პოლიტიკა

რატომ დამკვიდრდა საქართველოში, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ

№26

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00 05.07

ვალერიან გორგილაძე
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება, ისეთიც ვერ აღმოჩნდა, როგორიც შორიდან ჩანდა. თუმცა საკმარისი დროც გავიდა, საკმაოდ ბევრი რამეც მოხდა, რომ სათანადო დასკვნები გაეკეთებინა გონიერ ადამიანს. მაგალითად, შესაძლოა, 2003 წელს (თუმცა შევარდნაძის ხელისუფლება აშკარად შესაცვლელი იყო) ვერ მიხვდი, რომ რევოლუცია დაიდგა; შესაძლოა ვერც არაბული გაზაფხულის ხელოვნურობა დაინახე, ვერც 2008 წელს გაიაზრე, როგორ იქეცი საცდელ ბოცვრად მომავალი გეოპოლიტიკური ჯახისთვის; დავუშვათ, ვერც 2014 წელს შეაფასე ობიექტურად, რატომ მიიერთა რფ-მ ყირიმი და ვერც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მიზეზებს ჩასწვდი, მაგრამ ვერც ახლა ხედავ, რა ხდება უკრაინაში?! ანუ, როდესაც ამდენჯერ წამოეგე გადმოგდებულ სატყუარას, დღესაც წამოგებულხარ, თუ მიმდინარე პროტესტი ბუნებრივი გგონია (და საერთოდ არ გაწუხებს ერთი და იგივე სცენები: დროშების ფრიალი და ტანზე შემოხვევა, ხელოვნური ინტელექტის მიერ დანახული აქცია, თბილი საკვების დარიგება და მსგავსი პრიმიტიული ფანდები). შესაბამისად, იბადება კითხვა: შესაძლოა, ამდენი აგენტი იყოს ქვეყანაში თუ ეს მაინც უმწიფრობის შედეგია? - ამ თემაზე სოციოლოგ ვალერიან გორგილაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

- ალბათ, ჯობია, ვიფიქროთ, რომ გონებრივი პრობლემა გვაქვს, ვიდრე დავიჯეროთ, რომ ამდენი ადამიანი ემსახურება სხვების ინტერესებს. რა მიზეზებმა დააკარგვინა ადამიანებს საღად განსჯისა და ანალიზის უნარი?

- ჩვეულებისამებრ, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა. მენტალური დაპირისპირება ქვეყანაში აშკარად გამოკვეთილია, ხშირად მესმის, რომ ვერ ვცნობ ჩემს მეგობრებს, ჩემს ნაცნობებს, ნეტავ, რა დაემართათო და ხედავ, რომ საზოგადოება გახლეჩილია, თითქოს ეს ორი საზოგადოებაა და ერთიანი არასდროს ყოფილა. როდესაც ამაზე ფიქრობ, იხსენებ განათლების სისტემას: ლომაიას პერიოდიდან უკვე სისტემური დეფორმაცია განიცადა ამ სექტორმა, თუმცა პრობლემები იყო შევარდნაძის პერიოდშიც. ანუ განათლების სისტემის დეგრადაციაა ერთ-ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორია ის, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის დროსაც ცოტას ვკითხულობდით, სხვებთან, რუსეთის ფედერაციასთან, უკრაინასთან, ბალტიისპირეთთან შედარებით. როდესაც 2008 წელს ლატვიაში ვიყავი, გაოგნებული დავრჩი, ლატვიურ ენაზე თარგმნილი იყო უახლესი ნაშრომები სოციოლოგიაში, ფილოსოფიაში, თანამედროვე ლიტერატურა. ჩვენთან ეს შედარებით გვიან დაიწყო. ამას გარდა, როგორც ჩანს, სოციალიზაციის პროცესი გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობდა, ვგულისხმობ, ოჯახს; მეოთხე ფაქტორია ის, რომ ეგრეთ წოდებული ელიტის დიდი ნაწილი, რომლებიც გავლენას ახდენდნენ განწყობებზე, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებაში თავიანთ თავს გულისხმობდნენ და ის, ვინც ენ ჯეოში არ არის, ის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც არ არის. მთელი ეს კვაზი-ელიტა, რომელიც იყო ენ ჯე ოებში, პოლიტიკურ პარტიებში, შოუბიზნესში და ასე შემდეგ, ბედის ირონიით, გახდა თავისი ინდოქტრინაციის მსხვერპლი. მაგალითად, 35 წლის წინათ ადამიანი ოცნებობდა საბჭოთა კავშირის დაშლაზე, მისთვის იდეალი იყო ამერიკა, საუკეთესო ფილმი იყო „ჰოლივუდური“, „მაკდონალდსი“ - ყველაზე გემრიელი კერძი და ცხოვრების ეს სტილი, ამერიკული ოცნება, იქცა მის იდეაფიქსად.

- მეც მწარედ გავბითურდი მაშინ.

- და ეს გაბითურება რა არის?! კი ბატონო, რაღაცის გამო მიგაჩნდა, რომ ამერიკა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების აკვანია; ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ სიკეთეს ქმნის... ეს იყო ლტოლვა თავისუფლებისადმი და ყველა ამ იდეალისადმი, რომელიც საბჭოთა კავშირის წიაღში იქმნებოდა. მაგრამ გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველო, განსაკუთრებით, თბილისი და განსაკუთრებით - თბილისის ცენტრალური რაიონები იყო პროამერიკული: ეცვათ ჯინსები, ყველა უსმენდა „როლინგ სთოუნზს“, „სკორპიონსს“, „ლედ ზეპელინს“, მშობლების ანეკდოტებს იმეორებდნენ საბჭოთა კავშირსა და კომუნისტურ პარტიაზე. მათ შორის, საქართველოს პარტიული ნომენკლატურის შვილებშიც იყო გავრცელებული ეს დამოკიდებულება. მოკლედ, დაიშალა საბჭოთა კავშირი, ანუ მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ ასეთ დროს შენ კარგავ კრიტიკულ აზროვნებას. შესაბამისად, დახუჭე თვალები, რომ სადამ ჰუსეინს დაესხნენ თავს... ტყუილად დაესხით თავს და დაანგრიეთ ეს ქვეყანა?! მოამარ კადაფი რატომ მოაკვლევინე?! ხომ აღმოჩნდა, რომ უამრავ სოციალურ პროგრამას ახორციელებდა, ოჯახებს, განათლებას მხარს უჭერდა.

- და აკონტროლებდა ნარკოტრასას, ფაქტობრივად, გადაკეტილი ჰქონდა.

- რა თქმა უნდა. ამას გარდა, ევროპის შუა ცენტრში გააჩაღე ომი, დაარქვი ამას „მოწყალე ანგელოზი“, გაღარიბებული ურანის ბომბებით ბომბავდი იუგოსლავიას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა. მერე ახლო აღმოსავლეთში დაატრიალე ომები, დაშალე სირია, ანუ ამას რომ ვერ იაზრებ, ან ფიქრი გეზარება, ან უბრალოდ, არ პოულობ ინფორმაციას და არ ინტერესდები ამ საკითხებით, ან შეგნებულად ხუჭავ თვალს, ვინაიდან გენანება შენი ოცნება. კრიტიკული რეფლექსია იკარგება და რჩები საზოგადოების ნაწილად, რომელიც სულ აღფრთოვანებულია იმით, რასაც დასავლეთი აკეთებს და უკვე ხდები კერპის მოტრფიალე, ინდოქტრინიზებული სექტის წევრი და იკვებები იმით, რომ პოულობ შენნაირებს, ქმნი პარალელურ რეალობას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს სინამდვილესთან და ხდება დეფორმაცია. ამითაა განპირობებული ის, რომ ის ხალხი, რომელთაგან ზოგს აქვს კვალიფიკაცია, განათლება, ზოგი მართლაც ცოდნას ფლობს, მაგრამ ყველა ამ ადამიანში სისტემური ხარვეზია. ფაქტს ამბობ, ვერაფერს გპასუხობს, აიგნორებს, ანუ კრიტიკული რეფლექსია დაკარგული აქვს. და, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად, ეს განპირობებულია იმით, რომ თავის ოცნებას ვერ შორდება.

- ადამიანს, რომელიც შეცდომას ვერ აღიარებს, უჭირს საკუთარი თავის მიღება.

- დიახ, ლუზერია. 30 წელი ჰქონდა ყალბი რწმენა, რაც უნდა აღიაროს; ამას ემატება ჩვენი ხასიათიც: ქართველების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა ამპარტავნება, ამპარტავნისთვის კი, ფსიქოლოგიურად, რთული ასაღიარებელია, რომ ცდებოდა. ამდენად, ამ ფენომენს საკითხების მთელი კომპლექსი ქმნის.

- დასავლეთი ასოცირდებოდა ძლიერ თვითმმართველობასთან, თავისუფალ სასამართლოსთან, უფლებრივ თანასწორობასთან, ახლა რეკომენდაციებში სულ სხვა რამეები წერია, მათ შორის, ხაზგასმით „ელ გე ბე ტე“ თემის გამორჩევა და მხარდაჭერა. აქცენტი, რომ იყავი ფერადი, არადა ჩაცმულობაში სამ ფერზე მეტი უგემოვნობის ნიშანია და ეს ევროპული მოდის სტანდარტია.

- ისეთი უგემოვნო, როგორიც დღესაა ევროპა, ესთეტიკური თვალსაზრისით, მგონი, არასდროს ყოფილა.

- გამაოცა სკოტ რიტერის ჩამოსმამ თვითმფრინავიდან და მისთვის პასპორტის ჩამორთმევამ. ეს არ გამაოცებდა რუსეთში, ჩინეთში, ირანში, თურქეთში, მაგრამ აშშ-ში? სხვა რეალობას ვეჯახებით უკვე, ასეთი ხომ არ ყოფილა დასავლეთი 90-იანებში? ისიც შეიცვალა?

- რა თქმა უნდა, არ იყო ასეთი. დასავლეთის, რა სახითაც ახლა მას ვიღებთ, დეგრადაცია ზუსტად ემთხვევა საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდს. ანუ საბჭოთა კავშირი გარკვეულწილად კაპიტალისტური სისტემის სპარინგპარტნიორს წარმოადგენდა. ვიცით, რომ საბჭოთა კავშირში დაინერგა პირველად უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა. მთელი რიგი წარმატებული სოციალური პროექტების განხორციელების პრაქტიკა რომ გაჩნდა, დასავლეთმაც ბევრი რამ გადაიღო. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებმა გადმოიღეს უფასო ჯანდაცვა და განათლება და სკანდინავიის ეკონომიკური სიძლიერის გამო ეს პროექტები კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ამდენად, დასავლეთი, რაკი ჰყავდა სპარინგპარტნიორი, იძულებული იყო, მიეხედა სოციალური სისტემისთვის, რომ საშუალო კლასსაც კომფორტულად ეგრძნო თავი. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ ევროპაში საშუალო კლასის ოდენობა წლიდან წლამდე მცირდებოდა, ისევე, როგორც შემოსავლების ოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე. რადგან აღარ არსებობდა კონკურენცია, რაც გაიძულებდა, სოციალური ევოლუციის გზით წასულიყავი. მას შემდეგ, რაც ლიბერალურმა იდეოლოგიამ ტოტალურად დაიპყრო დასავლეთი, ამის შემდეგ იწყება იმპერატივები, რომ, გინდა თუ არა „ელ ჯი ბი ტი“ უნდა გაითვალისწინო; შემოდის ახალი ენა, როდესაც სიტყვათა შეთანხმებები ლოგიკასაა მოკლებული, მაგალითად, პოზიტიური დისკრიმინაცია, პოლიტკორექტულობა, უკიდურესად მემარჯვენე პარტიებს, რატომღაც, მემარჯვენე პოპულისტებს უწოდებენ. მაგრამ ევროპარლამენტის არჩევნებმაც აჩვენა, რომ ამის რღვევა დაწყებულია. ამას ვხვდებით ჩვენ, ფრანგებიც, გერმანელებიც, მაგრამ ეს ჩვენი, ეგრეთ წოდებული, სამოქალაქო სექტორი ამას ვერ ხედავს, ვერ აანალიზებს, არ იღებს. და, ბუნებრივია, აქ რეფლექსიასა და კრიტიკულ გააზრებაზე რთულია ლაპარაკი. ღირებულებები ახსენე, მაგრამ ვინმემ სერიოზულად იკვლია, რა არის ევროპული ღირებულებები, რასაც ხშირად ვიმეორებთ?! ეს ევროპული ღირებულებები ქართულ ღირებულებებს როგორ უთავსდება?! მოდი, შევადაროთ. რა არის ქართული, ტრადიციული ღირებულებები? უხეშად ვთქვათ, ავიღოთ ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოების იერარქია. ვიწყებთ უფლის სადღეგრძელოთი და სად არის უფალი დასავლეთში?! სეკულარიზაციით მიაღწიეს იმას, რომ ეკლესიაში არის მუზეუმები, ბარები და პერფორმანსებს აწყობენ. ვსვამთ ქალის სადღეგრძელოს - დასავლეთში ქალი-კაცი აღარ არის, სქესიც აღარაა, გენდერებია და არსებობს 158 გენდერი; სამშობლოს ნაცვლად აქვთ კავშირი და ასე შემდეგ. არც ერთი სადღეგრძელო არ ემთხვევა, პირიქით, უარყოფილია ევროპული ღირებულებების სისტემის მიერ. ამას ვერ ხვდებიან?! ურთიერთობებს, ზოგადად, ახასიათებს პასიონარიზმი. მათ შორის, „ელ გე ბე ტე“ ურთიერთობებს. ისინი სოციალურად ძალიან აქტიურები არიან (დამანგრეველი დესტრუქციული აქტივობა კიდევ სხვა თემაა) და, შესაბამისად, მათ ჰგონიათ, რომ ხალხი, რომლებიც სახლებში სხედან და მხოლოდ საკუთარ ოჯახებსა და მეგობრებთან გამოხატავენ აღშფოთებას, პასიური უმრავლესობაა და საზოგადოებრივი წონა არ აქვს. ოჯახის სიწმინდის დღეს რომ 700 000 ადამიანი გამოდის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, მაინც ვერ იღებენ ამას და იწყებენ გამოგონებას: იქ ჩვენებიც იყვნენ. ოჯახის სიწმინდის დღეზე რა გინდა?! საპატრიარქომ 17 მაისს, „ელ გე ბე ტე“ დღესასწაულის დღეს, დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე და მაშინ შენ აღშფოთდი ამის გამო. შესაბამისად, როგორ ესწრები, რა პრინციპით?! ახსენე რიტერი, რომელსაც პასპორტი წაართვეს და, მართლაც, დასავლეთი, მთელი თავისი ნიშნებით, საბჭოთა კავშირს ემსგავსება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა