პოლიტიკა

რატომ ეძალებიან პოლიტიკოსები ნარკოტიკებსა და რელაქსაციის სხვა საშუალებებს და რატომ მიიჩნევა საქართველო ძალის აკრების ადგილად

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 11.06

ერეკლე შონია
დაკოპირებულია

განსაკუთრებით, პოლიტიკოსები მუდმივად არიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ასევე, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და არც თუ იშვიათად, სიტყვიერი აგრესიის სამიზნესაც წარმოადგენენ, რის გაძლებასა და მოგერიებას ენერგია სჭირდება, რაც ადამიანს განუსაზღვრელი რაოდენობით არ აქვს. სწორედ ამიტომ პოლიტიკოსებიც და ხელოვანებიც ხშირად არიან სხვადასხვა არალეგალური საშუალებების მომხმარებლები, რაც მათ ენერგიის აღდგენაში ეხმარება, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ანადგურებს. რატომ ეძებენ ადამიანები სიამოვნებისა და ენერგიის დამატებით წყაროებს? – ამ თემაზე ერეკლე შონია გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– უკვე კადრებიც გავრცელდა, რომლებიც მიუთითებს, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირები რაღაცას იყნოსავდნენ. რატომ ხდება იძულებული ადამიანი, მოიძიოს ენერგიის დამატებითი წყაროები და რა შედეგი მოაქვს ამათ მათთვისაც და ჩვენთვისაც, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებზე ვართ დამოკიდებული?

– ადამიანი მრავალმხრივი სტრუქტურაა, მათ შორის, მას აქვს თავისი სარეზერვო ენერგია და, ასევე, გარე სამყაროდანაც იღებს ენერგიას. თუ მასში არის ჰარმონია, თუ იქცევა სიყვარულით, სიმშვიდით, ის შეერთებულია გარე სამყაროს, ღვთაებრივ გარემოს, შესაბამისად, იმუხტება ამ ენერგიით და გადასცემს. ესაა შემოქმედება, იმ ფუნქციის შესრულება, რისთვისაც დაიბადე, მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მკურნალობა და ასე შემდეგ. ამ ენერგიას ადამიანი იყენებს როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავადაც ეზიარება მას და არა მხოლოდ თვითონ, როგორც ერთეული სული, არამედ მისი ოჯახი, მისი მეუღლე, შვილები. თუ ადამიანი ნიჭიერია და დიდი აურა აქვს, რასაც ქართულად სხივგარსს ვუწოდებთ – ახლა არ ჩავშლი ამ საკითხს და თუ მან იცის, რა არის მისი ფუნქცია და ამას აკეთებს, მაშინ მასში ეს ენერგია არის მეტობით: მეტობითვე იღებს და გადასცემს. აქედან გამომდინარე, ის ზემოქმედებს თავის ოჯახზე, სოციუმზე, ახლობლებზე, ქვეყნებსა და პროცესებზე. მათ შორის, პოლიტიკოსობაც ნიჭია.

– პოლიტიკოსი, თუ თავის ფუნქციას ასრულებს, ანუ პოლიტიკოსობაა მისი ფუნქცია, მას არ სჭირდება ენერგიის დამატებითი წყარო?

– დიახ, არის ხალხი, რომელსაც აქვს მარტო ერთი ერთზე ზემოქმედების პოტენციალი და არის ხალხი, რომლებსაც მასობრივი ზემოქმედების უნარი და უფლება აქვს ზეციდან. ჩვენ ერთიანი ღვთაებრივი სხეულის ნაწილაკები ვართ, მაგრამ არიან გარკვეული ვალდებულებების მქონე სულები, რომლებიც ზემოქმედებენ გარემოზე სხვადასხვა ნიჭის გამოვლინებით. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ყურადღების ცენტრში არიან და მათ, ასევე, დიდი პასუხისმგებლობა აქვთ არა მარტო საკუთარი თავის, არამედ მთელი საზოგადოების ან ქვეყნების წინაშე. ამდენად, ეს ადამიანები უნდა მოქმედებდნენ თავიანთი პოტენციალიდან გამომდინარე: რა პოტენციალიც აქვთ, რა მასშტაბის ადამიანიცააა ან არის თუ არა ზეციდან დაბადებული პოლიტიკოსის ჯვარით. ერთნი ხელოვანებივით აკეთებენ ამ საქმეს და ღვთაებრივი ენერგიის გამოყენებით ზემოქმედებენ გარემოზე, მეორენი ამას ხელოსნის დონეზე აკეთებენ: რაღაც ისწავლა, პროფესიონალია, მოიწყო კარიერა, მაგრამ ვერ გასცდება ხელოსნის დონეს, სიღრმეებს ვერ დაინახავს და ვერ შეიგრძნობს.

– მგონი, მთელ მსოფლიო პოლიტიკაში ახლა ხელოსნების ეპოქაა.

– საქმეც ის არის, რომ პოლიტიკური ხელოვნება არის ყველანაირი რესურსის გამოყენების უნარი როგორც საკუთარი, ისე გარემოსი. ეს არის წინასწარ გარკვეული ინფორმაციის ცოდნა და ძლიერი გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ამას ვერ გააკეთებს ჩვეულებრივი ადამიანი. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანი პოლიტიკაში პოლიტიკოსის საშუალო დონეს ვერ გასცდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ, როგორც ღმერთისგან პოლიტიკოსები და ამისთვის არ სჭირდებათ დიპლომატიური ან პოლიტიკური სკოლების დამთავრება. ასეთი იყო ისტორიულად თითქმის ყველა ძლიერად მოაზროვნე ფიგურა. როდესაც ადამიანს პოლიტიკური ჯვარი აწერია, ამ ჯვარის აღება უწევს. ჩვენს ისტორიაში ასეთი ადამიანი იყო თორნიკე ერისთავი, რომელიც იყო სამხედრო, საერო პირი, შემდეგ აღიკვეცა ბერად, მაგრამ საჭიროების გამო ისევ დაბრუნდა ერში, შეასრულა თავისი ფუნქციონალი და ბერობას დაუბრუნდა. კავკასიიდან გამოსულ ხალხს აქვს მფარველობა და ამ პოტენციალით ისინი ქმნიან გარკვეულ წონასწორობებს, რომელიც 70-80 წელი ძლებს. ისინი ქმნიან სისტემებს, პროგრესს, აწესრიგებენ სამყაროს. მხოლოდ სტალინს არ ვგულისხმობ. ავიღოთ მამლუქები და სხვა ქართველი მმართველები სხვადასხვა ქვეყანაში. ეს იყო ხალხი, რომლებსაც ძალიან დიდი პოტენციალი აღმოაჩნდათ და მათ არათუ კონკურენციას გაუძლეს იმ არეებში, სადაც მოხვდნენ, არამედ პირველი ადგილები დაიკავეს. ესე იგი, ეს პოტენციალი გარეთ ღვივდება. თუ ჩვენ აქ ერთმანეთს ვჭამთ, ვეჯახებით და ერთმანეთის პოტენციალს ვახშობთ, აქედან გადარგული ჩვენივე ნერგი, ქართული თუ კავკასიური ჯიშის ადამიანი, სხვა ქვეყნებში, იქნება ეს რუსეთის სტეპები თუ ახლო აღმოსავლეთის ქვიშები ან ამერიკა, თავისი პოტენციალის აქტიურად გამოყენებას იწყებს და ძალიან დიდ წარმატებას აღწევს.

– დიახ, აშკარაა, რომ უცხო გარემოში, თუ გარემო ხელსაყრელია, ქართველი ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს და საუკეთესოც ხდება. ამის მიზეზი რა არის?

– ეს იმიტომ, რომ აქ, კავკასიაში, ძალიან დაძაბული გეოლოგიაა და ამ დაძაბულობის გამო დაძაბულია ხალხიც, დიდი დუღილია. ამას გარდა, აქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მათ შორის, დიდია კონკურნცია და ჭიდილი და როდესაც ამ ქვაბიდან ამოვარდება ერთ-ერთი და გადაირგვება სხვაგან, აღწევს წარმატებას. იქ შედარებით ნაკლებია კონკურენცია და ამის ფონზე ჩვენები, რომლებსაც შინაგანი განწყობა აქვთ, იყვნენ მმართველები, ხდებიან პროცესების წარმმართველები. სხვა ქვეყნებში მოხვედრილები ყოველთვის პირველ ადგილებს იკავებენ სხვადასხვა დარგში: მეცნიერება იქნება ეს, კულტურა თუ მმართველობა. ამდენად, ჩვენ რაც უნდა ვლანძღოთ ერთმანეთი შიგნით, იმდენად ნიჭიერი ერია, რომ, როდესაც გადიან ქვეყნიდან, ყოველთვის პირველ პოზიციებზე იწევიან. ჯერ ერთი, მსოფლმხედველობა აქვთ გახსნილი. მეორე – ენერგეტიკული მუხტი მოჰყვებათ დაბადებიდან; მესამე – ისეთ წრთობას გადიან აქ, საქართველოში, რომ ეს წრთობა ქოქავს მათ. მახსენდება ბატონი ანდრეი ლომაისკი, ქირომანტი, საქართველოში იყო ჩამოსული, გავესაუბრე და ვკითხე ჩამოსვლის მიზეზი. ასეთი რამ მითხრა, რომ გადავხედე საქართველოდან წასულ ადამიანებს, რომლებიც ან საქართველოში დაიბადნენ, ან იზრდებოდნენ აქ რაღაც პერიოდის განმავლობაში. მე ახლა მაქვს ფინანსური და პირადი კრიზისი, ჩამოვედი, რომ მივიღო მუხტი, ამოვიქოქი და კარგად მოვეწყო ჩემს ქვეყანაშიო. იცით, რომ ადამიანები მოდიან ჩემთან კონსულტაციისთვის და, მართლაც. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ადამიანები, რომლებსაც გაეხსნათ ნიჭი და საქართველო მათ იზიდავს, როგორც პოტენციალის წყარო და აქ, თუნდაც, ცოტა ხნით ცხოვრება მათ პირადსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. კომპლექსები ეხსნებათ, მსოფლმხედველობა უფართოვდებათ, ბრძოლისუნარიანები ხდებიან, შიშები უქრებათ და შემდეგ წარმატებას აღწევენ თავიანთ ქვეყნებში.

