პოლიტიკა

რატომ ელის ქართველი საზოგადოება მტრისგანაც და მოყვრისგანაც, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ჩვენ გვინდა

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 24.01

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

შესაძლოა, ყველა ადამიანს ახასიათებს, მაგრამ პირადად ჩემთვის თვალშისაცემია, რომ ჩვენი საზოგადოება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას, საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მიზეზშედეგობრიობას. ანუ იგულისხმება, რომ, რაც მე მინდა, აუცილებლად ის უნდა მოხდეს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა უნდა სხვას. მართალია, რფ-ს არ უნდა საქართველოს ევროკავშირსა და „ნატოში“ გაწვრიანება, მაგრამ ჩვენი მოლოდინია, რომ, რაკი „ნატოსა“ და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ჩვენთვის ბუნებრივია და სასიკეთო, რუსეთი, ხაზს ვუსვამ, მტერი, დიდსულოვნად უნდა დაგვეთანხმოს. მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა ევროკავშირსა და „ნატოში“ და მათ ულაპარაკოდ უნდა მიგვიღონ, ვინაიდან ჩვენ გვინდა და დარწმუნებულები ვართ, ვიმსახურებთ. მეორე მხრივ, ადამიანი ერთადერთი არსებაა, ვისაც შეუძლია, მეორე ადამიანის თვალით შეხედოს ნებისმიერ მოვლენას და ეს მას სწორი დასკვნების გამოტანაშიც ეხმარება და ამა თუ იმ ადამიანსა თუ სახელმწიფოს – წარმატების მიღწევაში. სამწუხაროდ, კონკრეტულად ჩვენ, საზოგადოება, მხოლოდ ჩვენი თვალით დანახულს აღვიქვამთ ერთადერთ მოცემულობად და არ გვაინტერესებს, სხვას რა უნდა, შესაბამისად, რა შეიძლება, მოიმოქმედოს საპასუხოდ, ამიტომ მუდმივად გაკვირვებულები ვართ: რატომ დაგვესხა თავს? რატომ წაგვართვა ტერიტორიები? რატომ არ გვაძლევს ნორმალურად ცხოვრების უფლებას? რატომ არ გვიღებენ „ნატოში“? - ამ თემას ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად გავარჩევთ.

დიმიტრი ნადირაშვილი: ძალიან ფსიქოლოგიურ თემას მივადექით, რომლისთვისაც ახსნის თვალსაზრისით, კბილი არ მოუდიათ, არადა აქტუალურია. არადა, სანამ ყურადღებას არ მივაქცევთ, არ გადავამუშავებთ და არ მოვინელებთ, მუდმივად მუცელს გვატკენს, მუდმივად იქნება ჩვენი მოუნელებელი პრობლემა. ახლა ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პრობლემას ვაწყდებით ყველაზე უფრო მასშტაბურად ჩვენს პოლიტიკურსა და სოციალურ რეალობაში, როდესაც, ერთი მხრივ, პრობლემები არ არის ნათლად დანახული, შესაბამისად, ყურადღების ცენტრშიც არ არის მოქცეული და, მეორე მხრივ, არც გადამუშავებულია, ამიტომ ერთსა და იმავე წრეზე გვიწევს სიარული. ამის გამოხატულებაა, რომ ჩვენთან პოლიტიკური ცხოვრება არჩევნებით, ანუ ხალხის ნების გამოხატვით არ მიმდინარეობს და ცნობიერად არ წარიმართება. ამდენად, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ მუდმივად მანიპულირების რეჟიმში ვართ და ეს ყველაზე მძიმედ გამოიხატება იმით, რომ ერთი პოლიტიკური გუნდი ვერ ცვლის მეორეს, გადატრიალებისა და რევოლუციის გარეშე. მართალია, ეს პრობლემა დღეს ისე მძიმედ არ განიცდება, როგორც განიცდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც შეცვლას უდიდესი ნგრევა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა, მაგრამ მაინც აქტუალური რჩება.

– რატომ დგას ეს საფრთხე ჩვენი საზოგადოების წინაშე მუდმივად?

– იმიტომ რომ ძალზე ადვილია ჩვენი საზოგადოების მანიპულირება და ერთი და იმავე გუნდის მიერ პრობლემის თავზე მოხვევა სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოება, ელექტორატი, ქართველი ამომრჩეველი ვერ აკეთებს კარგ არჩევანს ანალიზით, რეალობის დანახვით, არ შეუძლია რეალობის საკუთარი სურვილებითა და მოთხოვნილებებით ადეკვატურად აღქმა. შედეგიც ისაა, რომ მუდმივად დაუკმაყოფილებელი ვრჩებით და მსხვერპლისა და დაჩაგრულის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს, ერთი მხრივ, ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა და ახასიათებს ჩვენნაირ ქვეყნებს, თუმცა არ ახასიათებს დახვეწილი დემოკრატიების სახელმწიფოებს, რომლებიც ცოტანი არიან, მაგრამ მაინც არიან. ისმის კითხვები: რატომ ვერ ვამჩნევთ მიზეზშედეგობრივ კავშირებს ჩვენს სოციალურსა და პოლიტიკურ რეალობაში და რატომ არ გვაქვს უნარი, კაუზალურად დავინახოთ, რას რა მოჰყვება და როგორ იქნება?! ერთი მხრივ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ არ გვაქვს ასე ცხოვრების გამოცდილება და არასდროს ვყოფილვართ ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგის დამკვეთი, ყოველთვის ვიღაც წყვეტდა ჩვენს ბედს. ასე იყო რევოლუციამდეც და კომუნისტურ პერიოდშიც იგივე გაგრძელდა და ინერციით ახლაც ასეა. ამ გამოცდილების არქონაა ამ ინერციის გაგრძელების მიზეზი, როდესაც სხვები წყვეტენ ჩვენს ბედს და სხვები აგებენ ამ მიზეზშედეგობრივ ჯაჭვს.

– ჩვენ კი მხოლოდ ის ვიცით, რომ რაღაცები გვინდა.

– ეს, ერთი მხრივ, მოდის ინფანტილურობიდან, რომელიც ჩვეულებრივ, ასე გამოიხატება, ჩვენ გვინდა რაღაც და რადგან გვინდა, იქნება. რეალურად კი ასეთი ინფანტილური მოლოდინი არ ახდება ხოლმე. ცოდნა და გამოცდილებაა აუცილებელი, რომ დავინახოთ მიზეზშედეგობრიობა, რომ ვერ მივიღებთ ისე ადვილად, რაც გვინდა. ძალიან ხშირად ასეთი „მინდა“ ჩნდება სხვადასხვა სიტუაციაში; მაგალითად, როდესაც ეკითხებიან ადამიანს, როგორ დამთავრდება ფეხბურთის ესა თუ ის მატში, ადამიანები ძალიან ხშირად ამბობენ თავიანთ სურვილებს და არ აფასებენ, რა ძალა აქვს ერთ ან მეორე გუნდს. შესაბამისად, ხშირად ძალიან დიდი აცდენაა მინდასა და რეალობას შორის. ჩვენც, ფაქტობრივად, ასეთი ვითარება გვაქვს: არ ვიცით, როგორია რეალობა; არ ვიცით, რა ხდება აწმყოში, რა არის აქტუალური, არ ვიცით იმ დინამიკური ძალების კონფიგურაცია, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან და ამ დროს ძალიან ადვილია რეალური ანალიზის ჩანაცვლება იმით, თუ რა მინდა მე. როდესაც განსვლა დიდია, მაშინ ძალიან ყვირის მინდასა და რეალობას შორის აცდენა. ეს, ერთი მხრივ, ახასიათებს გამოუცდელსა და ინფანტილურ საზოგადოებას, მეორე მხრივ კი, ეს არის განათლების პრობლემაც. ანუ განათლება იძლევა კარგ პასუხებს. განათლება კი საუნივერსიტეტო სფეროა, სადაც უნდა გაანალიზდეს, სადაც უნდა ჩატარდეს ცდები, გამოკითხვები და სამეცნიერო დასკვნები უნდა დაიდოს. მეცნიერული დასკვნები, ჩვეულებისამებრ, არის ობიექტური მონაცემი და როდესაც ამას ეყრდნობა ადამიანი და სოციუმი, უადვილდებათ, თვალი გაუსწორონ რეალობას. როდესაც ეს არ არის და ამის ადგილას არის – რა იქნება, მას ადვილად ენაცვლება – რა მინდა. დღეს საზოგადოება მოკლებულია ასეთ სამეცნიერო კვლევებს. გაქრა სამეცნიერო ინსტიტუტები, არც უნივერსიტეტებს აქვთ ფუნქცია, რომ კვლევები ჩაატარონ და დადონ შედეგები, რა როგორ იქნება. ეს ეხება ეკონომიკასაც, სოციალურ ცხოვრებასაც, კულტურასაც და რადგან ასეთი კვლევების დეფიციტია, ის ჩანაცვლებულია იმით, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში. მაგრამ სხვა ქვეყნები განსხვავდებიან ჩვენგან სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურულად, ამდენად, მათი მონაცემები ჩვენთან ვერ იქნება სანდო და დგება საკითხი: როგორ შეიძლება, ვიყოთ ობიექტური, მიზეზშედეგობრიობის დამწერი, როდესაც არ გვაქვს ინსტრუმენტები და ვერ ვზომავთ რეალობას?! როდესაც მიზეზშედეგობრიობაზე ვლაპარაკობთ, იგულისხება მეცნიერული კვლევები, ამისთვის მეცნიერების განვითარებაა აუცილებელი. როდესაც წარსულზე ვლაპარაკობთ, ვამბობთ, რომ ჩვენთან განვითარებული და დაფასებული იყო მეცნიერება, მაგრამ გვავიწყდება, რისთვის იყო ეს საჭირო. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ სამეცნიერო ხედვა ობიექტურია და ამიტომ, ისეთი ადამიანი და საზოგადოება, რომლებიც სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით მოქმედებენ და ცხოვრობენ, მოგებულია, გამარჯვებულია, იმიტომ რომ თვალახელილია. როდესაც ასე არ არის, იქმნება ვითარება, ბრმას რომ კიდევ ბრმები მიჰყვებიან. ასე რომ. რეიგელის ეს ნახატი ზედგამოჭრილია ჩვენი საზოგადოებისთვის. თუ ვერ ხედავ რეალობას, ფეხქვეშ ვერ გრძნობ მიწას, გარშემო – დროსა და სივრცეს, როგორ უნდა იმოძრაო და როგორ უნდა წაიყვანო სოციუმის დიდი ნაწილი, რომელიც ამ რთულ ვითარებაში მეგზურს უცდის?! ყოველი რეალობა რთულია, მაგრამ დღევანდელი ჩვენი აწმყო კრიტიკულად რთულია იმის გამო, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი ქვეყნის გარშემო ომია, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი ტერიტორიებია დაპყრობილი და უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, საიდანაც გადავარდნა ძალიან ადვილია, თან, სხვადასხვა მიმართულებით. გარშემო კი უამრავი ძალაა, რომლებიც აქეთ-იქით გვექაჩებიან.

– ჩვენ გვახასიათებს ინფანტილობა, ეს აშკარაა, მაგრამ, რაც ვაკვირდები მიმდინარე ომებზე რეაქციებს, ადამიანებს, ზოგადად, ახასიათებთ, თურმე, მიზეზშედეგობრიობის იგნორირება: აღშფოთებული არიან, როგორ ბომბავს საზიზღარი „ჰამასი“ მშვიდობიან მოსახლეობას ან რატომ ბომბავენ რუსები კიევს? კაცობრიობამ უცებ გადაწყვიტა, რომ ჯარისკაცის მოკვლა შეიძლება, იმავე ასაკის არაჯარისკაცის კი – არაჰუმანურობაა. ბირთვული ბომბები უნდა გქონდეს შეიარაღებაში, მაგრამ კასეტური ბომბები აკრძალულია, არაჰუმანურად კლავსო. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის – ეს მე მინდა – მათი მართვისთვის იდეალურია, არა?

– რაც შეეხება ასეთ აცდენას რეალობასთან, როდესაც მარტივი იარაღი აკრძალულია, ხოლო იარაღი, რომელიც წამში გააქრობს სამყაროს – არც ისე, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმ სეგრეგაციაზე, რომელიც არსებობს სამყაროში: ვინ არიან სამყაროს მმართველები და ვინ კი – მეორე და მესამე კატეგორიის ქვეყნები და სოციუმი. ძალიან კარგად ვხედავთ, როგორი განსხვავებაა. პრობლემები, რომლებიც თითქოს გადაწყდა ადამიანის უფლებების დეკლარაციებით, რომ ყველა ადამიანი თანაბარია, ყველას აქვს უფლება განათლების, ცხოვრებისა თუ რეალიზაციის, სინამდვილეში დარჩა სწორედ ამ სეგრეგაციის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, ჩვენამდე უნდა გაიზარდოთ, ჩვენ განსხვავებულები ვართ, ამიტომ ერთად ვერ ვიცხოვრებთ, თქვენ დაბალი დონე ხართ. ასე პირდაპირ არ ითქმება ხოლმე, რომ რასიზმად არ გამოჩნდეს, ამიტომ ადამიანებს ასეთ რამეს ვერ ეტყვი, მაგრამ ქვეყნისთვის ადვილი სათქმელია, შენ არ ხარ განვითარებული და ამიტომ ვერ მიგიღებ პარტნიორად და თანასწორადო, მაგრამ რეალურად ასეა. არიან ქვეყნები, რომლებიც აცხადებენ, ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად სხვა ადამიანები ვართ, ამიტომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, იყავით ქვემოთ, ჩვენთან მოსასვლელად განსაკუთრებული დაპატიჟება დაგჭირდებათ. და შემოგიშვებთ თუ არა ჩვენს სახლში, დამოკიდებული იქნება მხოლოდ ჩვენს კეთილ ნებაზეო. ესეც ჩვეულებრივი ამბავია დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩვენ გვიწვს კაკუნი არაერთ კარზე, რათა დავამტკიცოთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, რაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დასამტკიცებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული