რატომ დაადგა დასავლეთი ქალისა და მამაკაცის გაიგივებისა და ჰომოსექსუალიზმის ჰეტეროსექსუალიზმზე უპირატესად წარმოჩენის გზას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 27.10, 2021 წელი

იმას გარდა, რომ აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგი თუ უწესრიგობა სრულიად აირია-დაირია, სანამ რამე ახალი შეიქმნება, ისეც მოხდა, რომ სქესთა აქამდე არსებული წესიც დაირღვა: ადამიანების ქალებად და მამაკაცებად დაყოფა ზოგან უკვე სხვათა უფლებების დარღვევად მიიჩნევა (ისეთი ცნებებიც კი შემოვიდა, როგორებიცაა მშობელი ერთი და მშობელი ორი, თუმცა, ვეჭვობ, მალე ერთი და ორიც შესაძლოა, იქცეს დისკრიმინაციის საბაბად) და ჰეტეროობა და თეთრკანიანობა ლამის დანაშაულად შეირაცხოს (არადა, ვფიქრობ, ჩემი ბრალი არ არის, თუ ჰეტერო ვარ, თეთრკანიანიც და, ზედაც, ქალი და, სულაც, არ მინდა, ვიყო დანომრილი მშობელი). ერთი შეხედვით ეს კაცობრიობის კლიმაქსს ჰგავს (მომიტევეთ ამგვარი უხეში და პირდაპირი შედარება). ასეა თუ ისე, ცხადია, საინტერესოა, რა გახდა ამგვარი შეხედულებების გაჩენის მოტივი და რას შეიძლება, ისახავდეს მიზნად? - სწორედ ამ თემას გავარჩევთ ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად.
- უმცირესობა ერთგვარ ბონუსად იქცა, უსაქმურობამ მიიყვანა აქამდე კაცობრიობა, თუ ამის უკან მართლაც რაღაც მიზანი იმალება? ვფიქრობ, არც ცუდია და არც კარგი, რომ ქალი ვარ, უბრალოდ ქალი ვარ, დედაც და ვერ ვიგებ, რატომ უნდა დავინომრო, როგორც მშობელი. დანაშაულია, რომ მე ბავშვის გაჩენა შემიძლია და მამაკაცს - არა?
- რადგან თქვენს კითხვებში პასუხები ნაწილობრივ იგულისხმება, ვიტყვი, რომ გეთანხმებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კითხვა არ არის დასმული გეოგრაფიული ფარგლებით, ეს კითხვები საქართველოსთვის ჯერჯერობით უცხო ხილია და არც მთელი მსოფლიოსთვისაა წამყვანი, უფრო - ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის. ასეთ ლოკალურ და, მით უფრო, ევროპული ცივილიზაციის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, მგონი, ანალოგიურ რამეებს ვნახავთ. დაგვხვდება ისეთი იდეების ატაცება და გავრცელება, რომელთა უკან არაფერი იდგა, თუმცა შეიძლება, ვიღაცის ინტერესებს აკმაყოფილებდა. ანუ ბევრი რამ მოდად იქცევა.
- კონკრეტული მაგალითები რომ ვთქვათ.
- ოტო ვაინინგერის წიგნი გამოვიდა მეცხრამეტე საუკუნეში „სქესი და ხასიათი“.
- მეც მაქვს ეს წიგნი.
- დღემდე პოპულარული წიგნია, მაგრამ მაშინ, როდესაც ახალი ამბავი იყო, ნაღმივით აფეთქდა ეს ანტიფემინისტური წიგნი, რომელშიც ქალი უმარტივეს ცხოველურ დონეზე იყო განხილული. რა მოჰყვა ამ წიგნის გამოცემას?! თვითმკვლელობების სერია.
- დიახ, აიკრძალა შემდეგ ეს წიგნი, როგორც მახსოვს, ვაინინგერის საფლავზე ჯგუფურად იკლავდნენ თავს ახალგაზრდები.
- დიახ. თვითმკვლელობების ეპიდემია გამოიწვია. ეს მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რომ აზრის გამოტანა იმ მასობრივი თვითმკვლელობებიდან შეუძლებელი იყო, ანუ მოდად დამკვიდრდა თვითმკვლელობა. ანალოგიური ტიპის იდეების კრიტიკული გააზრების გარეშე ატაცებისა და გავრცელების მკაფიო მაგალითი, ალბათ, ჰიტლერის ნაციზმიც იყო, ოღონდ იქ ის მაინც ჩანდა, თუ ვინ იგებდა იმ იდეების გავრცელებით, მაგრამ ვაინინგერის ისტორიაში ასეთი დაინტერესებული მხარეც არ ჩანს. ალბათ, ამ საკითხის, თუ როგორ ვრცელდება სტერეოტიპები, უკეთესად შესწავლაც შეიძლება. თან, საკმაოდ მკაცრი სტერეოტიპების, რომლებმაც შეიძლება, მსხვერპლად შეიწიროს ადამიანები, არაფერს ვამბობ იმაზე, რა შეიძლება, გამოიწვიოს ადამიანის ცხოვრებაში, მას შეიძლება, უბრალოდ ცხოვრება დაენგრეს. ასეთი რამეები ხშირია.
