რატომ დაიწყო გეოპოლიტიკური ბრძოლა საქართველოსთვის, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.09

მართალია, დმიტრი მედვედევი საეჭვოა, იღებდეს მონაწილეობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ახმოვანებს განცხადებებს განსჯისთვის. შესაბამისად, ახლახან რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ გვაცნობა, რომ რუსეთს არ სურს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორება და არც დე ფაქტო აფხაზეთისა და „იუჟანაი ოსეტიას“ მიერთება, თუმცა მოუწევს, თუ დასავლეთი არ შეცვლის თავის პოლიტიკას. კერძოდ, ახსენა, რომ კვლავ საუბრობენ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებაზე და, ასევე, უკმაყოფილოდ შენიშნა, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები იზრდება (თითქოს ჩვენი სეპარატისტული ტერიტორიების აღიარების გამო მადლობის დეპეშებს უნდა ვაგზავნიდეთ კრემლში). საგულისხმოა, რომ მედვედევმა მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკებებისთვის გაეროს სულისკვეთებით, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, გაეროს რომელ სულისკვეთებას გულისხმობდა: ტერიტორიული მთლიანობის თუ ერთა თვითგამორკვევის პრინციპს. დმიტრი მედვედევის განცხადების პოლიტიკურ მესიჯებს მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ვინ არიან მედვედევის ამ განცხადების ადრესატები? პირადად მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ საერთოდ არ განგვიხილავენ მოლაპარაკების მხარედ. ევაჭრებიან დასავლეთს.
– იქ მთელი წყებაა გზავნილების, მაგრამ იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ჟირინოვსკის სიკვდილის შემდეგ მედვედევი, ფაქტობრივად, კრემლის პოზიციის გამხმოვანებელია. თუ ზახაროვა და ლავროვი ოფიციალურ კურსს აშკარად ახმოვანებენ, მედვედევი ოფიციალურ კურსს ახმოვანებს, როგორც თავის ნააზრევს, სინამდვილეში კი ეს არის კრემლის ოფიციალური პოზიცია, მოსინჯვა. მას ჟირონოვსკის ქარიზმამდე ბევრი უკლია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისე არ არის, როგორც ზოგიერთი ოპოზიციონერი ან ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ მედვედევი მასხარაა და ყური არ უნდა დავუგდოთ, მასხარაა თუ არა, მისი ნათქვამი არის გზავნილი კრემლიდან.
რაც შეეხება გზავნილებს: გზავნილებია როგორც დასავლეთის, ისე საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს საზოგადოების მიმართ. სხვათა შორის, არის გზავნილები სეპარატისტული საზოგადოებებისა და მათი დე ფაქტო ხელისუფლებების მიმართაც და, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არის გზავნილი რეგიონის ქვეყნებისადმი. გნებავთ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ვთქვათ ზოგადად ან მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე. ესაა გზავნილების ნუსხა, დანარჩენი ცალ-ცალკე განვიხილოთ.
– დასავლეთი ისევ ლაპარაკობს საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებაზეო. აღარც ილაპარაკოს?
– შემიძლია, ასე გიპასუხოთ: ილაპარაკოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ილაპარაკებს თუ არა დასავლეთი, კრემლიც იმას ილაპარაკებს, რასაც აქამდე ამბობდა, რომ წინააღმდეგია საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების. აქ ცოტა სხვა ნიუანსებია: პროცესები მაინც მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე – წვრთნები თუ სხვა დელიკატური საკითხები, მიუხედავად ოპოზიციის მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ დასავლეთისთვის მიუღებელია დღევანდელი ხელისუფლება. მიუღებელია თუ მისაღები, დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს როლი და ფუნქცია იმდენად გაიზარდა როგორც დასავლეთისთვის, ისე კრემლისთვის, რომ გააფთრებული ბრძოლაა გავლენებისთვის და კარგა ხანია, ასეთი ტიპის ბრძოლა ჩვენ არ გვინახავს. საქმეში ჩაუხედავ მკითხველს გაუკვირდება, რა ბრძოლაზეა ლაპარაკი, როდესაც მედიისა და ოპოზიციის მიერ გავრცელებული განცხადებები არ სცილდება იმის შეფასება, ვინ როგორც განცხადებებს აკეთებს საქართველოსადმი. სინამდვილეში ასე არ არის, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური სურათი ძალიან სწრაფად იცვლება, ახალ-ახალი გამოწვევები ჩნდება. მაგალითად, ევროპის ახალი მწვავე გამოწვევაა ნედლეულის მნიშვნელოვანი დეფიციტი და ეს დეფიციტი მხოლოდ რუსეთიდან კი არ შეექმნათ, არამედ აფრიკიდანაც. მინიმუმამდე შემცირდა ნედლეულის მიწოდების არხები.
– რუსეთი ბლოკავს მიწოდებას სამხრეთ აფრიკიდან?
– ზოგჯერ რუსეთი ბლოკავს. ჩვენ ვაკვირდებით „ბრიქსის“ აქტიურობას აფრიკულ კონტინენტზე და აფრიკულ ქვეყნებს შორის არსებულ განხეთქილებას, რაც გამოაჩინა ნიგერიის მოვლენებმა. სინამდვილეში ეს პროცესები დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ძველი გავლენა, რაც ევროპის ქვეყნებს ჰქონდა აფრიკის კონტინენტზე, განსაკუთრებით, საფრანგეთს, კატასტროფულად შემცირდა. აფრიკაში ევროპიდან სიტუაციის დალაგება მხოლოდ საფრანგეთს შეეძლო. მისი გავლენა აფრიკაში კი ძალიან შემცირდა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთს. ევროკავშირისთვის ნედლეული იქიდან მოდიოდა, რაც შემცირდა; რუსეთიდან ხომ შემცირდა და შემცირდა. ეს ნედლეული არ არის მხოლოდ ენერგომატარებლები, იქ კიდევ სხვა ტიპის ნედლეულია, რომელიც ევროპას სასიცოცხლოდ სჭირდება წარმოებისთვის. მოკლედ, ევროკავშირი ახლა იბრძვის ამ ბაზრის ნარჩენების შესანარჩუნებლად და ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია და, აქედან გამომდინარე, კავკასია.
– ცენტრალური აზია, როგორც ნედლეულის წყარო და სამხრეთ კავკასია, როგორც დერეფანი.
– არა მხოლოდ დერეფანი, ნედლეულის წყაროც, აზერბაიჯანი აქაა. თან, საფრანგეთმა ძალიან გაიფუჭა ურთიერთობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებთან, რომლებიც ნედლეულს აწოდებდნენ. უპირველესად, ვგულისხმობ მის გაფუჭებულ ურთიერთობას თურქეთთან. დღეს თურქეთს ევროპაში კონსულტაციების დონეზე ურთიერთობა აქვს გერმანიასთან და ბრიტანეთთან, მაგრამ ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი. მოკლედ, სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. რუსეთისთვის კი სამხრეთი კავკასია ტრადიციული გავლენის სფეროა, სადაც ძალიან შეავიწროვა, ასევე, ტრადიციული გავლენის მქონე თურქეთმა. ამას დაემატა ჩინეთის გავლენა და ახალი პროექტები, რომლებიც გულისხმობს ევროკავშირთან ახალი სავაჭრო სისტემების შესაქმნელად ახალი გზების ძიებას და ამ მიზნით სამხრეთ კავკასიის გამოყენებასაც. იმის თქმა მინდა, რომ ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ გააფთრებული ბრძოლაა ამ რეგიონისთვის, რომელშიც ჩვენ, ერთი შეხედვით, პასიური მაყურებლის როლი გვაქვს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ 2024 წლის არჩევნები მხოლოდ საქართველოს შიდა პრობლემა არ არის, ანუ მხოლოდ შიდა დაპირისპირება არ იქნება. სერიოზული დაპირისპირება იქნება მსხვილ მოთამაშეებს შორის, რომ თავიანთი გავლენების ხარისხი გაზარდონ საქართველოში. ამდენად, აქ მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეცოდინება საქართველოს საზოგადოებას ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რამდენად გააცნობიერებს ამას ხელისუფლება და გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯებს.
–მედვედევმა ახსენა გაეროს სულისკვეთებით მოლაპარაკება. რას გულისხმობდა? რომელ ერთ სულისკვეთებას?
– არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს შირმაა, რომელსაც იყენებენ სიტუაციის მიხედვით. თორემ გაეროს უამრავი დოკუმენტი აქვს შექმნილი რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ კავკასიაში, ყარაბაღი იქნება ეს თუ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, რომლებსაც რუსეთი არ ასრულებს და ახლა, რატომღაც, გაერო გაახსენდა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, „პოზიტიური“ გზავნილიც დავინახოთ, რომ ჩვენ საქართველოსთან საუბარი გვექნება ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსსა და საზოგადოების წარმომადგენელს უნდა, რომ ეს დაინახოს მედვედევის ამ ნათქვამში.
– მე თანაბრად ვხედავ, ამასაც და იმასაც.
– მაგრამ ამის შესახებ ჩვენსა და რუსეთს შორის საუბარი დამთავრებულია, გარდა ამისა, რუსეთისთვის ახლა არ არის მოგებიანი ამ თემებზე საუბარი, იმიტომ რომ თავად აქვს ეს პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ გარედან არ ჩანს. რუსეთში სეპარატიზმს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს და ამ საქმეში, სხვათა შორის, ჩრდილო კავკასია არ არის ლიდერი, სხვა რეგიონები არიან.
– ჩრდილო კავკასიაზე გაცილებით მდიდარი და წელში გამართული სტრუქტურულადაც და ფინანსურადაც.
– დიახ და, სხვათა შორის, რუსული რეგიონები, როგორებიცაა ციმბირის, შორეული აღმოსავლეთისა და სხვები... იმის თქმა მინდა, რომ, მართალია, თქვენი კითხვა აბსოლუტურად სწორია, მაგრამ არ მგონია, რომ კრემლი ამაზე აკეთებდეს აქცენტს. გზავნილის მთავარი შინაარსი ის მგონია, რომ აი, ჩვენ ვაპირებთ, მოვიქცეთ ისე, როგორც გაეროს წესდება გვკარნახობს, ანუ იმედის მიცემა ქართველი საზოგადოებისთვის. მოდი, შევხედოთ, როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე აფხაზებს...
– მოსალოდნელიც იყო, რომ ძალიან ცუდი.
– აფხაზმა საზოგადოებამ მედვედევის ეს განცხადება მიიღო, როგორც მუქარა. აფხაზეთში ასეთი ფორმულაა: თუ მოსკოვმა და თბილისმა მოილაპარაკეს, მიგვატოვებენ და დაუთმობენ ჩვენს თავს თბილისს, თუ ვერ მოილაპარაკებენ, მიგვიერთებს რუსეთი. უროსა და გრდემლს შორის მოხვდნენ და ობიექტურად უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ბევრად მწვავე რეაქცია მოჰყვა მედვედევის ამ განცხადებას, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
– ცხინვალი გაყურსულია, თუმცა რუსეთთან შეერთება მათი ლამის ცისფერი ოცნებაა.
– ცხინვალის საზოგადოება აბსოლუტურად ინერტულია ასეთი ტიპის აქტივობებისადმი, იმდენად შეგუებულები არიან თავიანთ ყოფას. ცხინვალის მდგომარეობას სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, ქალაქ ცხინვალის, დასაქმებულია რუსეთის სამხედრო ბაზებზე, სამხედრო მოსამსახურედ, დამლაგებლად, მზარეულად, დაცვის წევრად... ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, ფაქტობრივად, ერთი დიდი სამხედრო ბაზაა. ყველანი ჩართულები არიან ამ სამხედრო ბაზის მუშაობაში. ამასთან, მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოდაა წასული რუსეთში. ყველაზე კარგ დროს 25 000-30 000 ადამიანი თუ ცხოვრობს იქ. საერთოდ, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ოსი საზოგადოება, აფხაზებისგან განსხვავებით, ყოველთვის ცდილობდა, მორგებოდა სიტუაციას. ასეა თუ ისე, მათგან არანაირ აქტივობას არც არავინ ელოდება. მთავარია აფხაზეთი და აფხაზეთისადმი დამოკიდებულება მოსკოვში, რომელიც საკმაოდ ამრეზილია. იმიტომ რომ აფხაზების პოზაში დგომით დაიღალნენ. იქაური დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაც ამბებს თხზავენ, მაგალითად, რომ საქართველო ხელს არ აწერს ძალის გამოყენების განუახლებლობის შესახებ დოკუმენტს და ამიტომ მოსალოდნელია, რომ თბილისმა სამხედრო მოქმედებები წამოიწყოს. ამას იგონებენ, რომ გადაფარონ ის გაღიზიანება, რაც მედვედევის განცხადებას მოჰყვა. თუმცა, ვერ გადაიფარება, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია თემა, რომელიც იმ ტერიტორიების დათმობას ეხება, რასაც რუსეთი ითხოვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...