– ვიღაცას არ ჰყოფნის არც თავისი ენერგია, არც გარემოსი, იმიტომ რომ დესტრუქციულ ტალღაზეა, ისინი რა გზას მიმართავენ?

– ნებისმიერი საქმიანობის დროს, როდესაც ადამიანი ზეცასთანაა შეერთებული ან სხვა ადამიანების ყურადღების ქვეშაა, ფრონტის წინა ხაზზეა. ადამიანი ღვთაებრივი ენერგიის გამტარი სტრუქტურაა და თუ დადებითი გაწყობითაა, ამ ღვთაებრივ ენერგიას ანიჭებს პლუსს, თუ შინაგანად დანგრეულია, ღვთაებრივ ენერგიას მინუსს ანიჭებს და ეს ენერგია დამანგრეველი ხდება, ამდენად, როდესაც მე ვარ პოლიტიკური ლიდერი ან სულ ეკრანზე ვარ, ან გადაწყვეტლებებს ვიღებ, მინდა თუ არა, ადამიანების დიდ ყურადღებას ვიპყრობ. მათ დიდ ნაწილს აქვს დადებითი განწყობა ჩემდამი, დიდ ნაწილს – უარყოფითი, ამიტომ მე ორივე ტიპის ენერგია მირტყამს, რაც ჩემი ორგანიზმისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მოდგმისთვის დამაზიანებელია. რაც მეტად დაძაბული ვარ და არ მიყვარს ეს ხალხი, მით მეტად მირტყამს ეს ყველაფერი; რაც მეტად სიმშვიდით ვარ, მიყვარს ეს ხალხი, მაშინ მათი დარტყმები ამდენად მტკივნეული არ არის. გსმენიათ, რომ სახელმწიფოების პირველი პირები გარკვეული დარგის სპეციალისტების, მაგალითად, ენერგოთერაპევტის თუ სხვების მომსახურებას იღებენ. ეს ფაქტია, ყველა მეფეს ჰყავდა ასეთი ადამიანი, ჰყავდათ და ჰყავთ პრეზიდენტებსაც. კომუნისტების დროს მთელი განყოფილება არსებობდა, რომელიც იკვლევდა არატრადიციულ მედიცინასა და ენერგიებს და მუშაობდა ქვეყნის პირველი პირების მფარველობასა და დაცვაზე. ამას იყენებდნენ სხვადასხვა ლიდერები სხვადასხვა ქვეყანაში და ახლა ამდენი უკმაყოფილო ადამიანი რომ არის ქვეყანაში, არ არის გამორიცხული, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები სწორედ ამ მეთოდს იყენებდნენ ჩვენთან. დადასტურებულად ვიცით, რომ მსგავსი რამ ხდება, მაგრამ მტკიცებითი ფორმით არ ვამბობ, რადგან არ მინდა, შეთქმულების თეორიად მონათლონ.

– ამდენი ხალხი ასე ერთდროულად, აბა, როგორ შეიშლებოდა?

– თავისთავად, ამიტომ, როდესაც ქვეყნებში იწყება უკმაყოფილობები და, ზოგადად, კრიზისები დედამიწაზე, სწორედ მაშინ იმატებს საზოგადოების დუღილი და იქიდან წამოსული ენერგიები უფრო მძიმედ მოქმედებს, თუნდაც, იმ პოლიტიკოსზე, რომელიც ხვდება ამ საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში. მით უმეტეს, ჩვენს რეალობაში, როდესაც ათასობით ადამიანი გლანძღავს, გწყევლის და ასე შემდეგ. ეს არა მარტო იმ ადამიანს ვნებს, გარემოსაც ურტყამს და იწვევს წარღვნებსა თუ მიწისძვრებს. ანუ ძალიან გადაჯაჭვული პროცესებია, თვითონ ადამიანის ორგანიზმი ამ ზემოქმედების დროს, სულ რომ თავი დავანებოთ ენერგეტიკულ ზემოქმედებას, განიცდის სტრესს. ყველა ცდილობს, იპოვოს გზა ამ სტრესის მოსახსნელად. ერთ-ერთი მეთოდია, ეგრეთ წოდებული, მსუბუქი ნარკოტიკები ან მძიმე ნარკოტიკები. გაგიგიათ, რომ ბევრი მხატვარი, პოლიტიკოსი იყენებდა ამ საშუალებებს და ბევრიც ემსხვერპლა. აქედან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ, მოძებნონ რაღაც გზები სტრესის მოსახსნელად. შედარებით ადვილი გზებია, მაგალითად, მასაჟი, გახსოვთ, სააკაშვილმა რომ მასაჟისტი ჩამოიყვანა, კბენით რომ ატარებდა მასაჟს. ზოგ კულტურაში ეს არის სოკოების მოხმარება, ჩვენი კულტურისთვის კი სტრესის მოსახსნელად სახასიათოა ღვინო და სუფრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა