რატომ დაბომბა ისრაელმა სამიზნეები კასპიის ზღვაში და როგორ მოგვიახლოვდა ომი ორი მხრიდან
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
„ცაჰალმა“ კასპიის ზღვაში ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები დაბომბა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ომის ცეცხლი აღმოსავლეთიდან კიდევ უფრო მოგვიახლოვდა, თუმცა არც ისე შორს ვართ ორი საომარი თეატრიდან. სად შეიძლება, ჩვენს სიახლოვეს, კიდევ მიიტანონ იერიში მხარეებმა და რა საპასუხო რეაქციები შეიძლება, მოჰყვეს ამას რეგიონში? – ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– მართალია, ირანმა განაცხადა, რომ საქართველოს არ ერჩის, მაგრამ რა სამხედრო სამიზნეებია ჩვენს სიახლოვეს?
– ძალიან სერიოზული თემაა ეს ომი. ამ თემებზე გვისაუბრია და პროგნოზებიც კი გავაკეთეთ მიმდინარე პროცესსა და შედეგებზე. კასპიის ზღვაში კონკრეტული სამიზნე დაიბომბა. კასპიის ზღვაში ირანს, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და რუსეთს აქვთ ტერიტორიები გაყოფილი და სამხედრო-საზღვაო ფლოტები ჰყავთ, თუ ორ-სამ გემს ფლოტი ჰქვია. ჯერჯერობით ისიც დაუზუსტებელია, ვინ ისროლა და საიდან თურქეთსა თუ აზერბაიჯანში. თუმცა ეჭვი ძალიან მეპარება, რომ კოსმოსურ დაზვერვას ეს მონაცემები არ ჰქონდეს. მაგრამ, რატომღაც, არ გასაჯაროებულა ინფორმაცია. ასე რომ, ამ ომის ირანის ფარგლებს გარეთ გატანა დაგეგმილი იყო და ჩვენ ამის შესახებ დიდი ხნის წინ გავაკეთეთ პროგნოზი. ჩვენი ვარაუდით, ღაზას სექტორიდან ყველა ქვეყანას დაარტყამდნენ, რომლებშიც „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“ ჰქონდათ ფესვები გადგმული; ამას დაემატა ირანის სამხედრო, საერო და სასულიერო ხელისუფლების აგრესია. სიტყვას ვეძებ, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ სისულელე ჩაიდინეს, როდესაც თავიანთ მუსლიმან მეგობრებს დაარტყეს და ვითომ ამერიკულ სამხედრო ბაზებს ესხმოდნენ თავს. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმ ბაზებზე აღარც ამერიკელი სამხედრო იყო და აღარც ამერიკული ტექნიკა, მაგრამ მაინც დაარტყეს და ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ახლა ამერიკელებსა და ისრაელზე მეტად შიიტი ირანელების წინააღმდეგ სუნიტი მუსლიმები არიან განწყობილები. ჩვენ ამის შესახებ ვამბობდით ადრეც და კიდევ გავიმეორებთ, რომ ომის ეს ფაზა რომ დამთავრდება, შემდეგ, სავარაუდოდ, საერთაშორისო საზოგადოების საზრუნავი ის იქნება, რომ შიიტსა და სუნიტ მუსლიმებს შორის არ მოხდეს დიდი არეულობა, თუმცა დიდი პოლიტიკური პროცესების ფონზე ამ დაპირისპირებას უნდა მოჰყვეს ქურთების გააქტიურება და მათი სახელმწიფოს შექმნის იდეის წინ წამოწევა.
ამდენად, მიმდინარე ომის გარდა, ეს არის სპეცსამსახურების დახურული ომიც. რომელ ქვეყანას რა ინტერესი აქვს ამ ომში სამომავლოდ და რომელი ქვეყანა რისთვის ემზადება ომის შემდგომ პერიოდში, ამის წინასწარ გათვლა ცოტა ძნელია. ამ თემას უკავშირდება ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა: ზოგი რომ თითებს უქნევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ზოგი რომ ნიშნის მოგებით ელაპარაკება და ზოგმა რომ გადაწყვიტა, რომ ამერიკა ისევე ჩაითრიეს ირანელებმა ომში, როგორც რუსები ჩაითრიეს ვიღაცებმა უკრაინასთან ომში და ახლა ვითომ ამერიკას უჭირს და ამიტომ ხვეწნა-მუდარაზეა გადასული – ეს მცდარი შეხედულებაა. ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, რომ აკონტროლებდეს ჰორმუზის სრუტეს და რადგან არ ეხმარებიან, ხელ-ფეხი ეხსნება სამომავლოდ იმისთვის, რომ თვითონ გახსნას ეს სრუტე და შემდეგ მათ, ვინც ამ სრუტით სარგებლობს, ამერიკას უხადონ გადასახადი იქ გავლისთვის.
– ცოტა უცნაური ლოგიკა არ არის, რომ ამერიკამ დედამიწის მეორე ნახევრიდან უნდა აკონტროლოს აქ არსებული რომელიღაც სრუტე?