- ქართულ სტერეოტიპებზე ხშირად ვფიქრობ. მაგალითად, დედის კულტზე, თუმცა ვერ ვიგებ, ამას როგორ უთავსდება დაგინება „ჩემი დედა...“, მაგრამ მიკვირს, რატომაა წარმოჩენილი დედობა მსხვერპლად, რომ დედა უნდა იყოს შეწირული, თავისი არაფერი გააჩნდეს. უბედური ადამიანი ხომ უბედურ ადამიანებს გაზრდის?
- დიახ, თავგანწირვის სტერეოტიპია.
- თან, ეს თავგანწირვა სულაც არაა უპირობო. მე შემოგალიე ყველაფერი და ამიტომ შენ უნდა დამემორჩილო და მომიარო. კულტურული შოკი მივიღე, როდესაც სტუდენტობისას გავიგე, რომ ამერიკაში აჰყავდათ ნაკლის მქონე ბავშვები, რათა დახმარებოდნენ, ჩვენთან კი - მხოლოდ ჯანმრთელ ბავშვებს სწყალობდნენ, რომლებიც სიბერეში მოუვლიდნენ.
- ამიტომაც არაა ამ თავგანწირვის დაყვედრება იშვიათობა ჩვენს კულტურაში. ამ კონკრეტულ საკითხში ჩანან ჩვენზე კეთილშობილები, თორემ ამერიკული მოვლენაა კუკლუკსკლანიც. მაშინ ქართული ფანჯრიდან ახლად იხსნებოდა მსოფლიოს ხედი, მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში, სხვანაირად გამოჩნდა ყველაფერი. მითები იყო უცხოეთზე, საკუთარ თავზე, მაგრამ, რაც მთავარია, უცხოეთის უფრო ახლოდან და ფართოდ გახელილი თვალებით აღქმამ საკუთარი თავის აღქმაც შეგვიცვალა, თუმცა ამას ჩვენც დავეხმარეთ ჩვენი ისტორიის ბოლო 30-წლიანი ფურცლით. იმდენი რამ გავაკეთეთ, ვეღარ ვამბობთ, რომ ყველაზე კარგები ვართ. დიახ, ჩვენც გვაქვს სტერეოტიპები: დედის სტერეოტიპიც, კაცობისა და ვაჟკაცობის, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ.
- ახლა დაემატა: რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ.
- დიახ, დაემატა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. სტერეოტიპები ინფექცია არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიური ეპიდემიის ხასიათი აქვს ხოლმე. ეს ეპიდემია რაღაც კონკრეტულ წრეებში იწყება და იმისდა მიხედვით ვრცელდება სხვა წრეებშიც, თუ როგორი სტრუქტურა აქვს საზოგადოებას. ერთ ჯგუფში არის სტერეოტიპი, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, მეორეში კი, რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ და ხშირად აი, ეს მეორე ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას, რადგან, თუ ცუდები ვართ ქართველები, მაშინ საქართველოში ცხოვრება პრობლემაა და ამიტომ ისინი ამ პრობლემას წყვეტენ ემიგრაციით.
- და შემდეგ იქიდან ილანძღებიან.
- დიახ, ილანძღებიან და იმოძღვრებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ევროპული სტერეოტიპები, რაც თქვენ ახსენეთ, გავრცელდა ტრამპის მმართველობის ბოლო პერიოდში, როდესაც ფერადკანიანების რევოლუციის მოწყობის მცდელობამ წინ წამოსწია ეს ყველაფერი, რამაც ხელი შეუწყო ბაიდენის მოსვლასაც. აშშ განაგრძობს ამ მიმართულებით მოძრაობას და დასავლეთის ქვეყნებიც მიჰყვებიან ამერიკას, არადა ამერიკაშიც ეს სტერეოტიპია. მიაჩნიათ, რომ ამით ადამიანთა უფლებებს იცავენ, არადა, ჩემი აზრით, ეს ადამიანების დათრგუნვისა და დაჩიავების გზაა.
- ცნობილ მხცოვან მეცნიერს მხოლოდ იმიტომ, რომ ექსპერიმენტების შედეგი თქვა, თეთრკანიანებს ფერადკანიანებზე მაღალი ინტელექტი აქვთო, ყველა სტატუსი ჩამოართვეს და, ფაქტობრივად, ანათემას გადასცეს.
- დიახ და დისკრიმინაციის გაუქმების მოტივით უფრო მეტ დისკრიმინაციას მიმართავენ, ანუ დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლები ძალიან აგრესიულები არიან და თავად ხდებიან დისკრიმინაციის მოთავეები, რაც ხშირად მომხდარა. მაგალითად, ხალხის უფლებების დამცველებმა შექმნეს გილიოტინა. ანალოგიური სურათია აქაც, სანამ რამე სულელურ პროცესში არ გაიჭედება ასეთი სტერეოტიპი და მძიმე შედეგს არ გამოიღებს, რაც ცხადად დაანახვებს იმავე ამერიკულ საზოგადოებას, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, იქამდე, ეს სტერეოტიპები ავტომატურად იმუშავებს. მძიმე ფსიქოლოგიური ტექნიკაა სტერეოტიპი და, ალბათ, ბევრ ადამიანს გააუბედურებს.
- ჩვენ ახლა იმის იმედად ვართ, რომ ეს სტერეოტიპები მოიტანს დამანგრეველ შედეგს და ამის შემდეგ მოიშლება?
- როდესაც რაღაცას მოაქვს დამანგრეველი შედეგი, შემდეგ ადამიანებს დაფიქრების იმპულსი უჩნდებათ, ახლა კი ეს ყველაფერი დაუფიქრებლად, ავტომატურად მიდის. არ უფიქრდებიან, თუ რა შედეგს მოიტანს მასწავლებლის სკოლიდან გაგდება იმის გამო, რომ მან ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან განასხვავა და, საერთოდ, რა შედეგს მოიტანს ის პოლიტიკა, რომ ქალი და მამაკაცი უნდა გაიგივდეს.
- ფროიდი ამბობდა, ჩვენ ვერ დავადგენთ ადამიანის სქესს დაბადებისას მისი სასქესო ორგანოს მიხედვითო.
- დიახ, ოღონდ ფროიდი გულისხმობდა ფსიქოლოგიურად ქალსა და მამაკაცს. როდესაც საზოგადოება ასეთი სახელოებდაკაპიწებული იბრძვის იმისთვის, რომ სქესები გათანაბრდეს, ეს ახალგაზრდებში მოიტანს სქესების გათანაბრებას, რაც ბევრი უბედურების წყარო გახდება. ჩვენ ვეძახით უბედურებას, თორემ მათ შეიძლება, ძალიან ბედნიერად შეხედონ ამას. კერძოდ, ქალები უფრო გულგრილები გახდებიან მამაკაცებისადმი და მამაკაცები - ქალებისადმი და მთელ თავიანთ ემოციას გადაიტანენ საკუთარი სქესის პარტნიორებზე, მაგრამ შედეგად დაეცემა დემოგრაფია.
- სხვათა შორის, ამ სტერეოტიპის ერთ-ერთ მიზნად ესეც განიხილება: შობადობის შემცირება.
- ოღონდ ევროპულ ქვეყნებში დაეცემა შობადობა.
- აღმოსავლეთში მამაკაცები უყვართ, ისე იქნევენ გავას მუცლით ცეკვისას, მეც კი გამიჭირდება, მაგრამ იმავდროულად ბევრი ცოლი და შვილი ჰყავთ.
- დიახ, ამის პარალელურად შობადობის პრობლემა არ აქვთ. სექსუალური ორიენტაციების თამაში მათთვის უცხო ხილი არ არის, მაგრამ დემოგრაფიას ისლამი უვლის. ევროპა არ უფიქრდება იმას, რომ ალტერნატიული ცივილიზაციები - ისლამური და ჩინური, რომლებიც ევროპულ ცივილიზაციას უპირისპირდებიან, ძლიერი დემოგრაფიული ზრდით ხასიათდებიან და ეს ზრდა კულტურითაა განპირობებული. ევროპაში კი იწყება საიმისო კამპანია, რომ კულტურამ ჩაახშოს დემოგრაფიული ზრდა, რაც შედეგად მოიტანს იმას, რომ ევროპამ შეიძლება, დაკარგოს წამყვანი როლი. ევროპულ ქვეყნებში იმძლავროს აზიურმა თუ ჩინურმა ანკლავებმა და ევროპა დარჩეს მხოლოდ გეოგრაფიულ, ოღონდ არა კულტურულ და დემოგრაფიულ ცნებად.
- დიახ, ევროპული ცივილიზაცია არის თეთრკანიანი ჰეტერო ქალისა და მამაკაცის ცივილიზაცია.
- თან, ევროპული ცივილიზაცია დიდი შობადობით ისედაც არ გამოირჩევა და ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს და რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქალი და მამაკაცი არ უნდა განსხვავდებოდეს, რომ ხელი უნდა შეეწყოს ჰომოსექსუალიზმს, სახეს შეუცვლის ევროპულ ცივილიზაციას და გააღარიბებს დემოგრაფიულად. მაგრამ ფიქრობს ამაზე ევროპა? არ მგონია! ამ მიმართულების მომხრეები ბუნების წინააღმდეგ შეგნებულად მიდიან, რადგან მათთვის ბუნებაა მიუღებელი. ბუნებას, ცხადია, ვერ შეცვლიან, მაგრამ ეს მცდელობა მოიტანს უარეს შედეგს, ხოლო, სანამ უარეს შედეგს არ მოიტანს ბუნება, ანუ სანამ არ დასჯის უარესი შედეგით, იქამდე ამ სტერეოტიპებით შეეცდებიან ადამიანებზე ზემოქმედებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან