რატომ დაუკარგა ქართველებს რაციონალურად გააზრების უნარი რუსეთისადმი შიშმა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 14.05

ისე მოხდა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი დღესაც ვერ იაზრებს, რომ რაც მოხდა და ხდება უკრაინაში, ის უფრო მალე და გაცილებით დამანგრეველი შედეგებით მოხდებოდა საქართველოში და აყოლილია ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ევრობიუროკრატიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების რიტორიკას, რომლებსაც იცავს „ნატოს“ მეხუთე მუხლი (ყოველ შემთხვევაში, იურიდიულად მაინც, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ფაქტობრივად), იმას გარდა, რომ რუსეთის ინტერესი არც არის ევროკავშირისა და „ნატოს“ წევრ ქვეყნებზე თავდასხმა. უცნაურია ლოგიკაც, რომ რუსეთს რეაქცია არ ჰქონია ფინეთისა და შვედეთის „ნატოში“ გაწევრიანებაზე, რაც მას სისუსტედ ჩაუთვალეს. რეალურად რფ არც არასდროს განიხილავდა ფინეთსა და შვედეთს საკუთარი გავლენის სფეროებად, განსხვავებით, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვის, საქართველოსა და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან. რატომ ვერ აფასებს ჩვენი თანამემამულეების ნაწილი მოვლენებს ადეკვატურად? – ამ თემას დავით ზარდიაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– გააზრებასაც რომ თავი დავანებოთ, აღქმის უნარი რატომ დაკარგა ჩვენი საზოგადოების ნაწილმა?
–იმიტომ რომ 30 წელიწადია, მიმდინარეობს ლიბერალიზმის პროპაგანდა და ეს არის ცივილიზაციური განხეთქილება. ძალიან ინტენსიური იყო დასავლური ცივილიზაციის პროპაგანდა, თუმცა ამას აქვს საფუძველი, ღირებულებითი ორიენტაციით, საქართველო, რასაკვირველია, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, წარმოადგენს დიდი დასავლური ცივილიზაციის ნაწილს, რაც შემდეგ უკვე ითარგმნა, როგორც დასავლური ლიბერალიზმის ექსპანსია აღმოსავლეთისკენ და ძალიან რთულია დაპირისპირება ამ პროპაგანდასთან. უკრაინაში რუსეთსა და დასავლეთს შორის პროქსი ომია და ამას უკვე ამერიკელები ოფიციალურად აღიარებენ. ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს მოიაზრებს დასავლეთის შემადგენლობაში და უპირისპირდება რუსეთს, რასაც თავისი ახსნა აქვს. ერთი მხრივ, ეს არის ღირებულებითი ორიენტაცია, საქართველო ფუნდამენტურად ევროპულია, ვამბობ – ღირებულებითი და არა პოლიტიკური თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, ეს პროპაგანდა, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურადაც მიაკუთვნებს აღმოსავლეთთან პროქსი-ომში მყოფ სუბიექტებს.
– მაგრამ ხომ შეიძლება, დაინახო, რა ხდება უკრაინაში, ანუ რა ბედი ელით პროქსი ომის მონაწილეებს?
– ეგ უკვე სხვა ამბავია, აქ რუსეთისადმი დამოკიდებულებაც ერთვება. რუსეთისადმი ერთგვარი ფობია, შიში არსებობს, ვინაიდან ეს 200-წლიანი ისტორია ღრმადაა დალექილი და ამას ჰქვია ნეგატიური დამოკიდებულება: ნეგატიურად ვერ გავთავისუფლდით რუსეთისგან, შიში გვაქვს მის მიმართ. ჩვენი პოლიტიკოსების ნაწილს სულ რუსეთი ელანდებათ და რჩება შთაბეჭდილება, რომ საპირფარეშოშიც რუსეთზე ფიქრობენ. ეს ნიშნავს, რომ ღრმა შეჭიდულობა არსებობს რუსეთთან და იმავდროულად, ნიშნავს, რომ რუსეთის გავლენა არსებობს; ეს გავლენა ნეგატიურია და ფობიით მჟღავნდება. ამასაც, ბუნებრივია, აქვს გარკვეული საფუძველი: იმავე რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში.
– რუსეთის, როგორც სახელმწიფოს შეყვარება, ძალიან ძნელია.
– მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება რაციონალური რეაქცია და არა ის, რაც ხდება: ზოგიერთისთვის ანტირუსულმა დამოკიდებულებამ ლიტურგიული ხასიათი მიიღო და ეს ფსიქოლოგიური განწყობის ბრალიცაა: ეშინიათ რუსეთის. ამას აქვს ობიექტური საფუძველი: 2008 წლის ამბები, მანამდე აფხაზეთი... მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები არ მიდიან რაციონალურ გააზრებამდე და ეს ფობია გამოიხატება სხვადასხვა ფორმით: მაგალითად, მთავრობის დადანაშაულებით პრორუსულობაში; ნებისმიერი აზრის, რომელიც მათ აზრებს არ ემთხვევა, პრორუსულად გამოცხადება და ასე შემდეგ. აქაც, რა თქმა უნდა, პროპაგანდა მუშაობს, რომელიც ეროვნულ იდენტობასა და ერთიანობას ანგრევს. რაც სინამდვილეში ღვაწლია სუვერენიტეტისთვის, ცხადდება პრორუსულ ორიენტაციად და ეს, ბუნებრივია, მტრული დამოკიდებულებაა.
– ფობია ცუდი მოკავშირეა. რა შეიძლება, ამას დაუპირისპირდეს?
– კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო და, უპირველესად, ამას სჭირდება 30-წლიანი ინერციის დაძლევა. მთელი სასწავლო დაწესებულებები, დაწყებული საბავშვო ბაღით, გაჟღენთილია ლიბერალური პროპაგანდით, რაც თითქოს უალტერნატივოა. არადა ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ისტორია, რომელიც, უდავოდ, ქრისტიანულ ღირებულებებზეა ორიენტირებული, ცხადია, გვაერთიანებს უფრო დასავლეთთან, ვიდრე აღმოსავლეთთან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ღია უნდა ვიყოთ ნებისმიერი კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ და საქართველოს ისტორიული მისიაც ესაა. ის ხიდია დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და რაც მთავარია, მარტო ხიდი კი არ არის, არამედ საქართველო თავის ღირებულებებზე დგას. საქართველოს ძველი სახელია – ქართველნი ქრისტეს კვართის მცველნი – ასე გვიცნობდნენ შუა საუკუნეებში და ეს ფუნქცია გვქონდა. ჩვენ ყოველთვის ჩვენი რჯული გვქონდა, მაგრამ დამოკიდებულება ყველასადმი - ტოლერანტული. საქართველო ამითაა განთქმული. საქართველო იყო ცივილიზაციათა შორის ხიდი, საკუთარი ფუნდამენტური ღირებულებებით.
ქრისტეს კვართი სიმბოლურად ჩვენს რჯულს განასახიერებს და რჯული მხოლოდ აღმსარებლობა არ არის, ეს არის ცხოვრების წესი. ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში თქვა გიორგი მერჩულემ, რა არის საქართველო. ჩვენ ეს ცნობიერება გვქონდა საუკუნეების განმავლობაში, განსხვავებით უკრაინისგან ან იმავე ბალტელებისგან. უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არასდროს არსებულა, ის ყოველთვის იყო ნაწილი ან რუსეთის, ან რეჩ-პოსპოლიტასი, პოლონეთის ან ავსტრია-უნგრეთის. საქართველო ასე არ ყოფილა არასდროს, მას თავისი იდენტობა ჰქონდა. ბალტელებმა კი, ჭკუას რომ გვასწავლიან, პირველი სახელმწიფო, სადღაც, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეში შექმნეს. ისტორიული კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს. ისტორია თითქოს მთავარი არ არის, მაგრამ ღრმა კვალს ტოვებს დღესაც და, ცხადია, ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულებები გვაქვს. ჩვენი იდენტობა მყარია, უკრაინა კი ახლა ეძებს.
– მე მგონი, ახლა იქმნის.
– ეძებს, ამიტომ ზოგი პოულობს დასავლეთში, ზოგი, პირიქით – რუსეთში და ამიტომაა გახლეჩილი. ცდილობენ, ამას დააღწიონ თავი. ეს მათი ისტორიული მოდუსია და პირველად არ ხდება. ეს მოხდა ჯერ კიდევ ბოგდან ხმელნიცკის დროს და მას შემდეგ, რაც ბოგდან ხმელნიცკი მოკვდა, სერიოზული არეულობა იყო 20-ზე მეტი წლის განმავლობაში და ამ პერიოდს „რუინა“ უწოდეს, ქართულად, ალბათ, ნგრევა, გაპარტახება. მეორე „რუინა“ ჰქონდათ, როდესაც რუსეთის იმპერია დაიშალა და მათი თვითგამორკვევა ვერ მოხდა, საქართველოსგან განსხვავებით. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მენშევიკები, ანუ სოციალ-დემოკრატები იყვნენ სათავეში და მათი მიზანი პროლეტარული რევოლუცია იყო...
– გლობალიზმის იდეა აწუხებდათ.
– დიახ. მაინც არსებობდა იდენტობა. ერთი სიტყვით, უკრაინელებს ისტორიულად ორი „რუინა“ ჰქონდათ. მუდმივი კონფლიქტი იყო, ცალკე იყო ოტომანთა იმპერია, ცალკე – რუსეთის იმპერია, ცალკე – რეჩ-პოსპოლიტა და ამ სამ ქვეყანას შორის იწეწებოდა უკრაინა. ხან ერთ მხარეს იყვნენ, ხან – მეორე მხარეს, ხან – მესამე მხარეს. თავიანთი პოლიტიკურად დამოუკიდებელი სუბიექტი ვერ შექმნეს და ეს დამთავრდა დიდი არეულობით კარგა ხნის განმავლობაში, სანამ არ გაიყო ეს ტერიტორია და რუსეთმა დღევანდელი სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა არ მიიერთა მთლიანად და შემდეგ ნოვოროსია არ შეიქმნა. რუსული კონცეფციაც ეს არის: მიუხედვად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაინც ერთი ხალხია – ასე აღიქმება რუსული წარმოდგენებით.
– ისინი ჩვენც თავიანთ ხალხად აღგვიქვამენ, სომხებსაც, შუა აზიელებსაც. უცნაური მენტალიტეტი აქვთ, ალბათ, იმპერიული მენტალიტეტია ასეთი.
– სხვა რამეს ვგულისხმობ: ველიკორუსი, მალორუსი და ბელორუსი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამმა ქვეყანამ დაშალა საბჭოთა კავშირი: რუსეთის ფედერაციამ, ბელორუსმა და უკრაინამ, ისინი გულისხმობდნენ, რომ, თუმცა დაიშალა, ხალხი მაინც ერთია და ეს კონცეფცია – ველიკორუსი, მალორუსი და ბელორუსი – უნდა შენარჩუნებულიყო. ისინი დაიშალნენ არა იმიტომ, რომ უკრაინაში ანტირუსეთი შეექმნა დასავლეთს, არამედ სხვა თვალსაზრისით, რომ ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა განვითარება, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს მომავალი აღარ ჰქონდა. ეს ძალიან რთული საკითხებია, მაგრამ მოხდა ისე, რომ დღეს უკრაინა მესამე „რუინის“ წინაშე დგას. ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი: ერთია ომი რუსეთთან, რაც გამანადგურებელია და მეორეა, რა იქნება ომის შედეგ. არსებობს კი უკრაინაში რამე იდეა, პოლიტიკური ძალა ან სუბიექტი, რომელიც შემოიკრებს ამ ხალხს და თვითგამორკვევა მოხდება, როგორც ცალკე ერი-სახელმწიფოსი?! ეს ძალიან რთული ამოცანაა. უახლოეს პერიოდში შეიძლება, წარმატებული არ აღმოჩნდეს და ძალიან დიდი არეულობა მოჰყვეს ომის შემდეგ შიგნით. ახლა ხომ ამბობენ, უკრაინის ნეიტრალიტეტიო, გავიხსენოთ, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტი ყოველთვის „რუინამდე“ მიდიოდა. ის უნდა იყოს ნაწილი რეჩ-პოსპოლიტასი, ან ავსტრია-უნგრეთის, ან რუსეთის, ცალკე ყოველთვის ასეთი ვითარება იქმნება ხოლმე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.
– ჩვენთან, პირიქით, ერთიანი ცნობიერების რღვევის მცდელობები ჩანს.
– დიახ, მაგრამ ეს არ მოხდება. რაც ჩანს, არის 30-წლიანი პროპაგანდის შედეგი, როდესაც ჩვენი იდენტობა ჩაანაცვლა პროდასავლურობამ, კერძოდ, ლიბერალიზმმა. აი, ეს არის მთავარი პრობლემა. დიახ, ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, აღმოსავლეთ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობაა ღირებულებითი ორიენტირი და ყველაზე ახლოს ვართ დასავლურ ცივილიზაციასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი იდენტობა არ გვაქვს. ეს უნიკალური კულტურაა, ყველა ცივილიზაციისა და კულტურის მიმღებლობაა ჩვენში. ნებისმიერ უცხოს შინაურად ვიღებთ. ეს კარგი თვისებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, არც თუ კარგი თვისებაა, ვინაიდან ცუდის გადმოღებაც ვისწავლეთ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავცდეთ ჩვენს როლს: როგორც ვიყავით ქრისტეს კვართის მცველნი, ვიყავით ამ ადგილას და ვიყავით ხიდი, ასეთად უნდა დავრჩეთ. თუმცა ეჭვი, რა არის ჩვენი იდენტობა, ბევრჯერ გაჩენილა. შორს რომ არ წავიდეთ, ძველი ლიტერატურა გავიხსენოთ, შესანიშნავი სიტყვებია „აბო თბილელის წამებაში“: და ირხევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა. დღესაც ასეა, მაგრამ ესეც ჩაივლის, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო. ამიტომ არ უნდა შეგვაშინოს ამან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან