პოლიტიკა

რატომ ემუქრება საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.06

დავით კუხალაშვილი
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ ყოფილი ტერორისტი ალ-ჯულანი სირიის ეროვნულ მოღვაწე ალ-შარაად გადაიქცა და ევროკავშირის ლიდერებმაც მოუთათუნეს მხარზე ხელი და აშშ-ის პრეზიდენტმაც შეაქო; აშშ, ასევე, თალიბებთანაც აპირებს გადატვირთოს ურთიერთობა: როგორც თქვეს, ვმუშაობთ ორგანიზაციისთვის ტერორისტულის იარლიყის მოსახსნელადო. ამის პარალელურად, მარკო რუბიომაც გვაცნობა, რომ თუმცა, მაგალითად, აზერბაიჯანში შეიძლება, ირღვევა ადამიანის უფლებები, მაგრამ აშშ-ს აქვს თავისი ინტერესები, ისევე, როგორც განაცხადა, რომ, თუ სადმე ანტიამერიკული მთავრობაა, შეისწავლიან და შესაბამისად იმოქმედებენ, ანუ, სავარაუდოდ, ჩამოაგდებენ. ზემოთქმული ცხადყოფს, რომ მთავარია ინტერესები და არა ის, ვინ მართალია და ვინ – მტყუანი და ეს არც იმალება. ამ ახლებურ რეალობაზე ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– აღარ იმალება, რომ მთავარია, ესა თუ ის პირი თუ ხელისუფლება ატარებდეს ჩემს ინტერესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიუღებელია. რა გამოდის, ინტერესები მხოლოდ ევროკავშირსა და აშშ-ს აქვთ? სხვებს რა დაუშლის, თუ ძალა აქვთ და გავლენა, იგივე მოიმოქმედონ?

– საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია სადაზვერვო საქმიანობა. შესაბამისად, სადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში, სახელმწიფოები ტერორიზმს იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის. ტერორიზმის ორგანიზებისა და ტერორისტული ორგანიზაციების შენახვისთვის იწყობა სხვადასხვა ტიპის, ეგრეთ წოდებული, კომერციული ხაზები: ეს არის ნარკოტრაფიკი, კონტრაბანდული საქონლის მოძრაობა და ასე შემდეგ, რასაც, ზოგადად, მფარველობენ სადაზვერვო სამსახურები და მონაწილეობენ ამ გზების როგორც აწყობაში, ისე შენარჩუნებაში. შემდეგ ეს შავი ფული ხმარდება იმ ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც წყვეტენ იმ სახელმწიფოების ინტერესებს. ამდენად, როდესაც დღეს ჩვენ გვესმის პირდაპირი განცხადებები, ეს შეიძლება, ზემოქმედებდეს ჩვენზე, იმიტომ რომ არ ვართ ამას მიჩვეული, მაგრამ, როდესაც მაღალი დემოკრატიის და, თუნდაც, დაბალი დემოკრატიის ან დიქტატორული სახელმწიფოები გარკვეულწილად თანამშრომლობენ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართულ სახელმწიფოებთან, ვფიქრობ, დემოკრატიაზე საუბარი უნდა დავასრულოთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა კიდევ უფრო მაღალი დაზიანების ქვეშ შეიძლება, მოხვდეს და ხშირად აღმინიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ქვეყანამ კონკრეტული გადაწყვეტილება ახალი სტარტეგიული პარტნიორის შერჩევისა და მასთან ოფიციალურად თანამშრომლობის დაწყების შესახებ, იმიტომ რომ მოვლენათა განვითარება გვაძლევს საფუძველს, გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ჩვენ შეიძლება, ვიქცეთ მაღალი საფრთხის ქვეყანად, მათ შორის, ტერორისტული მიმართულებით. ის, რაც, ზოგადად, ფარულად ხორციელდება, დღეს გარკვეულწილად გახსნილია.

– ეს რა აუცილებლობამ გამოიწვია? ფორმაც აღარ არის შენარჩუნებული. რატომ?

– ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხვა მხარეებს, ვგულისხმობ საერთაშორისო ურთიერთობებში დომინანტობისთვის მებრძოლ სახელმწიფოებს, აძლევენ საშუალებას, რომ ანალოგიური ქმედებები განახორციელონ. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი მხარე ამბობს, რომ მარტო მას აქვს უფლება, რეალურად, რასაც აკეთებს ერთი ზესახელმწიფო, ამას საბაბად გაიხდიან ის სახელმწიფოებიც, რომლებიც დაგეგმავენ თავიანთი ინტერესების გადაწყვეტას უცხო სახელმწიფოებში. ამიტომ ვართ ჩვენ მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების კატეგორიაში, რომლებიც აუცილებელია, გადავიდნენ უფრო მყარი დაცვის სისტემაზე, ანუ დაიწყონ ახალი და მყარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების ძიება.

– რას გულისხმობთ საფრთხეში? ტერორისტული აქტები შეიძლება, მოეწყოს?

– ჩვენ ვართ მოწყვლადი ქვეყანა ტერორიზმისადმი და ამას აჩვენებს ჩვენი 35-წლიანი ისტორია. ჩვენთან მომხდარა თავდასხმა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე, სახელმწიფოს მეთაურზე.

– შევარდნაძეზე თავდასხმებს გულისხმობთ?

– არა მარტო. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, მანამდე გვახსოვს, რა ვითარება იყო პანკისის ხეობაში. გვახსოვს, როგორ იბირებდნენ მოქალაქეებს ტერორისტები და გაჰყავდათ საქართველოდან. ჩვენ გვაქვს ორი ტერიტორია, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ და ზოგადად, საზღვარიც არ არის დაცული, რაც დაადასტურა ბაჩიაშვილის გაპარვამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან. საზღვრის მოწყვლადობას ემატება მძიმე ვითარება ნარკოტრაფიკის კუთხით. ვლინდება ხოლმე საზღვარზე ფაქტები, მაგრამ ძირითადი აქცენტი გადატანილია ქვეყნის შიგნით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა-გასაღებაზე, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყნის შიგნით ნარკოტიკი ჩნდება მაშინ, როდესაც საზღვარი დაუცველია. ამიტომ ყველა ნიშანია იმისა, რომ ეს ხაზი უკავშირდებოდეს იმ ტერორისტული ორგანიზაციების შენახვის ქსელს.

– ვერ ვხსნი, როდესაც ხელოვნური თანამგზავრებით ყველაფერი კონტროლდება, რით ვერ აკონტროლებენ ნარკოტრაფიკს, ტრეფიკინგსა თუ იარაღით უკანონო ვაჭრობას. ესე იგი, ამას, უბრალოდ, ხელს უწყობენ.

– ეს არის სახელმწიფოს ინტერესები. ყველა ის მოქმედება, რაც ჩვენ თვალწინ ვითარდება, გვაძლევს საშუალებას, დავასკვნათ, რომ სახელმწიფოები აშკარად იყენებენ ტერორიზმს, როგორც საკუთარი სტრატეგიული ინტერესების განხორციელების წყაროს.

– როდესაც აშშ ამბობს, რომ შეიძლება, მოელაპარაკოს თალიბებს, ვიღაც სხვა მოელაპარაკება სხვა ტერორისტულ გაერთიანებას. შესაბამისად, როგორ შეიძლება, გადანაწილდნენ ტერორისტული ორგანიზაციები, ვინ ვისთან აღმოჩნდება?

– შევთანხმდეთ, უკვე მიცემულია სიგნალი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დომონირებისთვის მებრძოლ სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ტერორიზმი გამოიყენონ საკუთარი ინტერესების გასატარებლად უცხო სახელმწიფოებში. აქედან გამომდინარე, არსებობს სადაზვერვო საქმიანობის სამი დონე: ეს არის სახელმწიფოები, რომლებიც იბრძვიან დომინირებისთვის; სახელმწიფოები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორის დონისთვის იბრძვიან და სახელმწიფოები, რომლებიც სატელიტი სახელმწიფოების როლისთვის იბრძვიან. სავარაუდოდ, ეს არის ახალი ჰიბრიდული ომის ფაზა, რომელიც, ალბათ, უკვე ამოქმედებულია და, მათ შორის, გადანაწილების პროცესიც დამოკიდებულია, თუ რა სტრატეგიები აქვთ სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურებს, რომლებიც მუშაობენ მეცნიერული კვლევებით გამყარებული ლაბორატორიული სიზუსტით.

– ახალი სტრატეგიული პარტნიორების მოძიება ახსენეთ...

– დიახ და უნდა შეიცვალოს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში, იმიტომ რომ ნონსენსია მსგავსი ჩანაწერი. რადგან მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ვფიქრობ, ამის გაკეთება ახლა პრობლემაა, მაგრამ, რადგან სახელმწიფოში შეიმჩნევა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები, ეს კრიზისი დასაძლევია, მათ შორის, აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტების მიღება, რომლებიც მოემსახურება სახელმწიფოს უსაფრთხოებას.

– ვერ დავასრულე შეკითხვა: რატომ იქნება ახალი სტრატეგიული პარტნიორი არსებულზე უკეთესი, ანუ კეთილი? და, მეორე – მოქმედი სტრატეგიული პარტნიორი როგორ ირეაგირებს ამაზე?

– იმ საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს წინაშე დადგა 2020 წლის შემდეგ და დღემდე გრძელდება, რაც მეტ-ნაკლებად გადალახულია, დარწმუნებული ვარ, რომ პროცესში ჩაერივნენ უცხო სახელმწიფოები, რომლებმაც გამოხატეს კეთილი ნება, რომ საქართველო არ მომხვდარიყო მაღალი დაზიანების ზონაში.

– ჩვენს ხელისუფლებას სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ?

– სავარაუდოდ, სადაზვერვო ინფორმაციასაც აწვდიდნენ და სხვადასხვა აქტიურ ღონისძიებებსაც ატარებდნენ, რომ საქართველოში არ მომხდარიყო იმ ტიპის პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რაც ჩამოშლიდა სახელმწიფოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღის სინათლეზე უნდა გამოჩნდნენ ფარული სტრატეგიული პარტნიორები, რომლებმაც საქართველო გადაარაჩინეს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას და ოფიციალურად გაფორმდეს ეს ურთიერთობები, რაც მშვიდობას მოუტანს ქვეყანას.

– ფარულის გააშკარავება იქნება მისაღები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გვეხმარებოდნენ თუ გვეხმარებიან?

– მისაღები რომ არ ყოფილიყო, არც დაგვეხმარებოდნენ. ყველა ქვეყანა ასეთ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ, გაფორმდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორმხრივად მომგებიანი იქნება.

– გაცვეთილი, მაგრამ მოქმედი თეზაა, რომ არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. შეიძლება, ამ ეტაპზე ახალი სტრატეგიული პარტნიორი ატარებს ჩვენს ინტერესებს, მაგრამ რა გარანტიაა, რომ, საბოლოოდ, ის ისევე არ მოიქცევა, როგორც სხვები იქცევიან?

– ეს გამონათქვამი სწორია და, ზოგადად, იმ პირობებშიც კი, როდესაც სახელმწიფოები არიან სტრატეგიული პარტნიორები, ისეთ ერთმანეთის საწინააღმდეგო სადაზვერვო აქტივობებს ახორციელებენ, რომ არ დააზიანონ ერთმანეთის ინტერესები და კონკრეტულ შემთხვევაში, დააზიანონ კიდეც, თუ ეს მათი ინტერესია. სავარაუდოდ, საქართველომ ეს მეთოდი გამოიყენა და გამოიცნო მისი ოფიციალური პარტნიორების მზაკვრული გეგმა და შესაბამისად, დასძლია ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც ქვეყანა დადგა. ჯერჯერობით საფრთხეები დაძლეულია, მაგრამ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ, უნდა გაღრმავდეს ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც გამოირჩეოდნენ საქართველოსადმი კეთილგანწყობით და საქართველო გადაარჩინეს დესტაბილიზაციას. მაგრამ, რაც მთავარია, როგორც მართლმადიდებელს, მიმაჩნია, რომ ღმერთის გარეშე არაფერი არსებობს და ყველაზე მეტი იმედი მაინც ღმერთის მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა