პოლიტიკა

რატომ დაედო საქართველოს ფასი არა როგორც ტერიტორიას, არამედ, როგორც სახელმწიფოს

№26

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.07

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

სომხეთში ფაშინიანის წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება და საპროტესტო აქციებს სათავეში სასულიერო პირი – სომხეთის ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქიის ხელმძღვანელი, ბაგრატ გალსტანიანი უდგას. ისინი პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ ყარაბაღის დაკარგვისა და იქიდან სომეხი მოსახლეობის გამოძევების გამო. სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურები კანონით მინიჭებულ უფლებებს იყენებენ და პროტესტის მონაწილეებს სამთავრობო შენობებში შეჭრის საშუალებას არ აძლევენ, რაც, ცხადია, იწვევს მათ შორის დაპირისპირებას, არიან დაკავებულებიც და დაშავებულებიც. პროტესტი რამდენიმე თვეა, გრძელდება და, თუ მოთხოვნების შინაარსს გავიხსენებთ, ბუნებრივია, იბადება კითხვა, სომეხი საზოგადოება ყარაბაღის დაბრუნებას, ანუ აზერბაიჯანთან ომს აპირებს? იმას გარდა, რომ საინტერესოა რუსეთის პასიურობაც, რომელიც თითქოს ვითარების კრიტიკულად გამწვავებას ელის, რომ შემდეგ გამშველებლის როლი მოირგოს. არანაკლებ საინტერესოა სომხეთში აშშ-ის საელჩოს პოზიციაც: მომიტინგეებს მოუწოდებს სიფრთხილისა და არააგრესიულობისკენ და ახსენებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება დაუშვებელია (დამეთანხმებით, სრულიად განსხვავებული პოზიციაა აშშ-ის საელჩოსგან საქართველოში). ამ თემებს ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– რანაირად უნდა გადაწყვეტილიყო ყარაბაღის საკითხი სხვაგვარად, საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარეც, რომ აზერბაიჯანმა მოიგო ომი, რომელიც თავის დროზე წააგო. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ სომეხი საზოგადოება რევანშისთვისაა მზად და, თუ არის, რის იმედად აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ?

– რაც ხდება, ლოგიკის დონეზე, შეიძლება, ასე ჩანდეს. რადგან ყარაბაღის დათმობისა და სამშვიდობო ხელშეკრულების გამო აპირებენ ფაშინიანის გადაყენებას, ლოგიკურად, მოჰყავთ უფრო აგრესიული ადამიანი, რომელიც შეეცდება, კონფლიქტი განაახლოს აზერბაიჯანთან, ანუ კონფლიქტი განაახლოს თურქეთთან, ანუ აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთობლივად გამოუცხადოს ომი. ვისი იმედით?! აქ უკვე ლოგიკა აღარ მუშაობს. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც პატრიოტული ლოზუნგებით ცდილობენ მოსახლეობის პროტესტის გაღვივებას და სომხეთის მოსახლეობის აი, ამ პროტესტის გარშემო გაერთიანებას, ამრევების ფუნქცია აქვთ.

– ამრევები – თავიანთი ინიციატივით?

– რა თქმა უნდა, არა. მათზე მუშაობს რუსეთის სომხური ლობი, რომლებიც თვითონაც აზრზე არ არიან, რას ემსახურება ეს ყველაფერი. ვინც არ იცის, მან უნდა იცოდეს, ამ პროტესტის მიზანია, რომ სომხეთი არ გავიდეს დსთ-სა და საერთო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემიდან, არ ჩაეხუტოს საქართველოს და საქართველოსთან სიახლოვით ევროპას არ დაუახლოვდეს. ამ არეულობით ევროპელებსა და, ზოგადად, დასავლეთს აჩვენებენ, რომ სომხეთი ჯერ მზად არ არის ევროპელებთან ურთიერთობისთვის, სომხეთი არ არის სტაბილური ქვეყანა, სომხეთს მეზობლებთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, აქვს ტერიტორიების პრობლემა, ამიტომ იძულებული გახადონ სომხები, რომ უარი თქვან დასავლეთზე, თავისუფლებაზე, იქ მოიყვანონ პრორუსი პრემიერ-მინისტრი და რუსეთთან ახალი კოალიცია შეკრან, მაგრამ ტერიტორიებს სომხეთს ვერც ეს ნაბიჯი დაუბრუნებს.

– რას ელოდება რუსეთი თავისი პასიურობით?

– დღეს რუსეთის მთავარი პრობლემაა უკრაინა. მისი მთელი რესურსი, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ფინანსური, მიმართულია უკრაინისკენ და უკრაინის დამხმარე დასავლური ქვეყნების ზეწოლის განეიტრალებისკენ, მათთან პოლიტიკური თამაშების რეგულაციისკენ. არც სომხეთისთვის, არც საქართველისთვის და პოსტსაბჭოური სივრცის არც რომელიმე სხვა ქვეყნისთვის რუსეთს ჯერ არ სცხელა, ამიტომ პროცესები თავის ნებაზე მიუშვა. ალბათ, კრემლშიც აინტერესებთ, რა კონდიციამდე მივა პროცესები. ბოლოს და ბოლოს თანამედროვე პოლიტიკაში ფსონები აღარ იდება პიროვნებებისადმი სიმპათია-ანტიპათიებზე. ფსონები იდება გამარჯვებულ, დამარცხებულ ან საშუალო შესაძლებლობების მქონე ძალებზე და, როგორც ჩანს, სომხეთშიც ეს პროცესია. გარდა ამისა, ჩვენი ღრმა რწმენით, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში რუსეთის სპეცსამსახურებს საკმარისი რაოდენობით აგენტურა ჰყავს, რომ ნებისმიერი მთავრობის საქმიანობა გააკონტროლონ.

– აზერბაიჯანი და თურქეთი თანამშრომლად განიხილავენ უნგრეთს, ვისთანაც ალაგებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, სომხეთის ევროპულ სქემაში ჩართვა გულისხმობს რუმინეთ-საფრანგეთთან თანამშრომლობას, რასაც ბაქო-ანკარა მტრულ ბანაკად აღიქვამს. ჩვენ რომელ ევროპაზე ვლაპარაკობთ ახლა?

– პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორი ამბიციაც უნდა ჰქონდეს სომხურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, მისთვის დასავლეთის გზა საქართველოზე გადის.

– თუმცა ჩვენთვის ძალიანაც მომგებიანია, თუ ორივე მიმართულება ერთდროულად იმუშავებს.

– ამას ვგულისხმობთ ჩვენც, როდესაც ვამბობთ, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად დაედო ფასი საქართველოს, არა, როგორც ტერიტორიას, არამედ, როგორც რეგიონში გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოს. ჩვენი დასალაგებელი იქნება მათი ურთიერთობა და ჩვენ მოვახდენთ გავლენას მათ სურვილებზე, მარშრუტების საქართველოს ტერიტორიაზე გავლის შემთხვევაში. რუმინეთთან ითანამშრომლებენ, უნგრეთთან თუ სხვა ქვეყნებთან, ყველამ სათანადო გადასახადები უნდა გადაგვიხადოს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დასავლეთშიც და სამეზობლოშიც, და ჩვენ თბილისში ხელი მოგვიწერონ უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე, როდესაც ყველა ქვეყანა, რომელთა ტვირთებიც საქართველოზე გაივლის, ვალდებულებას აიღებს, რომ ამ რეგიონში სტაბილურობა იქნება უზუნველყოფილი და დაცული.

– იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება, რამდენად ეტყობა, რომ აპირებენ, კეთილი ინებონ და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყონ? მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი კეთილი ნება უფრო ისაა, ხელების გადაგრეხვის პრინციპით, უსიტყვოდ დაემორჩილო იმას, რასაც იტყვიან.

– ვის გულისხმობთ კონკრეტულად?

– ყველას, რუსეთს, უპირველესად და, მათ შორის, დასავლეთსაც.

– დასავლეთი, ერთი მხრივ, საქართველოში მიმდინარე პროცესებს მკაცრად აკვირდება და, მეორე მხრივ, სომხეთის ოპოზიციას ეუბნება, რომ სომხეთში ძალისმიერი მეთოდებით არ შეიცვალოს ხელისუფლება. ოცდამეერთე საუკუნეა და ორი უმსხვილესი ომია მსოფლიოში, რაც შეიძლება, დიდ კატასტროფაში გადაიზარდოს, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიოში დემოკრატია მაინც არსებობს. ის ცდილობს, მაგრამ შენ ხელს გადააგრეხინებ თუ არა, შენზეა დამოკიდებული. როდის არ ცდილობდნენ, რომ ამ რეგიონში თავიანთი ინტერესები გაეტარებინათ ვირეშმაკობით, გაიძვერობითა თუ ძალით?!

– ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ ჩვენთან პოლიტიკოსები სასპეკულაციოდ იყენებენ, აუცილებლად უნდა გავეფინოთ ფეხქვეშო.

– არავის არ უნდა გავეფინოთ, არავის გავეფინებით და არც გავფენივართ არასდროს. გვიპყრობდნენ, გვანგრევდნენ, გვხოცავდნენ, გვაშიმშილებდნენ, მაგრამ ვერაფერი დაგვაკლეს. 550 ომი აქვს საქართველოს გადახდილი, 16 იმპერიასთანაა ნაომარი, ამ იმპერიების ნაწილი საერთოდ აღარ არსებობს, ჩვენ კი გვაქვს ენა, სარწმუნოება, დროშა, სახელმწიფო. არის მცირე პრობლემებიც, მაგრამ იმასაც მოვაგვარებთ. ასე რომ, არავის არ უნდა გავეფინოთ, მით უმეტეს, რომ მთელმა მსოფლიომ ახლა გაიგო ჩვენი ფასი.

– განსხვავებულ რამეს ამბობს აშშ-ის საელჩო საქართველოსა და სომხეთში, აქ სამართლიანი პროტესტია, როდესაც სახელმწიფო შენობებში შეჭრის მცდელობააო, სომხეთში კი შეჭრა არ შეიძლება, ძალადობააო. ანუ გააჩნია, ვინ აპროტესტებს? რაზეა გათვლილი, რომ ინფოს ვერ მოვიძიებთ, თუ ჩვენ და სომხებს ცოტა გონებაჩლუნგებად აღგვიქვამენ?

– ეს აღარ არის დაფარული თამაში. დასავლეთი ამბობს, რომ სომხეთი, თავისი დღევანდელი ხელისუფლებით, არის პროდასავლური და დასავლეთის პოზიციები რეგიონში უფრო გაძლიერდება, თუ საქართველოს მოაბამს სომხეთსაც. ეს საკითხი დამუშავებულია დასავლეთის სომხური ლობის მიერ, ამიტომაც ეუბნებიან სომხეთის მკვეთრად პრორუსულ ოპოზიციას: რომც მოახდინოთ გადატრიალება, ჩვენ არ გცნობთ და ჩვენი პარტნიორი საქართველო არ მოგცემთ არც გზას, არც წყალს და არც თავის პორტებს გამოგაყენებინებთ, დაგტოვებთ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორისო.

– სომხური ლობის დალაგებულში ქართული საქმე როგორ გამოვა?

– სომხური ლობის სურვილია, საქართველოსთან ჰქონდეთ კარგი ურთიერთიობა, იმიტომ რომ საქართველოს მეშვეობით, გეოგრაფიულადაც და მორალურადაც, გახდნენ მისაღები საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენი პორტებით უნდა ატარონ ტვირთები.

– თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა იქონიონ და თურქეთის პორტებსაც გამოიყენებენ.

– თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა ვერასდროს ექნებათ, იმიტომ რომ 1922 წლის შემდეგ სომხეთის ისტორია ისეა ფალსიფიცირებული და მოწამლული რამდენიმე თაობა, რომ სომხების ნომერ პირველ მტრად თვლიან თურქეთს... ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომ რაღაც სახელმწიფო ჰქონდათ, რომელმაც სულ 11 წელს იარსება.

– დიახ, დიდი სომხეთი და ტიგრან მეორე.

– რომელიც ეთნიკურად სომეხი არც ყოფილა. რომაელებმა მმართველად დასვეს პროვინციაში და, თან, იმ დიდ სომხეთში მარტო სომხები არ ცხოვრობდნენ. მეტიც, უმცირესობა იყვნენ. რომაელებს წაეყოჩა და მიწასთან გაასწორეს იქაურობა. მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ სომხეთი, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობდა.

– მე კი ვიცი, მათ თუ იციან.

– დავით აღმაშენებელმა და თამარ მეფემ შეუქმნეს სახელმწიფო, ჩვენ განვდევნეთ იმ ტერიტორიიდან მტერი და შევიქმენით ბუფერული სახელმწიფო. მაგრამ იმდენად ფალსიფიცირებულია სომხეთის ისტორია, რაც რუსეთის იმპერიამ დაიწყო და საბჭოეთმა გააგრძელა, რომ თურქეთის საპირწონე ჰქონოდათ, იმასაც ვეღარ ხვდებიან, რომ რუსეთმა და თურქეთმა დაალაგეს ურთიერთობა და ეს ზიზღი და სიძულვილი, რაც ყველაზე მთავარია – ტყუილები, შედეგის მომტანი აღარ არის. ამ ეტაპზე ჩვენი და სომხეთის ურთიერთობა ასეთია. ამას დიდი დრო დასჭირდება და მერეა საფიქრალი, ქართველებმა როგორი პირობები უნდა წაუყენონ მეზობლებს, რომ ამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სუფევდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული