პოლიტიკა

რატომ დასრულდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეა, თუ ზანგეზურის დერეფანს ამერიკელები გააკონტროლებენ

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.08

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

გავრცელებულია მოსაზრება, რომ აზერბაიჯანი მოქმედებს თურქეთის კარნახით; თურქეთი – დიდი ბრიტანეთის, დიდი ბრიტანეთი – თავისი, ავად თუ კარგად სახსენებელი სადაზვერვო სამსახურით, „მი–6–ით“. ხოლო ამ ყოველივეს მიზანი დიდი თურანის პროექტის განხორციელებაა. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი დიდი ბრიტანეთისთვის დიდი თურანის იდეის განხორციელება და თურქეთის არნახულად გაძლიერება რეგიონში, რომლის კონტროლის ამბიციაც თავად ბრიტანეთს ჰქონდა და აქვს? – ამ თემაზე ვაჟა ბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– არ მგონია, ერდოღანი იმდენად გულუბრყვილო იყოს, ვერ ხვდებოდეს, რომ მის გაძლიერებას არ დაუშვებენ, მაშინ რა მიზანს ემსახურება იდეის გავრცელება, რომ დიდი თურანის პროექტი ხორციელდება?

– საქმე ისაა, რომ ახალ დროში მსოფლიო გეოპოლიტიკა ეფუძნება სპეცსამსახურების აქტიურ გამოყენებას და ეს ახალი არ არის, ასე იყო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კავკასიაში აქტიურად მუშაობდნენ ბრიტანული სპეცსამსახურები, სხვათა შორის, ომამდეც. შემდეგ ამ რეგიონში ერთი პერიოდი კიდევ უფრო გააქტიურდა გერმანია და მისი მოწოდებით, სოციალ-დემოკრატებმა დამოუკიდებლობაც კი გამოაცხადეს, რასაც ჩვენ 26 მაისს ვზეიმობთ. მაგრამ შემდეგ ისევ მაინც დომინირებდა ბრიტანეთი, რომელიც დაინტერესებული იყო იმ გზით, რასაც დღეს აბრეშუმის გზას ვეძახით. უფრო კონკრეტულად, ბაქოს ნავთით, როგორც მაშინ უწოდებდნენ და ბრიტანეთი აქტიურად მუშაობდა ამ რეგიონში დომინირებისთვის რუსეთის იმპერიის ნგრევის ფონზე. ის იმპერია ერთხელ დაინგრა და მაშინაც ფიქრობდნენ, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეროვნებით ებრაელი სოციალ–დემოკრატებისა და ბოლშევიკების წამოწყებული საქმე უნარიანად გააგრძელა ეთნიკურად ქართველმა, რაც დამთავრდა რუსეთის შემოჭრითა და დამკვიდრებით ამ რეგიონში, რამაც დიდი თურანის მითი და ლეგენდა ჩაანაცვლა იმით, რომ უამრავი თურქმანული მოდგმის ხალხი დატოვა თავის შემადგენლობაში და აკონტროლებდა მთლიანად კავკასიას. ახლაც, ფაქტობრივად, იგივე მდგომარეობაა. რუსეთის იმპერია, სხვა სახელით, ისევ დაინგრა და ისევ გამალებული ბრძოლაა რეგიონში გავლენებისთვის. თუ თვალს გადავავლებთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში აქ დომინირებდა დასავლეთი, ანუ შეერთებული შტატები და ევროკავშირი. თითქოს ისინი აკონტროლებდნენ მთავარ მომენტებს რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ებღაუჭებოდა სომხეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას. შემდეგ ჩვენივე უტვინობით, 1999 წლის სტამბოლის შეთანხმების შედეგად რის ვაი-ვაგლახით აქედან გაყვანილი რუსული ჯარი შემობრუნდა და დადგა აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთში. ამის ამარა იყო რუსეთი რეგიონში, მაგრამ პროცესებს პრინციპულად მაინც დასავლეთი აკონტროლებდა. ახლა კი ისევ გამწვავდა ვითარება და იმდენად, რომ ჩვენი რეგიონი, ბევრი თვალსაზრისით, ისევ საკვანძოა ბევრი დიდი მოთამაშისთვის. ეს ჩვენთვის დიდი ხიფათიც არის და დიდი სიკეთეც.

– როგორც მივხვდი, ბრიტანეთისთვის მთავარი არის ამ მაგისტრალის კონტროლი და ეს შესაძლებლად მიაჩნია დიდი თურანის იდეის წამოწევით?

– აბსოლუტურად სწორად აკავშირებთ დიდი თურანის იდეას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის კონტროლთან და არსებითად ასეც არის, მაგრამ ახლა გააქტიურდა იმდენად, რამდენადაც განმეორდა ის, რაც ხდებოდა გასული საუკუნის 10-20-იან წლებში. რა თქმა უნდა, დიდი თურანის იდეას აქვს კავშირი, საბოლოო ჯამში, რეგიონის გაკონტროლებასთან ან ამ კონტროლში ბევრი ინტერესის თანხვედრაში სოლიდური წილის მიღებასთან, მაგრამ მე ერთ მსუბუქ კორექტივს შევიტან თქვენ მიერ საკითხის დასმაში: აქ მხოლოდ ბრიტანეთის ინტერესები არ არის, შეიძლება, ამ ეტაპზე ბრიტანეთმა თავის თავზე აიღო დასავლეთის ინტერესების დაცვაში მეწინავეობა, მაგრამ რეალურად ეს არის დასავლეთის საკმაოდ შეთანხმებული, ტრადიციული და დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული სტრატეგია. 29 ივლისს შეერთებულმა შტატებმა სერიოზული ბირთვული შეიარაღება გადაიტანა ბრიტანეთში თავისი უხილავი სატრანსპორტო თვითმფრინავებით. ესეც გარკვეული დემონსტრირებაა ძალის და იმის, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა იაქტიუროს, იმიტომ, რომ დასავლეთს, ანუ, კერძოდ, შეერთებულ შტატებს, სხვა გლობალური ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. ამ ეტაპზე დასავლური ცივილიზაცია სერიოზულ კრიზისს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაეცა და თითქოს აღარ ჰყავს სერიოზული მოწინააღმდეგე, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ეს კრიზისი გამოწვეულია ლიბერალური დემოკრატიის ჩიხით და კრახით რომ არ დამთავრდეს, რაც უნდა ექსპანსიური და ექსტრავაგანტური იყოს ტრამპის მოძრაობები, საბოლოო ჯამში, თუ გლობალურად შევხედავთ, ეს არის დასავლეთის კრიზისიდან გამოყვანის ძიება და ამაში შტატებია ჩართული. მთლად ლოგიკურადაც არ გამოიყურება, რასაც ტრამპი აკეთებს, მაგრამ მათთვის აუცილებელია რუსეთის შეჩერება. ამ მხრივ, ევროპამ არა მარტო უნდა გაზარდოს თავისი ფინანსური წილი დასავლეთის უსაფრთხოებაში, არამედ უნდა გამოყოს კიდეც ახალი რესურსები, რომ შტატები გააძლიეროს, რომ მან ისევ შეძლოს დასავლეთის ინტერესების დაცვა, ოღონდ ამ ეტაპზე მთავარ ძალად უნდა იქცეს ევროპა. ევროპა კი ძალიან პირობითადაა გაერთიანებული, ძალიან ბევრი ინტერესის მომცველი რეგიონია, საიდანაც თვითონ ბრიტანეთი გაიქცა.

– რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმაა და ახლა ხორციელდება.

– ბრიტანეთი მაინც უფრო სახარბიელო მდგომარეობაშია. იმპერიულ ბუნებასაც ინარჩუნებს და ძლევამოსილებასაც. ამიტომ ის თავის თავზე იღებს უსაფრთხოების კოორდინატორის ფუნქციას, თავისი სპეცსამსახურის მეშვეობით. ეს ასე იყო საბჭოთა კავშირის დაცემამდეც და შემდეგაც. მაგრამ, მინდა, გითხრათ, არ მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი იქნება ამ რეგიონის გაკონტროლებისთვის. სადღეისოდ დიდი თურანი არის იდეა და კონფიგურაციად გარდაქმნა უახლოეს მომავალში არ ემუქრება, ეს უახლოესი მომავალი, მინიმუმ, 50 წელია. თუმცა თურქმანული მოდგმის ხალხების კოორდინაციაც, ურთიერთობებიც და თანადგომაც შეიძლება გაიზარდოს; ასევე, ძალიან ეიმედება დასავლეთს ჩინეთთან სავარაუდო დაპირისპირების შემთხვევაში უიღურების წახალისება, აქეთ – ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია, აზერბაიჯანი, მინიმუმ, 15 მილიონი აზერბაიჯანელით ირანის ტერიტორიაზე. ტრამპი ცდილობს, ერდოღანის მეშვეობით გააკონტროლოს მთელი ეს სივრცე და ამასვე მოწმობს, რომ სირიის ხელისუფლებაში მივიდა თურქეთის ხელისუფლებასთან და ერდოღანთან თანამშრომლობასა და თანამოაზრეობაში არა მარტო შემჩნეული, არამედ დაფიქსირებული ძალა.

– და ამავე კონტექსტისაა ამერიკული კომპანიის მიერ ზანგეზურის დერეფნის გაკონტროლების იდეაც?

– ამის შესახებ ჯერ ანკარაში განაცხადა შტატების ელჩმა, შემდეგ ეს იდეა ამერიკელებმაც გაიმეორეს. ტრამპმა ამით, რა თქმა უნდა, უპირველესად, გააფრთხილა პუტინი, რადგან, თუ ეს იდეა განხორციელდა, პუტინისთვის სამხრეთ კავკასიიდან დისტანცირების გზაზე გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება და მეორე მხრივ, ამით, ჩემი აზრით, ტრამპმა გააფრთხილა ერდოღანიც, რომ, თუ რაღაც ერთობა შეიქმნა და გაძლიერდა თურქეთი, აზერბაიჯანთან ან ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ალიანსში, ამის შედეგად არ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი, უკონტროლო ავტორიტარული რეჟიმები, მათ შორის, არც სირიაში და, მოგეხსენებათ, რომ ისრაელმა დაბომბა დამასკო. არადა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი არიან სტრატეგიული მოკავშირეები და ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე არ მოქმედებენ.

– ცოტა უსიამოვნო სქემაა: ისრაელი დაბომბავს, აშშ შემდეგ პირობებს წამოაყენებს.

– დიახ, პოლიტიკური თამაშია.

– უბრალოდ, ადამიანები იხოცებიან ასეთი თამაშებით.

– მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს შეთანხმებულია შეერთებულ შტატებთან, როგორი თავშეკავებული განცხადებებიც უნდა გააკეთოს ოფიციალურმა ვაშინგტონმა. ტრამპს უნდა, რომ ერდოღანი წარმოდგენილი იყოს, როგორც სერიოზული ფაქტორი ირანისა და რუსეთის მეზობლად. ოღონდ მან ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. ამერიკელებთან შესაბამისი გარიგება დადოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის პერსპექტიული. სხვა შემთხვევაში უფრო აგრესიული ნაბიჯები გადაიდგმება. ყოველ შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს რეალურია. შესაბამისად, თუ განხორციელდა ზანგეზურის დერეფნის გაკონტროლება, ეს უკვე ცალსახად არის ამ რეგიონის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სრულად და უპირატესად გაკონტროლებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, რადგან ეს, ფაქტობრივად, ანულებს, სომხეთში ბაზის მიუხედავად, რუსეთის გავლენას რეგიონში.

– და სამუდამოდ ასამარებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ძალიან რეალურ შინაარსს სძენს სამხრეთ კავკასიაში დიდი ომის ალბათობას.

– მინდა, დაგეთანხმოთ, მეც ასე ვფიქრობ. როდესაც ვამბობ, რომ ეს არის შესაძლებლობაც და დიდი ხიფათიც რეგიონის ქვეყნებისთვის, სწორედ ამას ვგულისხმობ. დიდი ომი შეიძლება, ნებისმიერი მიზეზით დაიწყოს, ამ რეგიონშიც და, საერთოდ, მსოფლიოშიც იმდენად არის ვითარება დაძაბული, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მე უფრო იმის მეშინია, რომ პერმანენტული კონფლიქტი არ წარმოიქმნას ამ რეგიონში, როდესაც გახდება მუდმივი რყევის ზონა. პერმანენტურ რყევაში ვგულისხმობ არანაკლებ 10-წლიან პერიოდს. კონფლიქტების დაწყება იოლია, დამთავრებაა ძალიან რთული, მით უმეტეს, ეთნიკურად და რელიგიურად ჭრელ რეგიონში. არც ერთი დიდი მოთამაშე, თუ მიეცა საშუალება, ამ რეგიონს იოლად არ დათმობს. შეერთებულმა შტატებმა, თურქეთმა, რუსეთმა იციან, რომ მათთვის ეგზისტენციური საკითხია სამხრეთ კავკასიის გაკონტროლება-არგაკონტროლება. ასევე, არ დაივიწყოთ ევროკავშირი, რომელიც ახლა უკვე იძულებული ხდება, რომ თვითონ აწარმოოს გარკვეული მანევრები, მეტი დახარჯოს შეიარაღებაზე, გაუმკლავდეს რუსეთს, რადგან ამერიკას, უბრალოდ, აღარ შეუძლია თავის თავზე აიღოს დასავლეთის უსაფრთხოება. ისევ რეგიონს რომ დავბრუნდეთ: რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა აქ ასეთი კონფლიქტის დაწყება, ამიტომ მართებს ახლა საქართველოს, მის ლიდერს, აგრეთვე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს მეტი გამჭრიახობა, მეტი სიფრთხილე და მეტი თანმიმდევრულობა. იმედი მაქვს, რომ თვითონ ივანიშვილი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი, რომლებიც რეალურად მონაწილეობენ პოლიტიკის შემუშავებაში, არადა ასეთი ძალიან ცოტაა, რაც არაბუნებრივია და წამგებიანია ქვეყნისთვის და ოფიციალური ხელისუფლებიდან საკმაოდ განათლებული, ერუდირებული და თანმიმდევრული ორი ლიდერი, ვთქვათ, პრემიერი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, თავიანთ თავში მოძებიან ძალას, რომ ქვეყანა არ დააზარალონ ამ ძალიან დაძაბულ პერიოდში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა