პოლიტიკა

რატომ დაკარგა ქართველმა საზოგადოებამ მოლოდინი, რომ თავად შეუძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 22.06

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

ჯერ კიდევ პანდემიის მიმდინარეობისას უჩიოდნენ ადამიანები, თუ როდის დავუბრუნდებოდით ჩვეულ ცხოვრებას – პანდემიამ, მართლაც, ამოაგდო კაცობრიობა იქამდე არსებული წეს-ჩვევებიდან, რასაც ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომიც დაემატა და მორიგი გაფრთხილება, რომ ახალი პანდემიაა მოსალოდნელი. მაშინაც და ახლაც პირადად მე მიჩნდებოდა კითხვა: რას ნიშნავს „ჩვეული ყოფა“, მით უმეტეს, რომ სწორედ იმ ყოფის შედეგად მივედით პანდემიამდე (რისთვისაც მსოფლიო აშკარად მოუმზადებელი იყო) და ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებამდეც, რაც სინამდვილეში დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა უკრაინის ტერიტორიაზე. ამ მოვლენების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.

– პანდემია იმიტომ ჩავრთე ჩამონათვალში, რომ ის საკმაოდ უცებ გამოჩნდა და ასევე უცებ გაუჩინარდა, რამაც, ვფიქრობ, ცხადი გახადა, რომ ამ ამბავში ადამიანის ხელიც ურევია, მით უფრო, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი არაფრისგან მოვლენის შექმნა. რატომ დავარქვით „ჩვეული ყოფა“ იმას, რამაც ასეთ არეულობამდე მიიყვანა მსოფლიო?

– ძალიან ფსიქოლოგიური თემაა, ერთი მხრივ, ეს არის ჩვენი, ქართველი საზოგადოების, ცხოვრების ხედვა ქართული კულტურიდან, ხოლო, მეორე მხრივ, რაკი ქართველი საზოგადოება არ არის ჩრდილო კორეა და მას შემდეგ, რაც „რკინის ფარდა“ მართლაც ჩამოიშალა საბჭოთა კავშირის ნგრევით, ჩვენთან ის ტალღები და სიო, რაც ევროპაში, ამერიკასა თუ სამყაროშია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოდის, რაც აისახა პანდემიითაც. თუ ჩვენს ჩვეულებრივი ცხოვრების წესს, რომელსაც ვუკავშირებთ წარსულს და ეს წარსული არის ჩვენი ისტორიული მეხსიერება, რომელიც ეხება საქართველოს ძველ, უახლეს, საბჭოთადროინდელ და ახლანდელ ვითარებას, ასე შევხედავთ, დიდი პრობლემის წინაშე ვართ და თუმცა ეს პრობლემა მწვავეა ევროპაშიც, ამერიკაშიც და სამყაროშიც, კიდევ უფრო მძაფრად დგას პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის, საქართველოში. ვგულისხმობ, თუ რას ნიშნავს „ჩვეული ყოფა“ და როგორ უნდა დავუბრუნდეთ მას. მაგალითად, რუსეთში ეს პრობლემა შეფასებული იყო, როგორც „ეგზისტენციური სიცივე“; იოსებ ბროდსკის სიტყვებია მისი ლექსიდან და, თუკი ამას „გადმოვთარგმნით“, ეს ნიშნავს საზოგადოებაში ზიზღს ადამიანის მიმართ და ეს, მართლაც, მოიმკა ბროდსკიმ, როდესაც გამოაპანღურეს რუსეთიდან, უკან აღარც დაბრუნებულა, დაკრძალულია ვენეციაში. რა არის საქართველოსთვის „ჩვეული ყოფა“ და რა შეიძლებოდა, ეთქვა ამაზე მსგავს პოეტსა და მოაზროვნეს? ჩვენთანაც არანაკლები ეგზისტენციური პრობლემაა, რაც შეიძლება, შეფასდეს, როგორც „ეგზისტენციური უდაბნო“. ეს ტერმინიც რომ „გადმოვთარგმნოთ“ ქართულ რეალობაში, სადაც ეგზისტენციური სიცხეა, ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგდოებას უჭირს თვითორგანიზება.

– მე მგონი, ჩვენთან რომ ზიზღია გამეფებული ადამიანისადმი, ასეთი უნდა ზიზღი.

– მიჭირს იმის დიაგნოსტირება, როგორია ჩვენს საზოგადოებაში ადამიანისადმი დამოკიდებულება, მაგრამ, თვითორგანიზების მძაფრი პრობლემა რომ გვაქვს, ფაქტია. ჩვენ გვეგონა, რომ, თუ დამოუკიდებლები ვიქნებოდით, წინ ვერაფერი დაგვიდგებოდა და ბედნიერად ვიცხოვრებდით მხოლოდ იმიტომ, რომ დამოუკიდებლები ვიქნებოდით.

– აი, ასეთი მიდგომა, მაინც ინფანტილიზმის შედეგი მგონია, ბავშვობაში ჩავრჩით, როდესაც თამაშს არავინ გვიშლიდა და ჩვენზე ისე ზრუნავდნენ, ვერც ვგრძნობდით. ჩვენ ეს მდგომარეობა აღვიქვით, მგონი, თავისუფლებად. ჩვენ ვითამაშებდით სახელმწიფობანას და მთელი ცივილიზებული სამყარო იზრუნებდა, რომ ამ თამაშისთვის კომფორტული პირობები შეექმნა.

– რა შედეგი მოგვიტანა ამ ინფანტილიზმმა, რაც შეიძლება, დაერქვას ჩვენს მოლოდინებს დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ისე, რომ თავისუფლებაზე წარმოდგენაც არ გვქონია?! აქამდე მაინცდამაინც არავის ვეხებოდით პიროვნულად და არც ინსტიტუციებს ვახსენებდით, მაგრამ დღეს, რადგან ასეთ თემაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ღირს შევეხოთ. რა მივიღეთ ზემოხსენებული მოლოდინებით, როგორია ჩვენი დღევანდელი საზოგადოება? მოლოდინი, რომ, როგორც გვინდა, ისე შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, გადაიზარდა განწყობაში, რომ ეს ისევე შეუძლებელია, როგორ შეუძლებლადაც ჩანდა საბჭოთა კავშირში თავისუფლება. შევხედოთ ჩვენს დღევანდელობას როგორც ეგზისტენციურს, ისე პოლიტიკურს: პოლიტიკური მოთამაშეები განსაზღვრავენ საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და სოციალურ ცხოვრებას და რას ვუყურებთ, როდესაც ჩავრთავთ ტელევიზორს? არის რაღაც დღის წესრიგი, რომელიც, ფაქტობრივად, არ იცვლება და ვერც ვცვლით, შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება გამოიყურება ასე – გვყავს ორი პარტია; ერთი ყოფილი, ერთი მოქმედი და რაღაც ოპოზიცია. დავარქვათ მათ ფსიქოლოგიური სახელები: ყოფილი მმართველი პარტია, ასოცირებული სააკაშვილთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არის სასტიკი, გაიძვერა, თვალთმაქცი ბავშვი; მმართველი პარტია იმავენაირად რომ განვასხეულოთ ადამიანის ფორმაში, ეს არის უსახო, უპიროვნო, თვალთმაქცი ბავშვი; ანუ ორივენი მშობლებთან თვალთმაქცობენ, უბრალოდ, ყოფილები სასტიკები არიან, მოქმედები – უსახურები; არანაკლებ მძიმე შემთხვევაა „მესამე შვილი“, ანუ დანარჩენი ოპოზიცია: გონებაჩამორჩენილი, მსხვერპლის როლში მყოფი, უსუსური ბავშვი. და აი, ეს მოთამაშეები, „ბავშვები“, რომლებიც მოკლებულნი არიან ყოველგვარ პასუხისმგებლობას, განსაზღვრავენ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალურ ცხოვრებას. როგორი შეიძლება, იყოს გამოსავალი ამ ეგზისტენციური უდაბნოდან? რა გვინდა ჩვენ, როგორც საზოგადოებას, როგორც ერთად მყოფ ადამიანებს, რომლებსაც გვაერთიანებს ენა, კულტურა, რელიგია, წარსული, ტკივილები, რაც განგვიცდია საერთო გამოცდილებით?! არც ერთი გზა არ არის ნათელი – არც დისპოზიციური, ანუ ძირითადი და არც სიტუაციური. სიტუაციურია, მაგალითად, ომი უკრაინაში და ჩვენ არ ვიცით, საით მოძრაობს საქართველო: უკრაინასთან ერთად უნდა ჩაებას ამ ომში თუ ცალკე უნდა იყოს?! რა არის ის საყრდენები, რაც მიგვანიშნებს ძირითად და სიტუაციურ გამოსავალს?! სამყაროში მიდმივად ხდება მოულოდნელობები და ჩვენ უნდა გვქონდეს საპასუხო რეაქციები. შედარება უფრო ნათლად გვიჩვენებს პრობლემის არსს: მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული ძირითადი გზაც და სიტუაციურიც. სიტუაციური გზის მაგალითია, როდესაც შვედეთმა და ფინეთმა, თუმცა ძალიან დალაგებული სოციალური ცხოვრება და ორიენტირები აქვთ, გადაწყვიტეს „ნატოში“ შესვლა, როდესაც სიტუაცია შეიცვალა და რუსეთიდან საფრთხე წამოვიდა. იმის თქმა მინდა, როგორი ნათელი რეაქცია აქვს იმ საზოგადოებებს ცვლილებებზე.

– ფინეთსა და შვედეთს კი აქვთ ნათელი რეაქცია, მაგრამ „ნატო“ ან მიიღებს, ან ვერა.

– ეს „ნატოს“ საქმეა, მაგრამ როგორ ცოცხლად, გონიერად და ჯანსაღად იქცევიან ეს ქვეყნები?! იციან, რა უნდათ, რისკენ მიდიან, პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ თავზე, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენ ამ უდაბნოში არც დისპოზიციური რეაქცია გვაქვს და არც სიტუაციური.

– მე, როგორც ვაკვირდები, ჩვენთან ყველაზე გამოხატულია თვითგანადგურების მექანიზმი, რაც საზოგადოების უამრავი რეაქციიდან ჩანს.

– დიახ, ეს ზუსტად იმის გაგრძელებაა, რომ არ გვაქვს გაცნობიერებული პასუხი არც ძირითადად და არც სიტუაციურად. ამიტომაც ერთვება უამრავი ინსტინქტი, უამრავი დესტრუქციული ძალა და თითოეულს შეუძლია, გაგვიყოლოს. საკმარისია, რაღაც მოწოდება, მანიპულაცია პარტიის, საზოგადოების, ადამიანთა ჯგუფის, რომ სოციუმი მაშინვე ექცევა ამ მანიპულაციის ზეგავლენის ქვეშ და ნებისმიერი სისულელე შეიძლება, ჩავიდინოთ. კარგია შედარება, მაგრამ დიაგნოზის დასმაც არ იქნება ურიგო: რატომ ვიქცევით ჩვენ ასე და ისინი – სხვაგვარად? მათ რაღაც სხვა საყრდენები აქვთ, რაც საშუალებას აძლევთ, რომ ძირითადი გზაც აირჩიონ და სიტუაციურადაც იმოქმედონ, როგორც გონიერმა, ეთიკურმა, ჯანსაღმა და ცოცხალმა საზოგადოებამ; მოირჩინონ წყლულები, რაც უნდა მოხდეს მათ მიკროგარემოსა და, ზოგადად, რეალობაში. ჩვენსა და მათ შორის განსხვავება გამოიხატება იმით, რომ იმ საზოგადოებებში პიროვნებები იჩენენ პასუხისმგებლობას; როგორც ოჯახში მშობელი იღებს პასუხისმგებლობას შვილებზე, ასეთივე პასუხისმგებელია ქვეყანაზე ის პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც მართავენ იმ ქვეყნებს. ჩვენს სასტიკ, უსახურ პოლიტიკოსებში კი სოციალური „ჩვენ“ გაჟღენთილია პიროვნული „მეთი“. გავიხსენოთ, როგორი პოლიტიკოსები ჰყავთ სკანდინავიის ქვეყნებში: არც ისე გამორჩეულად ჩაცმულ-დახურულები, რომლებიც ველოსიპედებით დადიან პარლამენტში.

– მე მიფიქრია ამაზე: მთლად ამ ჩვენი სასტიკი და უსახური ბავშვების ბრალიც არ არის, ჩვენი საზოგადოება სცემს პატივს არც ისე კარგად ჩაცმულ ველოსიპედისტ ჩინოვნიკსა თუ პოლიტიკოსს?

– დიახ, ჩვენი საზოგადოება არ სცემს პატივს. იმის ხაზგასმა მინდა, რომ მათი წამყვანი პოლიტიკოსები არიან მორალური, ფასეულობაზე ორიენტირებული, არც ძალიან რესპექტაბელური, მაგრამ გატაცებული არიან საზოგადოებრივი მსახურებით; ზოგჯერ ძალიან უცნაურადაც გამოიყურებიან ის ადამიანები, ოღონდ საზოგადოება ამჩნევს მათ, მათ პასუხისმგებლობას, ინიციატივას, ემსახურონ საზოგადოებას, ანდობენ თავიანთი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების საჭეს და ასეთი ადამიანები მართავენ იმ საზოგადოებებს და ისინი არ არიან არც მდიდრები...

– თუმცა აშშ-ში სხვანაირად არის, მდიდარი თუ არ ხარ, ავტორიტეტს ვერ იხვეჭ და ვერც პოლიტიკოსი გახდები.

– დიახ, მაგრამ ახლა სკანდინავიაზე ვამახვილებ ყურადღებას, მათ სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკოსებზე. გეთანხმებით, რომ ამერიკაში ეს ყველაფერი კიდევ რაღაც სხვა პრიზმაშია გატარებული, მაგრამ, მეორე მხრივ, პიროვნული პასუხისმგებლობა იქაც თვალშისაცემია. როგორ გამოიყურება „ჰოლივუდის“ ჩვენი დროის გმირი? პატარა ქალაქში, რომელშიც შერიფი შეკრულია კრიმინალებთან და ცუდადაა საქმე, მოდის ერთი ადამიანი და მოაქვს სამართლიანობა, საზოგადოებრივი ინტერესების მხარდაჭერა, ანუ ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება, პიროვნებამ შემოიტანოს პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკარგულია და მოაგვაროს პრობლემები. ესე იგი, წინაა წამოწეული ადამიანის პასუხისმგებლობა, მაშინაც კი, როდესაც ასეთი ადამიანი მარტოა. ეს მიდგომა ენათესავება სკანდინავიელ პოლიტიკოსს, ვინც ველოსიპედით დადის, თუმცა ამერიკულ სინამდვილეში ცოტა სხვანაირად გამოიყურებიან პოლიტიკოსები და მოხელეები, მაგრამ ერთი კეთილშობილი დ პასუხისმგებლობიანი პიროვნება მაინც იმარჯვებს.

– ჩვენ პიროვნებების დეფიციტიც გვაქვს.

– დიახ, ამის თქმა მინდა. ჩვენი საზოგადოება იოლად ხდება ან სასტიკი „ნაციონალების“, ან უსახო მმართველი ძალის, ან უსუსური და გონებაჩლუნგი ბავშვის მსგავსი ოპოზიციის მხარდამჭერი. უდაბნო ჩვენ გარშემო არის იმიტომ, რომ დავკარგეთ პიროვნული პასუხისმგებლობა და პიროვნული მაგალითები, რაც ამერიკასა თუ სკანდინავიაში ასე აშკარად ჩანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...