– უცნაური ლოგიკა არის ჩემთვის, თქვენთვის, საქართველოსთვის, ჩვენნაირი პოსტსაბჭოური მცირე ქვეყნებისთვის და ასევე, იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ საკუთარი ქვეყნის გარეთ ძალით არ უნდა ეძებონ არც რესურსი და არც გავლენის სფეროები, მაგრამ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საერთო წესრიგი დაირღვა. აღარაფერს ვამბობ ჩეჩნეთსა და საქართველოზე. ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად ითვლებოდა, მაგრამ ჩეჩნეთს გამოყოფა კი არ უნდოდა, არამედ იმ პირობებს ითხოვდნენ, უფრო ნაკლებსაც, რაც შემდეგ კადიროვს მისცეს. აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარია, ჩვენ რომ ორჯერ დაგვამცირეს და ტერიტორიები წაგვართვეს. ამას მოჰყვა ყირიმი, შემდეგ – მთელი უკრაინა. რამდენჯერმე შესთავაზეს ომის დამთავრება და არ გაჩერდა და თუ ძალაზეა ლაპარაკი, მაშინ ძლიერნი ამა ქვეყნისანი უკვე აშკარად აცხადებენ, რომ, რასაც ძალით მოვიპოვებ, ის იქნება ჩემი. რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს: ამერიკელები ამ სრუტით თითქმის არ სარგებლობენ, იშვიათად სარგებლობენ.
– მაგრამ სარგებლობენ ჩინელები, ევროპელები.
– დიახ, მეც ამას ვამბობ. იმავე თემის გაგრძელებაა, დასანქცირებულ რუსეთს რომ სანქციები მოუხსნა ამერიკამ და ნება დართო, ინდოეთისთვის მიეყიდა რამდენიმე ათეული მილიარდის ნავთობი. ეს უცნაური არ არის?!
– რა თქმა უნდა, უცნაურია და ირანსაც უხსნიდნენ სანქციებს, როდესაც სჭირდებოდათ.
– მეც ამას ვამბობ. თუ მსოფლიოში მეორე ქვეყანა ხარ და, თუ შენ კიდევ – ირანო – იმის თავი არა გქონდა, რომ ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეტევისთვის გაგეძლო და პლუს, სამეზობლოც გადაიკიდე, ესე იგი, აღიარა ამ ორმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატები ნომერ პირველ ქვეყნად
– ვერ ვხსნი ჩინეთის დუმილს.
– ჩინეთს ხომ აქვს პრეტენზია, რომ მეორე ქვეყანაა როგორც ეკონომიკით, ისე სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიით?! და ხომ რუსეთზე მეტი ამბიცია აქვს?! რატომ არ იღებს ხმას?! ამერიკელებმა ორი ავიამზიდიდან ერთი გაიყვანეს, იმიტომ რომ საჭირო აღარ იყო. ბოლოს დაბომბეს მიწისქვეშა განსაკუთრებულად დაცული საწყობები, სადაც რუსული და ჩინური ბალისტიკური რაკეტები იყო დასაწყობებული… ან შეიძლება, კიდევ სხვა რამეებიც. ალბათ, გაირკვევა ძალიან მალე. ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. სავარაუდოდ, რუსეთთან სავაჭროდ დაიტოვეს. რუსეთიც და ჩინეთიც ეხმარებოდნენ ირანელებს და ვიმეორებ: -ოროსანი ბავშვივით შანსი რომ მოგცეს, სამიანი დაგიწერონ და ამას რომ დათანხმდი, ან ერთი, ან მეორე განცხადებების დონეზე მაინც რატომ არ შეეწინააღმდეგე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, რომ აეცილებინათ ეს სისხლისღვრა?! ან იქნებ რაღაც შეეთავაზებინათ უფრო უკეთესი, ვიდრე ომია.
– ჩინეთმა და რუსეთმა რატომ არ შესთავაზა ირანთან ომის ალტერნატივა?
– დიახ. აბსოლუტურად გაუგებარია მათი პასიურობა და ბოლოს ის არ გაირკვეს, რომ წინასწარ იყო ყველაფერი შეთანხმებული. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ეს ორივე ქვეყანა ირანს ეხმარებოდა და ამის გამო არც საერთაშორისო, არც ამერიკულმა და არც ისრაელის მედია-საშუალებებმა განგაში არ ატეხეს. არ გეჩვენებათ საეჭვოდ, როგორც ჟურნალისტს?!
– მე, როგორც ჟურნალისტს, უამრავი რამ მეჩვენება საეჭვოდ.
– ფაქტია, რომ შეერთებული შტატები იმარჯვებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისრაელი იმარჯვებს. ისრაელი კარგად იბრძვის და საუკეთესო შედეგები აჩვენა ისრაელის ავიაციამ, სარაკეტო სისტემებმა და ისრაელის დაზვერვამ, რომელიც ირანის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ნელ-ნელა მისდევს „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ ფესვებს, მაგრამ შეერთებული შტატების დახმარების გარეშე ის შედეგი არ დადგებოდა, რაც დადგა: განადგურებულია ირანის მთელი სამხედრო და ბირთვული ინფრასტრუქტურა და ახლა, ალბათ, ლაპარაკი იქნება სახმელეთო შეტევაზე, თუმცა არის მეორე ვერსიაც, რომ ოპოზიციონერი ირანელები აუჯანყდნენ ხელისუფლებას. ისინი შეაიარაღონ, ანუ სირიის ვარიანტი განმეორდეს.
– და ირანი სირიაა? ერთი და იგივე სცენარი იმუშავებს ამ ორ ქვეყანაში?
– მე ვამბობ, რომ არსებობს ვერსია. სულ სამი ვარიანტია: ან ამერიკელებმა შეიყვანონ ცოცხალი ძალა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამერიკელები – ტრამპის გუნდის გარდა ყველა წინააღმდეგია; ან აჯანყებულ ქურთებს მისცენ შეტევის საშუალება, მაგრამ ეს აუცილებლად შეუქმნის პრობლემას ისრაელსაც და ამერიკასაც იმიტომ რომ ქურთები ლოკალიზებულები არიან თურქეთის საზღვართან და ამან შეიძლება, გამოიწვიოს თურქეთის ჩართვაც. ამიტომ არის მესამე ვერსია, რაც ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად განიხილება: რომ ირანულ ოპოზიციას მიაწოდონ იარაღი, დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც დამთავრდება ირანის არსებული რელიგიური რეჟიმის შეცვლით.
– მე არ ვარ ირანის მხარეს და ეს ბუნებრივია, ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ ერთად უნდა ავირჩიოთ ირანის სულიერი ლიდერიო, ეს სცილდება ყველანაირ საზღვარს. ესე იგი, აშშ-ს ჰქონია უფლება, შეცვალოს ხელისუფლება ყველგან და, მაგალითად, მან დაგვინიშნოს პატრიარქიც?
– ტრამპის ამ განცხადებებს არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. პროცესები გეგმის მიხედვით მიდის – საერთაშორისო საზოგადოების და მედიის დაბნევისა და მათი ყურადღების გადატანის მიზნით აკეთებს ტრამპი ასეთ განცხადებებს. თუმცა გეთანხმებით, რომ ეს ნორმალური არ არის. არც 1992 წელს იყო ნორმალური საქართველოში გადატრიალების მოწყობა. გაეროში ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში მოგისმენიათ, დაეყენებინოთ საკითხი, რომ უნდა დამთავრდეს სხვა ქვეყნების სამხედრო გადატრიალებებსა და პოლიტიკურ აქტივობებში ჩარევა?! მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ჯაჭვური რეაქციაა, რაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სწორი ორიენტაცია ვერ აიღო, სწორი აქცენტები ვერ დასვა, ცემა-ტყეპა დაუწყო მეზობლებს და ამან ხელ-ფეხი გაუხსნა ანგლო-ამერიკულ ინტერესებს როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ასე რომ, ევროპელებს მარტო რუსეთის აღარ ეშინიათ, ევროპაში არის პატარ-პატარა ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ, ამერიკელებისა და ინგლისელების ინტერესი გააჟღერონ ევროპაში. ძალიან ცუდი ამბავი ხდება და ძალიან ცუდი ამბები მოხდება მომავალშიც. ასე მარტივად არ გაჩერდება ეს მოვლენები. ჩვენი საფიქრალი ახლა არის ომის შემდგომი პერიოდი, რომელიც ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობთ, რომ ირანში აპრილის ბოლომდე ყველაფერი დამთავრდება და საქმე ისაა, ამ ომის შემდეგ ინტერესები რა ხარისხითა და ფორმით გადმოვა კავკასიაში.
– ეს ჩვენთვის უფრო სახეირო იქნება თუ დამატებით საფრთხეს გვიქადის?
– არ ვიცი, როგორ მოვიქცევით, პროგნოზის გაკეთება რთულია. ჩვენ ვერც ხელისუფლების პოზიციას ვხედავთ ამ თემის შესახებ. გავიგეთ, რომ მშვიდობა უნდათ; გავიგეთ, რომ იდენტობის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ ამის იქით, რა საგარეო-პოლიტიკური ვექტორებია?! ჯერ ერთი, სამეზობლო პოლიტიკაა დაულაგებელი; მეორეც – ვერ გავიგეთ ჩვენი არმიის შესაძლებლობები. გვეუბნებიან, რომ გვყავს არმია, რომელიც მოწოდებულია, შეაჩეროს აგრესორი. შეაჩეროს, მაგრამ რამდენ ხანს აჩერებს და შემდეგ რისი ან ვისი იმედი გვაქვს?! არადა, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ირანის შემდეგ კავკასია იქნება დღის წესრიგში?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





