ მოშალონ ადამიანი ფსიქიკურად, როგორ დააბულინგონ. ეს არის პროგრამები, რომელთა ჩატარებაც თავიანთ ქვეყანაში არასდროს აზრად არ მოუვა ევროპულ ქვეყანას. მოდი, ესეც ვთქვათ: დავუშვათ, ეს მთავრობა მიუღებელია და აუცილებელია რევოლუცია, მაგრამ იმას აღარ ფიქრობენ, ის ახალგაზრდები სამუდამოდ მავნებლებად რომ რჩებიან?! ისინი ვეღარ უბრუნდებიან რეალურ ცხოვრებას. გახსოვთ „კმარას“ აქტივისტი თეა თუთბერიძე?! შემდეგ პროფესორი გახდა და ლექციებს კითხულობდა. როდესაც ყველაფერი გაირკვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დაემხობოდა, ანუ როდესაც ცნობილი კადრები გავრცელდა, ტელევიზიით გამოვიდა თუთბერიძე და თუმცა უკვე პროფესორი იყო და ლექციებს კითხულობდა, პირდაპირ ეთერში თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ ციხეში გაუპატიურება ძალიანაც სწორი იყო. წარმოიდგინეთ, იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც ლიტვაში წაიყვანეს, პატარა ურჩხულებს აკეთებენ, რომლებიც ხვალ ნებისმიერს შეუქმნიან პრობლემას. ეს ხელისუფლებაც შეიცვლება რაღაც დროის შემდეგ, ის ახალგაზრდები კი, გამორეცხილი ტვინებით, რომლებიც მხოლოდ ნგრევაზე არიან ორიენტირებულები, დარჩებიან ამავე შემართებით. მათ სიკეთის კეთება, მშენებლობა აღარ უწერიათ ტვინში. მათთვის ნგრევაა პრიორიტეტი. აი, ეს საშინელება გველის.
– პირველი ტალღა ვერ აგორდა, ახლა შემდგომს ეცდებიან, თუმცა მე ის მიკვირს, ვერ ხვდებიან ის ახალგაზრდები, რომ სწორედ მათ მოიაზრებენ საზარბაზნე ხორცად ისინი, ვინც უტარებს ტრენინგებს?
– რევოლუცია ჭამს თავის შვილებს. გავიხსენოთ: ბურჯანაძე ცოცხალია, მაგრამ ვაი ასეთ სიცოცხლეს; ჟვანია ცოცხალი აღარ არის; სააკაშვილი სადაც არის, ვიცით და მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ვფიქრობ, მართლაც არაა დამაკმაყოფილებელი. არასდროს შემშურდება ვანო მერაბიშვილის, თუმცა მილიარდიანი ქონება დააგროვა; არც ადეიშვილის – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვერ გამოჩნდებიან. ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: ძალიან ჩამოგვაქვეითა იმ ამბავმა, რომ დროშის ფრიალი გახდა გმირობა. იმასაც კი მოვუსმინეთ, ბიჭი ამბობდა, თუ გარანტიას მომცემთ, რომ ომში არაფერი მომივა, წავალო. ფაქტობრივად, კომპიუტერული თამაში მოითხოვა. ამას წინათ ლაშა ბუღაძეს ვუსმენდი და პირველად აღმოვაჩინე მასში დადებითი თვისება. ქეთი დევდარიანმა სცადა მისგან შეექმნა მამაკაცი და ეთერში თქვა, ლაშა, დარწმუნებული ვარ, სამშობლოს თუ დასჭირდა, შენც წახვალ ომშიო. არაო, უპასუხა ლაშამ, მე არასოდეს წავალ ომშიო. მან თავის სექტაში ყველას აჯობა, იმიტომ რომ თქვა სიმართლე. ასეთია ყველა, მაგრამ არც ერთი არ ამბობს ამას ხმამაღლა. პირველი ტალღაც საკმაოდ კარგად იყო დატრენინგებული, თავისი ქუჩის ბრძოლებით. ახლა არ ვიცი, კიდევ ბრძოლებით თუ ატრენინგებენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ კიდევ ეცდებიან იმავეს.
– თუ აკერმანის მეთოდი ჯაბნის, ესე იგი, ჩვენთან ოჯახებიც სუსტია. ვერ ახდენენ გავლენას თავიანთ შვილებზე.
– მოდი, დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ სხვა ეპოქაში დავიბადეთ და გავიზარდეთ. 80-იანი წლების ეპოქაში ევროპელი და საბჭოთა ქართველი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს ბევრი თვისებით. მაშინ კინემატოგრაფი, კულტურა, ზოგადად, უფრო მაღალ დონეზე იყო ევროპაშიც და ჩვენთანაც. დღეს ვეღარ ვხედავ, რომ ისინი უფრო პროგრესულები არიან. ისინი უფრო რთულ პირობებში გაიზარდნენ, მშობელი შეცვალა კომპიუტერმა, ინტერნეტმა; ვირტუალურმა სამყარომ ჩაანაცვლა ეზო, მეგობარი, თანაკლასელი და, მგონი, სექსიც ვირტუალური გახდა. აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. ამას წინათ, ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: კიდევ კარგი, ინტერნეტი არსებობს და ინტერნეტშია დედის გინება, ლანძღვა, ხოცვა-ჟლეტა, თორემ, ალბათ, 90-იან წლებს გავიმეორებდით და ავტომატით გამოვიდოდით ქუჩაშიო. ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ბევრი ვიკამათეთ. არ მგონია, რომ პირველმა ტალღამ ჩაიარა, ამდენი დაპატიმრებული ახალგაზრდა ქვეყნისთვის ტრაგედიაა. ჩემთვის ის ახალგაზრდები მტრები არ არიან, დაკარგულები არიან. წლობით უნდა ისხდნენ ციხეში და რატომ?! იმიტომ რომ ვიღაცამ უთხრა, პოლიციელს ესროლე, კარგიაო. ისინი და მათი ოჯახები, ხომ, უკვე სისხლხორცეულად არიან დაკავშირებული ამ პროცესთან?! მშობელი არ იჯერებს, რომ მისი შვილი ხულიგნობისთვის ზის, სამშობლოსთვის ზის, გმირიაო.
– საძმო სასაფლაოზე წოლას, ალბათ, ისევ საკანში ჯობია ჯდომა.
– რა თქმა უნდა, სიკვდილს პატიმრობა სჯობია, პატიმრობა ყოველთვის შეიძლება, შეიცვალოს რაღაც დადებითით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან