პოლიტიკა

რატომ დაიღუპა 2020 წელს საქართველოში არაფიზიოლოგიური მიზეზით თითქმის იმდენივე ადამიანი, რამდენიც კოვიდით და არის თუ არა ეფექტიანი სხვადასხვა რასის ადამიანისთვის ერთი და იგივე ვაქცინა

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 22.09

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

სტატისტიკა, ერთი მხრივ, უმადური საქმეა, იმიტომ რომ გაშუალებული მონაცემი მთლად ზუსტადაც ვერ ასახავს სინამდვილეს, მეორე მხრივ კი, ამ მონაცემების გარეშე ვერც ზოგად სურათს დაინახავ, თუმცა არის მესამე მხარეც, როდესაც სტატისტიკა არასრულყოფილია (აკლია რომელიმე მონაცემი, არ არის შედარების საშუალება, გაკეთებულია არაკეთილსინდისიერად), საერთოდაც, მცდარ სურათს ვიღებთ. ყოველდღიურად გვიცხადებენ (არა მხოლოდ ჩვენ – სრულიად მსოფლიოს) კოვიდსტატისტიკას, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობას, თუმცა არ ვიცით, როგორი არის და იყო ყოველდღიური მოკვდაობის მაჩვენებელი და არც ის, რა დაავადებებით იღუპებოდნენ ადამიანები. ცნობისთვის: სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესია, იცოდეს, რა დაავადებებით ეღუპება მოსახლეობა, რათა გაატაროს პრევენცია (სწორედ, ამას ემსახურება პირველადი ჯანდაცვის სისტემა), რის შედეგადაც ეყოლება ჯანმრთელი მოსახლეობა (რაც აუცილებელი რესურსია სახელმწიფოსთვის) და, მეორე მხრივ, მოსახლეობა და ბიუჯეტი თანხას არა მკურნალობას, არამედ კეთილდღეობას მოახმარს. რა დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ჯანდაცვის დღევანდელი სტატისტიკა არა მხოლოდ ჩვენთან, მთელ მსოფლიოში? – ამ საკითხზე პასუხების მიღებას იოსებ არჩვაძისგან შევეცდებით.

– ადამიანები ყოველდღიურად ეცნობიან კოვიდის არც თუ სასიამოვნო სტატისტიკას, თუმცა, სტატისტიკური მონაცემი რომ სანდო იყოს, უნდა ვიცოდე სრული სტატისტიკა, დათვლის მეთოდოლოგია და მქონდეს ამ მონაცემების შედარების საშუალება. ვცდები?

– სტატისტიკა ყოველთვის იყო საზოგადოების შემეცნების იარაღი, მაგრამ ინფორმატიკის პირობებში მისდამი მოთხოვნა გაიზარდა. იმიტომ რომ ადამიანებს მხოლოდ მათ გარშემო მიმდინარე პროცესები კი არ აინტერესებთ, არამედ შედარებები სხვაგან მიმდინარე პროცესებთანაც და ამას თავიანთი ინტერესის ორგანულ ნაწილად განიხილავენ. ორიოდე წლის წინათ, ავსტრალიაში რომ ხანძარი იყო, საქართველოს მოსახლეობის შეგნებული ნაწილი განიცდიდა ავსტრალიელი კოალას თათების დაწვას, ისევე, როგორც გულთან მიიტანა ამაზონის ჯუნგლების დაწვა. იმის თქმა მინდა, რომ გლობალიზაციამ და ინფორმაციის ეპოქამ თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანა, ჯერ ერთი, საზოგადოების გათვითცნობიერებაც და ინფორმაციის ნებისმიერი წყაროსადმი წვდომის მოთხოვნილებაც. ინფორმაციის ხბოს აღტაცებით, უკრიტიკოდ მიღება საზოგადოების სულ უფრო მცირე ნაწილს ახასიათებს, დანარჩენი უკვე კრიტიკულად უდგება მიწოდებულ ინფორმაციას ელექტრონული თუ სოციალური მედიიდან და მისი მოთხოვნები მკვეთრად იზრდება. ამიტომ საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფის ყველა ინსტიტუტს და, მათ შორის, სახელისუფლოს ევალება, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და დააკმაყოფილოს ის ინტერესი, რაც შესაძლოა, გუშინ საზოგადოებას არც ჰქონდა. როდესაც ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ლუმპენიზებული ცნობიერების ადამიანებზე კი არ ვამახვილებთ ყურადღებას, არამედ საზოგადოების მოწინავე ნაწილზე.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას: ქვეყნდება ინფორმაცია, რომელიც არასრულია და ინფორმაციის მომხმარებელში უკმარისობის გრძნობას აჩენს. მაგალითად, ყოველდღიურად ქვეყნდება ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ყოველდღიურად რამდენია ლეტალობის საერთო მაჩვენებელი.

– დავაზუსტოთ, ანუ რამდენი ადამიანი იღუპება საქართველოში ყოველდღიურად, სხვადასხვა დაავადებით.

– დიახ, თვალი რომ გადავავლოთ გასული, 2020 წლის, გარდაცვალებათა მონაცემებს (მართალია, კოვიდმა გვიან შემოგვიტია, თებერვლის ბოლოდან დაიწყო და სიჩქარე სექტემბერში აკრიფა), კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 5 პროცენტს ოდნავ აღემატებოდა, მაშინ, როდესაც სისხლის მომიქცევასთან დაკავშირებული მიზეზებით გარდაცვლილთა რიცხვი საერთო რაოდენობის 44 პროცენტი იყო, სიმსივნეებზე მოდიოდა 16 პროცენტი; გარდაცვალებათა, დაახლოებით, 8 პროცენტი კი სასუნთქი გზების დაავადებებით იყო გამოწვეული; თითქმის 4.5 პროცენტი – მოწამვლებით, ტრავმებით, ავარიებითა და სხვა გარეგანი მიზეზებით. საორიენტაციოდ ავიღოთ 2015 წელი: დღე-ღამეში გარდაცვალებათა საერთო რაოდენობა, საშუალოდ, 135 იყო და მაშინ კოვიდის ხსენებაც არ ყოფილა. მომდევნო წელს ამ მაჩვენებელმა დაიკლო 128-მდე, გასულ წელს 138 ადამიანი იღუპებოდა ყოველდღიურად, ხოლო, თუ კოვიდის ფაქტორს გამოვრიცხავთ, 131 ადამიანი. ანუ, საქართველოს მოსახლეობის სტრუქტურიდან გამომდინარე, ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა, წლების მიხედვით, მერყეობს 128-132-ის ფარგლებში და, როდესაც დღეს გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ამა და ამ დღეს კოვიდით გარდაიცვალა 50, 70. 80 ადამიანი, კარგი იქნებოდა, იმავდროულად გვცოდნოდა იმ დღის გარდაცვალებათა საერთო რაოდენობა.

– და რა დაავადებებით. იმიტომ რომ უცნაურია, თითქოს კოვიდის გარდა არაფერი კლავს უკვე ადამიანს.

– დიახ, აი, ესაა საინტერესო. თუ მე ვიცი, რომ, საშუალო სტატისტიკურად, დღე-ღამეში 130 ადამიანი იღუპება და ამბობენ, რომ კოვიდით გარდიცვალა 70 ადამიანი, ეს 70-ით ზრდის ყოველდღიური გარდაცვალების საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს, თუ რაღაც ჩანაცვლება და გადაფარვაა?! ეს კითხვა ისმის, ის ლეგიტიმურია და, სანამ საზოგდოებას არ ექნება ამ კითხვაზე პასუხი, მანამდე გარკვეული სკეფსისი დარჩება. მე სკეპტიკურ ადამიანებს „ანტივაქსერებს“ ვერ ვუწოდებ, ვინაიდან ისინი მოქმედებენ შეგნებულად, გაცნობიერებულად, უნდათ სრული პასუხის მიღება და თავიანთი ჯანმრთელობის დაზღვევა ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე.

– რომ რეალური რისკი გაითვალისწინონ გადაწყვეტილების მიღებისას?

– დიახ. ასევე, საინტერესოა, გარდაცვლილთა საშუალო ასაკი. არც ამის შესახებაა ინფორმაცია. სტატისტიკა, როგორც წესი, აქვეყნებს სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლიობას დაბადებისას, მაგრამ გარდაცვალების ასაკი დგინდება ხუთწლიანი ჯგუფების მიხედვით. და, თუ პირობითად ვიტყვით, რომ იმ ხუთწლიან ჯგუფებში თანაბარი სიხშირით იღუპებიან ადამიანები, რაც, ასევე, პირობითია, იმიტომ რომ თანაბრად არ ნაწილდება, აღმოჩნდება რომ 2015 წელს გარდაცვალებულთა საშუალო ასაკი იყო 71.8 წელი, ხოლო 2020-ში – 72.53. თუმცა 2020 წელს კოვიდით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იყო 71.4 წელი, ხოლო სხვა წლებში – 72.4 წელი. ანუ ერთი წლით უფრო ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალნენ ის ადამიანები, რომლებიც კოვიდით არ ავადმყოფობდნენ, ხოლო კოვიდიანები ერთი წლით უფრო ნაკლები ასაკისანი. ისიცაა, რომ გარდაცვალების საშუალო ასაკი იზრდება და ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და 2020 წელს, კოვიდიანების ჩათვლით, გარდაცვალების რაოდენობა ძალიან ახლოსაა 2015 წელს გარდაცვლილთა რაოდენობასთან. უფრო შორს არ წავედი, თორემ უფრო ადრეულ წლებში გარდაცვალების საშუალო ასაკი კიდევ უფრო ნაკლები იყო. ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა და გარდაცვალების საშუალო ასაკი თანდათანობით იზრდება.

საზოგადოებაში გარკვეულ სკეფსისს აჩენს ის გარემოებაც, რომ მედია-საშუალებები არა მარტო ჩვენთან, არამედ უცხოეთშიც, წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, ჩვენი მედია-საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური ვაქცინა შედეგიანია კოვიდთან ბრძოლაში და ზუსტად იმავე დღის ინფორმაციით, ბრაზილიამ აკრძალა ჩინური ვაქცინების გამოყენება. ჩვენ არ ვიცით, რას უკავშირდება ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, მაგრამ, როდესაც ასეთი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მოდის რიგით მოქალაქესთან, მას უჩნდება კითხვები, რომლებიც ითხოვს პასუხს. ასევე, საყურადღებოა კომერციული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა, ქვეყნებს შორის ვაქცინების განაწილებას საფუძვლად უდევს არა სიიაფე და გეოგრაფიული სიახლოვე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობა. „ფაიზერის“ ვაქცინის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე, მაგალითად „სპუტნიკ V-ის“. რუსეთის ტერიტორიაზე „სპუტნიკის“ ორი დოზის ღირებულება, დაახლოებით, 20 დოლარია, ხოლო ერთი დოზა „ფიზერის“ ღირებულება უკვე 19.5 ევროა. მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, „სპუტნიკ V-ის“ შემოტანის საკითხი არც განიხილება. სხვა საკითხია, მოსახლეობისთვის იქნებოდა თუ რა უფრო ეფექტიანი რუსული ვაქცინა, თუმცა ის მსოფლიოს 70 ქვეყანაშია დაშვებული და ეს 70-ივე ქვეყანა არ არის რუსეთის პოლიტიკური გავლენის სფერო.

– ჩემთვის, ასევე, საინტერესოა, რომ აშშ-ის დაზვერვა ჩინეთს, ფაქტობრივად, ადანაშაულებს ბიოლოგიურ ომში და ამ დროს ჯანმო ამტკიცებს ჩინურ ვაქცინებს, რა, ჩინურ ვაქცინაში რამე ბიოლოგიურად მიუღებელი არ შეიძლება, იყოს?

– დიახ, მაგალითად, ბრაზილიის მიერ ჩინური ვაქცინების აკრძალვა ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ის აღნიშნული რასის წარმომადგენლებისთვის ისეთი ეფექტიანი არ არის, როგორც ყვითელი რასის წარმომადგენლებისთვის? ეს კითხვები ჩნდება და მოითხოვს კვალიფიციურ პასუხებს. ერთი რუსული გამოთქმა გამახსენდა: „რაც რუსს რგებს, გერმანელს კლავს“. ის, რაც შეიძლება, ერთისთვის მისაღები იყოს, შესაძლოა, მეორეს ვნებდეს: ეს ეხება კვების პროდუქტსაც, ინფორმაციასაც და თუ ამას მედიცინას დავუკავშირებთ, შეიძლება, მართლაც აღმოჩნდეს ამა თუ იმ რასის ბიოლოგიური შეუთავსებლობა ამა თუ იმ ვაქცინასთან. როდესაც პასუხები არ არის, წმიდა ადგილი კი ცარიელი არ რჩება, იბადება ეჭვები, შეთქმულების თეორიები. ამიტომ უმჯობესია, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული, ამომწურავი და მართალი პასუხები.

– თუ მიგიმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომ მოგვაწოდონ ყოველდღიურ გარდაცვალებათა საერთო რიცხვი დაავადებების მიხედვით?

– ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ინტერვიუ არის პირდაპირი მოთხოვნა, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაადგინოს წესი, რის მიხედვითაც ჩვენს საზოგადოებას ამ პანდემიისას ექნება სრული ინფორმაცია გარდაცვალებათა ყოველდღიურ და, მათ შორის, კოვიდით გარდაცვალებულთა რაოდენობაზე. ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა, ეს არის სულიერი მდგომარეობაც: სიმშვიდე, შიშისა და სტრესის დაძლევა. ბევრი დაავადების გამომწვევია არასრული ინფორმაციით წარმოქმნილი შიში და გასულ წელს 2019 წელთან შედარებით გარდაცვალებათა ზრდას, გარკვეულწილად, ვუკავშირებ არა მარტო კოვიდს – კოვიდით 2020 წელს 2 600-მდე ადამიანი დაიღუპა – არამედ 2020 წლის სტრესულ მდგომარეობას – ჩაკეტვას, სამსახურის დაკარგვას, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, განწყობის ნეგატიურ ვექტორს. ასე რომ, საზოგადოების სიმშვიდისთვის ჩვენ არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები გვჭირდება, არამედ ის ინფორმაცია, რომელიც ადამიანის სულიერი სიმშვიდის საწინდარი იქნება და ამის ერთ-ერთი პირობა ობიექტური ინფორმაციაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...