პოლიტიკა

რატომ დგას საქართველო სახელმწიფოებრიობის გაქრობისა და 700-წლიანი ისტორიის მქონე შეცდომების გამეორების საფრთხის წინაშე

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 31.01

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

რამდენიმე წელია, საუბარია ვატიკანისა და ბრიტანეთის გავლენებზე საქართველოში. ამ თემაზე საუბრობენ რუსი ანალიტიკოსებიც და, რაც მთავარია, აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები. არც თუ ირიბად ამ თემისკენ მიუთითა აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც. იმის გათვალისწინებით, რომ გავლენის მოპოვების სურვილი ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ აღიქვამენ თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი ვატიკანის საქართველოზე გავლენას მტრულ მოქმედებად საქართველოს მხრიდან, თუმცა პირადად მე ვერც ვატიკანისა და ვერც ბრიტანეთის დიდ გავლენას, თვალის ერთი შევლებით, ვერ ვხედავ. ამ თემას დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავ.

– ახლახან წავიკითხე თქვენი მოსაზრება, რომ ეთანხმებით საქართველოზე ვატიკანისა და ბრიტანეთის მიერ გავლენის მცდელობებს. რით გამოიხატება ეს და თუ ჩანს გარედან?

– ყველაფერი, რაც ხდება, გეოპოლიტიკურ ჭრილშია დასანახავი. ვატიკანი, თავისთავად, მსოფლიო ძალის ერთ-ერთი ცენტრია და არა უბრალოდ რელიგიური ცენტრი, განსხვავებით იმ ორი ძალისგან, რომელთაგან ერთი ლონდონ-სითიშია და მეორე, შეიძლება, ითქვას, ვაშინგტონის „ოკრუგში“. ვატიკანის შეხედულებათა სისტემა არ ემთხვევა იმ ორი ძალის შეხედულებათა სისტემას. მათ სხვადასხვა მიზნები აქვთ, გავლენების სფეროების თვალსაზრისით. სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი, ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე, უახლოესი 30-40 წლის განმავლობაში დარჩება მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრად. ბუნებრივია, მსოფლიოს ამ ნაწილზე გავლენას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბრიტანელებს, გასაგებია, რაც უნდათ: ბრიტანეთი ხომ ერთი პატარა კუნძულია? მაგრამ ერთ დროს მსოფლიოს ოთხ მეხუთედს აკონტროლებდა და მას სჭირდება სივრცეები. დღეს მისი გავლენა აფრიკაში, აზიაში, ინდოეთში, ევროპაშიც ისეთი აღარ არის, როგორიც იყო და ამიტომაა, რომ მისთვის სასიცოცხლო არეალებად მოიაზრება ის, რასაც ჩვენ ზედაპირზე ვერ ვხედავთ: დასავლეთ ევროპაზე კონტროლი და, ამდენად, რაც უფრო დაკნინდება ევროპა და ამას ბრწყინვალედ აკეთებენ ბრიტანელები, კულისებში თამაშის დიდოსტატები, მათთვის ხელსაყრელია; თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა, როგორიც იყო ბრიტანეთ-ოსმალეთის კავშირის დროს, დიდი თურანის პროექტის წინ წაწევა და ეს არის სამხრეთ კავკასია. ამერიკელებს კი, ცხადია, თავიანთი მიზნები აქვთ. ამერიკული სამხედრო დოქტრინით, შავი ზღვა არის სტრატეგიულზე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და რუსეთსა და ამერიკას შორის სამხედრო დაპირისპირება, ეს მხოლოდ შავი ზღვისთვის შეიძლება, დაიწყოს. რატომ? ამერიკის სამხედრო დოქტრინის შესაბამისად, შავი ზღვა არის იდეალური პლაცდარმი, საიდანაც, თანამედროვე იარაღით, თავისუფლად შეგიძლია, აკონტროლო ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი და ერთდროულად იომო რამდენიმე მიმართულებით. ანუ საქართველოს მხოლოდ ახლა ეწყება უზარმაზარი პრობლემები. მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო დიდია თუ პატარა, მთავარია, რა ფუნქციონალური ადგილი შეგიძლია, დაიკავო მსოფლიო პოლიტიკაში. ახლა არის უნიკალური დრო საიმისოდ, რომ საქართველომ ყველა თავისი პრობლემა დაალაგოს და აიღოს ფუნქცია.

– როდემდე უნდა იყო დერეფანი, ანუ მხოლოდ ტერიტორია?! რა ფუნქცია შეიძლება, შეასრულოს საქართველომ, თავისი შესაძლებლობებით, რომ არ გაიჭედოს ძალის ცენტრებს შორის დაპირისპირებაში?

– იმისთვის, რომ სწორად გიპასუხოთ, მოკლედ უნდა გავიაზროთ მთავარი სქემა. თუ შენ თამაშობ თამაშს ნულოვანი ჯამით, არავინ ხარ და ფუნქცია არ გექნება. ანუ შენ, მცირე ზომის ქვეყანა, უარს ამბობ შენი სუვერენული პოლიტიკის გატარებაზე; ორი დიდი ქვეყნის დაპირისპირებაში ხარ ერთ-ერთი მხარის ბანაკში მეორე მხარის წინააღმდეგ და იმედი გაქვს, რომ ეს მხარე მეორეს დაამარცხებს და შენი მოგება იქნება ის, რასაც წააგებს მეორე მხარე. ეს არის თამაში ნულოვანი ჯამით, რაც კატასტროფულად სახიფათოა საქართველოს ზომის ქვეყნისთვის. 700 წელია, საქართველო თამაშობს პოლიტიკას ნულოვანი ჯამით და ყველგან წააგო, იმიტომ რომ აქ მოგება შეუძლებელია. დიდი ქვეყნები, როგორი ომითაც უნდა დაეტაკონ ერთმანეთს, ადრე თუ გვიან, მოილაპარაკებენ პატარა ქვეყანა კი გაისრისება. სწორედ გეოპოლიტიკურმა შეცდომებმა გაგვტეხა ჩვენ 700 წლის წინათ. გიორგი მეშვიდის გეოპოლიტიკური შეცდომის გამო პირველად მივიღეთ უდიდესი დარტყმა და ლამის გაგვჟლიტეს.

– თემურლენგი ალაშქრა 8-ჯერ. ამას მოხერხება უნდოდა.

– დიახ... ეს ჩვენი საქმე არ იყო და შეცდომა დავუშვით. 1921 წელს ჩვენ გეოპოლიტიკური შეცდომის გამო მოგვტეხეს კისერი და დაგვიპყრეს. 1992 წელსაც გეოპოლიტიკური ინტერესების გამო მოგვტეხეს კისერი და დღეს ვართ, ალბათ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პერიოდში. იმდენად დიდია დაძაბულობა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, რომ ეს მარტივად არ დასრულდება. ყველაფერს გამოიყენებენ, რაც გამოსაყენებელია და სწორედ ესაა საქართველოსთვის საფრთხე. თუ ჩვენ ვიქეცით ერთ-ერთის ხელში, ხაზს ვუსვამ, ერთ-ერთის ხელში მეორის წინააღმდეგ იარაღად, განწირულები ვართ და შევეწირებით ამას. ამიტომ ამ დაპირისპირებაში გვჭირდება გახსნილი პოლიტიკა. შენგან ორივე მხარესთან უნდა მოდიოდეს ინფორმაცია, რომ შენგან მათ საფრთხე არ ემუქრება. მზად ხარ, ორივესთან ითანამშრომლო და, შენი ქვეყნის მეშვეობით, ხელი შეუწყო მათ მოლაპარაკებას, სტრატეგიულ შეთანხმებებს, იმიტომ რომ ეს მათი ინტერესების სტრატეგიული სფეროა. ხაზს ვუსვამ: რუსეთისთვის სამხრეთ კავკასია იმაზე უფრო არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა და ეს მხოლოდ უსაფრთხოებას უკავშირდება და არა იმ დემაგოგიურ ფრაზეოლოგიას, რაც საქართველოშია გავრცელებული. იგივე ხდება უკრაინაშიც. ბოლო 30-წლიანი მცდარი პოლიტიკის გამო შეერთებული შტატები ის აღარ არის, რაც იყო, მაგრამ დარჩება ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ, ოღონდ, ცხადია, ერთადერთი ვერ იქნება. ამ თოკის გადაწევ-გადმოწევაში ვართ მოქცეულები და ჩვენ ვხედავთ ძალიან უსუსურ ქართულ ხელისუფლებებს, რომლებსაც უნდათ, ითამაშონ ორი სკამის პოლიტიკა, რაც ყველაზე მცდარია. ქართველებს უყვართ თქმა, ლავირებაო. ლავირება კი არასწორად მოწყობილი გონების შედეგია, როდესაც თაღლითობით გინდა ფონს გასვლა. ამნაირ პოლიტიკას მსოფლიოში არავინ ენდობა. შენ უნდა გააცხადო შენი სახელმწიფოს პრიორიტეტები, მზად უნდა იყო თანამშრომლობისთვის. არ უნდა გქონდეს სიმპათია-ანტიპათიები. როგორ შეიძლება, გიყვარდეს ერთი ქვეყანა და არ გიყვარდეს მეორე?! ყველაფერი უნდა დავინახოთ გრძელვადიან პერსპექტივაში, ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

– საოცარი ფრაზაა, ჩრდილოეთით რომ ოკეანე იყოს.

– რუსეთი გიყვარს თუ არა, ეს შენი მოცემულობაა, შენი მეზობელია; სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი გვიყვარს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?! შენ აქ ცხოვრობ, მაგრამ შენი 30-წლიანი პოლიტიკა ამბობს, მე არ მაინტერესებს, სად ვცხოვრობ, მე უნდა ვიყო იქ, სადაც ვერასდროს ვიქნები. რატომ შემოგვთავაზეს „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრობა?! ვერანაირი „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრი საქართველო ვერ გახდება, ვერასდროს, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ორი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშის ინტერესებსა და ორი მთავარი რეგიონული მოთამაშის ინტერესებს. ესენი არიან: ირანი და თურქეთი.

– აზერბაიჯანი სიტყვიერად და ხანდახან მოქმედებებითაც უპირისპირდება ევროპას, დასავლეთს. გამოდის, არც მისი პოლიტიკაა ორივესთან კარგი ურთიერთობა?

– აზერბაიჯანს ძალიან გონივრულად აქვს დალაგებული გეოპოლიტიკა. მე არ ვიცი, ქართველებმა იციან თუ არა, მაგრამ მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ინგლისელებთან. თავის დროზე ბრიტანული დაზვერვის ერთ-ერთი ეპიცენტრი ბაქო იყო და ჩვენც მაგ კუდებს გადავყევით 1921 წელს. აზერბაიჯანელებს შესანიშნავად აქვთ დალაგებული ურთიერთობა რუსებთან, მე მარტივ კითხვას დავსვამ: რა უნდოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს 2022 წლის 24 თებერვალს...

– მოსკოვში, პუტინთან. ეს კითხვათა კითხვაა.

– დიახ, როდესაც რუსებმა დაიწყეს, უფრო ზუსტად, მათ დააწყებინეს ოპერაცია, რა უნდოდა ალიევს მოსკოვში?! შემიძლია, გითხრათ ჩემი ვერსია: რაკი საქართველო არის ფუნქციადაკარგული ქვეყანა კავკასიაში, მას არავინ არაფრად თვლის, რადგან მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს: მის უფროსებს უნდა ელაპარაკო. რუსებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რა საფრთხე შეიძლებოდა, დამუქრებოდათ სამხრეთ კავკასიიდან. ამიტომ ყველაზე სოლიდური ქვეყნისგან აშკარად მიიღეს შეპირება, რომ კავკასიიდან არაფერი დაემუქრებოდა და სწორედ ამის გამოძახილი იყო ის, რომ აზერბაიჯანმა შეძლო ყველა თავისი პრობლემის გადაჭრა.

– მაგრამ აზერბაიჯანი საქართველოს პოლიტიკას როგორ გააკონტროლებდა, რომ აქედან არაფერი მოხდებოდა რუსეთის მიმართულებით?

– მარტო საქართველო არაფერს წარმოადგენდა. აქ საფრთხეა სამხრეთ კავკასიის აფეთქება. რაკი აზერბაიჯანმა ძალზე წარმატებით დაბლოკა სომხეთი და არა მარტო დაბლოკა, ყველა პრობლემაც მოიგვარა. მარტო დარჩენილ, უფუნქციო საქართველოს თავგადადებული პროვოკაციაც რომ მოეწყო, სამხრეთ კავკასიას არაფერი ემუქრებოდა. რუსეთისთვის საფრთხე არა სამხრეთ კავკასიის კონკრეტული ქვეყანაა, არამედ მთლიანობაში სამხრეთ კავკასია. ამიტომ ყველაფერი დალაგდა. სოლიდურზე სოლიდური ქვეყანაა აზერბაიჯანი: ნახეთ, როგორ შეაფასა ტაივანის არჩევნები, საფრანგეთის პროცესები. ეს შემთხვევით არ ხდება: ალიევი იმაზე ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ და ის ასე აფასებს იმიტომ, რომ აკეთებს აზერბაიჯანის სახელმწიფოს პოზიციონირებას მსოფლიო პოლიტიკაში. ის ცდილობს, აიღოს ფუნქციები და ქართული ხელისუფლებების სრული პოლიტიკური კასტრაციის ფონზე, აზერბაიჯანი თავის თავზე იღებს სამხრეთ კავკასიის ყველა ფუნქციას. რამდენიც უნდა ეცადოს სომხეთი, საქართველოს გადაბმას თუ როგორც ამბობენ, პროვოცირებას, „ოდეკაბედან“ გამოვაო, ვერაფერს იზამს ვერც სომხეთი და ვერც საქართველო, ერთადაც რომ შეერთდნენ და, ფაქტობრივად, შეერთებულები არიან: ერთი ძალა მართავს ორივეს. მათ ეს სახელმწიფოებრიობის დაკარგვად დაუჯდებათ. ხაზს ვუსვამ: საქართველო, ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ორსკამა პოლიტიკოსები არც დასავლეთს აწყობს და არც რუსეთს, დგას სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მას ამ ურთულეს პერიოდში შეუძლია, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგას, მაგრამ დღევანდელ გზაზე შემდგარი საქართველო სპობს საკუთარ მომავალს. გეოპოლიტიკური დაპირისპირება რამდენიმე ათეულ წელს გაგრძელდება, ფსონი დადებულია უზარმაზარ ენერგორესურსებსა და ტრასებზე და ვინც ამას გააკონტროლებს, ფაქტობრივად, მთავარი პოლიტიკური ძალა იქნება ევრაზიის კონტინენტზე. დიდი ბრძოლაა, ჩვენ კი პოლიტიკური აზროვნების ფსკერზე ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული