პოლიტიკა

რატომ ელახება აშშ-ს ავტორიტეტი, როდესაც აქამდე მისი ყურმოჭრილი მოკავშირე საქართველო აღარ ემორჩილება

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 30.10

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ცოცხალი თავით არ უნდა ომი: ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინის სცენარს ეწინააღმდეგება, ხოლო მეორე ნაწილს, უბრალოდ, არ სჯერა, რომ ომი შესაძლებელია და რომ, მაგალითად, ქართული ოპოზიცია ზელენსკის სცენარით იმოქმედებს (ზელენსკის წინასაარჩევნო პროგრამა რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების დაპირება იყო). რა დასკვნების გამოტანის საფუძველს აძლევს დასავლეთს ქართველი საზოგადოების ინერტულობა, იბრძოლოს დემოკრატიისთვის მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო გეოპოლიტიკური ჯახისას? მით უფრო, რომ, მეორე მხრივ, ჩვენც მოგვწონდა, ერი გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა – ამ თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.

– ისეთი საბედისწერო გეოპოლიტიკური შერკინებაა, რომ თითოეული მიწის ნაგლეჯი და მომხრე სანთლითაა საძებნელი, რა რეაქცია შეიძლება, ჰქონდეს დასავლეთს ჩვენს უსურვილობაზე, რომ ვიომოთ? გავუცრუეთ იმედები ჩვენი ამ მოულოდნელი რეაქციით.

– რაც თქვით, სწორია, ჯერ გაურკვევლობაა. ყველა ცდილობს, თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს ეს გადანაწილება. თუმცა პრინციპულად მაინც არ გადანაწილდება. აღარაა დამალული, რომ ჩინეთი და შტატები იბრძვიან რუსეთისა და უკრაინელების ხელით. უბრალოდ, უკრაინელები მართლები გამოდიან, იმიტომ რომ რუსეთი დაესხა მათ თავს, მაგრამ გაუგებარია, რაც მათ ატეხეს, იმავე დასავლეთის კარნახით, არადა ბელორუსებს არაფერს ერჩიან, საიდანაც ესვრიან და ჩვენდამი აქვთ პრეტენზიები ზღვის გადმოღმა. გახსოვთ, ომის დასაწყისში ითქვა, ახლა დაუდგა საქართველოს დრო, აფხაზეთისა და ცხინვალის გათავისუფლებისო, რაც სრული ბოდვაა. ერთია, რომ ეს ჩვენმა ხელისუფლებამ დაიხვია ხელზე, მაგრამ მეორეა, რომ იმაზე უფროა დასავლეთია გაღიზიანებული, მორჩილებას რომ ვეღარ ხედავს. შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდებში საქართველო სრულ მორჩილებას უცხადებდა მათი საელჩოს კარის კაცის თვალის დახამხამებასაც კი და ეს დაირღვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. მაშინ, როდესაც თავად გაურბიან რამე ტიპის შეხებას რუსებთან, ვიცით, იარაღის მიწოდებასა და ფულის გამოყოფაზე როგორ ითრევდნენ ფეხს, რადგან ზელენსკის სჯიდნენ ზედმეტი ამპარტავნების გამო. ახლა გაჭიანურდა იგივე კურსკი. კურსკის ოპერაციას ხომ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისი, რომ რუსები მოხსნიდნენ ფრონტიდან ჯარს და კურსკის გასათავისუფლებლად იბრძოლებდნენ, არ გამართლდა და დარჩა სიმბოლურ აქტად. სიმართლე რომ ვთქვათ, რუსებმა „დაიკიდეს“ კურსკი, წინ მიიწევენ უკრაინაში და რაც კურსკთან ჯარი დგას, ის რომ ჰყოლოდათ უკრაინელებს უკრაინაში, უკეთესი შედეგი ექნებოდათ.

– ანუ პირიქით მოხდა: გათვლა, რომ რუსები დასუსტდებოდნენ გადაიზარდა იმ სინამდვილედ, რომ უკრაინული ჯარი დასუსტდა.

– მე არ ვიცი, რატომ ჰქონდათ იმედი. წესით, უკრაინელები სხვაზე მეტად უნდა იცნობდნენ რუსებს. კურსკი კი არა, მოსკოვი რომ აიღო, მაინც მიაწვებიან რუსები. პუტინი ვერ არის ჯანზე. სამწუხარო რეალობამ, რასაც ჩვენ დასავლეთის, ეგრეთ წოდებულ, ლიდერშიფში ვხედავთ, სადაც გადაწყვეტილების მიმღები, რამის გამკეთებელი კაცი არ ჩანს, გამოიწვია რუსების ასეთი უტიფრობა. თუმცა რუსებმა ვერ გათვალეს, რომ აღარ არიან საბჭოთა კავშირი და უნარი, რომ უცბად განახორციელონ რაღაც ოპერაცია, აღარ აქვთ. ამხანაგი პუტინი შესანიშნავად ასრულებს ჰიტლერის გეგმას, განადგურდნენ აღმოსავლელი სლავები და ამას აკეთებს დიდი წარმატებით. შეგვიძლია, ჩავთვალოთ ჰიტლერის საქმის უშუალო გამგრძელებლად. მეორე მხრივ, დასავლეთი დღემდე ვაჭრობს რუსეთთან, მათ შორის, იარაღით.

– ურანს რუსეთიდან იღებს.

– დიახ, დასავლური კომპონენტებია რუსულ რაკეტებში 60-70 პროცენტი და ჩვენ რაღაცებს გვიკიჟინებენ. 14 000 კილომეტრით დაშორებულ ამერიკას ეშინია რუსეთის და ჩვენგან ითხოვს, არ გვეშინოდეს, თუმცა არ არის გასაკვირი, რადგან 2008-ში ეს ამბავი მოხდა. ოცნებას თავის სახელს არ არქმევს მოვლენებს, მხოლოდ იმას ამბობს, შეკვეთით დაიწყო სააკაშვილმაო. სააკაშვილს, როგორც სახელმწიფოს ხელმძღვნელს, თავის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის უფლება ჰქონდა, მაგრამ რის უფლებაც აქვს იუპიტერს, იმის უფლება არ აქვს ხარს. ეს პოლიტიკის ჭეშმარიტებაა, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა იმავე სააკაშვილს და დღეს კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ამას, როდესაც მოშორდა პრეზიდენტობის შარავანდედი და ყველანი ვისმენთ, რასაც ლაპარაკობს, რაც ძალიან სამწუხაროა. ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო კარგა ხანს. მოკლედ, დასავლეთი შარს გვდებს, თან, პირდაპირაც ვერაფერს ამბობს. ვიღაც სულელები გამოდიან ევროპარლამენტში, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და უმნიშვნელო ხალხი, რომელთა აზრი თავიანთი ოჯახის წევრებსაც არ აინტერესებს, უფრო – მათი ხელფასები. არავინ პირდაპირ არ ამბობს, რაც აღიზიანებთ, ამბობენ, რომ დემოკრატიას გადავუხვიეთ, ლუკაშენკოს რეჟიმიაო, არადა, მინიმუმ, 5 ტელევიზიაა, რომლებიც დღედაღამ ლანძღავენ ივანიშვილს, სხვების ლანძღვა არც ითვლება და ეს, თურმე, ლუკაშენკობა და პუტინობაა. არადა რუსეთსა და ბელორუსიაში მსგავსი რამ სიცოცხლის ფასად უჯდებათ ადამიანებს. ასე რომ, დემოკრატიისგან გადახვევისა რა მოგახსენოთ, უბრალოდ, გაღიზიანებულები არიან იმით, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ხელის ბიჭად მიაჩნდათ, ურჩობს. ასე ჩათვალეს მათ. ამერიკელებს პრობლემა აქვთ ისტორიის, სხვა კულტურების ცოდნის. მიაჩნიათ, რომ მათი მოდელი სამაგალითოა და იმას არ ითვალისწინებენ, რომ მათ ორი ოკეანე ესაზღვრებათ, ზემოთ – კანადა, ქვემოდან – მექსიკა. შესაბამისად, ევროპული და, მათ შორის, ჩვენი გამოცდილება მათთვის უცხოა. ისე იქცევიან, თითქოს სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდნენ იმ კონტინენტზე. ამიტომ შარს გვდებენ, რომ დემოკრატია არ არის, პრორუსული ხელისუფლებაა და ხელისუფლებაც ცოტა უწყობს ამას ხელს იმით, რომ დიდ გულზე არიან დასავლელების მიმართ და კრინტს არ ძრავენ რუსების გამოხდომებზე. თან, აბსოლუტურად პროვოკაციულებზე. პრორუსები რომ იყვნენ, რუსებს რომ ჭკუა ჰქონდეთ, იმ განცხადებებს უნდა აკეთებდნენ, რასაც აკეთებენ?!

– მე ხშირად ვფიქრობ ამის შესახებ: ისეთ რამეს დააბრეხვებს ხოლმე ლავროვი ან რომელიმე რუსი, რაც დისკრედიტაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, არადა, მოკავშირე რომ იყოს, მოკავშირეს რატომ უნდა გაუკეთო ეს? ესე იგი, შეგნებულად ვნებ.

– გზას უჭრიან. ერთი, რომ სულელები არიან: თუ მათკენ გადაიხარა ქვეყანა ან ისეთი ყურმოჭრილი მონა აღარ არის დასავლეთის, როგორიც მანამდე იყო, მინიმუმ, თავი უნდა შეიკავონ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უკვე დაკნინებული იმპერიაა და ასეთი წვრილმანი მოქმედებებით იფხანს გულს: დიახ, ეს მთავრობა ჩვენია და თქვენი არ არის. დაწერილი და გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ 2012-ში შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ აქ არჩევნებით გადაწყვეტილიყო ახალი ხელისუფლების ბედი. პუტინი თვლის, რომ მისი დამსახურებაა „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილს გამარჯვება. ამას გარდა, მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის მათი ვალი აქვს, მან იქ იშოვა ფული და თუ გავიხსენებთ პუტინის გამონათქვამს ბერეზოვსკისა და აბრამოვიჩზე, რომლებიც ლონდონის სასამართლოში ედავებოდნენ ერთმანეთს, ლონდონში კი არა, ჩვენთან უნდა იდავონ, ჩვენი ფულიაო, გასაგებია, ხომ?! მთელი ამ ოლიგარქების ფულს პუტინი რუსეთის ფულად თვლის.

– არის ლოგიკა.

– დიახ, მაგრამ რატომ ჩააგდებინეს ეს ფული იმ ხალხს?! დასავლეთმა მისცა?! ტაციაობა იყო რუსეთში ფულზე გასული საუკუნის 90-იანებში და დღის პირველი ორი საათის შემდეგ, როდესაც ელცინი არაქმედობაუნარიანი იყო, მის ქალიშვილთან მიჰქონდათ იმავე ბერეზოვსკისა და ჩვენს ბადრის რაღაც თანხა და ის უწერდა ხელს ყველაფერზე. ეს ვისი რა ბრალია?! ელცინის მოყვანილია პუტინი და ელცინს ედავოს. ცხადია, რომ ისინი ორ რამეს აკეთებენ: აქებენ, რათა საბოლოოდ მოუჭრან გზა დასავლეთისკენ და, მეორე, სიამოვნებთ, რომ ასეთი ამბავია და დროდადრო რაღაც სისულელეებს გადმოაგდებენ აფხაზეთსა და ცხინვალზე და შემდეგ მაშინვე მოკვეთავენ, არა, დამოუკიდებლობა არ გადაიხედება და საქართველომ მეზობლებთან უნდა დაამყაროს ურთიერთობაო. ესენი რუსები არიან და საუკუნოვანი გამოცდილება გვკარნახობს, რომ მათგან რამე ნორმალური ქმედების იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ დასავლეთი, რომელიც ნამდვილად იყო თავისუფლების, დემოკრატიის, კეთილდღეობის, კულტურის განსახიერება და ჩვენი იმედიც ეს იყო, თვითგანადგურების სინდრომმა შეიპყრო. დეგრადაცია აშკარაა და არ მეგონა, თუ იმას მოვესწრებოდი, რომ ამერიკის, მსოფლიოს წარმმართველი ქვეყნის მმართველობაზე კენჭს იყრიდა ორი ამდენად არასერიოზული კანდიდატი და ტრამპი ითვლება შანსად ქვეყნისთვის. და ახლა მეც ტრამპისკენ ვარ, სხვა გზა არ მაქვს. ისიც ცხადია, რომ კამალა ჰარისი იდეალური ვარიანტია სამართავად, ამას გინდა ომის პარტია ეძახონ და გინდა – სხვა რამ. ამერიკაში შეთქმულების თეორიის მომხრენი ამას ეძახიან – უჩინარ მთავრობას, რომელიც არ ჩანს და რეალურია. იქ არის ინსტიტუტები, კვლევითი ცენტრები, საგარეო ურთიერთობის ცენტრი, რომელთა რეკომენდაციებს ითვალისწინებს მთავრობები, მაგრამ ჯერჯერობით ამერიკაში იქამდე არ მისულა საქმე, რომ ისინი წყვეტდნენ საკითხებს, მაგრამ ეს ქალი თუ გაიმარჯვებს, ასე იქნება. შეუძლებელია, იქ ვინმეს ეგონოს, რომ ამ ქალს შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და რამის მართვა. ეს გამორიცხულია. ამდენად არ გაიდიოტებულან, მაგრამ შეარჩიეს ბევრი გარემოების გამო: ფერადკანიანები, ლუზერები, მარგინალები, ავადმყოფური ფსიქოლოგიის ადამიანები, აი, მათია ეს კანდიდატი და, მგონი, მალე კომუნისტებს გადაასწრებენ, ისეთ რამეებს ამბობს ეს ქალი, ოღონდ მოიგოს.

მეორე მხრივ, ჰეგემონობასაც ვერ შეელევიან. შტატები ხომ დამპყრობელი იმპერია არ არის? ეს არის გავლენების იმპერია და წარმოიდგინეთ, რა ჭკუაზე დადგებიან, როდესაც სადღაც რაღაც პაწაწუნა ვიღაც, მანამდე კრინტს რომ ვერ ძრავდა, უცბად არ ემორჩილება?! უბრალო წყენას თავი დავანებოთ და იმასაც, რომ ამ მცირე მიწას ამხელა ფასი აღმოაჩნდა, არადა, აქამდე ხომ გვამადლიდნენ, თქვენ გინდათ და როცა იქნება, მივიღებთო, რუსებს კი ეუბნებოდნენ, თქვენ რომ არ გინდათ, არ ვიღებთო; მეორეა, და ეს ზვიადის დროს გამომიცდია, თუ ეს პაწაწუნა ამდენს მიბედავს, ვინღა დამემორჩილება?! გერმანია თუ იაპონია არ მეტყვიან, რატომ უნდა დაგემორჩილოო?! ყველაზე მთავარი ესაა. თორემ ევროპამ თავად არ იცის, რა საქმეში არიან. ვის დაჰკარგვია ევროპარლამენტი?! ყველამ ვიცით, რომ, რაც ბრიტანეთი გავიდა, გერმანია და საფრანგეთი მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ევროპარლამენტარებმა იხელთეს დრო და ძლივს ფასი დაიდეს, დაბალ ღობედ ჩაგვთვალეს და შეგვდგნენ წიხლებით, რასაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა