პოლიტიკა

რატომ დაკარგა ფასი სიტყვამ, სამშობლოს განცდამ, თავგანწირვამ, ანუ ქმედებამ და რატომ ჩაანაცვლა ნამდვილი ფასეულობები ფარსმა

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 26.01

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

აგერ უკვე 30 წელია, ვაკვირდებით, როგორ უფასურდება ყველა ის ღირებულება, რაც საკუთრივ ქართულადაც მიგვაჩნდა და რაც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებადაცაა აღიარებული: დაწყებული იმით, რომ სამშობლოს დაცვა, თურმე, ადამიანის უფლებების დარღვევაა, იმას გარდა, რომ პოლიტიკური პლატფორმების შეცვლა ნორმად იქცა, ანუ დღეს ერთის, ხვალ მეორის, ზეგ კი - მესამის თქმა და თვით შიმშილობაც კი – ფარსად: ვინაიდან ეს თავგანწირვის აქტია და იდეისთვის თავს სწირავენ ლიდერები და არა პარტიის წევრები, დავალებით (ამიტომაც დასრულდა კრახით ცნობილი პარტიის შიმშილობის აქცია). ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად გავარჩევთ ამ უფასეულობის პერიოდის თავისებურებებს.

– თითქოს დედის კულტია და ამ დროს ჩვენი ქალების ნაწილი მეძაობს, ნაწილი დასავლელ მოხუცებს უვლის და სამუდამოდ ისპობს ჯანმრთელობას, რომ ოჯახები არჩინონ, ეს როგორი დედის კულტია, ვერ ვიგებ. რაც ხდება ბუნებრივია, იმიტომ რომ ახალი იშვას თუ ადამიანი ასეთი არსებაა, რომ, როდესაც არახელსაყრელ პირობებში ხვდება, თავის უარეს თვისებებს ავლენს?

– რომ გითხრათ, რომ ეს არ იყო მოსალოდნელი-მეთქი, არ ვიქნები მართალი, ვინაიდან ასეთი შეფასება ერთგვარ პათეტიკას გულისხმობს. ქართველები არ იყვნენ, ნათესავს რომ იპარავდნენ და სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად მიჰყავდათ?! იგივე ქართველები არ იყვნენ, ცხენის მოპარვას ვაჟკაცობად რომ თვლიდნენ?! ალბათ, ძალიან ბევრი მსგავსი რამ შეიძლება, ამოატივტივოს ისტორიამ, თუ ჩავეძიებით ასეთი კითხვით. ისტორია რომ ცოცხალ არსებად წარმოვიდგინოთ, ის იმდენ რამეს გაიხსენებს, რომლებიც, ამ ცვლილებებზე უარესი თუ არა, ნაკლები არ იქნება. საქართველოს ისტორიას ისიც ახსოვს, ყველა თავადი თავის სამთავროს რომ უვლიდა და დანარჩენებს ებრძოდა; მეფეს ჯარს არ ახმარდა – ქვეყნის დასაცავად ჯარი არ გამოჰყავდათ და შორეულ წარსულსაც რომ თავი დავანებოთ, ერეკლე მეფის მაგალითიც გვაქვს. ჯარის არგამოყვანა ხომ იმას ნიშნავდა, რომ ქვა ქვაზე არ დარჩენილიყო ამ ქვეყანაში, თუ, რაც მათ არ უნდოდათ, ის არ მოხდებოდა?! ანუ ქვეყანას წირავდნენ თავადები და ახლა რატომ გვიკვირს, რომ ვიღაც ქვეყანას წირავს?! მით უმეტეს, რომ დღეს ასეთი შემთხვევები გაცილებით ნაკლებია.

– ვითომ ნაკლებია?

– რა თქმა უნდა. პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფია, რომლებიც სიტყვიერად პატრიოტობენ და სინამდვილეში ქვეყნის საზიანო საქმეებს აკეთებენ.

– ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფების პრობლემა, საზოგადოებრივი ჯგუფებიც არიან, არასამთავრობოები, მოქალაქეები...

– დიახ, მაგრამ მაინც პატარა წონის მოვლენებია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იქ თავადები იყვნენ და სახელმწიფოს რაღაც ნაწილი მათ ხელში იყო. ახლა ქვეყნის ღალატი სირცხვილია და მაშინ ქვეყნის ღალატი სირცხვილი არ იყო.

– თუმცა არც ერთი ქართული სამეფო-სამთავრო სეპარატისტული არ იყო და ტახტზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამთ ქართველ ფეოდალებს.

– დიახ, ხელი არ აღუმართავთ. ვინაიდან მიაჩნდათ, რომ მეფე ღმერთის დასმულია, ღმერთის კი სწამდათ.

– თუმცა აშკარად ძალიან უცნაურად, მათი ქცევიდან გამომდინარე.

– დიახ, თორემ ისტორიის ზოგიერთ მონაკვეთში მათხოვრად ჰყავდათ მეფე. მემატიანე წერს, დავით აღმაშენებელი თავისი ტახტის გარდა არაფერს ფლობდაო. ანუ არავინ ემორჩილებოდა, სანამ ძალა არ აჩვენა და მადლობა ღმერთს, დავითმა ეს მოახერხა. აი, ამ ისტორიის პატრონები ვართ. ხალხის დონეზე კიდევ იმ ისტორიის პატრონები ვართ, რომ თამარზე უამრავი ლექსი და სიმღერაა, მაგრამ დავითზე, ფაქტობრივად, არაა. ლექსი რომ არაა, ეს იმას ნიშნავდა, რომ არ უყვარდათ დავითი, მკაცრი ხელისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მართლაც იმპერიად აქცია.

– და კეთილდღეობაც იყო ქვეყანაში.

– სავარაუდოა, რომ არ უჭირდათ და ეს ემოცია არ იყო გამოწვეული ეკონომიკური გაჭირვებით. ის გამოწვეული იყო სიმკაცრით. ისტორიკოსი რომ ამბობს, მეფემ ისიც კი იცოდა, საძინებელში ქმარი ცოლს რას ეუბნებოდაო, როგორც ჩანს, ეს რეჟიმი არ უნდოდათ და ისევ დანგრეული საქართველო ერჩივნათ, ოღონდ თვითონ თავისუფლად ყოფილიყვნენ.

– ანუ გამოდის, ღირებულებები რომ გაუფასურდა, ეს ჩვენი ხელისუფლებების ბრალია?

– იყო კი ღირებულებები?!

– როგორ არ იყო?! ზურგით ჩამოიტანა ანჩის ხატი გლეხმა თბილისში, რომ დამპყრობელს არ შეებილწა.

– ასე მთელი განძი ჩამოიტანეს ქართველებმა, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან, ჩვენ ხომ საქართველოზე ვლაპარაკობთ, როგორც მთლიანზე?! და ეს ის საქართველო არ არის, თავისი თავის პატრონობა რომ არ უნდოდა?! ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, ეს ხომ ილიამ იმის საპირწონედ თქვა, როდესაც მთელი საქართველო შეეგუა, რომ რუსეთის გუბერნია იყო და მერე წამოვიდა ეს ღირებულებები, თორემ იქამდე დაკარგული იყო. ჩვენ ასე სიტუაციურად გვახასიათებს ღირებულებები და ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველაფრის გარდა, საბჭოთა პერიოდმა შეგვიქმნა ღირებულებებით ტკბობის კომფორტი.

– და სამშობლოს სიყვარული, ღირებულებების ერთგულება გამოიხატებოდა სასმისის ზომით.

– რა თქმა უნდა. უკეთეს შემთხვევაში კარგ ლექსს დაწერდი, კიდევ უკეთეს შემთხვევაში – კარგ ნაგებობას ააშენებდი ან ფეხბურთის მატჩს მოიგებდი და აი, იქ იყავი ქართველი. საქართველოს, ხომ, ბოლო 200-წლიან პერიოდში რეალურად არ უცხოვრია?! იქიდან მოდის ქართული სუფრის გამრუდებული კულტი, პათეტიკური დამოკიდებულება ქვეყნისადმი. იმიტომ რომ საქმე არაფერი ჰქონდათ საკეთებელი და მართალი ხართ, სადღეგრძელოებით სიყვარულის დასაბუთებაც იქიდან იწყება. ომში ქართველი, ფაქტობრივად, აღარ იბრძოდა, რუსეთის ომებში იყო ჩაბმული. საქართველოსთვის ბრძოლა აღარ არსებობდა. მერე მას დაემატა საბჭოთა პერიოდის ღირებულებათა ის სისტემა, რომლის ერთგულების უფლება საბჭოთა რეჟიმმა მოგვცა – დაწყებული სტალინით, როგორც ქართული ღირებულებით, რასაც ადამიანები შეეწირნენ და დამთავრებული ქართული სიმღერებითა და ცეკვებით, მაგრამ ეს, ხომ, არ იყო ნამდვილი ღირებულებები?! ამდენად, ახლა გადავერთეთ რეალურ ცხოვრებაზე და მე ძალიან მადლიერი ვარ რეალური ცხოვრების იმ მხრივ, რომ, თუ ძველს შევადარებთ, ქართველ სამხედროებს ბოლო 30 წელიწადში საქართველოსთვის არ უღალატიათ.

– დიახ, თითქოს არსაიდან რომ აღარც გეგონა, რომ იქნებოდნენ, გაჩნდნენ შინდისის ბრძოლის ბიჭები, გიორგი ანწუხელიძე, რაც ადასტურებს ქართული სულის უწყვეტობას. თითქოს ისინი გაცოცხლდნენ, რომლებითაც ჩვენ ისტორიიდან ვამაყობდით.

– ასეთი გმირები ადრეც იყვნენ, მაგრამ მათ გვერდით მოღალატეებიც გვყავდნენ, დღეს კი ომებში მოღალატეები არ გვყოლია.

– სასწაული ამბავი მოხდა 2008-ში, ჯარი არ გაქცეულა ბრძოლის ველიდან, სარდლობა გაიქცა.

– ჩვენ რაღაცები დავკარგეთ, თქვენს ნათქვამს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ რაღაცები უკეთესიც მოხდა. მე მგონი, რაც უნდა დაგვეკარგა, არცაა გასაკვირი, რომ დავკარგეთ, იმიტომ რომ ბევრ რამეს დაჰკრავდა ხელოვნურობის იერი, მაგრამ, რაც შემოვიდა, იმან ვერ მოახერხა ყველაფრის წალეკვა. ხელოვნება თითქმის აღარ გაქვს, მაგრამ სინანული მაინც შეგვრჩა, რომ ხელოვნება ის აღარ არის, რაც იყო. მეცნიერება თითქმის აღარ გაქვს, მაგრამ ვნანობთ და ასე შემდეგ. იმის თქმა მინდა, რომ უფრო მეტად შეიძლებოდა, დანგრეულიყო ქართული სინამდვილე იმ ქარტეხილში, რაც მან გამოიარა. ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლების სათავეში გყავდა გუნდი, რომელიც ილაშქრებდა ბევრი ქართული საქმის წინააღმდეგ: გინდ ეკლესიის, გინდ მეცნიერების და გინდ ხელოვნების. და მაინც ბევრი რამ შენარჩუნდა, თუ არ განვითარდა, არ დაინგრა ისე, როგორც შეიძლებოდა, დანგრეულიყო. ამიტომ, მგონი, ის რთული პერიოდი, რაც დაგვიდგა, ჯერ არ დამთავრებულა, იმიტომ რომ ის ცხოვრება, რისკენაც დამოუკიდებლობის მერე მივდიოდით, ჯერ არ დამდგარა: კაპიტალიზმი, ბურჟუაზიული ცხოვრების წესი, ფულის პრიმატი... შევხედოთ დასავლეთს, რით ცხოვრობს?! მაგრამ, მეორე მხრივ, ისეც არ დაკარგულა რაღაცები, რომ განვითარების შანსი მოესპო.

– ანუ ისევ იმ ფაზაში ვართ: არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს?

– ასე გამოდის,

– ყაზახეთში დალეწეს, დაწვეს ყველაფერი და ამ ფაზას ჩვენ აშკარად გადავახტით, იმ ფაზასაც, რაც ბელარუსში მოხდა, რაც ლუკაშენკომ გაბედა.

– ყოველ შემთხვევაში ასეთი ძლიერი ფორმით არ გაგვივლია. გასული საუკუნის 90-იან წლებში დავანიავეთ სახელმწიფო ქონება, თუმცა ეს სახელმწიფოსთვის ხიფათს არ შეიცავდა, იმიტომ რომ სახელმწიფო არ გვქონდა, ყაზახებმა კი 30 წელიწადში შეკოწიწებული სახელმწიფო, რაც შეძლეს, თავზე დაიმხეს.

– ძალიან განვიცდი ტყვეთა სყიდვის ფაქტს და ცოტა დავმშვიდდისავით, როცა შევიტყვე ფრანგული ზღაპრების სიუჟეტები, მაგალითად, ოჯახში შვიდი შვილი ჰყავდათ და ერთი გაყიდეს ან ვიხსენებ, რომ იაპონიაში მშობლები გოგონებს პატარაობიდანვე ჰყიდდნენ გეიშებად.

– ამდენად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენთან განსაკუთრებული არაფერი ხდება... ახალ ენას რომ სწავლობს ადამიანი, ხომ სასურველია, თითქოს, რომ ძველი ენა დაავიწყდეს? მაგრამ, ხომ, ფაქტია, რომ შერეული ფორმით იწყება სწავლა?! გადმოდის ძველი ელემენტები და უცხოურ ენაზე ლაპარაკობს ქართული აქცენტით ან წინადადებას აგებს ქართული კონსტრუქციით, ან აქაური სომეხი რომ იტყვის, ბრძოლობდაო, კონსტრუქცია სომხურია, მაგრამ შეთავსებულია ქართულ ენასთან. როგორც ჩანს, ყველაფერი ასე ხდება. მაგალითად, წარმართული სიმღერები მრავალხმიანი იყო, მაგრამ ქრისტიანობა რომ შემოვიდა, შეერწყა ქრისტიანობას და ყველა ქვეყანაში, სადაც ახალი რელიგია შევიდა, ძველი რელიგიების საძირკველს დაეყრდნო. ახალი რომ გამოჩნდება, იმ ახალს ძველის საშუალებით იღებს ადამიანი. საცივი ინდური საჭმელია, მაგრამ ქართველებმა თავიანთ გემოვნებას მოარგეს. ასე რომ, ძველის მიხედვით ახლის მორგება, ეტყობა, ჩვეული რამაა. ასევეა, ალბათ, ღირებულებებიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...